ემოციური ინტელექტი - ირაკლი ღვალაძე სრულყოფილი კომფორტის ზონის შექმნის ხელოვნება
By თაკო გვაზავა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ირაკლი ღვალაძე
საქართველოს ეროვნული მუზეუმის აღმასრულებელი დირექტორი
"ემოციური ინტელექტი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში, მეტიც – ემოციური ინტელექტი ხშირად წარმატების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. ყველას გვინახავს ადამიანები "განსაკუთრებული უნარებით", რომლებიც წარმატებას არა მხოლოდ კონკრეტული აკადემიური ცოდნის ან გამოცდილების ხარჯზე, არამედ სწორედ ამ განსაკუთრებული უნარით აღწევენ. ასეთი უნარი შეიძლება იყოს როგორც საკუთარი ემოციების ამოცნობა და მართვა, ისე სხვა ადამიანების ემოციებსა და ქცევებზე დაკვირვება და შესაბამისად რეაგირება. ემოციური ინტელექტი გარკვეულწილად თანდაყოლილი უნარია, თუმცა ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება და წლები ამ უნარს კიდევ უფრო ავითარებს. მე პირადად ძალიან დამეხმარა საკუთარი კარიერული გზა, ის, რომ ყველა თანამდებობრივი საფეხური გავიარე. თუმცა ჩემს მრავალწლიან სამუშაო გამოცდილებასა და კარიერაში, ემოციური ინტელექტის სიკეთე ყველაზე თვალსაჩინოდ სტუდენტებთან ურთიერთობისას გამოჩნდა. რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჩემმა ახლო მეგობარმა შემომთავაზა, ლექციები წამეკითხა ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით, ეს იყო ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო შემოთავაზება და გამოწვევა, რადგან მაშინაც ვფიქრობდი და დღეს ეს აზრი კიდევ უფრო გამიმყარდა, რომ სხვებისთვის ცოდნის გადასაცემად მხოლოდ ცალკე აღებული განათლება საკმარისი არაა. აუცილებელია პრაქტიკული გამოცდილებაც და უკვე არაერთხელ ნახსენები ემოციური ინტელექტი. იმისათვის, რომ ლექცია სტუდენტებისთვის საინტერესო და შედეგიანი გამოვიდეს, მაქსიმალური ემოციური ჩართულობის, სტუდენტების მოლოდინის სწორად განსაზღვრისა და მათი განწყობების შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების ხერხებს მივმართავ. თუმცა, ლექციების შემთხვევაში, ჩემი დამატებითი იარაღი 25-წლიანი სამუშაო გამოცდილების განმავლობაში დაგროვილი კონკრეტული პრაქტიკული მაგალითებია (ე.წ. Case Study), რადგან ისე გამოვიდა, რომ სადაც კი მიმუშავია, აქტიურად ვიყავი ჩართული იმ დარგის რეფორმირებაში, გამართული ბიზნესმოდელის შექმნაში, ამ სქემაში ჩართული სტეიქ ჰოლდერების (მათ შორის – სახელმწიფოს) ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, ამიტომ მოსაყოლი მართლაც ბევრი დამიგროვდა. სწავლების პროცესი განსაკუთრებული სიამოვნებაა, რადგან გაცემული ემოცია ორმაგად გიბრუნდება. ეს ემოციური კავშირი, სწავლებისა და ცოდნის გაზიარების პროცესი დღევანდელ დაძაბულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. გამიმართლა, რომ დღესდღეობით კულტურის სფეროში ვსაქმიანობ. დარგში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სულიერი და ეკონომიკური განვითარებისთვის. შესაბამისად, ამ სფეროში წარმატებული ბიზნესმოდელების შექმნა და დარგის გამართული საქმიანობა უდიდესი სიკეთის მომტანი იქნება როგორც კულტურის წარმომადგენლებისთვის, ისე ქვეყნისთვის."