ცუდი ხელმძღვანელობის 6 აშკარა ნიშანი კომპანიის ხელმძღვანელს დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ბიზნესის ზრდისა და წარმატებისთვის, მაგრამ რა ხდება, როდესაც ლიდერი წარუმატებელია?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
არ აქვს მნიშვნელობა, სტივ ჯობსზეა საუბარი, ილონ მასკზე თუ ბილ გეიტსზე − ამ ადამიანებმა პოპულარობა მოიპოვეს თავიანთი ძლიერი ლიდერული თვისებებით, რაც მათი კომპანიების ზრდის განმაპირობებელი გახდა. კარგ ლიდერს აქვს უნარი მთლიანად შეცვალოს წარუმატებელი ბიზნესი, ცუდს კი, ყველაზე წარმატებული კომპანიის განადგურებაც კი შეუძლია. კომპანიის ხელმძღვანელს დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ბიზნესის ზრდისა და წარმატებისთვის, მაგრამ რა ხდება, როდესაც ლიდერი წარუმატებელია? რომელი სიმპტომები ჩნდება ასეთ დროს? როგორ უნდა დაადგინოთ, თქვენს ბიზნესს წარუმატებელი ლიდერი ხომ არ ხელმძღვანელობს? ქვემოთ წარუმატებელი ლიდერობის ექვსი ნიშანს გაეცნობით, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ:
1. მათ ხელმძღვანელობის ეგოისტური სტილი აქვთ
ეგოისტი ლიდერები, როგორც წესი, გუნდის კი არა, საკუთარი თავის გარშემო ტრიალებენ. მათი ძალისხმევა, იდეები და მიზნები ყოველთვის საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენისკენაა მიმართული. მათი აზრით, ყველაზე მთავარია, რაიმე გააკეთონ, რომ კარგად გამოიყურებოდნენ. აქ საკუთარი ეგოს დაკმაყოფილებაზეა საუბარი. ისინი საკუთარ თავზე ზრუნვას "კომპანიის საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვით" ნიღბავენ.
მაგრამ სინამდვილეში, გუნდის აზრს მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. ისინი ყველა გადაწყვეტილებას სხვისი აზრის გათვალისწინების გარეშე იღებენ, ყველა წარმატებას თავიანთ თავს მიაწერენ და უარესიც − ნებისმიერ წარუმატებლობაში გუნდს ადანაშაულებენ. მათ მიაჩნიათ, რომ კომპანიის ხელმძღვანელები არიან და შესაბამისად, უფლებამოსილების მიხედვით, ყოველთვის ყველაფერში მართლები უნდა იყვნენ. შედეგად, ამ ტიპის ხელმძღვანელობის სტილი ტოქსიკურ სამუშაო გარემოს ქმნის, სადაც მთლიანად ითრგუნება შემოქმედებითობა და ინოვაცია.
2. ისინი ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან
როდესაც კომპანიას ცუდი ლიდერი ხელმძღვანელობს, მისი ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს მუდამ წინააღმდეგობა ხვდება. ისინი ყოველთვის უარს ამბობენ ახალ იდეებზე და შეთავაზებებზე, რაიმეს შეცვლის შესახებ. ამ წინააღმდეგობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მათ კომფორტის ზონის დატოვება არ სურთ. მიაჩნიათ, რომ "თუ რაიმე არ გაფუჭდება, არც მისი გამოსწორება იქნება საჭირო". მათთვის ზრდა მიუღწეველი მიზანია და არსებული მდგომარეობით სრულიად კმაყოფილად გრძნობენ თავს. ისინი შეზღუდულები არიან, რაც მათ ახალი შესაძლებლობების დანახვაში უშლით ხელს და აუცილებელ რისკზეც კი ვერ მიდიან. შედეგად, კომპანია ერთ ადგილს ტკეპნის, ცვალებად ბაზარზე ადაპტირება და კონკურენცია არ შეუძლია.
3. მათ საკუთარი თავის ხელმძღვანელობა არ შეუძლიათ
ცუდ ლიდერს ყოველთვის ყველაზე კარგი იმიჯი აქვს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს მხოლოდ ლაპარაკია და არა საქმე. ეს მხოლოდ თვალისმომჭრელი ბრწყინვალებაა, კარიკატურაა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ლიდერი. ისინი ყოველთვის სწრაფად იძლევიან ბრძანებებს და გადაწყვეტილებებსაც ასე იღებენ, მაგრამ როდესაც საქმის შესრულებაზე მიდგება საქმე, მათ ვერსად მოძებნით. გუნდზე რომ არაფერი ვთქვათ, მათ არ შეუძლიათ საკუთარი თავის ხელმძღვანელობა. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ არც დისციპლინა აქვთ, არც რაიმეზე ყურადღების გამახვილების და არც საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი.
ისინი შემდგომ ნაბიჯებს არ დგამენ და ეს პირდაპირი მიმანიშნებელია იმისა, რამდენად ზედაპირულად უყურებენ ისინი თავიანთ მოვალეობებს. ისინი მუდამ ქადაგებენ, მაგრამ აუცილებლად არ მიიჩნევენ იმის განხორციელებას, რასაც ქადაგებენ, რომ აღარაფერი ვთქვათ მისი ცხოვრების წესად გადაქცევაზე. საკუთარ თავზე ვალდებულებების აღებას ვერ იტანენ და ყოველთვის მარტივ გამოსავალს ეძებენ.
ისინი საკუთარი მიზნების ერთგულნი არ არიან, და თუ ასეა, გუნდის მიზნების ერთგულნი როგორღა უნდა იყვნენ? ეს შეუსაბამობა აშკარად ჩანს, როგორც მათ პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. შედეგად, ისინი მხოლოდ ცუდი ლიდერები კი არა, ყველაზე ცუდი მისაბაძი მაგალითებიც არიან.
4. ისინი კრიტიკას ვერ იტანენ
ცუდი ლიდერის ადვილად გამოვლენის ერთ-ერთი გზაა, მათ გულწრფელად ვუთხრათ საკუთარი აზრი რაიმე პრობლემის შესახებ. ცუდ ლიდერებს კრიტიკის ატანა არ შეუძლიათ. მათთვის კრიტიკის ნებისმიერი ფორმა პირადი თავდასხმა და მათი ავტორიტეტის ეჭვქვეშ დაყენებაა. ისინი ვერც კონსტრუქციულ კრიტიკას იტანენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს მათ სუსტებად და არაკომპეტენტურებად წარმოაჩენს.
შედეგად, ცუდი ლიდერები ისეთი ადამიანებით არიან გარშემორტყმულნი, რომლებიც ყველაფერზე კვერს უკრავენ. მათ გულწრფელი გამოხმაურების ეშინიათ და ექო-კამერას ქმნიან, სადაც მათ იდეებს სხვები დაუჭერენ მხარს. ისინი ყველანაირად ცდილობენ სხვებმა დაადასტურონ მათი იდეები, და ამასობაში, უარს აცხადებენ უზომოდ ფასეული კომენტარების მოსმენაზე, რითაც შესაძლოა რეალური პრობლემები გამოვლენილიყო. "რის გამოვლენასაც შევძლებთ, მისი მოგვარებაც შეგვიძლია". თუ პრობლემები არასოდეს გამოვლინდება, ისინი ვერასოდეს გამოსწორდება და გუნდი ზრდას ვერ შეძლებს, ხოლო წარმატების მიღწევის ნაცვლად, იმავე გზაზე დარჩება და უბრალოდ გააგრძელებს არსებობას.
5. ისინი ძირითადი ფასეულობების შესაბამისად არ მოქმედებენ
ძირითადი ფასეულობები ნებისმიერი ბიზნესის საფუძველია. ეს ჩვენი სახელმძღვანელო რწმენაა, ეს ფასეულობები გვიკარნახებს, როგორ უნდა მოვიქცეთ. ჩვენი ქცევა კი, ჩვენს შედეგებს განაპირობებს. როდესაც ლიდერი საკუთარი კომპანიის ძირითადი ფასეულობების შესაბამისად არ მოქმედებს, ეს კომპანიის შედეგებზე ახდენს მძიმე გავლენას.
ძირითადი ფასეულობების არსებობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ის არის, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ფილტრები გამოიყენოთ. მაგრამ თუ ლიდერი ამას ვერ ახერხებს, მხოლოდ დროის საკითხია, როდის მოახდენს მათი გადაწყვეტილებები უარყოფით გავლენას კომპანიაზე.
6. მათ არ შეუძლიათ სხვებს შთააგონონ, ზრდა-განვითარებაზე დაფიქრდნენ
ლიდერი ის უნდა იყოს, ვინც სხვებს ზრდისკენ უბიძგებს. მათ სხვების აღზრდა უნდა შეეძლოთ, რათა ისინი ლიდერები გახდნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლიდერის უპირველესი ამოცანა იმ გზის შექმნაა, რომელზეც გუნდი გაზრდას შეძლებს. თუ ლიდერი ამას ვერ ხვდება, ვერც ზრდისთვის შესაფერის გეგმას შექმნის და ვერც გარემოს. ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ, კომპანიის შენარჩუნებაა, მაგრამ ისინი ვერასოდეს შექმნიან პირობებს გუნდის პოტენციალის სრულად გამოსავლენად.
შესაძლოა, მრავალმა ფაქტორმა მიიყვანოს კომპანია განადგურებამდე. მაგრამ როგორიც უნდა იყოს ეს პრობლემები, ყველაფერი ყოველთვის ცუდ ხელმძღვანელობამდე მიდის. ლიდერობა ბიზნესის შექმნის ან მისი დაშლის უმთავრესი ელემენტია. და ხშირად, წარმატებულ და წარუმატებელ კომპანიებს სწორედ ეს განასხვავებს ერთმანეთისგან. წარუმატებელი ლიდერობის სიმპტომები და თვისებები უნდა ვიცოდეთ, რომ სერიოზული შედეგების თავიდან აცილება შევძლოთ და არასოდეს დავივიწყოთ, რომ "ბიზნესპრობლემები არ არსებობს. გადამწყვეტი მხოლოდ ლიდერობის პრობლემებია".