Get All Access for $5/mo

ძვირფასო მომხმარებლებო, გადაგვარჩინეთ! "თუ შენთვის რაიმე მნიშვნელოვანია, უნდა იბრძოლო. იბრძოლო სისხლის უკანასკნელ წვეთამდე"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნინო ცქვიტაია

ერთი შეხედვით, ბიზნესი ან წარმატებულია ან არა – ორიდან ერთი. ზოგი მცირე ბიზნესი ფულს შოულობს და ყვავის, ზოგიც კარგავს ფულს და იხურება.

თუმცა, არსებობს მესამე ბანაკიც: კომპანიები, რომლებიც კარგავენ ფულს, მაგრამ საკუთარ მომხმარებელთან მტკიცე და ხანგრძლივი კავშირის დამყარებას ახერხებენ. ეს კავშირები ისეთი მტკიცეა, რომ გასაჭირში მყოფნი, კომპანიები, დახმარებისთვის სწორედ ამავე მომხმარებლებს მიმართავენ, და ზოგჯერ ეს ამართლებს კიდეც.

გაგაცნობთ მცირე ბიზნესის წარმატების ძალზე საინტერესო შემთხვევებს.

ბრუკლინის რედ ჰუკის ნაწილში, კონოვერ-სტრიტზე მდებარე შენობა, რომელშიც Sunny's Bar-ია განთავსებული, ნამდვილად არ მოგხიბლავთ – ერთი უბრალო, დაბალი, წითლად შეღებილი აგურის ფუნქციური ნაგებობაა. წინკარის თავზე გამოკრული აბრა, საბედნიეროდ, იმას მაინც იუწყება, რომ იქ ბარია. ბრუკლინში უძრავი ქონების ციებ-ცხელების გამო, როგორც წესი, მსგავს შენობებს მუდმივად ანგრევენ, რათა მათ ადგილზე ოფისები და საცხოვრებელი კომპლექსები განთავსდეს. თუმცა, ბარის მეპატრონე ტონ ბალზანო იოჰანსენისთვის, უწინდელი მფობელის – სანი ბალზანოს ქვრივისთვის, ის წმიდათაწმინდა ადგილია; ადგილი ბალზანოს ოჯახის ასწლიანი ისტორიით, შორეული ზღვაოსნებისა და არტისტების აჩრდილებითა და ცოცხალი მუსიკით, რომელსაც კი არ უსმენ, არამედ თავად ქმნი. ეს ბარი ძველი ბრუკლინის ის ნაწილია, რომელიც კვლავაც ჯიუტად არ უხრის ქედს ახალ მსოფლიო წესრიგს.

2012 წელს Sunny's Bar-ი ქარიშხალმა "სენდიმ" დაანგრია. წყალდიდობამ იოჰანსენი ლამის საკუთარ სარდაფში დაახრჩო და ბარი ათი თვით დახურა. კატასტროფის შემდეგ, ნგრევის პირას მისული კარკასის შესაკეთებლად, ტონიმ 100 000 აშშ დოლარზე მეტის მობილიზება შეძლო. ფანდრაიზინგის მიზნით, მან ბარის ერთგული, "ჭრელი" კლიენტურის მონაწილეობით, არაერთი ღონისძიება გამართა.

გარდა ამისა, იოჰანსენმა ფანდრაიზინგის კამპანია Kickstarter-სა და Indiegogo-ზეც განათავსა. თავად კი, ამ დროს, ბარის გვერდით მდებარე გაყინულ ბინაში, ხშირად ელექტროენერგიის გარეშე, გრძელ, განიერ ქურთუკში გახვეული, მოხუც ბალზანოსთან და პატარა ქალიშვილთან ერთად თვითნებურად შესახლებულივით ცხოვრობდა, სანამ მუშები საძირკვლამდე განადგურებული შენობის ხელახლა აწყობას ცდილობდნენ. ერთ დღეს, სახლში ისე ციოდა, რომ ტონის კომპიუტერი ბრეზენტქვეშ გაიყინა. იოჰანსენისთვის ჯოჯოხეთურად რთული იყო, ერთი მხრივ, საჯაროდ თავი მხნედ დაეჭირა, და მეორე მხრივ, გამკლავებოდა ერთმანეთთან გადახლართული ბიზნესპრობლემების წყებებს, რომლებსაც საზოგადოება ისევე ვერ ხედავდა, როგორც აისბერგის წყალქვეშა ნაწილს. "სასოწარკვეთილები ვიყავით მეც და სანიც", – იხსენებს იოჰანსენი. ისეთი დღეებიც იყო, როცა იგი გამუდმებით ტიროდა.

მიუხედავად ყველაფრისა, მას უნდა ემოქმედა. გაჩერება მარცხის ტოლფასი იყო. ფანდრაიზინგში – ბიზნესზე მეტადაც კი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქმეში ჩართული იყო და მიზანს ბოლომდე მისდიო.

"ამ ყველაფერში ჩემი საქმე იყო, მეთქვა: "ეს ახლავე უნდა გაკეთდეს!" ეს იყო ჩემი საქმე, გადმომეცა დაუყოვნებელი მოქმედების აუცილებლობა", – ამბობს იოჰანსენი.

Sunny's Bar არ არის გამონაკლისი შემთხვევა. ადგილობრივთა საყვარელი დაწესებულებების მრავალი მეპატრონე, განსაკუთრებით კი ძვირადღირებულ ქალაქებში, იძულებული გახდა გადაებიჯებინა საკუთარი თავმოყვარეობისთვის და კრიზისში მყოფს, მომხმარებლებისთვის დასახმარებლად მიემართა, რაც თანამედროვე ონლაინ ქრაუდფანდინგ პლატფორმებმა გაცილებით გაამარტივა.

მართალია, ასეთი კამპანიების მიზეზები – საგადასახადო დავიდარაბა და ჯანმრთელობის პრობლემები, საიჯარო გადასახადი, საბაზრო სიტუაციის ცვლილება, ღვთის ნება – ისეთივე განსხვავებულია, როგორც თავად ბიზნესები. ამავე დროს, ყველა ასეთი კამპანია აერთიანებს ბიზნესის მეპატრონეებისა და მომხმარებლების ურყევ რწმენას, რომ იგი ძვირფასი და შეუფასებელია, მაშინაც კი, როცა საყოველთაოდ არ მიიჩნევა წარმატებულად. მეტიც – კომერციულად სრულიად შეუმდგარიც რომ იყოს.

მაგალითისთვის ავიღოთ მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ კემბრიჯის სანაყინე Toscanini, რომლის მეპატრონე გას რენკატორის მიერ რვა წელიწადში დაგროვილმა ვადაგადაცილებულმა ბეგარამ 167 000 აშშ დოლარი შეადგინა. 2008 წელს დაწესებულებაში მასაჩუსეტსის შტატის შემოსავლების სამსახური შევიდა და საქმიანობა შეუჩერა. ერთ კვირაში მომხმარებლებმა სანაყინეს 30 000 აშშ დოლარზე მეტის შემოწირულობა შეუგროვეს, რითაც რენკატორს მიეცა ბიძგი, გადახდის გეგმა შეემუშავებინა და საქმეში დაბრუნებულიყო.

ანდა, Clermont Lounge ავიღოთ, ატლანტაში მდებარე უღიმღამო სტრიპტიზ-კლუბი, შავი წებოლენტით დაფარული ბარითა და ქერა სუპერვარსკვლავით, რომელსაც თავისი ლეგენდარული მკერდით, ლუდის ქილების დაჭეჭყვის ორმოცწლიანი კარიერა აქვს. თებერვალში Clermont Lounge იძულებული გახდა დახურულიყო გვერდით მდებარე სასტუმროს მშენებლობის თვეობით გაწელილი პროცესის გამო. GoFundMe-ს ონლაინპლატფორმაზე განთავსებულმა ფანდრაიზინგ კამპანიამ, რომელიც სამუშაოს წყვეტის პერიოდში გოგონებს ხელფასს გადაუხდიდა, დასახულ 5000 აშშ დოლარზე თითქმის ორჯერ მეტი თანხის მობილიზება შეძლო.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიისთვის თანხების მობილიზების მიზნით, საქველმოქმედო კამპანიის წარმართვა სულაც არაა იოლი. სხვა რომ არაფერი, ფანდრაიზინგ კამპანიების წარმოება მომქანცველი, დროში გაწელილი საქმეა. ამაყი და დამოუკიდებელი ბიზნესმენებისთვის დახმარების ხელის გაწვდენა ფსიქოლოგიური წნეხის მატარებელია. ფანდრაიზინგ კამპანიების წარუმატებლობის პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მაღალია. წარუმატებელი კამპანიები ხშირად ახლოსაც ვერ მიდიან დასახულ მიზანთან და ისედაც ძნელად გადასატანი იმედგაცრუება, კიდევ უფრო ტრავმატული ხდება. ყველაზე რთული მდგომარეობა კი მაშინაა, როცა დაწესებულება წარმატებით ჩაატარებს ფანდრაიზინგ კამპანიას, წარმატებასაც იზეიმებს, მაგრამ მოგვიანებით აღმოაჩენს, რომ ეს საკმარისი არ ყოფილა.

ასე მოხდა Sunny's Bar-ის შემთხვევაში. 2013 წლის ზაფხულის მეორე ნახევრისთვის სარესტავრაციო სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებული იყო. მიუხედავად არცთუ სახარბიელო მდგომარეობისა, ბარი გაიხსნა. რეგულარულმა კლიენტებმა გაიხარეს. ადგილობრივი ჟურნალ-გაზეთები სტატიებით აჭრელდა: Sunny's Bar გადარჩა. მაგრამ მალევე დიდი ხნის დაწყებულმა ოჯახურმა სირთულეებმა იჩინა თავი და იოჰანსენს ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწია. აი მაშინ კი, ყველაფერი სერიოზულად გართულდა.

"ათწლეულის წინ ქრაუდფანდინგ სერვისები, როგორიც Indiegogo და Kickstarter-ია, პლატფორმებად ჩამოყალიბდა და მსოფლიოს სიახლეები შესთავაზა: შემოქმედებითი პროექტები, პროდუქცია და ტექნიკა. ბოლო დროს, ფინანსების მოძიების ონლაინკამპანიები გასაჭირში მყოფი ადგილობრივი დაწესებულებებისთვის კაპიტალის მოზიდვის მნიშვნელოვანი წყარო გახდა", – აცხადებს Indiegogo-ს აღმასრულებელი დირექტორი დევიდ მანდელბროტი.

მისივე თქმით: "ასეთი პატარა ბიზნესების უმეტესობას არ ესაჭიროება ასობით და ათასობით მილიონი დოლარი, რათა პროდუქტი აწარმოონ, განსხვავებით ჩვენი კონკურენტი დიდი კომპანიებისგან. მათ მხოლოდ რამდენიმე ათასი დოლარი უნდათ ქირის ან სარემონტო სამუშაოების ხარჯის დასაფარად".

ზოგჯერ გარემოებები მეტად უჩვეულოა. ავიღოთ ნიუ-იორკში, ისტ-ვილიჯში მდებარე ბარი Mantioba. ვიდრე იურიდიული დოკუმენტების დასტებით მიადგებოდნენ, რიჩარდ "ჰენდსამ დიქ" (Handsome Dick) მანტიობასთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა. რიჩარდ მანტიობა რადიო Sirius XM-ის წამყვანი, კვლავაც მოქმედი 1970-ანი წლების ლეგენდარულ პანკჯგუფ Dictators-ის (ახლა უკვე Mantioba NYC) სოლისტი და 1999 წლიდან Mantioba's-ის მეპატრონეა.

Avenue B-ზე მდებარე Mantioba პატარა, ცოცხალი და ჭუჭყიანი პანკროკ მუზეუმია, სადაც შეგიძლიათ სამ დოლარად გამოცალოთ PBR ლუდის ქილა, გამოაცოცხლოთ კარგად შემონახული ავტომატური ფირსაკრავი და კედლებზე გამოფენილი, პანკინდუსტრიასთან დაკავშირებული ღირსშესანიშნაობების თვალიერებით დატკბეთ. კეთილმოწყობილ და სწრაფად განვითარებად უბნებში, ასეთ ადგილებში ხმაურის გამო, არაერთი საჩივარი ფიქსირდება, თუმცა Mantioba ყოველთვის ახერხებდა "წყლიდან მშრალად გამოსვლას", სანამ 2015 წელს ეტლით მოსარგებლემ Mantioba-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი არ შეიტანა. მას უკვე რამდენიმე ათეული კომპანიის წინააღმდეგ ჰქონდა შეტანილი სარჩელი ამერიკის შშმ პირთა აქტის (ADA) დარღვევის საფუძველზე.

მანტიობა არ ასაჯაროებს პერსონალური ზიანის განხრით მომუშავე იმ ფლორიდული იურიდიული ფირმის სახელს, რომელმაც მის წინააღმდეგ სასამართლოში დავა წამოიწყო (ამბობს, რომ არ სურს იურისტებთან შარში გახვევა), თუმცა არსებობს არაერთი ფირმა, რომელიც Mantioba's-ს მსგავს საქმეებზე მუშაობს. ADA-დარღვევისთვის მოსარჩელეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით აღძრეს საქმეები მცირე ბიზნესების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ინტენსიურად კი, ზოგიერთ შტატში, მათ შორის – ნიუ-იორკშიც. ფედერალურ და შტატის კანონმდებლობას შორის ურთიერთქმედების სპეციფიკურობამ ლეგალურად (და სარფიანად) მისცა საშუალება იურიდიულ ფირმებს, დაცვის ქვეშ აიყვანონ ის შშმ პირები, რომლებიც ბიზნესებს შესაბამისი კანონდარღვევისთვის უჩივლებენ, შემდეგ კი ბიზნესმენები აიძულონ საპროცესო შეთანხმებაზე წავიდნენ. თანხა, როგორც წესი, ათობით ათას დოლარზე ადის, თუმცა ეს არაფერია იმ ხარჯებთან შედარებით, რისი გაწევაც ბიზნესის მფლობელებს სასამართლოში საქმის აღძვრის შემთხვევაში მოუხდებოდათ.

მანტიობას თქმით, დიდი სიამოვნებით და მომენტალურად გამოასწორებდა ნებისმიერ დარღვევას, ამის საშულება რომ მისცემოდა. "ეს იყო თაღლითობა და ადვოკატის შანსი, 20 000 აშშ დოლარი ჩაეჯიბა. ასეც მოვიქეცი და ისიც წავიდა", – ამბობს მანტიობა ოდნავ გაბრაზებული ტონით, – "მე არ მაქვს ვინმესთვის მისაცემი 20 000 აშშ დოლარი ნაღდი ფული. ეს ნერვებს მიშლის, თანაც – ძალიან".

ისიც ადგა და Indiegogo-ზე კამპანია "გადაარჩინე მანტიობა!" წამოიწყო, რომლის მიზანი 25 000 აშშ დოლარის შეგროვება იყო. ზუსტად რაში იყო თანხა საჭირო, კამპანიის აღწერილობიდან კარგად არ ჩანდა. უბრალოდ მიხვდებოდით, რომ მეპატრონე "იძულებული იყო, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, მესამე პირთან გარიგებაზე წასულიყო". მაგრამ მესიჯი მაინც მკაფიო გახლდათ: ან ვიხდით ფულს, ან ვიხურებით.

წახალისების მიზნით, მანტიობა ქველმოქმედებს სასაჩუქრე "სიურპრიზ ჩანთებს" დაპირდა, სადაც იდო დიქტატორების ნივთები, "თავქანქარა" თოჯინები, მაისურები, პოსტერები, ჯოან ჯეტისა და დები ჰარის ავტოგრაფიანი რამდენიმე გიტარაც კი. სულ რაღაც ერთ თვეში, კამპანიამ დასახულ თანხას გადააჭარბა და 32 000 აშშ დოლარზე მეტის გენერირება შეძლო.

მანტიობა აღიარებს, რომ თავიდან ძალიან ეშინოდა ხალხზე გასვლის: "სულ თავიდან, შინაგანი "მე" მეუბნებოდა, რომ ხალხისთვის ფულის თხოვნა რთული იყო. ხალხმა შესაძლოა ათასი სიბინძურე თქვას. ცუდი ბიზნესმენი რომ ვყოფილიყავი და გადასახადების გადახდა არ შემძლებოდა, არ ვიტყოდი – "გადაარჩინე მანტიობა". კარგად რომ არ შემეძლოს საკუთარი ბიზნესის გაძღოლა, საერთოდ არ მოვკიდებდი მას ხელს".

ის გააოგნა საზოგადოების ასეთმა დიდმა მხარდაჭერამ. მანტიობა იხსენებს: "ვიცოდი, რომ ხალხს ვუყვარდით. ვიცოდი, რომ ჩვენთან კარგ დროს ატარებდნენ, მაგრამ ასეთი ზრუნვა... ხალხი მოდიოდა და ამბობდა: "იცი რა, მეგობარო, შენ ჩვენ იმ კულტურის სული და გული გაგვიზიარე, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს. გჭირდება რამდენიმე დოლარი? აჰა, აიღე".

გარდა იმისა, რომ საჩივრის საქმე მოაგვარა, მანტიობამ კონსულტანტი იქირავა და შეამოწმა ბარის სათითაო კუთხე-კუნჭული, კარი, ონკანი, მაგიდა, არმატურა, და თუ რაიმე კანონის მოთხოვნების დარღვევების რისკს წარმოშობდა, ყველაფერი შეაკეთა. ახლა, როცა ბარი ფინანსურ საფრთხეებს გადაურჩა, მანტიობა კოსმეტიკურ რემონტს და განახლებასაც აპირებს – ბარის სულის შესანარჩუნებლად და იმ ადამიანებისთვის, ვინც ასე დაეხმარა.

"მინდა, ბარი ცოტა შევაკეთო. ისეთი თეთრი სავარძლებით კი არ მინდა გავაწყო, ამ უბანში ზოგიერთი რეგვენი რომ დგამს – თითქოს ხალხს ეუბნება: შენ სათანადოდ მაგარი ტიპი არ ხარ, აქ რომ შემოხვიდეო", – ამბობს ის.

მაშინ, როცა ზოგიერთი მეპატრონე მომხმარებელს მხოლოდ ერთჯერადად მიმართავს დახმარების მიზნით, სხვები ცდილობენ კამპანიები გაახანგრძლივონ – გამოიყენონ კრიზისი, რათა გაზარდონ კაპიტალი არა მხოლოდ დაძირული ბიზნესის გადასარჩენად, არამედ გასავითარებლად.

ერთ-ერთი მსგავსი ბიზნესი, ფილადელფიაში მდებარე Black and Nobel-ია. იგი ერთ-ერთი უკანასკნელი დამოუკიდებელი წიგნის მაღაზიაა, რომელსაც შავკანიანი მეპატრონე ჰყავს. ამ წლის დასაწყისში დამფუძნებელი ჰაკიმ ჰოპკინსი თავისი ფარღალალა 14 წლის მაღაზიის დახურვის ზღვარზე დადგა. წიგნების გაყიდვა შემცირდა და Black and Nobel-ის შემოსავლების ძირითადი ნაწილი (ამჟამად შემოსავლების ერთი მესამედი), ჰოპკინსის თქმით, პატიმრებისთვის წიგნების მიწოდებისგან მოდის. საქმიანობა, რომლის განხორციელება ძვირადღირებული შენობის გარეშეც შესაძლებელია. "ამიტომაც ვაგრძელებთ არსებობას. ციხეში ჯერ კიდევ კითხულობენ. მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო ამისთვის", – აცხადებს ის.

ერთადერთი მიზეზი, რომელიც ჰოპკინსს მაღაზიის დახურვაში ხელს უშლიდა, კლიენტების წინააღმდეგობა იყო. იგი აცხადებს: "ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მაღაზიის ფუნქციონირება ნამდვილ გამოწვევად მექცა. ახალგაზრდები მეუბნებოდნენ: "არ დახურო. ამ ადგილმა გადაგვარჩინა!"

ამიტომ, ივნისში მან ამბიციური, 250 000 აშშ დოლარიანი კამპანია წამოიწყო GoFundMe-ზე, რათა Black and Nobel-ის კარი ღია დარჩენილიყო და შეენარჩუნებინა წიგნის მაღაზიის სასიცოცხლო როლი, როგორც ღონისძიებების ჩატარების ადგილი, დამოუკიდებელი შავკანიანი მწერლებისა და მოღვაწეების მხარდამჭერი და საზოგადოებრივი ჰაბი. კამპანიამ ადგილობრივი პრესის ყურადღება მიიქცია. მხარდაჭერა გამოხატეს მაღალი რანგის ადგილობრივმა მომღერლებმა და სპორტსმენებმა. თუმცა, მიუხედავად ამისა, სამი თვის თავზე Black and Nobel-მა მხოლოდ 10 000 აშშ დოლარის მოგროვება შეძლო. ეს კი ახლოსაც ვერ მივიდოდა ჰოპკინსის დასახულ მიზანთან.

ერთი შეხედვით, Black and Nobel-ის კამპანია უიმედო ჩანს. მაგრამ ჰოპკინსს სწამს, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. ის უბანში ფანდრაიზინგული ღონისძიების ჩატარებასა და საპრომოციო ვიდეოების გადაღებას გეგმავს. "არ ვაპირებ, ყველაფერზე ხელი ჩავიქნიო ექვსი თვის თავზე", – ამბობს ჰოპკინსი.

თუკი შეძლებს და გამიზნულ 250 000 აშშ დოლარს ააგროვებს, ჰოპკინსს დიდი გეგმები აქვს: საკუთარი შენობის ყიდვა, წიგნის მაღაზიის ფართის გაზრდა და განახლება; ტურისტული ავტობუსის შეძენა, მასზე Black and Nobel-ის პროგრამის განთავსება და ქვეყნის მასშტაბით სიარული. და მართალია, კამპანიას ჯერ კიდევ ბევრი რამ სჭირდება, მაგრამ ჰოპკინსი ბედნიერია იმ პროგრესით, რომელსაც მიაღწია: "კამპანიის წამოწყების მთავარი მიზანი იჯარის გადახდა იყო. თუმცა, ახლა იმ სტადიას მივაღწიეთ, როცა წარმატების გვჯერა, რადგან გვყავს ხალხი, ვისაც ჩვენი ბედი ადარდებს".

"ფანდრაიზინგ კამპანიის წარმოება მეორე სამსახურივითაა", – მიიჩნევს ჰოპკინსი, რასაც მსგავსი კამპანიების სხვა ინიციატორებიც იზიარებენ. "ეს საქმე ენერგიას გართმევს. რაღაცით მათხოვრობასაც ჰგავს. მე კი ის ადამიანი ვარ, ვინც ფულს თავად გამოიმუშავებს", – ამბობს ჰოპკინსი, რომელმაც საქმე ქუჩაში ვაჭრობით, ერთი მაგიდითა და წიგნებით სავსე ყუთით დაიწყო. როგორც ის ამბობს, არასოდეს აუღია საბანკო სესხი, საკრედიტო ბარათიც კი. თითოეული დოლარი, რომელსაც ხარჯავს, მისი შრომითაა გამომუშავებული.

Black and Nobel ფარ-ხმალს არ დაყრის, რადგან იგი ძალიან მნიშვნელოვანია – დაწყებითი სკოლის ბევრი მოსწავლისთვის წიგნების ეს მაღაზია ნავსაყუდელია. მაღაზიამ არაერთი ბავშვი გაზარდა – სკოლიდან უმაღლეს სასწავლებლამდე. ჰოპკინსის აზრით, Black and Nobel-მა მათ ცხოვრებაში საკუთარი როლი შეასრულა: "ჩვენ წვლილი შევიტანეთ ადგილობრივი საზოგადოების განვითარებაში, ეს კი მეტია, ვიდრე უბრალოდ, წიგნების მაღაზია".

როგორც კვლევები აჩვენებს, ქრაუდფანდინგ კამპანიები ხშირად დასახულ მიზანთან ახლოსაც ვერ მიდის. წარუმატებლობის მაჩვენებლები ინდუსტრიის მიხედვით განსხვავებულია, თუმცა სხვადასხვა კვლევა ავლენს, რომ ასეთი კამპანიების ნახევარზე მეტი წარუმატებელია, ხოლო კომპანიები, რომლებიც აგებენ, მარცხდებიან ძალიან მძიმედ. Wharton School მკვლევარმა ეთან მოლიკმა აწარმოა კვლევა, რომლისთვისაც Kickstarter-ში განთავსებული 48 500 პროექტი აიღო. აღმოჩნდა, რომ წარუმატებელი პროექტებიდან, საშუალო თანხა, რომლის გამომუშავებაც პროექტებმა შეძლეს, დასახული მიზნის 10 პროცენტზე ოდნავ მეტი იყო. წარუმატებელი პროექტების მხოლოდ სამმა პროცენტმა შეძლო დასახული თანხის ნახევრის მოგროვება.

თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული ნიუ-იორკში მდებარე მუსიკალური ინსტრუმენტების შესაკეთებელი მაღაზია Brasslab, რომელიც 35 წლის განმავლობაში ოპერირებდა. Brasslab-ი 1983 წელს ჩაკ მაკალექსანდერმა, სასულე ინსტრუმენტების შეკეთების ოსტატმა, და მისმა მეუღლემ – სინთია კინმა, დააფუძნეს.

კინის თქმით, Brasslab-ის წარმატება ათწლეულების განმავლობაში მაკ ალექსანდერის რეპუტაციაზე იდგა, რომელიც მან პროფესიონალი მუსიკოსების პატარა, ელიტურ, ვიწრო წრეში მოიპოვა. იგი უბრალოდ საუკეთესო იყო და ეს კმაროდა. მაკ ალექსანდერთან მოდიოდა უინტონ მარსალისი, ჯო ალესი – ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრის წამყვანი ტრომბონისტი. მაკ ალექსანდერი უმზადებდა საყვირებს "ღვთის სახლის" ევანგელისტურ ეკლესიას, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ორკესტრსა და ხსნის არმიას
(საერთაშორისო ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაცია). Brasslab-ში შესაკეთებლად გზავნიდნენ საყვირებს საბერძნეთიდან, სკანდინავიის ქვეყნებიდან, ავსტრალიიდან და იაპონიიდან. კინი იხსენებს, რომ ერთხელ, ხუთშაბათ დღეს, მათეთრებელში შემთხვევით ჩავარდნილი ტუბა გამოუგზავნეს ფოსტით და უკან, მეორე დღესვე, პარასკევის ღონისძიებისთვის, გაწკრიალებული და როგორც ახალი, უნდა გაეგზავნათ.

"ჩვენ არ გვაინტერესებდა, ვინ იყო ვარსკვლავი და ვინ არა. როდესაც ცნობილი კლიენტები გყავს, ეს ზოგჯერ გეხმარება მომხმარებლის ზრდაში, მაგრამ ამის გამო, მათ განსაკუთრებულად არ ვეპყრობოდით", – ამბობს კინი.

გასაჭირის პირველი ნიშნები 1989 წელს გამოჩნდა. კინმა, რომელიც Brasslab-ის საგადასახადო დოკუმენტაციას მართავდა, ნიუ-იორკის შტატის საფინანსო-საგადასახადო დეპარტამენტიდან მიიღო შეტყობინება, რომ კომპანიას გაყიდვების გადასახადიდან რამდენიმე კვარტლის დავალიანება და ამას დამატებული, საჯარიმო თანხა და დარიცხული პროცენტი ჰქონდა. საგადასახადო უწყებამ ულტიმატუმი წამოაყენა: 10 000 აშშ დოლარი უნდა დაეფარათ მომდევნო 24 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესი დაუყონებლივ დაიხურებოდა.

კინი აღიარებს – იცოდა, რომ რამდენიმე კვარტლის გადასახადები არ ჰქონდა წარდგენილი. ამას გამოუცდელობას და ბიზნესის მიმართულებით განათლების ნაკლებობას აბრალებს. მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ ბიზნესს სახელმწიფოს ვალი ჰქონდა, პროცენტები და ჯარიმები ზვავივით წამოვიდა, რომელთა გამკლავება მას უკვე აღარ შეეძლო. საბოლოოდ, გადასახდელი ჯამური თანხა 94 000 აშშ დოლარზე ავიდა, საიდანაც თავდაპირველი გადასახადი მხოლოდ მესამედი იყო.

ყველაფერს ისიც ართულებდა, რომ წლების განმავლობაში, საგადასახადო ორგანოში წინ და უკან სიარულისას, მის საქმეზე მიმაგრებული ადამიანები ქრებოდნენ. ყოველ ჯერზე მუშაობა ახალ აგენტთან იყო საჭირო და ყოველ ჯერზე ყველაფრის დაწყება აბსოლუტურად ნულიდან უწევდა. კინი ამბობს: "ექვსი აგენტი გამოვიცვალე. ისინი აორთქლდნენ. მივაღწევდით შეთანხმებას, გადახდის პირობებს გავწერდით და ისინი იკარგებოდნენ – ან ახალ პოზიციაზე გადაჰყავდათ, ან უშვებდნენ, ან კიდევ სამსახურს იცვლიდნენ. მათგან აღარაფერი ისმოდა".

სახელმწიფოსთან ხანგრძლივმა საგადასახადო ბრძოლებმა კინი გაფუჭებული საკრედიტო ისტორიითა და შეჩერებული მართვის მოწმობით დატოვა. კინიმ, რომელიც კერძო საადვოკატო საქმიანობასაც ითავსებს, სასამართლოში გასაჩივრება გადაწყვიტა, მაგრამ ვიდრე სახელმწიფოს წინააღმდეგ პროცესს დაიწყებდა, ჯერ ის თანხები უნდა დაეფარა, რომლებიც ემართა. საგონებელში ჩავარდნილ კინსაც სხვა გზა არ დარჩა და შარშან, დეკემბერში დახმარებისთვის GoFundMe-ის პლატფორმას მიმართა. Brasslab-ის კლიენტებმაც დახმარების ხელი გაუწოდეს.

"გამოხმაურება სწრაფად მოხდა. პირველ რამდენიმე საათში, 5 000 აშშ დოლარი შეგროვდა. გაოცებული ვიყავი", – აცხადებს სინტია კინი.

საბოლოო ჯამში, კამპანიამ მიზნად დასახული თანხის დაახლოებით ნახევრის – 26 000 აშშ დოლარის მობილიზება შეძლო. თანხა თავდაპირველი გადასახადის დასაფარად საკმარისი იყო, მაგრამ მაღაზიის გადასარჩენად, საკმარისი არ აღმოჩნდა. აპრილში Brasslab დაიხურა. მაკ ალექსანდერმა და კინმა აღჭურვილობის უმეტესობა გაყიდეს. ისინი კვლავაც აგრძელებენ მუშაობას, როგორც ონლაინმაღაზია, სადაც მცირე რაოდენობით ყიდიან პატარა ხელნაკეთ ნაწილებს და მაკ ალექსანდერსაც აქვს წვრილ–წვრილი დაკვეთები, როგორიც, მაგალითად, ტრომბონებისთვის ინდივიდუალური დიზაინით შექმნილი სარქველების დამზადებაა. საქმე, რითაც ის განთქმული იყო.

თუმცა, ეს შეუმდგარი კამპანია, გარკვეულწილად, წარმატებაცაა. ბიზნესმა, რომელიც არც რაიმე ღონისძიებებს ატარებდა და არც კლიენტურის თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა, შეძლო და მომხმარებლები საერთო მიზნით გააერთიანა. თანაც, იმ პირობებში, როცა ბევრი მათგანი მსოფლიოს სხვადასხვა მხარეს ცხოვრობდა და ზოგი არც არასოდეს შეხვედრია ბიზნესის მეპატრონეს პირადად. ფანდრაიზინგმა წლების წინ დავიწყებული კლიენტები დააბრუნა და შექმნა პოტენციურად ღირებული ახალი კავშირები. მაკ ალექსანდერთან, ცოტა ხნის წინ, ერთი ძველი კლიენტი – ინსტრუმენტების მექანიკოსი მივიდა, რომელიც ახლა ვესტ-პოინტში სასულე ინსტრუმენტების შემკეთებელ მაღაზიაში მუშაობს. სინტია კინის თქმით, ამ კაცს სურს, საკუთარი ბიზნესი დაიწყოს და მაკ ალექსანდერს უქმეებზე ნიუ-იორკის ჩრდილოეთ ნაწილში მასთან მუშაობას სთავაზობს. თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, მაკალისტერი ცოდნასა და ხელობას, რომლის დახვეწასაც წლები შეალია, სხვებსაც გაუზიარებს.

"მის საქმეს, ბოლოსდაბოლოს, მემკვიდრე ეყოლება და მისი ცოდნა ღირსეულად გაგრძელდება", – ამბობს კინი.

მართალია, თავისი კომპანია ვერ გადარჩა, თუმცა კინი ახლაც გულანთებულია იმ უსაზღვრო მხარდაჭერით, რომელიც იგრძნო. მან შემოწირულობები ისეთი ადამიანებისგან მიიღო, წლების მანძილზე რომ არ ჰქონია ურთიერთობა.

"გასაჭირში იგებ, ვინ არის შენი მეგობარი", – ამბობს ის.

Sunny's Bar-ის წარმატებული ფანდრაიზინგიდან დიდი დრო არ იყო გასული, როცა პრობლემების ახალი ნაკადი წამოვიდა. "სანდის" წყალდიდობის შემდეგ, იოჰანსენსა და შენობის კიდევ 17 მეპატრონეს შორის (რომლებიც, ყველანი, ბალზანოს ოჯახის წევრები იყვნენ) არსებული უთანხმოება კონფლიქტში გადაიზარდა. იოჰანსენის ნათესავებს მიაჩნდათ, რომ შენობა დაწყევლილი იყო და მისი გაყიდვა სურდათ. მათ პირველივე პოტენციური მყიდველი მოიყვანეს შენობის დასათვალიერებლად მაშინ, როცა იოჰანსენი წყალდიდობისგან განადგურებულ სარდაფს "ნიუ-იორკ თაიმსის" ჟურნალისტს აჩვენებდა, რათა პრობლემა უკეთ გაშუქებულიყო და ბარი გადაერჩინა.

"შენობა ჩვენი თანხმობის გარეშე გაიტანეს გასაყიდად", – გვიყვება იგი თავის ნათესავებზე, – "ამ დროს, ცდილობ წყენა არ გამოხატო. ვითომ ყველაფერი რიგზეა".

2016 წელს ბალზანო ტვინის სისხლძარღვების ემბოლიით გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა ქონებასთან დაკავშირებული დავა კიდევ უფრო გაართულა. ძალიან მალე, იოჰანსენი, რომლის წილიც შენობიდან მხოლოდ 4%-ს შეადგენდა, არჩევანის წინაშე დადგა: შეგუებოდა ფაქტს, რომ შენობას გასაყიდად აუქციონზე გაიტანდნენ, ან მოეფიქრებინა რაიმე გზა, რითაც სხვების კუთვნილ წილებს გამოისყიდდა.

"ამის შემდეგ დაიწყო ახალი ბრძოლა – მეკეთებინა იმდენი საქმე, რაც ადამიანის ძალებს არ აღემატება, გამეზარდა ბიზნესი იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, რათა ბანკებისთვის მზარდი პოტენციური შემოსავლები მეჩვენებინა", – ამბობს იოჰანსენი.

იოჰანსენმა დახმარებისთვის უპირველესად ბიზნესსაზოგადოებას მიმართა. დიდი ბანკები ხელს არ მოკიდებდნენ, ამიტომ საქმიანი ურთიერთობები მცირე ბანკებთან დაიჭირა, მათ შორის – ჰარლემში არსებულ კარვერის ფედერალურ შემნახველ ბანკთან. მცირე ბიზნესის განვითარების ცენტრის ადგილობრივი მრჩეველისა და ბიზნესკონსულტანტის დახმარებით, რომელიც ქარიშხალ "სენდის" შედეგად დაზარალებულთა ჯგუფთან "აღადგინე რედ ჰუკი" მუშაობდა, მან პირველი რეალური ბიზნესგეგმის მომზადება შეძლო.

"მოგება-ზარალის უწყისი რა იყო, კარგად მანამდე არც კი ვიცოდი", – ამბობს იოჰანსენი, – "მე ბიზნესგანათლება არ მქონია. მოქანდაკე ვარ. მივხვდი, რომ იმისათვის, რათა ფინანსურ ინსტიტუციებს სერიოზულად აღვექვი, საჭირო იყო დამემტკიცებინა, საქმეს რამდენად სერიოზულად ვუდგებოდი. ვგრძნობდი, რომ ეს აუცილებელი და ძალზე ფასეული იყო. ეს თავისებური ბიზნესთერაპიაა".

ბალზანოს გარდაცვალებიდან დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ, იოჰანსენი და მისი ნათესავები გაყიდვის დეტალურ პირობებზე შეთანხმდნენ. თუმცა, მოგვიანებით, მათ მოთხოვნილი თანხა მილიონით გაზარდეს. "ეს ჩემი გზიდან ჩამოშორების უკანასკნელი ძალისხმევა იყო", – აცხადებს ტონი იოჰანსენი.

იოჰანსენი მიხვდა, რომ თუკი ძირითადი თანხის გადახდას შეძლებდა, ფულადი ნაკადების ანგარიშგება იძლეოდა საფუძველს, რომ უფრო მეტი გირაოც გადაეხადა. მილიონის 10% ჯიბეში არ ედო, თუმცა ვადა იწურებოდა და ისიც დათანხმდა თანხის გადახდას, რადგან სწამდა, ფულის მოძიების გზას მიაგნებდა.

სწორედ მაშინ წამოიწყო Sunnye's Bar-ის გადარჩენისადმი მიძღვნილი მეორე კამპანია – ბოლო წამის ინტუიციური მცდელობა, ოჯახის წამოყენებული მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა. იოჰანსენს იმის დროც არ ჰქონია, რომ ონლაინკამპანიისთვის ვიდეო მოემზადებინა. ბარის მენეჯერის რჩევით, თანხების მიღება Paypal-ის მობილური გადარიცხვებისთვის შექმნილი სერვისით, Venmo-ს საშუალებით გადაწყვიტა.

კამპანიისადმი მხარდაჭერა რამდენიმე ავტორიტეტულმა ადგილობრივმა ცნობადმა სახემ გამოხატა. თავადაც სკულპტორმა, იოჰანსენმა, კამპანიაში დუკ რაილი, სტივენ სკოლარი და პოლ იაკობსენი ჩართო და მათ საკუთარი ნამუშევრები აუქციონზე გაიტანეს. გერშ კუნცმანმა, New York Daily News-ის ჟურნალისტმა, განაცხადა: "ნიუ-იორკი არ დაკარგავს Sunny's Bar-ს! მე ამას არ დავუშვებ!" და ადგილობრივ ჟურნალისტებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ყველაფრის დასრულების შემდეგ, Sunny-ს მხარდამჭერმა მეორე კამპანიამ 68 000 აშშ დოლარის შეგროვება შეძლო. 25 ივლისს საკმაოდ რთული, 2.6 მილიონიანი ტრანზაქციით, რომელიც მოიცავდა 13 ქონებრივ საქმეს, 3 ბანკსა და 1031 გაცვლა-გამოცვლას, იოჰანსენმა კონოვერ-სტრიტის 253-ე ნომერში მდებარე შენობა საკუთრებაში დაიმტკიცა.

"წარმოიდგინეთ, რომ თავი რობოტად მოგაქვთ და ზედიზედ ხუთი საათის განმავლობაში ქაღალდებს აწერთ ხელს. სწორედ ასე მომიწია", – ამბობს ის.

ასე დასრულდა ხუთწლიანი გაუთავებელი გაწევ-გამოწევა, რომელმაც იოჰანსენზე ასახვა ჰპოვა როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. მას გარკვეულ ეტაპზე დასჭირდა ერთ-ერთი კათოლიკური ორგანიზაციაც, რომელიც წყალდიდობის შემდეგ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მქონე დაზარალებულებს ეხმარებოდა. საქმის მოგვარების შემდეგ, იოჰანსენი შინ წავიდა, მთელი ბოთლი შამპანური დალია და ტანსაცმლიანს ჩაეძინა. რამდენიმე დღის შემდეგ, ადვოკატი გამოუტყდა, რომ საქმის დასრულების შემდეგ, შინ მიმავალს, ტაქსიში მასაც ჩაეძინა და მძღოლმა გააღვიძა.

ახლა, როცა იოჰანსენი კონოვერ-სტრიტზე იღვიძებს, მთელი შენობა მისი კუთვნილებაა, თუმცა კი დღემდე უჭირს ამის ბოლომდე გააზრება. წვალებისა და დრამატული დღეების შემდეგ, მეტ-ნაკლებად ჩვეულებრივი ცხოვრება თინეიჯერ გოგონასთან ერთად ნამდვილ სასწაულად ეჩვენება: "ნორმალურად ყოფნა ყველაზე კარგი რამაა", – ამბობს ის, – "საჭმელი მაცივარშია. ვაღებ მაცივარს. ვიკეთებ სენდვიჩს. ვეკითხები შვილს, რისი სენდვიჩი უნდა. ეს ყველაფერი მშვენიერია".

ტონი ბიზნესმენებს საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებულ რჩევას აძლევს: ადვილად არ დანებდეთ!

"თუ შენთვის რაიმე მნიშვნელოვანია, უნდა იბრძოლო. იბრძოლო სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. ჩემი ბრძოლა მართლაც კარგი იყო", – ამბობს ის.

ლისა ჰარისი სამეცნიერო პროფილის მწერალი და ელექტრონული ახალი ამბების ანტრეპრენერია, რომელიც წერს ისეთი გამოცემებისთვის, როგორებიცაა Technology Review, Grist და The Scientist. ჰარისი ზემო ნიუ-იორკში, ქეთსკილ მაუნთინში ცხოვრობს.