Get All Access for $5/mo

5 წესი, რომლის მიხედვითაც ეფექტური ლიდერი ცხოვრებას უნდა ცდილობდეს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

უკვე ათი წელია, რაც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ვარ. ეს უზომოდ სასარგებლო გამოცდილება იყო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ყოველთვის ნორმალურად მიდიოდა. შეცდომებიც მაქვს დაშვებული, მათ შორის, ისეთი ადამიანიც მომიყვანია სამსახურში, რომელმაც ჩემი კომპანია გაქურდა.

კომპანიის ხელმძღვანელობა ცეცხლით გამოცდაა, თქვენ უბრალოდ უნდა გააანალიზოთ და გაითვალისწინოთ შეცდომები, რომლებსაც გზად უშვებთ. შესაძლოა, რამდენიმე ზოგადი წესის შემუშავება რთული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმაროთ. ბოლო 10 წლის განმავლობაში ბევრი აღმასვლა და დაცემა მქონია, და ორივე შემთხვევაში ბევრი რამ ვისწავლე.

აქ 5 წესია მოცემული, რომლის მიხედვითაც ვცდილობ ცხოვრებას, რათა ყველაზე ეფექტური აღმასრულებელი გავხდე.

1. თავი აარიდეთ გრძელი საათების განმავლობაში მუშაობას

YouTube-სა და Instagram-ზე სამოტივაციო ვიდეორგოლებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში განსაკუთრებით პოპულარული გახდა გრძელი საათების განმავლობაში მუშაობის თემა. ადამიანები ამ ვიდეორგოლებში განუწყვეტლივ ურჩევდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებსა და აღმასრულებლებს დღეში 14 საათი ემუშავათ და ყოველი საათის ყოველ წუთს რაიმე ეკეთებინათ.

ეს სავარაუდოდ, ყველაზე ცუდი რჩევაა, რომელიც შეიძლება მისცეთ ადამიანს, რომელსაც ხელმძღვანელი თანამდებობა უკავია.

მუდმივად შესვენების გარეშე, საათობით მუშაობა, წარმატების რეცეპტი არ არის. ეს ფიზიკური გადაწვის რეცეპტია. დიახ, იყო დრო, როდესაც მე მიწევდა მთელი ღამე ან დამატებითი საათების განმავლობაში რამდენიმე დღე მუშაობა. მაგრამ ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ახალგაზრდა აღმასრულებელი ვიყავი, რომელსაც სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, და არა იმიტომ, რომ სწორად მიმაჩნდა.

როდესაც ლიდერის როლში ხართ, მოდუნებისა და ენერგიით დამუხტვის დრო უნდა მისცეთ საკუთარ თავს. შესრულებული სამუშაო უნდა გააანალიზოთ და ხარისხზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, მხოლოდ ოფისში გატარებული საათების რაოდენობით არ უნდა იმსჯელოთ. გარწმუნებთ, გაცილებით მეტს გააკეთებთ, ვიდრე კვირაში შვიდ დღეს რომ მუშაობაში ატარებდეთ.

2. თქვენს გუნდს ისე მოექეცით, როგორც გსურთ, თქვენ მოგექცნენ

ერთ საღამოს რესტორანში ვიყავი და იმდენი ხალხი იყო, მომსახურე პერსონალი არ ჰყოფნიდათ. მაგრამ შევამჩნიე, რომ მენეჯერები სამზარეულოს კართან კი არ იყვნენ შეჯგუფულები და ბრძანებებს კი არ აძლევდნენ ოფიციანტებს, აქტიურად მიდი-მოდიოდნენ, მაგიდებს აწყობდნენ, ხელსაწმენდებს ალაგებდნენ და ყველა იმ წვრილმანს აკეთებდნენ, რაზეც ჩვეულებრივ პერსონალია პასუხისმგებელი.

სწორედ ასე უნდა იყოს ნებისმიერ ბიზნესში.

ლიდერებმა უნდა შექმნან კეთილგანწყობილი სამუშაო გარემო, განსაკუთრებით, როდესაც სამუშაო ხელით შესასრულებელი ან რთულია. რთულ სამუშაოს ყოველთვის მოაქვს თავისი პრობლემები თანამშრომლებისთვის. რატომ უნდა გაამძაფროთ ეს პრობლემები? რატომ უნდა შექმნათ უარყოფითი განწყობა და რატომ უნდა მოექცეთ ცუდად ადამიანებს?

ყოველთვის მემახსოვრება, რას მეუბნებოდა მამაჩემი, რომელიც ასევე აღმასრულებელი იყო: "მხოლოდ ის, რომ ბოსი ხარ, არ ნიშნავს, რომ ერთი სულელი და გამაღიზიანებელი ადამიანი უნდა იყო. აქ შენ ხარ მთავარი, მაგრამ მათ ისე უნდა მოექცე, როგორც გსურს, ისინი მოგექცნენ".

3. მართვის საკითხები გონივრულად გადაწყვიტეთ

თუნდაც ყველას მიმართ კეთილგანწყობილი, დიდი აღმასრულებელი იყოთ, არაფერს ექნება დიდი მნიშვნელობა, თუ ამ ფასეულობებს თქვენს აღმასრულებელთა გუნდში არ დანერგავთ. საშუალო რგოლის არაეფექტურ მენეჯერზე ცუდი არაფერია.

ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი მენეჯმენტისაც და ცუდისაც, საქმე დაწინაურებამდე მიდის. ბევრ ადამიანს სრულიად ბუნებრივად მიაჩნია სამსახურში დაწინაურება: თუ სადმე საკმაოდ დიდხანს დარჩებით სამუშაოდ, არ აქვს მნიშვნელობა, ლიდერის თვისებები გაქვთ თუ არა, მაინც დაგაწინაურებენ. სიმართლეა ის, რომ ზოგიერთი ადამიანი გარკვეულ როლში ნამდვილად კარგია, მაგრამ პოტენცია არ აქვთ, რომ დიდი ლიდერები გახდნენ.

გადაწყვეტილებას თქვენ იღებთ, და ამის შესახებ უნდა იცოდეთ. ყველაზე კარგი პატარა ტესტების ჩატარებაა იმის დასადგენად, თუ ვინ შეიძლება იყოს კარგი მენეჯერი და ვინ არა. დაე, მათ პროექტებს უხელმძღვანელონ ან უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე გარკვეული დროის განმავლობაში, თქვენ კი დააკვირდით, როგორ ასრულებენ ისინი დავალებას.

ზოგიერთი ადამიანი წარმატებას მიაღწევს, სხვებს ასეთი კარგი მაჩვენებლები არ ექნებათ, ეს ყველაფერი თქვენ უნდა გააანალიზოთ და შესაბამისად იმოქმედოთ, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.

4. თქვენი მოლოდინი რეალობასთან შეათავსეთ

კარგი ლიდერი და მენეჯერი რომ იყოთ, აუცილებლად უნდა ერკვეოდეთ იმ სამუშაოში, რომელსაც თქვენი გუნდი ასრულებს. რესტორნის მენეჯერებმა იცოდნენ, რა სახის სამუშაოს ასრულებდნენ მათი ოფიციანტები ყოველ საღამოს, და თან ისე კარგად, რომ როდესაც საჭირო გახდა, მათი სასწრაფოდ შეცვლა მოახერხეს.

ბუნებრივია, თუ თქვენს კომპანიაში 50 000 თანამშრომელი მუშაობს, შესაძლოა ღრმად ვერ ერკვეოდეთ ნებისმიერის მოვალეობაში, მაგრამ კარგმა აღმასრულებელმა იცის, თუ რას აკეთებენ მისი თანამშრომლები ყოველდღე. მათ იციან თავიანთი გუნდის პოტენციალი, რა არის შესაძლებელი და რა − არა. ყველაფრის სწრაფად გაკეთება შეუძლებელია, ამიტომ გონივრული მოლოდინი უნდა გქონდეთ, ეს უზომოდ მნიშვნელოვანია.

თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ნათელი წარმოდგენა გაქვთ, რას საქმიანობენ თქვენი თანამშრომლები, სწავლა დაიწყეთ. ეფექტური ლიდერი რომ გახდეთ, ყოველთვის უნდა სცადოთ სხვა ყველაფერთან ერთად, ახალი საგნების ან კონცეფციების შესწავლა.

5. გახსენით არხები კომპანიებს შორის ურთიერთობებისთვის

საკმაოდ ბევრ კომპანიას აქვს პრობლემები სხვა კომპანიებთან ურთიერთობისას, და შესაძლოა ამან მუშაობის ეფექტურობასა და თანამშრომლობაზე მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა. მაგალითად, როდესაც ცხელ ხაზს ვხელმძღვანელობდი, იქ წესად იყო ქცეული შიდა ურთიერთობებისთვის მხოლოდ ელექტრონული ფოსტის გამოყენება. თუ ვინმეს შეკითხვა ჰქონდა, ელექტრონული ფოსტით უნდა გაეგზავნა ყველასთან წერილი და იმ იმედით დაეწყოთ ლოდინი, რომ ვინმე უპასუხებდა.

მაგრამ ჩვენს სატელეფონო ცენტრში საკუთარ აგენტებს ჩატის ოთახთან ჰქონდათ წვდომა. ასე რომ, ვიღაცას შეეძლო უცებ დაესვა შეკითხვა, ხოლო ნებისმიერი, ვინც იმ წუთას ქსელში იყო, პასუხს გასცემდა. შეფერხებები ნაკლებად იყო, და ამან ხელი შეუწყო ჯგუფში მეგობრული ატმოსფეროს დამყარებას. თუ გინდათ, რომ თქვენმა ბიზნესმა ეფექტურად იმუშაოს, ერთ გუნდზეა საუბარი თუ გუნდებს შორის ურთიერთობაზე, ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანებს სერიოზული კომუნიკაციისთვის არხები უნდა მიაწოდოთ.

ეს ყველაფერი ერთ პრინციპამდე დადის: ბოსად ყოფნა და ლიდერად ყოფნა, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია. ტიტულმა შესაძლოა ბოსი გაგხადოთ, მაგრამ ლიდერი რომ გახდეთ, საკუთარ თავზე კი არ უნდა იფიქროთ, თანაგრძნობა უნდა გაუწიო ადამიანებს, რომლებიც თქვენთვის მუშაობენ.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!