Get All Access for $5/mo

სამი რთული, თუმცა აუცილებელი ნაბიჯი თქვენი ბიზნესის წარმატებისკენ სვლის გზაზე როდესაც საქმე ბიზნესს ეხება, დროებითი გამოსავლის ძიება პრობლემებს ვერ მოგიგვარებთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

ქვემოთ მოცემულია, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ სამ ურთულეს გამოწვევას, რომლებსაც ანტრეპრენერები ხშირად თავს არიდებენ.

UPS Store-ის მიერ ახლახან ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 2018 წელს მცირე ბიზნესის წამოწყების მსურველთათვის ერთ-ერთ ძირითად დამაბრკოლებელ ფაქტორს წარუმატებლობის შიში წარმოადგენს, ფინანსური არასტაბილურობის შემდეგ. ბუნებრივია, მცირე მეწარმეებისთვის საკუთარი ბიზნესის ყველა თავისებურების სრულყოფილად ფლობა საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომპანია ახალი ფეხადგმულია, თანამშრომელთა გუნდი კი - დასაკომპლექტებელი.

შეზღუდული რესურსებისა და მარცხის შიშის გამო, მცირე ბიზნესის მფლობელები ხშირად ითრევენ ფეხს, როდესაც საქმე მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ეხება. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ასეთი გაუბედაობა და ყოყმანი თითქოს არც არის საფრთხის შემცველი, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატებასთან ნამდვილად ვერ მიგიყვანთ. თუ თქვენს ბიზნესს ისე შეხედავთ, როგორც სახლის სახურავს, მიხვდებით, რომ ამგვარი ქმედებით მისი მთლიანად აღდგენის ნაცვლად, დაზიანებული ადგილების ალაგ-ალაგ შეკეთებით კმაყოფილდებით. დროა, თვალებში ჩახედოთ პრობლემებს, მოახდინოთ მთელი თქვენი დროისა და რესურსის მობილიზება და ბოლოს და ბოლოს, გამოცვალოთ სახურავი! სავსებით მოსალოდნელია, რომ ეს არც ადვილი იქნება და შესაძლოა, ძვირიც დაგიჯდეთ, მაგრამ სამომავლოდ, სასურველ შედეგს ნამდვილად გამოიღებს.

სამი უმნიშვნელოვანესი სფერო, რომლებიც ყველაზე ხშირად რჩება ხოლმე ანტრეპრენერთა ყურადღების მიღმა და მხოლოდ დროებით "შეკეთებას" ექვემდებარება, არის მარკეტინგი, თანამშრომელთა შერჩევა და ციფრულ მედიაში ინვესტირება.

სწორი მარკეტინგის მეშვეობით, არა მხოლოდ შეინარჩუნებთ, არამედ გაზრდით თქვენი მომხმარებლების რიცხვს

მუდმივად ერთი და იგივე მარკეტინგული ტაქტიკების გამოყენებამ ჩიხში შეგიყვანათ? დროა რაიმე ახალი სცადოთ. არ იცით, რომელი მარკეტინგული ტაქტიკა შეარჩიოთ? მაშინ უმჯობესია, კარგად გაიცნოთ თქვენი მომხმარებელი.

დასაწყისისთვის, მათთან უბრალო გასაუბრებაც კმარა. დაადგინეთ, რას უყურებენ და კითხულობენ, რომელ სოციალურ პლატფორმებს იყენებენ და საერთოდ, რით ინტერესდებიან. მხოლოდ საკუთარი მომხმარებლების კარგად გაცნობის შემდეგ შეგეძლებათ შეიმუშავოთ მათთან მიდგომის ტაქტიკა. მაგალითისთვის, სოციალური მედია საკმაოდ ხარჯეფექტური და კარგად აპრობირებული მეთოდია ხალხის ყურადღების მისაპყრობად. სურათების, ვიდეოებისა თუ სხვა მულტიმედიური საშუალებების გამოყენებით, მარტივად გახვალთ პირდაპირ კონტაქტზე საკუთარ მომხმარებელთან, შესთავაზებთ მათ თქვენს პროდუქციას და გააცნობთ სხვადასხვა აქციასა თუ ფასდაკლებას.

თავდაპირველად, აქცენტი უკვე არსებულ კლიენტებზე გაამახვილეთ, თუმცა არც ისინი დაგავიწყდეთ, ვინც სამომავლოდ გსურთ მოიზიდოთ.

ამგვარად შეძლებთ მთელი თქვენი ძალისხმევა მარკეტინგის მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანზე მიმართოთ და თავიდან აიცილოთ დროისა და რესურსის ფუჭი ხარჯვა.

შეარჩიეთ პარტნიორები და თანამშრომლები თქვენი ბიზნესის საჭიროებების მიხედვით

თქვენი ბიზნესსაქმიანობისთვის საჭირო თანამშრომელთა შერჩევა ან აუთსორსინგი დიდი ხანია გვერდით გადადეთ? ეს პროცესი არც ისეთი რთულია, როგორც გგონიათ.

პირველ ეტაპზე განსაზღვრეთ, ვინ გჭირდებათ რეალურად თქვენი ბიზნესის უკეთესი ფუნქციონირებისთვის: იქნებ ვებგვერდის დიზაინერი ან დამხმარე ფინანსურ საკითხებში? ასეთი ტიპის მომსახურება მარტივად შეგიძლიათ მიიღოთ სხვა ანტრეპრენერებისგან, რომლებიც ამ სფეროებში სპეციალიზდებიან. ასევე, ადგილობრივი მცირე ბიზნესები და LinkedIn-ი ნიჭიერი და კვალიფიციური კადრების აღმოჩენის შესანიშნავ საშუალებებს წარმოადგენენ. მათი მეშვეობით იპოვით უამრავ ადამიანს, რომლებიც სიამოვნებით დაგთანხმდებიან თანამშრომლობაზე.

ხოლო თუ ყოველდღიურ საქმეებში დამხმარეს ეძებთ, სჯობს აღარ გადადოთ და დაიწყოთ კადრის ძიება. მას შემდეგ, რაც აპლიკაციების საფუძველზე რამდენიმე კანდიდატს შეარჩევთ, მოიწვიეთ ისინი გასაუბრებაზე. პერსონალური გასაუბრება ყოველთვის უფრო ამომწურავ ინფორმაციას იძლევა პრეტენდენტზე, ვიდრე სატელეფონო. შერჩეული თანამშრომელი აუცილებლად გადაამზადეთ, რადგან კარგად დატრენინგებული და სანდო კოლეგა თუ მოგცემთ საშუალებას, ჩამოშორდეთ ყოველდღიურ ოპერაციებს და მშვიდად დაკავდეთ სხვა, უფრო პრიორიტეტული საქმეებით.

განახორციელეთ ინვესტიცია თქვენი ბიზნესის ციფრულ მედიაში ეფექტურად წარმოსაჩენად

კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებელთა 88 პროცენტი ამჯობინებს, სასურველი ნივთის ან პროდუქტის მაღაზიაში ან ონლაინ შეძენამდე, იგი ჯერ ვირტუალურ სივრცეში მოიძიოს. სწორედ ამიტომ წარმოადგენს ვებგვერდი ძალიან ეფექტურ საშუალებას მომხმარებელთა მოსაზიდად.

საკუთარი ვებგვერდის შესაქმნელად თუ გასაუმჯობესებლად, შეგიძლიათ მიმართოთ ამ საქმეში გამოცდილ პარტნიორებს. ასევე, შეგიძლიათ მოიძიოთ ბაზარზე მრავლად არსებული ხარჯეფექტური და გამოსაყენებლად მარტივი ვებბილდერი. ასეთი საიტების უმეტესობა მარტივ კონტენტმენეჯმენტს, მზა ფორმატებსა თუ ლეიაუთს გვთავაზობს. ამ ტექნიკათა გამოყენებით, მომხმარებლებს თქვენი კომპანიის მოძიებას გაუიოლებთ და გაზრდით მათ დაინტერესებას. აქვე შეგახსენებთ სოციალურ მედიაში ბიზნესის აქტიურობის მნიშვნელობასაც. მით უფრო, რომ დღითი დღე იზრდება იმ მომხმარებელთა რიცხვი, რომლებიც ხშირად მიმართავენ ამ სივრცეს მომხმარებელთა სერვისის კუთხით.

ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯების გადადგმა, შესაძლოა რთულად გეჩვენებოდეთ და გაშინებდეთ კიდეც, მაგრამ გარწმუნებთ – ეს ძალიან დიდ სამსახურს გაუწევს თქვენს ბიზნესს ეფექტურ და წარმატებულ ფუნქციონირებაში.
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან