მარკ ზაკერბერგის ''შემდეგი ათწლეულის'' მანიფესტის გაანალიზება რა გამოსჭვივის მისი 2030 წლის მანიფესტის სტრიქონებს მიღმა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ზაკერბერგი ყოველწლიურად წერილს წერს, რომელშიც მის მომავალი წლის მიზნებია მიმოხილული, და მათ შორის, მისი პირადი ამოცანებიც. ეს გზავნილები მის პერსონალურ ზრდაზეც მეტყველებს, და ამავე დროს, Facebook-ის მანიფესტიცაა ახალი წლისთვის. ცოტაოდენ დაფიქრებას მოითხოვს იმის დადგენა, თუ რა გამოსჭვივის მისი წერილის სტრიქონებს მიღმა, და სინამდვილეში, რის თქმას ცდილობს იგი. წელს ზაკერბერგმა ხუთი პრობლემა გამოყო, რომლებიც მისი აზრით, უმთავრესი იქნება შემდეგი ათწლეულის ტექნოლოგიებში. მოდით, საფუძვლიანად განვიხილოთ ისინი.
თაობათა ცვლა
ზაკერბერგმა თავისი მანიფესტი Facebook-ზე ლაპარაკით დაიწყო, "რატომ ვერ განაპირობა ჯერ კიდევ ამ პლატფორმამ თაობათა ცვლა და იმ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება, რომელთა მოგვარების იმედიც ჰქონდა". ის აგრძელებს საუბარს იმაზე, რომ ბევრი მნიშვნელოვანი ორგანიზაცია საკმარისად არ ცდილობს იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც ახალგაზრდების წინაშე დგას. მათ შორისაა, კლიმატის ცვლილება და განათლების, ბინისა და ჯანდაცვის ხარჯების ასტრონომიული ზრდა.
გასაოცარია იმის წაკითხვა, თუ როგორი იმედგაცრუებულია ზაკერბერგი იმ ტემპებით, რომლითაც ე.წ. პროგრესთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება ხდება. ამ პრობლემების გადაჭრა მასშტაბურ სტრუქტურულ ცვლილებებს მოითხოვს საზოგადოებაში, განსაკუთრებით, შეერთებულ შტატებში, სადაც ეს პრობლემები ღრმად ფესვგამდგარია. მაგრამ ამ ტიპის ცვლილებებისთვის პოლიტიკური მანდატია საჭირო, რომლის მოპოვებაზე ზრუნვა, განზრახ მოხდა ეს თუ შემთხვევით, Facebook-მა თავიდან აიცილა. მან არც პოლიტიკოსების მოწოდება ისურვა პასუხისმგებლობისკენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა უკვე ცუდი სუბიექტები ავრცელებენ დეზინფორმაციას.
ზაკერბერგი მოელის, რომ ამ ინსტიტუციებს, რომლებიც დღეს უმოქმედოდ არიან, შემდეგ ათწლეულში მილენიალები უხელმძღვანელებენ. და, პოლიტიკა საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ამ სტრუქტურული პრობლემების მოგვარებისკენ გადაინაცვლებს იმის მიხედვით, თუ როგორ მოახერხებენ ისინი ამას. მან აქვე დასძინა, რომ ამგვარი ცვლილებების განხორციელება რომ რეალობად იქცეს, საქველმოქმედო ფონდი - "ჩან ზაკერბერგის ინიციატივა", მთლიანად დააფინანსებს ახალგაზრდა ანტრეპრენერებს, მეცნიერებსა და ლიდერებს.
აღმასრულებელ დირექტორს არ სურდა მიკერძოებული გამოჩენილიყო, საინტერესოა, პრაქტიკულად რას ნიშნავს ეს? თქმა არ უნდა იმას, რომ სრულიად წარმოუდგენელია, ზაკერბერგი პროგრესულ პოლიტიკოსებს ფინანსურად დაეხმაროს, ხომ ასეა? ბოლოს და ბოლოს, ის წრეები, რომლებიც ყველაზე ხმამაღლა ლაპარაკობენ ჯანდაცვის, განათლებისა და კლიმატის ცვლილებებზე, ზაკერბეგის წინააღმდეგ არიან განწყობილები. თუ არაფერს ვიტყვით მათზე, რომლებიც ჰარვარდის უნივერსიტეტის გამოკვლევების თანახმად, ყველაზე მეტად უყვართ ახალგაზრდა ამომრჩევლებს.
დემოკრატების წარმომადგენელი სენატორები, ელიზაბეთ უორენი და ბერნი სანდერსი, ზაკერბერგს მისი სიმდიდრის, პოლიტიკისა და იმის გამოც აკრიტიკებდნენ, რომ Facebook-მა პოლიტიკურ ტყუილებთან შებრძოლება ვერ შეძლო. უორენმა პირობა დადო, რომ სოციალურ ქსელს დაშლიდა, რომელსაც Instagram-იც ეკუთვნის და WhatsApp-იც. როგორც ზაკერბერგმა განაცხადა, ამ შემთხვევაში, იგი ნებისმიერ ფასად საბრძოლველად იქნება მზად.
ზუსტად ასევე, არ ველით, რომ 2020 წელს იგი ბერნი სანდერსის მომხრეთა შორის აღმოჩნდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ მას სანდერსის გეგმები არ მოსწონს სიმდიდრის გადასახადის შემოღებაზე სუპერ-მილიარდერთათვის. საინტერესოა, ვის გულისხმობს იგი, როდესაც ამბობს, რომ თავის თანამოსახელე საქველმოქმედო ბრენდს, "ახალგაზრდა" ლიდერთა მხარდასაჭერად გამოიყენებს? რა ნიშნავს მისი სიტყვები? განსაკუთრებით თუ გავიხსენებთ, რომ ყველა ამ სისტემური წარუმატებლობების მიზეზად, უმრავლესობა სიმდიდრის არათანაბარ განაწილებას მიიჩნევს (ზაკი ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია).
ახალი კერძო სოციალური პლატფორმა
ზაკერბერგი იმით იწყებს, რომ Facebook-ის ძალაზე ლაპარაკობს, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფი ნებისმიერი ადამიანების დაკავშირება შეუძლია ერთმანეთთან - შორს მცხოვრები მეგობრებით დაწყებული, უკრაინული ტროლების ფაბრიკით დამთავრებული. ახლა, - წერს ის, -"ეს საზოგადოება იმდენად დიდია, რომ საკუთარი პრობლემები აქვს და გვაიძულებს, კიდევ მეტად დავუახლოვდეთ ერთმანეთს". შესაბამისად, Facebook "გაცილებით პატარა საზოგადოებების შექმნაზე იმუშავებს, რომლებიც თითეული ჩვენგანის ცხოვრებაში აუცილებელია".
ეს რა თქმა უნდა, ირიბი მინიშნებაა იმაზე, თუ როგორ გადაიქცა Facebook ახალგაზრდების სოციალური მედიიდან, სრულიად საწინააღმდეგო პლატფორმად. მის აუდიტორიას ახლა უკვე საკმაოდ ასაკოვნები შეადგენენ, ხოლო ახალგაზრდა მომხმარებლებმა, Facebook-ის მფლობელობაში შემავალ სხვა პლატფორმებზე, Instagram, Snapchat, TikTok-სა და სხვებზე გადაინაცვლეს. ანალიტიკური ვებ გვერდი, eMarketer მიიჩნევს, რომ ამ გვერდზე გატარებული დროის ხანგრძლივობა ცოტა არ იყოს შემცირდა. მართალია, ის ჯერ კიდევ მეფეა გრძელი დისტანციების შემთხვევაში, მაგრამ პრეტენდენტების რაოდენობა იზრდება, ვისაც დომინირებაზე აქვს ამბიცია და ეს რეალური რისკის ქვეშ აყენებს მის ძალაუფლებას.
Facebook-სა და თუნდაც, Snapchat-ს შორის ერთ-ერთი მთავარი განსხვავება, ეფემერობაზე, კონფიდენციალობასა და ერთი-ერთზე საუბარზე ყურადღების გამახვილებაა. დიახ, Facebook-მა თავის სერვისებში Snapchat-ის კლონირება მოახდინა და მას კერძო მესენჯერებიც აქვს საკუთარი პროდუქტებისთვის, მაგრამ ისინი ძალიან ახლოს არიან მის მთავარ ბრენდთან. თუ თქვენი სოციალური წრე თქვენი ოჯახის წევრებსაც მოიცავს, ინტიმური საიდუმლოებების ვინმესთვის გაზიარება ან საათების გატარება მეგობრებთან გაგიჭირდებათ, რაც გვერდზე ყოფნის დროს თავისთავად ამცირებს.
დეცენტრალიზების შესაძლებლობა
მესამე თავში განხილულია გზები, რომლითაც Facebook (Libra) დეცენტრალიზების შესაძლებლობებს მისცემს მცირე ბიზნესს. უახლოესი 10 წლის განმავლობაში კომპანია შექმნის პროდუქტებს, რომლებიც მცირე ბიზნესს კლიენტებთან წვდომის ისეთივე საშუალებებს შესთავაზებს, როგორიც დღეს მხოლოდ მსხვილ კომპანიებს აქვთ, და ბუნებრივია, მთელი ეს კომერციული საქმიანობა Facebook-ზე გაიმართება.
ეს საკმაო კეთილგანწყობით ნათქვამი სიტყვები იმას ნიშნავს, რომ Facebook-საც სურს ნაჭერი შეხვდეს Amazon-ის ელექტრონული კომერციის ღვეზელიდან. როგორც გასული წლის ნოემბერში აღვნიშნეთ, Facebook Pay, სწორედ იმ საშუალებას წარმოადგენს, რომელიც Facebook-ის ახალ ეკონომიკას გააერთიანებს. კომპანიები Instagram-ზე შეძლებენ სამიზნე რეკლამების შეძენას, ანაზღაურების მიღებას - Facebook-ზე და მომხმარებელთა მომსახურების საკითხების მოგვარებას კი, - Messenger-ზე ან WhatsApp-ზე.
ზედაპირულ დონეზე, სრულიად ლოგიკურია, რომ Facebook-ს მარტივად სურს ფულის მოპოვება, რომელიც ელექტრონული კომერციის პლატფორმის გაშვებით მოდის. მაგრამ ეს ამასთან, ადამიანების ბლოკირებასაც უწყობს ხელს თავიანთ ეკოსისტემაში და მათ ისეთ ადგილას გაჩერებას, სადაც Facebook იქნება შუამავალი რეკლამის განმცხადებლებსა და მომხმარებელს შორის. რაგინდ კეთილშობილურად არ უნდა ჟღერდეს ეს ყველაფერი, აი, ასე ცინიკურად გამოიყურება ზაკერბერგი.
შემდეგი კომპიუტერული პლატფორმა
90-იანებში დესკტოპები გვქონდა, 2000-იანებში - ბროუზერები, 2010-იანებში - სმარტფონები, და ზაკერბერგი მიიჩნევს, რომ გაფართოებული და ვირტუალური რეალობები კი, მომავალი ათწლეულის პლატფორმებია. ერთი გინდათ თუ მეორე, ორივე "იქ ყოფნის" შეგრძნების ისეთ შესაძლებლობას, ისეთი ურთიერთობის საშუალებას გვაძლევს, რომ ტექნოლოგია უკვე ყველა ბარიერს ხსნის. მართალია, დღევანდელი საზოგადოება ტექნოლოგიურად მოუქნელია, მაგრამ მომავალი ნათელია.
შემდეგ ზაკერბერგი იმაზე ლაპარაკობს, როგორ დაგვეხმარება სოციალურ გეოგრაფიასთან დაკავშირებული პრობლემების შემცირებაში ნებისმიერ ადგილას "ყოფნის" შესაძლებლობა. სამუშაო ადგილები, დღეს მთლიანად ქალაქებშია თავმოყრილი, და შესაბამისად, მათ მჭიდროდ დასახლების მწვავე პრობლემები აწუხებთ. ქალაქები მაშინ გაჯანსაღდება, როდესაც ადამიანები თანაბრად განსახლდებიან იმის გამო, რომ დისტანციურად მოხერხდება სამუშაოების უმრავლესობის შესრულება.
ჩემი აზრით, რაღაც დაახლოებით ამდაგვარი ადრეც მაქვს მოსმენილი, და თან სავსარაუდოდ, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ მაინც. ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ აუდიოკონფერენციები, ვიდეოკონფერენციები, ტელეწამყვანი რობოტები და კიდევ სხვა ათასი რამ ინტერნეტში - შესანიშნავია, რადგან სახლიდან მუშაობის საშუალებას იძლევა. ისეთი მომავალი ისახება, ამბობენ ისინი, რომ ადამიანები მოქნილად, თავიანთი სახლებიდან, საკუთარი პირობებით იმუშავებენ.
ამ ხედვასთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემა იჩენს თავს, მათ შორის, ინფრასტრუქტურული თემები და ისიც, მისაღები იქნება თუ არა ეს პირობები დამსაქმებელთათვის. მარისა მეირიYahoo-დან სახლიდან მუშაობა კრძალავს იმიტომ, რომ მისი თქმით, ეს თანამშრომლების შრომის ნაყოფიერებას ამცირებს კრიტიკულ პროექტებზე მუშაობისას. გარდა ამისა, უსაფრთხოებისა და შრომის ღირებულების საკითხებიც იჩენს თავს მაშინ, როდესაც თანამშრომლებს მგრძნობიარე პროექტებზე მუშაობის უფლება აქვთ სახლიდან.
თქმა არ უნდა იმას, რომ გაფართოებული რეალობა გაცილებით მეტად გავრცელდება, თუ კომპანიები მისი გამოყენების სიცოცხლისუნარიან ვარიანტს გამონახავენ, მაგრამ მოდით, ეს ჰიპერბოლა თავის ადგილზე დავტოვოთ.
მართვის ახალი ფორმები
ზაკერბერგი იმეორებს, რომ მონოლითური პლატფორმების არსებობა, რომლებთანაც უამრავ ადამიანს აქვს წვდომა და მათი პირადი მონაცემები, მართვასთან დაკავშირებულ ახალ შეკითხვებს ბადებს. და ნამდვილად არ არის სწორი, რომ კერძო კომპანიები "ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებები იღებენ. "ამის მოგვარების ერთ-ერთი გზა , - ამბობს იგი, - რეგულირებაა, განსაკუთრებით, არჩევნებთან, საზიანო ინფორმაციასთან, კონფიდენციალობასა და მონაცემთა ახალ პლატფორმებზე გადატანასთან დაკავშირებულ საკითხებში".
და შემდეგ აბზაცში ასეთი ფრაზაა: "ამ პრობლემის გადაჭრის სხვა და შესაძლოა, უკეთესი გზა - საზოგადოებებისთვის საკუთარი თავის მართვის ახალი საშუალებების გამონახვაა". მათ შორის, დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭოს მიერ Facebook-ის გადაწყვეტილებების აპელაციების განხილვაც იგულისხმება ინფორმაციის თაობაზე. ამ დამოუკიდებელ საბჭოს ექნება გადამწყვეტი ხმა, თუ რა იქნება ნებადართული.
ბუნებრივია, ზაკერბერგი სიამოვნებით საუბრობს იმ საკითხების რეგულაციების აუცილებლობაზე, რომლებშიც Facebook-ს სრულიად კომფორტულად მუშაობს კანონის ფარგლებში. მაგრამ სხვა ყველაფერში, მესამე მხარის შემოჭრა და მისი მხრიდან რეგულირება არ სურს, განსაკუთრებით, კანონმდებელთა მხრიდან. სხვა თუ არაფერი, თვითრეგულირებით ხშირად სერიოზული კრიმინალური და ფინანსური სანქციების აცილება შეიძლება თავიდან.
დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭოს მოხსენიებამ ყველა უნდა შეაშინოს, რადგან არსად არის მინიშნება იმაზე, თუ როგორი იქნება და რა ფუნქციები ექნება მას. ბოლოს და ბოლოს, თუ ის თავის ლეგიტიმაციას Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორისგან მიიღებს, ეს ფაქტობრივად, ზაკერბერგის ძალაუფლების გაფართოვება იქნება. თუ Facebook -ის მენეჯერები დააკომპლექტებენ დირექტორთა საბჭოს, სავარაუდოდ, ის იმ დამოუკიდებელი რეგულატორის, ან განსხვავებული ხმის როლის შესრულებას ვერ შეძლებს, რომელიც ვებგვერდს სჭირდება.
პრინციპში, ზაკერბერგის ნათქვამიდან ბევრი რამ სწორია,თუმცა, ისე არ არის ნათქვამი, თითქოს რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობის იყოს. და ესეც წინასწარგამიზნულად. თუ უკან მივიხედავთ, ეს ძალიან ჰგავს მარკ ზაკერბერგის სხვადასხვა მიმართვებს, რომლებსაც ის წლების განმავლობაში მრავლად აკეთებდა.