სტარტაპ გურუ სტარტაპის წარმატების საიდუმლო გიორგი ზვიადაძისგან
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სწავლაში დაბანდებული ფული არასოდესაა დაკარგული. სწავლისთვის გამოყოფილი დრო არასოდესაა უაზროდ დახარჯული – ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს ადამიანი, რომლის ცხოვრებისეული მიზნის ფორმულირება მარტივია – დაეხმაროს ახალგაზრდებს ინოვაციური იდეების განხორციელებაში, შექმნას სტარტაპბიზნესების ისეთი ბაზა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას განავითარებს და საქართველოს სტარტაპრუკაზე საკუთარ ადგილს მყარად მიუჩენს. გიორგი ზვიადაძემ კარიერა ფილოლოგის დიპლომით დაიწყო. მისი წარმატების საიდუმლო ცხოვრების გზაზე დაგროვილ არცერთ დიპლომს არ უკავშირდება. მთავარია მიზანი, რომელიც უნდა გიყვარდეს!
უწყვეტი განვითარება
სკოლის დამთავრებისას იურისტობა უნდოდა, თუმცა 2000-იანი წლების დასაწყისში, როცა იურისპრუდენციის ფაკულტეტზე მოხვედრა სუბიექტურ ფაქტორებზე იყო დამოკიდებული, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩაბარება გადაწყვიტა.
"ფილოლოგიაზე, როგორც წესი, გოგონები აბარებდნენ. საბუთების შეტანისას, მიმღები კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ისიც კი მითხრა, როგორც ჩანს, რადგან აქ აბარებ, არც ფული გაქვს და არც პატრონი გყავსო. მაღალი ქულებით ჩავირიცხე. ის ადამიანი მოგვიანებით ჩემთან მოვიდა და ბოდიშიც კი მომიხადა. მითხრა, წინ დიდი გზა გაქვსო. მირჩევდნენ, თარჯიმანი გავმხდარიყავი, თუმცა მე ლიტერატურა მაინტერესებდა". გიორგი ზვიადაძე გამორჩეული სტუდენტი იყო, თუმცა მისი კარიერული გზა ენათმეცნიერებას არ უკავშირდება.
"სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ESM-ში მარკეტინგს ვსწავლობდი. ეს სფერო თვისებრივად ბატონმა ზურაბ ლილუაშვილმა გამაცნო. საკითხი რომ მესმის, მისი დამსახურებაა. შემდეგ იყო ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში, ვიყავი ესტონეთში, ლატვიაშიც, სადაც საშუალება მქონდა, საბანკო ელექტრონულ კომერციაზე მემუშავა. მაშინ შევისწავლე POS ტერმინალების სპეცფუნქციები, სხვაობა Visa-სა და Master Card-ის ბარათების ალგორითმებს შორის, ტრანზაქციების კოდები. შემდეგ გერმანია – WINCOR-ის უნივერსიტეტი პადერბონში, სადაც IT-სპეციალიზაციის კურსი გავიარე, შევისწავლე უსაფრთხოების სისტემები, ალგორითმების შექმნა. ვიმუშავე აფრიკის კომპანიასთან THAWTE, PayPal-თან, შეერთებულ შტატებში, ვიყავი მკვლევარი სადოქტორო თემისა − "პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ინოვაციური ეკოსისტემის მოდელირება, შექმნა და მართვა". ვსწავლობდი ინოვაციების მენეჯმენტს Middlesex-ის ბრიტანულ უნივერსიტეტში და მიკოლას რომერის ვილნიუსის უნივერსიტეტში, ასევე საერთაშორისო სამართალს "კავკასიის უნივერსიტეტში". ამჟამად გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის დასასრულებლად, ნაშრომს ვწერ სისხლის სამართლის მიმართულებით, კერძოდ − კიბერუსაფრთხოებისა და IT-ჯაშუშობის პრევენციის შესახებ. სიამოვნებით შევისწავლი მიკრობიოლოგიას სან-დიეგოს უნივერსიტეტში, მედიცინას, ფილოსოფიას და ფსიქოლოგიას, თუკი სიცოცხლე ამდენს დამაცდის".
ეს გიორგი ზვიადაძის რეზიუმეს "განათლების" სექციის მხოლოდ ნაწილია.
შეკითხვაზე, რა აძლევს მუდმივი სწავლის მოტივაციას, მარტივად გვპასუხობს – "მიზანი". მიზანზე კი შესავალშიც გითხარით.
"ცოდნაში გადახდილი ფული არის ინვესტიცია, რომელიც არასოდესაა დაკარგული. რა ფულსაც ქართველები ქეიფში ვკარგავთ, იმის ნახევარი რომ სწავლას მოვახმაროთ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალინტელექტუალი ერი ვიქნებით", − ამბობს გიორგი.
ანტრეპრენერი ანტრეპრენერების სამსახურში
გიორგი ზვიადაძე 10 თვის განმავლობაში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელობდა. იმჟამად ვაკანტური პოზიციით თავად დაინტერესდა – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მაშინდელ მინისტრ გიორგი გახარიასთან ინიციატივით თავად მივიდა. კონკურსშიც გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ პოზიცია მაისში დატოვა, GITA-ს ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საყვარელ ეტაპად მიიჩნევს. "ხანდახან მესიზმრება, რომ ისევ იქ ვმუშაობ, თითქოს "ტექნო პარკში", მთაწმინდაზე მივდივარ. ის გარემო, სული და საქმე ძალიან მიყვარს", − ამბობს გიორგი.
პოზიციაზე დანიშვნისთანავე არჩევანის წინაშე აღმოჩნდა – მისულიყო თავისი გუნდით თუ არსებული ადამიანური რესურსი გამოეყენებინა. "მგონია, რომ კარგი მენეჯერი, უმეტეს შემთხვევაში, შეძლებს არსებული გუნდი ეფექტურად ამუშაოს".
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში საქმიანობის დროს არაერთი თანამშრომელი დააწინაურა. მათ შორის 3D-მოდელირების სპეციალისტი, რომელიც ფაბრიკაციის ლაბორატორიის, იგივე FabLab-ის მენეჯერი გახდა. "ბევრი იმუშავა საკუთარ თავზე და კარგ მენეჯერადაც იქცა".
სწორედ ზვიადაძის ხელმძღვანელობის პერიოდში რეორგანიზდა საერთო სამუშაო სივრცე, სადაც სტარტაპები ერთად მუშაობენ, ერთმანეთს უზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას, ეხმარებიან. მათთან საკუთარი ფეხით პრემიერმინისტრები, ინვესტორები თუ პრეზიდენტები მიდიოდნენ. "სტარტაპერი ოფიციალურ შეხვედრაზე არ უნდა მიიყვანო, პირიქით − მათთან უნდა მიხვიდე, ჩამოუჯდე, მათსავე ენაზე ესაუბრო, გაუგო, დააფასო, დაეხმარო, წარმატების გზაზე ხიდად ექცე".
GITA-სვე ინიციატივა იყო სტარტაპებს საბანკო, საგადასახადო და იურიდიულ საკითხებში დახმარებოდნენ. გიორგი ზვიადაძის ხელმძღვანელობის დროს შეიცვალა სტარტაპთა დაფინანსების სისტემაც. "გადაწყვეტილებას გუნდურად ვიღებდით. ნებისმიერ მსურველს შეეძლო კომიტეტის წინაშე წარმდგარიყო. კომისიაში კერძო სექტორის წარმომადგენლებიც იყვნენ, რომელთაც პრეზენტაციის შემდეგ თავად გამოუთქვამთ სურვილი, კონკრეტული პროექტი დაეფინანსებინათ".
GITA-ს ხელმძღვანელი აღარ არის, თუმცა ზვიადაძისთვის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პერიოდი დღემდე ყველაზე გამორჩეულ, სიახლეებითა და გამოწვევებით დატვირთულ დღეებად რჩება. "დღეს საქართველოს აქვს უნიკალური მომენტი, იქცეს რეგიონში ინოვაციურ ერად, როგორიც ისრაელია მსოფლიოში. მეზობელი ქვეყნების სტარტაპები საქართველოში იპოვიან საუკეთესო ნავსაყუდელს, თუკი ადეკვატურ ლეგალურ და ლოგისტიკურ სერვისს შესთავაზებს მათ GITA.
სახელმწიფო სამსახურიდან კვლავ კერძო სექტორში
სახელმწიფო სამსახურის შემდეგ, გიორგი ზვიადაძემ კვლავ კერძო სექტორში გადაინაცვლა. ამ დროისთვის TS Holding-ის ვიცეპრეზიდენტია. კომპანიის დამფუძნებელ თამაზ სომხიშვილთან ერთად. ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაზე მუშაობს. "კომპანიაში 5 მიმართულება მაბარია. ბატონ თამაზის ხელმძღვანელობით ჯარისკაცივით ვცდილობ, საქართველოსთვის ეროვნულ საქმეს ვემსახურო".
ერთ-ერთი სასარგელო საქმე, რომელიც სწორედ TS Holding-ის მიერაა დაფინანსებული, "ელექსირია".
"ელექსირის" პრეზენტაცია მაისში შედგა. კომპანია ეკოლოგიურად სუფთა ბიოპროდუქტის საწარმოებლად აბსოლუტურად უვნებელ ხსნარებს ამზადებს. 14 ტიპის პროდუქტს, რომლებიც მცენარეებს, შინაურ ცხოველებს, ადამიანებს, გარემოსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს მავნე ბაქტერიებისგან, სოკოებისა და ვირუსებისგან იცავს. "შვეიცარიული, ავსტრიული, გერმანული ლაბორატორიების მიერ სანქცირებული ტექნოლოგიით, ელექტროაქტიური წყალი იქმნება. წყალში არსებული ელექტრული მუხტები სოკოების, ბაქტერიების, ვირუსების უჯრედებს ხლეჩს, ანუ სრულად ანადგურებს. თითქმის ყველა მავნე ორგანიზმი, რომელიც ცხოველის თუ მცენარისთვის საშიშია, კვდება. "ელექსირის" შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი სერიით შესაძლებელია ცხოველთა დარწულება და ჩამობანაც – პრეპარატის გამოყენების შემდეგ მსხვილფეხა თუ წვრილფეხა ცხოველს ბუზიც კი აღარ ეკარება. სუბსტანცია სრულიად უვნებელია. ელექსირი იმიტომ დავარქვით, რომ ყველა ქვეყანაში − ევროპაში თუ აზიაში კარგად იციან ამ სიტყვის მნიშვნელობა. ჩვენი ელექსირი კი ჯადოსნობით კი არა, ცოდნით არის მიღებული".
ცოდნა ყველა ბიზნესის, სტარტაპის თუ ადამიანისთვის ის ინგრედიენტია, რომელიც წარმატებას განსაზღვრავს. ინტუიციით, Stomach Feeling-ით შექმნილ და ცოდნაზე დაფუძნებულ სტარტაპთა შორისაც, გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატებას სწორედ ცოდნაზე დაფუძნებულ და ინოვაციებით მართულ პროექტებს უწინასწარმეტყველებს. "როცა დაფინანსების საკითხს ვწყვეტთ, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ გუნდს, რამდენად პროფესიონალები არიან. ჩვენი პრიორიტეტია, პროფესიული სტარტაპები შევქმნათ".
"მრავალშვილიანი მამა"
გიორგი ზვიადაძის პირველი შვილი "გლობალ სელია". კომპანია, რომელმაც ყველაზე ძვირადღირებული სატელეკომუნიკაციო პროდუქტი, როუმინგი, უფასო სერვისად აქცია. "გლობალ სელი" მსოფლიო ქსელში ჩართულ საერთაშორისო სიმ-ბარათებს ყიდის ევროპული, ქართული, ბრიტანული და ამერიკული ნომრებით, უფასო ზარებით როუმინგში. აბონენტს შესაძლებლობა აქვს, უფასო შემომავალი ზარები მიიღოს მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში მოგზაურობისას.
კომპანიის ფეხის ადგმის დღიდან, თითოეულ ოპერაციაში თავადაა ჩართული. "სტარტაპობის დროს, კომპანიის შექმნის პირველ წლებში, საახალწლოდ ვერცერთ თანამშრომელს ვერ მოვთხოვდი, ემუშავა. ამიტომ 31 დეკემბერს აეროპორტში წავედი და მოლარე-ოპერატორის ფუნქციები შევასრულე. ქოლცენტრი რომ არ გაჩერებულიყო, ტელეფონთანაც მე ვიჯექი – მიმაჩნია, რომ არ შეიძლება ადამიანს ანტრეპრენერი ვუწოდოთ, თუკი რაიმე საქმის შესრულება ეთაკილება".
გიორგის კიდევ ერთ პროექტს "გლობალ პორტი" ჰქვია. კომპანიაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 20-მდე ადამიანია დასაქმებული. კრიზისმენეჯერი – ასე პოზიციონირდება კომპანია, რომელიც ორგანიზაციებს საერთაშორისო მასშტაბით ტექნოლოგიურ დახმარებას უწევს. "მაგალითად, თუკი ავიაკომპანიას სურს, თვითმფრინავში გართობის სისტემა დაამონტაჟოს, შემოსავლების აღწერა აწარმოოს, ან კლიენტებთან ურთიერთობის სისტემა აამუშაოს, შექმნას აპლიკაცია, მზად ვართ, ნებისმიერი ტექნოლოგიური სერვისი შევთავაზოთ. გვყავს მრჩეველთა საბჭო, რომელიც პროფესიონალი, გამოცდილი ადამიანებითაა დაკომპლექტებული".
რა საქმესაც უნდა აკეთებდეს, გიორგი ზვიადაძისთვის პრიორიტეტი ქვეყნის მშენებლობის საქმეში, თუნდაც ერთი აგურის დადებაა. სწორედ არა ერთ, ან ორ აგურს დადებს მორიგი პროექტი, რომელიც 1000-ზე მეტი ახალგაზრდის მაღალმთიან რეგიონებში დაბრუნებას ისახავს მიზნად. საერთაშორისო კომპანიის ჩეკების პროგრამულ აღრიცხვაში ქართველი თანამშრომლები ჩაერთვებიან და 1000 ევროს ფარგლებში ანაზღაურებას მიიღებენ. "მთავარია, მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობდნენ. პროექტის მიზანია, ახალგაზრდობა ამ რეგიონებში, ბებია-ბაბუის საცხოვრებელში დააბრუნოს".
ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში თავისი წვლილი გიორგის სტარტაპ ბაზარზე განუწყვეტელი ზრუნვით შეაქვს – "სტარტაპი არის ხელოვნება ბიზნესში. სტარტაპი ის ინოვაციური ბიზნესია, რომელსაც გლობალური პოტენციალი აქვს. ინოვაცია კი ადამიანში იბადება, იზრდება და ნაყოფს ისხამს − ეს არის არსებული მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება, ეს არის ხიდი ლოკალურსა და გლობალურს შორის. უმოკლესი გზა, რომ ადამიანი უბრალო, მიყრუებული სოფლიდან მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ადგილას, სამყაროს ცენტრში წაიყვანოს", − ამბობს გიორგი ზვიადაძე.
წარმატებული სტარტაპის საიდუმლო
სტარტაპბიზნესის განვითარებაზე ზრუნვა შვეიცარიაში შექმნილ "ანგელ ინვესტორთა" კლუბთან ერთად გრძელდება. ორგანიზაცია გაზაფხულზე დააარსა. კლუბის წევრთა საბჭო ზვიადაძის რეკომენდებულ პროექტებს განიხილავს და თავად წყვეტს მათი დაფინანსების საკითხს, ეხმარება მენეჯმენტში, საბანკო თუ იურიდიულ სფეროში, გაყიდვებში. "მე ინვესტორებთანაც სანდო პარტნიორის სახელი მაქვს. იციან, არ მოვატყუებ, თუკი შესაძლებელია ხარჯის შემცირება, შევამცირებთ და სარისკო კაპიტალში პირადი თანხებითაც შევდივართ".
და მაინც, რა არის საჭირო იმისთვის, რომ სტარტაპმა წარმატებული სტარტი აიღოს?
"ხშირად სიტყვას, რჩევას, რეკომენდაციას მეტი ძალა აქვს, ვიდრე ფინანსურ დახმარებას. მაგრამ თუ ადამიანი თავისუფალი არ არის, თავისა და ბიზნესის მართვა, მენეჯმენტი არ შეუძლია, მას არაფერი გამოუვა. თავისუფლების პირველი ნიშანი სიზარმაცის დამარცხებაა, ზარმაცი ადამიანი მონა უფროა, ვიდრე ანტერპრენერი, ზარმაცს წარმატება არ ხვდება წილად. სტარტაპი არ შეიძლება ზარმაცობდეს".