Get All Access for $5/mo

ლევან ჩიკვაიძის ინტრაპრენერული პორტრეტი თუკი რაიმეს შექმნის ან შეცვლის სურვილი გაქვს, უპირველესად, საკუთარი თავის მართვა უნდა შეძლო

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

როცა დიდ ორგანიზაციაშიც ახერხებ, შეინარჩუნო ანტრეპრენერული სულისკვეთება, იყო მუდმივად ინოვაციური და კორპორაციულ რუტინას არ მისცე საშუალება, შეგზღუდოს ახალი პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვაში, არც გონივრული რისკების საკუთარ თავზე აღებაში – ორგანიზაციის მომავალი განვითარების სასარგებლოდ!.. წაიკითხეთ ლევან ჩიკვაიძის ინტრაპრენერული პორტრეტი ქართულ
Entrepreneur-ში ანტრეპრენერებისა და ინტრაპრენერებისათვის, და არა მხოლოდ მათთვის...

თუკი რაიმეს შექმნის ან შეცვლის სურვილი გაქვს, უპირველესად, საკუთარი თავის მართვა უნდა შეძლო. იყავი მომთხოვნი შენი თავის მიმართ. სირთულეების გავლა გიწევს? არ გაჩერდე.

გაუმართავი, გამოუსადეგარი ინფრასტრუქტურა, არაკვალიფიციური კადრები... სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული "საქართველოს ფოსტისთვის" გენერალურ დირექტორად ლევან ჩიკვაიძის დანიშვნა გადამწყვეტი აღმოჩნდა. მან დაამტკიცა, რომ სწორი გადაწყვეტილებების მიღების გზით, არაკლასიკური ტიპის ბიზნესის (რომელიც ვალდებულია უნივერსალური საფოსტო მომსახურება მიაწოდოს საქართველოს მოსახლეობას) განვითარებაც კი შესაძლებელია მოკლე ვადაში. ლევანი გუნდთან ერთად იზიარებს კომპანიის ყველა წარმატებას, და ფიქრობს, რომ ყველაფერი მენეჯმენტისა და კვალიფიციური კადრების დამსახურებაა.

მის ამბიციურ გეგმაში გზა კომპანიის სრული კომერციალიზაციისა და პრივატიზებისკენ მიდის. გზა – სახელმწიფო კომპანიიდან, კერძო საერთაშორისო დონის ბიზნესისკენ.

"ჩემი განვლილი პროფესიული გზა ძალიან ჰგავს "საქართველოს ფოსტის" მიერ განვლილ გზას. პირველი 9 წელი საჯარო სამსახურებში ვმუშაობდი: 1990-იანი წლები, განადგურებული ეროვნული ინფრასტრუქტურა, მძიმე გადაწყვეტილებები, ბუნდოვანი პერსპექტივა. შემდგომი 7 წელი კერძო კომპანიებში გადავინაცვლე: სწრაფი გადაწყვეტილებები, უსაზღვრო პერსპექტივები... სწორედ ასეთია "საქართველოს ფოსტის" უახლესი ისტორია: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიის განვითარების უსაზღვრო პერსპექტივით (კომპანია დღესაც სახელმწიფო საკუთრებაშია)".

ჩიკვაიძისეული მართვის სტილი

ლევანის მართვის სტილი სრულ ნდობაზეა დამყარებული. იგი ენდობა ერთი მიზნის მიღწევისკენ დაუღალავად მშრომელ ერთიან გუნდს. ამბობს, რომ მკაცრი დირექტორი არ არის. "ჩემი მოვალეობაა თანამშრომლებს შევუქმნა სამუშაო გარემო და მოტივაცია. ისეთი, რომ მათ მიეცეთ საშუალება საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციისა", თუმცა ასევე ამატებს: "ასეთი შესაძლებლობის არ ან ვერ გამოყენების შემთხვევაში, "მკაცრი", ხშირ შემთხვევაში, მძიმე გადაწყვეტილებები მიიღება და ეს საჭიროა სწრაფი წინსვლისთვის. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის მიმართ ვარ მომთხოვნი. ბავშვობიდან არა, ზრდასრულ ასაკში ჩამომიყალიბდა ეს დამოკიდებულება, როცა სამყაროზე შეხედულებები დავალაგე".

მართვის სტილი კი აშშ-ში მიღებული გამოცდილებით ჩამოუყალიბდა. საქართველოში ამერიკულ კომპანიასთან მუშაობის ორწლიანი გამოცდილების შემდეგ, ლევანი ამერიკის შეერთებულ შტატებში, უკვე მსხვილი ამერიკული კომპანიის სათაო ოფისში აღმოჩნდა. რამდენიმეწლიანი ცხოვრების დროს, მან ამერიკაში რამდენიმეჯერ შეიცვალა პოზიციაც და კომპანიაც. მიაჩნია, რომ ამერიკა "შესაძლებლობების გამჟღავნებისა და სურვილების დაკმაყოფილების" საუკეთესო შანსს იძლევა.

"მე ამერიკულ ბიზნესგარემოს დიდ პატივს ვცემ. ეს არის ატმოსფერო, სადაც საკუთარი შესაძლებლობების გამომჟღავნება და რეალიზება შეგიძლია. ალბათ, საქართველოშიც ადამიანთა დიდ უმრავლესობას უნდა, რომ ასეთი გარემო იყოს. ქართული კანონმდებლობა ამას ხელს უწყობს, დანარჩენი კი მენეჯმენტის კეთილსინდისიერებაზე და შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული. მე ბოლომდე დავიხარჯები ასეთი გარემოს შესაქმნელად", – ამბობს ლევანი.

წარმატებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები

2012 წლის შემოდგომაზე, "საქართველოს ფოსტაში" მისულ ჩიკვაიძეს სავალალო მდგომარეობა დახვდა. განადგურებული ინფრასტრუქტურა, გაუმართავი საოპერაციო ქსელი და დაბალი კვალიფიკაციის კადრები საფოსტო ვალდებულების მინიმალურ დონეზე შესრულებასაც კი შეუძლებელს ხდიდა. ზომები სასწრაფოდ იყო მისაღები. დრო არ ითმენდა. ლევან ჩიკვაიძემ ყველაზე უკეთ იცოდა, საიდან უნდა დაეწყო. მან გადაწყვიტა, უპირველესად კვალიფიციური კადრები მოეზიდა. "მენეჯმენტი სრულად შევცვალე, დავაკომპლექტე ისეთი ადამიანებით, რომელთა შორის ზოგიერთის მისწრაფება ჩემსასაც კი აჭარბებდა. დღეს მე მეამაყება და მიხარია, რომ მათთან ერთად მიწევს მუშაობა".

ლევანს და მის გუნდს კომპანიის მიერ მომსახურების გაწევის პარალელურად, მოუწია ეზრუნა საოპერაციო და ლოგისტიკური სქემების შექმნაზე. გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, განახლდა ავტოპარკი, მოწესრიგდა სერვისცენტრები, დაინერგა მოგებაზე ორიენტირებული პროდუქტები, საიდანაც მიღებული შემოსავლით, ჩამოშლილი ინფრასტრუქტურის განახლება იქნებოდა შესაძლებელი. შემდეგი ნაბიჯი უკვე საოპერაციო ნაწილის გამართვა და საერთაშორისო სტანდარტთან დაახლოება იყო.


რეალობადქცეული ჩანაფიქრი

უნივერსალური საფოსტო მომსახურების პრინციპებიდან გამომდინარე, თითოეული მოქალაქის უფლება, შეუფერხებლად მიიღოს საფოსტო მომსახურება, ჩიკვაიძის გუნდმა მალევე რეალობად აქცია. შეიქმნა ტექნოლოგიურად განვითარებული, მომხმარებელზე ორიენტირებული, ხარისხზე აქცენტირებული სანდო კომპანია. მომხმარებელმა ახლა იცის, რომ ქვეყნის ყველაზე შორეულ წერტილამდე, წელიწადის ნებისმიერ დროს, "საქართველოს ფოსტა" გზავნილს ყველაზე საიმედოდ და სწრაფად მიიტანს. შედეგი ციფრებში მალევე აისახა. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ უკვე 2014-2015 წლებში "საქართველოს ფოსტას", წინა წლებთან შედარებით, 80%-ით მეტი მომხმარებელი ენდობოდა, ხოლო 2017 წელს გზავნილების საერთო რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

"ყოველთვის უნდა ჰკითხო საკუთარ თავს, რისი მიღწევის სურვილი გაქვს და რამდენად დიდია ეს სურვილი, რათა მიზნის მიღწევაში დაგეხმაროს. ვფიქრობ, ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა. მთავარია, სურვილი იყოს დიდი", – ამბობს გენერალური "ფოსტმასტერი".

ამჟამად "საქართველოს ფოსტა" მთელი ქვეყნის მასშტაბით 82 სერვისცენტრითაა წარმოდგენილი. იგეგმება რამდენიმე ახალი ცენტრის დამატება და არსებულების განახლება/გაფართოება. კომპანია ასევე გეგმავს ელექტრონული პლატფორმის ახალი პროექტის შეთავაზებას მომხმარებლისთვის. თუმცა, პრიორიტეტი საფოსტო ტრანზიტისა და ლოგისტიკური ქსელის განვითარებაა. ამისათვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე გზავნილების დახარისხების ახალი, თანამედროვე ცენტრი აშენდება. ეს უკანასკნელი ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს კავკასიის რეგიონული ჰაბი საერთაშორისო გზავნილების მიმართულებით.

კომპანიამ დანერგა მომხმარებელზე ორიენტირებული არაერთი პროდუქტი. მათ შორის, სულ ახლახან – "მალეო", რომლის საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია იყიდოს სასურველი ნივთი გლობალურ ონლაინმაღაზიებში და შენაძენი საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მიიღოს.

გარდამტეხი მომენტი კომპანიისთვის

"ჯიუტი ვარ, მიჭირს გადაწყვეტილების შეცვლა". სწორედ სიჯიუტემ მიაღებინა გადაწყვეტილება 2016 წელს "მსოფლიო საფოსტო კავშირის" მმართველ ორგანოებში საქართველოს კანდიდატურა პირველად წარედგინა. მართალია, კვლევებით დასტურდებოდა მომხმარებლის გაზრდილი კმაყოფილება და საფოსტო გზავნილების ზრდაც ამაზე მიუთითებდა, თუმცა საერთაშორისო სტანდარტის მენეჯერს თავისი კომპანიის საერთაშორისო აღიარება სჭირდებოდა. სჭირდებოდა საკუთარი თავისთვის, მენეჯმენტისთვის, ფოსტის 3000-მდე თანამშრომლისთვის და ფოსტის ყველა მომხმარებლისთვის. მსოფლიოს 192 ქვეყნის დელეგაციიდან 108-მ საქართველოს მხარი დაუჭირა. ეს იყო მსოფლიო აღიარება. გამარჯვებამ დაამტკიცა, რომ წარმატებისკენ სწრაფვა და დაუღალავი შრომა ნამდვილად ფასდება.

გზა გლობალური ბიზნესის სრულფასოვან მოთამაშემდე

"სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიიდან, გლობალური ბიზნესის სრულფასოვან მოთამაშემდე. ახლა ამ გზას გავდივართ", – სიამოვნებით მიხსნის ლევან ჩიკვაიძე და ფიქრობს, რომ დღეს, ბიზნესი, როგორც არასდროს, თავისუფალია და ამისი ერთ-ერთი მაგალითი მისი კომპანიაა. იმ ფონზე, რომ სახელმწიფომ "საქართველოს ფოსტას" არ მიანიჭა ექსკლუზიური უფლებები, კომპანია თავისუფალ ბაზარზე სხვა კონკურენტებთან ერთად მუშაობს და წამყვან პოზიციას ფლობს. "ჩვენ ეს შევძელით," – ამბობს ლევანი სიამაყით და ამატებს: "სწორი მენეჯმენტის წყალობით".

თავისუფალი ბიზნესგარემო ლევანისთვის ბაზარზე კერძო სუბიექტების დამოუკიდებელ მონაწილეობას ნიშნავს, რაც თავისთავად, ინოვატორული ნიჭის გამჟღავნებას უწყობს ხელს, ინოვაცია კი მსოფლიოს მომავალია. მიაჩნია, რომ სწორედ ასეთი შეხედულებების გამო ანდეს მას კომპანიის ფეხზე დაყენება. "შედეგად, უნდა მივიღოთ ძლიერი ეროვნული საფოსტო ოპერატორი".

საფოსტო მომსახურების ბაზრის ლიბერალიზაციის ვადა, რომელიც ევროპული მხარის მიერ არის განსაზღვრული, საქართველოსთვის 2019 წელს სრულდება. რეფორმების დასრულებას სწორედ ამ დროისთვის გეგმავს "საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი. "რაც სწრაფად, მით უკეთესი", – ამბობს ინტრაპრენერი, რომელიც მუდმივად მზადაა ახალი გამოწვევებისთვის.

***

საუბარს ჩავლილი მატარებლის გუგუნი გვაწყვეტინებს. ფოსტის მთავარი ოფისი, თითქოს სიმბოლურად, ქალაქის ცენტრალურ, ყველაზე ხმაურიან და დატვირთულ ადგილას – ვაგზლის მოედანზე მდებარეობს.

"ფიქრობთ, რომ ეს (ფოსტის წარმატება) ყველაზე დიდი მიღწევაა ჩემს ცხოვრებაში?" – გამომცდელად მეკითხება და აგრძელებს: "არა, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ მაქვს. შესაძლებლობების დიდი არეალი იშლება მომავალში".

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია