იმუშავე გულმოდგინედ, რათა გართობამ მეტი სიამოვნება მოგანიჭოს "ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს"
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
როგორც პოპულარული ფრაზა ბრძანებს, "ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს". დაახლოებით მსგავსი ლოგიკა მოქმედებს პროდუქტიულად შრომისა და ეფექტურად დასვენების შესახებაც. თანამედროვე სტრესული სამუშაო რუტინის ფონზე, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ თუ გულმოდგინედ არ ვიმუშავებთ, ვერც გართობისა და განტვირთვისგან მივიღებთ მაქსიმალურ სიამოვნებას. ამ სტატიაში კი, ვეცადოთ ავხსნათ ის საკვანძო საკითხები, რომლებიც დროის სწორად დაგეგმვას, მუშაობასა და დასვენებას შორის ბალანსის პოვნაში დაგვეხმარება.
2016 წელს, სტუდენტებს შორის ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც მიზნის მისაღწევად ბეჯითად შრომობენ, თანაბარი წარმატებით, თამაშისა და დასვენებისთვისაც პოულობენ დროს. ასეთი სტუდენტები რუტინულ აკადემიურ პროცესს თანმიმდევრულად მიჰყვებიან, შესასრულებელ დავალებას ბოლო მომენტისთვის არ იტოვებენ და ამავდროულად, თავისუფალ დროს სიამოვნებით ატარებენ.
როდესაც მთელ ჩვენს ყურადღებას სამუშაოს პირნათლად შესრულებისკენ მივმართავთ, აუცილებლად გაგვითავისუფლდება დრო ეფექტურად დასვენებისთვისაც. სამსახურებრივი სტრესი იფანტება და არასამუშაო დროს არ გვიწევს ფიქრი ხვალისთვის გადადებულ საქმეებზე. ამის მაგივრად კი, ძვირფასი ადამიანების გარემოცვაში, საყვარელი საქმიანობით დაკავების საშუალება გვეძლევა. გთავაზობთ იმ ხუთ მნიშვნელოვან ასპექტს, რომელთა გათვალისწინებითაც, დროის სწორად მართვას და სამსახურის დასვენებისგან გამიჯვნას შევძლებთ.
დავიწყოთ დღე ჩვეულზე ადრე
ნებისმიერი ადამიანი, ვისაც შვილები ჰყავს, ალბათ მათთან გატარებული დროის დეფიციტს განიცდის. თუ ბავშვები სკოლას 3-4 საათისკენ ამთავრებენ, ხოლო თქვენი სამუშაო დღე 6-7 საათამდე გრძელდება, გამოდის, რომ დღის განმავლობაში რამდენიმე ძვირფასი საათი მათთან ურთიერთობის გარეშე გადის.
არაა აუცილებელი შვილები გვყავდეს საიმისოდ, რომ დროის ქრონიკული დეფიციტი საკუთარ ტყავზე შევიგრძნოთ. ბევრ ჩვენგანს გვქონია მომენტი, როდესაც სამსახურის გარდა, პრაქტიკულად ვერაფერს ვასწრებთ. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გამოსავალია, დავიწყოთ ჩვენი დღე უფრო ადრე.
ყველას არ შეუძლია დილით ადრე ადგომა, თუმცა უპირატესობები, რომელსაც დამატებითი დროის გამოთავისუფლება გვაძლევს, ყველამ უნდა შეიგრძნოს. დისტანციურად მომუშავეთათვის, დამატებითი 15 წუთი, სანამ საზაფხულო არდადეგებზე მყოფი ბავშვები გაიღვიძებენ, შესაძლოა უამრავი საქმის მოსასწრებად იდეალური შესაძლებლობა იყოს. ხოლო მათ, ვისაც ოფისში სიარული და გზაში დიდი დროის დაკარგვა უწევს, ადრე ადგომა დილის ვარჯიშის, საუზმის მიღებისა და მთელი დღის სამყოფი ოპტიმალური ენერგიით დამუხტვის წინაპირობაა.
ცხადია, პროდუქტიული დილა თქვენს ღამის განრიგზეა დამოკიდებული. შეუძლებელია სიცოცხლით აღსავსე და პოზიტიური დილის დაწყება, თუ გვიანამდე არ ვიძინებთ და ორგანიზმს დასვენების საშუალებას არ ვაძლევთ. დღისა და ღამის გრაფიკის დაბალანსება და ჩვენზე მორგებული რეჟიმის შედგენა დაგვეხმარება დრო უფრო ეფექტიანად გამოვიყენოთ.
იმუშავეთ სამსახურში
ვინაიდან სულ უფრო მეტი ადამიანი მუშაობს დისტანციურად, შესასრულებელი სამუშაოს სამსახურებრივ სივრცეში დატოვების პრობლემა დღითი დღე აქტუალური ხდება. მეორე მხრივ, შინიდან მუშაობა მეტად გვიფანტავს ყურადღებას, ვიდრე ოფისში და ეს გართობისა და დროის ფლანგვის ცდუნებას გვიჩენს. უნდა დავადგინოთ, რომ ბალანსი განტვირთვასა და მუშაობას შორის აუცილებელია, თუმცა ამავდროულად, უნდა შეგვეძლოს მათი მკაცრად გამიჯვნა.
დროის ოპტიმიზაციისათვის, სასარგებლო რჩევაა საკუთარ თავს ვადები, ე.წ. "დედლაინები" დავუწესოთ. დავთქვათ, რომ ანგარიში მზად გვექნება დღის 3 საათისათვის და არა სამუშაო დღის ბოლომდე. როდესაც საკუთარ თავს მკაცრად განსაზღვრულ დროს ვაძლევთ, მეტად ვკონცენტრირდებით სამუშაოზე და ნაკლებად ვერთობით, რაც დარჩენილი რამდენიმე საათის პროდუქტიულად გამოყენების შესაძლებლობაა. ეს მიდგომა იდეალურია, როგორც შინიდან, ისე ოფისიდან მუშაობისას.
აგრეთვე, დედლაინების დაწესება დაგვეხმარება, რომ სამსახური სამსახურში დავტოვოთ და სამუშაო დღის შემდეგ არ გვიწევდეს საქმის შინ წამოღება; შვილის ღონისძიებაზე ლეპტოპით სიარული პროექტის დასამთავრებლად, ან საოჯახო ვახშმის დროს, ელ.წერილებზე პასუხის გაცემა.
შესვენებებთან სიფრთხილე გვმართებს
გულმოდგინედ მუშაობა არ ნიშნავს შევამციროთ ყოველდღიური შესვენებები. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა. რეგულარული და განრიგით გაწერილი შესვენებები საშუალებას გვაძლევს აღვიდგინოთ ძალები, გონება და სხეული დავასვენოთ და დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ტონუსი შევინარჩუნოთ.
სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ არ დავუშვათ შესვენების დროის უკონტროლოდ, "თავის ნებაზე" მიშვება. კონცენტრაციის აღდგენას ერთი, ხანმოკლე შესვენების შემდეგაც კი, შესაძლოა 20 წუთამდე დასჭირდეს, რაც თქვენს შესვენებას საგრძნობლად გაახანგრძლივებს. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ დროს შესაძლოა რამემ გაგვიფანტოს ყურადღება, შესვენების დროს ამისგან ყველაზე ნაკლებად ვართ დაცული, რაც "ხაფანგების" მსხვერპლად მარტივად გვაქცევს.
მივცეთ შესვენებას სისტემატური ხასიათი, ოღონდ მკაცრად განსაზღვრული ხანგრძლივობითა და ინტერვალებით. ცუდი არაფერია, თუ თავისუფალ დროს სოციალურ ქსელებს, ან გუშინდელი თამაშის საუკეთესო მომენტების ყურებას დავუთმობთ. უბრალოდ მთავარია, ამან ზედმეტად დიდი დრო არ წაიღოს და სამუშაო დღის ბოლოს არ აღმოჩნდეს, რომ არც არაფერი გვიკეთებია. დავგეგმოთ დღე ისე, რომ წინასწარ ვიცოდეთ, როდის და რამდენი ხნით ვისვენებთ.
შევინარჩუნოთ ორგანიზებულობა
ჩვენ აუცილებლად დავკარგავთ უამრავ დროს და შევამცირებთ პროდუქტიულობას, თუ ჩვენი სამუშაო სივრცე და პროცესები არ იქნება ორგანიზებული. 10 წუთი, რომელსაც საჭირო ფაილის მოძებნასა და პაროლის გახსენებას ვანდომებთ, სხვა არაფერია, თუ არა გაფლანგული დრო. ასეთი 10 წუთები გროვდება და კვირის ბოლოს, შესაძლოა რამდენიმესაათიანი ძვირფასი სამუშაო დროის დანაკლისადაც კი მოგვევლინოს.
დავიწყოთ ჩვენი დროის ორგანიზებით. ჩამოვწეროთ ჩვენი საქმეების დედლაინები, შეხვედრების სავარაუდო დრო, სატელეფონო ზარების ხანგრძლივობა და დროის დანაკარგებიც საგრძნობლად შემცირდება.
შემდეგ თვალი შევავლოთ ჩვენს სამუშაო სივრცესაც. გვაქვს ფაილების ძებნის მოძველებული სისტემა, რომელიც გაუმჯობესებას საჭიროებს? ზედმეტად ვენდობით ჩვენს მეხსიერებას, რის გამოც მნიშვნელოვანი დეტალები გვავიწყდება? − ვეძებოთ გადაწყვეტები, რომლებიც თავისუფლად და შეუფერხებლად მუშაობის საშუალებას მოგვცემს.
ვიპოვოთ ჩვენი "რისთვის"
რა გვძენს მოტივაციას ყოველდღიური შრომისათვის? − ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფის ტვირთი? საოცნებო სამსახურისათვის რელევანტური რეზიუმესა და პორტფოლიოს შესადგენად სწრაფვა? − როგორიც უნდა იყოს ჩვენი "რისთვის", ხელი ჩავავლოთ მას და გამოვიყენოთ მოტივაციისათვის, რომელიც ყოველდღიური გულმოდგინე შრომის მამოძრავებელი გახდება.
ბევრისთვის, დასვენებისა და გართობის მოლოდინიც მოტივაციაა, რომელიც შაბათ-კვირამდე მიღწევაში ეხმარება. თუმცა ასეთი ცრუ-მიზნები, საბოლოო ჯამში მხოლოდ გვაფერხებს. ადამიანები, მსგავსი მისწრაფებებით, პარასკევის შუადღისათვის უკვე ქანცგამოცლილნი არიან, თანაც ისე, რომ პრაქტიკულად არაფერი უკეთებიათ მთელი კვირის განმავლობაში.
აღმოვაჩინოთ "რისთვის", მეტი სიამოვნების მიღებაში გვეხმარება. როდესაც გვეცოდინება ის, თუ რისთვის ვშრომობთ, გართობითა და დროის გატარებით უფრო მეტად დავტკბებით და შეუსრულებელი დავალების გამო, სინდისის ქენჯნაც ნაკლებად შეგვაწუხებს. ზუსტად ცოდნა იმისა, თუ რას ვემსახურებით, იმაზე ბევრად დიდი მოტივატორია, ვიდრე კვირიდან კვირამდე შაბათ-კვირის წვეულებების ლოდინი.
სამსახური და დასვენება ერთმანეთს დროს არ უნდა ართმევდეს. დღის სწორად დაგეგმვა კი, დაგვეხმარება ბალანსის პოვნაში, რათა სამუშაოც პროდუქტიულად სრულდებოდეს, ხოლო გართობა მაქსიმალურ სიამოვნებას გვანიჭებდეს.