და მაინც, რა არის ლიდერობა?! "თუ ლიდერობაზე წერ, თავად უნდა იყო ლიდერი!"
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თუ ლიდერობაზე წერ, თავად უნდა იყო ლიდერი!
ან უკვე გაცნობიერებული უნდა გქონდეს (12, 17 ან თუნდაც 26 წლის ასაკში) შენს შინაგან წიაღში არსებული შესაძლებლობებისა და მისწრაფებების ნაკრები რომელ ადამიანურ როლს შეესაბამება და ძალიან უნდა გინდოდეს გაიბრწყინო ამ როლში.
დაუქვემდებარო ცოდნას უნარები და გაამრავლო ყოველივე სიკეთე, რაც შენშია.
უნდა შეძლო, მზერა მიაწვდინო ყოველ შენს კუთხე-კუნჭულს და უკვე არსებულ, ან რადგან შენ ლიდერი ხარ, შენ მიერ ახლად შექმნილ თვითგამოხატვის ენებზე გადმოთარგმნო შინაგანი რადიო, ენერგო, კოსმო ტალღები, საიდანაც ჩვენ გავიგებთ და მოვისმენთ ჭეშმარიტებას, დროთა განმავლობაში მივაგნებთ ჩვენს საკეთებელს და საქმეს, გავუყვებით გაკვალულ კალაპოტებს და მეტად ღირებულს გავხდით ჩვენს არსებობას, შევქმნით უკეთეს კომპანიებს და "საბოლოოდ გაცილებით სამართლიანსა და მზრუნველ სამყაროს ავაშენებთ".
ბიზნესის სფეროში დასაქმებულ ან ბიზნესით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს, განსაკუთრებით ბოლო 20-წლედში, ერთხელ მაინც ჰქონია შეხება ისეთ ამაღელვებელ, საპატიო და საპასუხისმგებლო წოდებასთან, როგორიცაა ლიდერობა. შესაძლოა უფრო შორსაც წასულა და უფიქრია, რა მიმართებაა მასსა და ამ ჯერ კიდევ ახალ ტერმინს შორის.
დღესაც ძალიან პოპულარულია საკითხი, რა განსხვავებაა მენეჯერსა და ლიდერს შორის? ვინ არის ლიდერი? როგორია? რა აცვია? როგორ გამოიყურება? მაღალია თუ დაბალი, თანდაყოლილი აქვს ლიდერობის უნარი და ცოდნა, თუ შეძენილი და ა.შ.
ლიდერობა ისეთივე თანდაყოლილი ნიჭია, როგორც მაგალითად სიმღერის.
ლიდერის კონკრეტული მახასიათებლები და ნიშნები კი მთელი ცხოვრების განმავლობაში შეგიძლიათ განივითაროთ და გაიძლიეროთ, დახვეწოთ და "ვირტუოზი" გახდეთ. ჩემი და ჯიმ კოლინზის აზრით, თუ თქვენში არარეალიზებულ პოტენციალს ხედავთ და გრძნობთ, და ამ ენერგიას + სულიერ გამოცდილებას + ცოდნას შეუძლია:
- და პროფესიონალიზმით შექმნას მდგრადი, გამძლე დიდებულება;
- და მტკიცე ხედვისადმი ერთგულება გააღვივოს ადამიანებში და იყოს ამ მიზნისკენ სტაბილურად სვლის სტიმულატორი;
- ადამიანებისა და რესურსების ორგანიზება წინასწარ განსაზღვრული ამოცანების ეფექტიანად შესასრულებლად.
თუ თქვენ ეფექტიანად მუშაობთ გუნდთან ერთად და საკუთარი წვლილი შეგაქვთ გუნდის ამოცანების შესრულებაში, თქვენ ნამდვილად ხართ ლიდერი!
თქვენ არ დაელოდებით ხელდასხმას და უბრალოდ დაიწყებთ და გააკეთებთ იმას, რაც შეგიძლიათ. მით უმეტეს, რომ კარგად გამოგდით და ამავე დროს, აანალიზებთ თქვენი შრომის შედეგებს...
თქვენ ხართ ლიდერი, მაშინაც კი, თუ ამას თქვენი პოზიცია არ ადასტურებს.
არ გჭირდებათ ორგანიზაციის სათავეში ყოფნა, თუმცა როგორც წესი, მსგავსი "შარავანდედის" მქონე კადრები კარგ მენეჯერს, შუა რგოლის მენეჯერს, ან ტოპმენეჯერს მაინც არ გამოეპარება და მალე სტატუსსაც შესაფერისს ირგებენ ხოლმე.
როდესაც კომპანიები აღმასრულებლებს ეძებენ, ირჩევენ ისეთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ერთდროულად მართვაც და გაძღოლაც, ეს კი შესაძლოა სწორედ თქვენ იყოთ.
ლიდერობა კომპლექსური შესაძლებლობების ფლობას მოიაზრებს. მაგალითად, თუ თქვენ არტილერიაში ფლობთ "დიპლომატიურ" უნარებს, ეს საჭიროა, მაგრამ ცალსახად ნუ დაეყრდნობით. საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეგეძლოთ მტკივნეული უკუკავშირის მიცემა, ან შესრულების გასაუმჯობესებლად საჭირო მძიმე გადაწყვეტილებების მიღება.
ამ ყველაფრის ფონზე თვითრეფლექსიის უნარი აუცილებელია − დროდადრო საკუთარ ღირებულებებზე დაფიქრება, დაშვებებში ეჭვის შეტანა და მსჯელობის უნარის დახვეწა კიდევ უფრო გაგზრდით და მეტ სიკაშკაშეს შეგძენთ.
თუ საკითხს უფრო ფართო სურათში შევხედავთ და კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ და დავინახავთ მრავალ მსგავსებას და საერთოს ლიდერ ადამიანებს შორის. ჩემთვის ეს არის ფუნდამენტი, რომელზეც ნებისმიერ დროს დაშენდება ადამიანი-ლიდერი. ეს უამრავი ნიშანი და თვისება კარგადაა გამოკვეთილი უკვე შემდგარ ლიდერებთანაც.
თუმცა, რადგან გარშემომყოფები ხშირად სხვადასხვა პოზიციიდან ვუყურებთ მათ, ჩვენთვის რომ ეკითხათ, სავარაუდოდ სხვადასხვანაირად აღვწერდით.
მშობლებისთვის ეს არის ბავშვი, რომელიც გასცემს სიყვარულს, მაგრამ აპროტესტებს იმას, რაც არ მოსწონს, არ ნებდება მარცხზე, შეუძლია განმარტოება და თვითჩაღრმავება; მადლიერია, სახავს მიზნებს, სწევს თამასას შესაძლებელზე მაღლა, პატიოსანია, აქვს კავშირების დამყარების უნარი; ფიქრობს, ლაპარაკობს, მოქმედებს, როგორც გამარჯვებული, სხვა ადამიანებზე არ ამბობს ცუდს და უსმენს შინაგან ხმას.
მეზობლებისთვის ეს არის ადამიანი, რომელიც დადებით განწყობას ავრცელებს, კისრულობს პასუხისმგებლობას, საიმედოა, აქვს ემპათიის უნარი, მაღალი ემოციური ინტელექტი; საოცრად გადამდებია მისი შინაგანი ბალანსი, გამცემია, პატივს სცემს საკუთარ თავს და სხვა ადამიანებს; ქმნის ირგვლივ სიკეთეს, მას ახასიათებენ მისი საქმეებით, მოთმინებისა და წყენის დავიწყების უნარით. ეს არის ადამიანი, რომელიც იხდის ბოდიშს, თუ საჭიროა.
გუნდისთვის სავარაუდოდ ეს არის თანამშრომელი, რომელიც უბიძგებს მათ დიდი ხნის დაუმთავრებელი საქმეების დამთავრებისკენ. გარემოცვაზე დადებით გავლენას ახდენს, მოგემსახურებათ და ამას არ ითაკილებს; დისციპლინირებულია, შეუძლია გავიდეს კომფორტის ზონიდან, მისდევს ჯანმრთელი ცხოვრების წესს, შეუძლია მოსმენა, აღიარებს სხვას დამსახურებულად და შეუძლია სხვისი შექება, როდესაც სხვა იმსახურებს. პუნქტუალურია, აკეთებს სავალდებულო მინიმუმზე მეტს ჩივილის გარეშე, სიამოვნებით და ხარისხიანად.
ლიდერი ყოველთვის "ცნობს" ლიდერს. შემდგარი და რეალიზებული ლიდერისთვის ლიდერული პოტენციალის ცნობა ზოგჯერ წამების, ზოგჯერ წუთების საქმეა. ამის ნიშანი შეიძლება იყოს ფინანსების ეფექტიანად მართვა, "სამყარო ჩემი დამხმარეა" დამოკიდებულებით ცხოვრება, სხვისი გამოცდილების გათვალისწინება და გამოყენება (სხვის შეცდომებზე სწავლა). ლიდერს აქვს დროის კარგი მენეჯმენტი, რამდენიმე საკითხზე ერთდროულად კონცენტრირების უნარი; ფიქრობს მასშტაბურად, მუდმივად სწავლობს და ვითარდება, ცოდნას აქცევს ძალად და აქვს დიიიდი შინაგანი ენერგია.
მაგრამ რაც ყველაზე საინტერესოა, ჩვენ გარშემო არის უამრავი სუსტი ადამიანი და ზოგიერთ მათგანს დაკვირვების საკმაოდ კარგი უნარი აქვს, ასე რომ მათ თავიანთი პრიზმა აქვთ, საიდანაც გიყურებენ და თუ თქვენ ოდესმე ვინმეზე მოისმენთ გასაოცარ ამბავს, თუ როგორი შესაშური უნარი აქვს შიშის დაძლევის, შეუძლია პრობლემა გადააქციოს მიღწევის შანსად, გადალახოს წინააღმდეგობები, არ შეწყვიტოს განვითარება, რადგან მან იცის, რომ ყოველთვის შეუძლია გაიზარდოს, შექმნას მისი ბედი და შედეგები; შეუპოვარია, შეუძლია აირიდოს ნეგატიური გავლენა და მარცხის შემდეგ სწრაფად წამოდგეს; არ ელოდება ფულს, მოქმედებს და აქვს ადეკვატური თვითშეფასება... დიახ, ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა თქვენ ლიდერზე გესაუბრებიან.
და შესაძლოა არსებობდეს ლიდერი ინიციატივის გამოჩენის უნარის გარეშე?
– არა. "დიდმა ფილოსოფოსმა ერთხელ თქვა: ინიციატივა არის გასაღები, რომელიც შესაძლებლობების ყველა კარს აღებს". ნაპოლეონ ჰილს არ ახსოვს ვინ იყო ეს ფილოსოფოსი, მაგრამ იცის, რომ დიდია, რადგან მისი მტკიცება ჭეშმარიტია.
ლიდერობა მასშტაბურ ხედვას მოიაზრებს, ამისთვის საჭიროა უზარმაზარი მოტივაციისა და შთაგონების მობილიზება. და როდესაც ეს ენერგია ამოხეთქავს და რეალიზდება, ჩვენ ვიყვარებთ ამ პროცესების შედეგებს − კომპანიებს, ბრენდებს, სტარტაპებს, სამაგალითო ადამიანებს, ტრანსფორმაციულ ლიდერებს. დაე, ვისაც გულეწიფება, აენთონ!