როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად? არჩილ ზამბახიძე − "პაცცას" თანადამფუძნებელი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალბათ, ხშირად გიფიქრიათ, რომ საქმის შესასრულებლად საკმარისი დრო არასდროს გაქვთ, ამასობაში კი არსებულ დედლაინს ახალი დედლაინი ემატება, თქვენ კი დროში უფრო მეტად იწვებით.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დღეს დროის მენეჯმენტი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ვირტუალური კომუნიკაციის მეშვეობით ადამიანები ერთდროულად რამდენიმე საქმის მოსწრებას ცდილობენ. ზოგს ეს კარგად გამოსდის, ზოგს კი არა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად ახერხებს ადამიანი დროის მენეჯმენტს, რადგან დროის სწორი მენეჯმენტი საშუალებას გვაძლევს მოკლე დროში რაც შეიძლება მეტი საქმე მოვასწროთ, გარდა ამისა, ამცირებს სტრესს და ხშირ შემთხვევაში კარიერულ წარმატებასაც უზრუნველყოფს.

და მაინც, რას გულისხმობს დროის მენეჯმენტი და როგორ მოქმედებს ის ჩვენ პროდუქტიულობაზე? − ამ კითხვებით "პაცცას" თანადამფუძნებელს, არჩილ ზამბახიძეს მივმართეთ და მის პასუხს გთავაზობთ:

დროის მართვას პირდაპირი გავლენა აქვს ჩემს პროდუქტიულობაზე, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე მიწევს მუშაობა − ტელევიზია, "პაცცა" და პირადი საქმე. ვინაიდან დილის ეთერი მიმყავს, ჩემი დილა 7 საათზე იწყება, შესაბამისად ყველაფრის მორგება დროზე მიწევს, რომელიც გადამწყვეტია. თან, ეს უჩვეულო დროა, მუშაობას ფაქტობრივად 12 საათზე ვამთავრებ და შემდეგ ვგეგმავ ყველაფერს, არადა, ზოგი 12-ზე იწყებს მუშაობას. თითქოს, ასეთი განრიგი კარგია, რადგან სხვა საქმეებისთვის მთელი დღე წინ გაქვს, მაგრამ თუ დღე სწორად არ დაგეგმე, ძნელია პროდუქტიულობა შეინარჩუნო. როდესაც მუშაობას 7 საათზე იწყებ, შენი დღე მოკლდება და რესურსები დღის ბოლომდე, მაგალითად ღამის 12 საათამდე არ მოგყვება. ამიტომ ვამბობ, რომ ჩემთვის დროის მართვას პირდაპირი გავლენა აქვს პროდუქტიულობაზე.

უკეთესი მენეჯმენტისთვის დღეს უკვე საკუთარი უფლება-მოვალეობების დელეგირება დავიწყე, მაგალითად "პაცცაში", და ეს სწორი მიდგომა მგონია. გადაწყვეტილებების მიღების დეცენტრალიზაცია და სწორი დელეგირება, დროის ჭკვიანური მენეჯმენტის ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია.

ამჟამად, ყველაზე დიდ დაბრკოლებას ერთდროულად არსებული უამრავი განსხვავებული საქმე და პასუხისმგებლობა წარმოადგენს − დილის გადაცემა აბსოლუტურად სხვა ჩართულობასა და პროდუქტიულობას მოითხოვს, პიცერიები სრულიად განსხვავებული სტილია და აქაც სხვა ვალდებულებები გაქვს. ერთგან დასაქმებული ვარ, მეორეგან კი დამსაქმებლის როლში მიწევს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის ფინანსური თუ საკადრო გადაწყვეტილებების. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს საქმე შინაარსობრივად განსხვავებულია, ყველა ერთნაირად მნიშვნელოვანია ჩემთვის, ამიტომ მთავარი გამოწვევაც სწორედ მათ შორის დროის თანაბრად განაწილებაა.

ამ ყველაფრის ფონზე განსაკუთრებით რთულია ე.წ. work-life-ბალანსის დაცვა. თვითონ მიკვირს, როგორ ვახერხებ ამ ყველაფერს, ან ვახერხებ კი? 4 წლის შვილი მყავს და მთელი ჩემი დღე საქმის კეთების პარალელურად მიძღვნილია იმ ფიქრებისკენ, რომ ყველაფერს თავის დროზე მოვრჩე და შვილთან მეტი დრო გავატარო. ვიცი, რომ ამ დროს ვერ დავიბრუნებ და ისიც ვიცი, მას როგორ სჭირდება ემოციურად ახლოს ჰყავდეს დედა და მამა. ამიტომაც, ჩემი და ქეთოს ახლანდელი და ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია დროის მენეჯმენტი უკეთ შევძლოთ, რათა მაქსიმალური დრო დაგვრჩეს პირადი ცხოვრებისთვის, რადგან თუ პირადი სივრცე არასწორი დროის მენეჯმენტის გამო დაკარგე, ჩათვალე, არ გიცხოვრია.