Black Friday Sale! 50% Off All Access

მიუზიკლი, როგორც ბიზნესი "ეს არის გადასარევი, სასიამოვნო საღამო ქართველებისთვისაც"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლაშა ღუღუნიშვილი

როგორ მოხდა, რომ სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ ქართულ კონსერვატიულ თეატრალურ ინდუსტრიაში გაჩნდა კერძო ინიციატივა კერძო კაპიტალით, რომელიც, ერთი მხრივ, ინარჩუნებს მაღალ შემოქმედებით სტანდარტს, ხოლო მეორე მხრივ გათვლილია არა მხოლოდ თვითდაფინანსებაზე, არამედ ინვესტიციის დაბრუნებასა და მოგებაზე! შექმნა თუ არა ახალგაზრდა წყვილმა – ნათია ამირიძემ და მიხო მაისურაძემ, დადებითი მაგალითი სხვა ანტრეპრენერებისთვის? რა არის მათი მთავარი მოტივაცია, რამაც საერთაშორისო კომპანიაში წარმატებულ კარიერაზე უარი ათქმევინა და მთელი პირადი დანაზოგის საკმაოდ სარისკო თეატრალურ ექსპერიმენტში ინვესტირება გააბედინა? ქართული Entrepreneur-ი ოჯახური ბიზნესის მორიგ მაგალითს გთავაზობთ. მოქმედება ამჯერად თეატრის სცენაზე ვითარდება.

პროექტის შესახებ

მათთვის, ვისაც ჯერ არ გსმენიათ, საუბარია საქართველოს საპრეზენტაციო ინგლისურენოვან სპექტაკლზე Welcome To Georgia – The Musical, რომელმაც ქართულ სცენაზე გადაინაცვლა.

ეს არის მიუზიკლის ფორმატით გადმოცემული წარმოდგენა ქართულ ტრადიციებზე, ადათ-წესებზე, ღვინისა და სუფრის კულტურაზე, რომლის ფარგლებშიც, მუსიკისა და დრამის თეატრის ნიჭიერი მსახიობები მაყურებელს ნაციონალურ კოსტიუმებში შესრულებულ 20-მდე მუსიკალურ და საცეკვაო ნომერთან ერთად, ინტერაქციულ გამოცდილებასაც სთავაზობენ. ძირითადად, სპექტაკლი განკუთვნილია ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის, ასევე საქართველოში მცხოვრები უცხოელებისთვის. თუმცა, როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, "ეს არის გადასარევი, სასიამოვნო საღამო ქართველებისთვისაც".

პროექტის სულისჩამდგმელები გახლავთ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი – ნათია ამირიძე და მიხო მაისურაძე. პროექტის შემოქმედებით მხარესა და კომუნიკაციებს ნათია მართავს, ფინანსურ და ტექნიკურ მხარეს – მიხო. გარდა ამისა, პროექტში ჩართულია 12 ტექნიკური პერსონალი და ერთი კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი, რომელიც ტურისტულ კომპანიებთან მუშაობს. სპექტაკლში ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის 18 მსახიობი თამაშობს. დამდგმელი რეჟისორი და ქორეოგრაფი არჩილ სოლოღაშვილია, მუსიკალური ხელმძღვანელი - რუსუდან მორჩილაძე, კოსტიუმების მხატვარი - ანანო მოსიძე, მთავარ როლებს ეკა დემეტრაძე, ლევან კახელი, ლაშა რამიშვილი და მარინა ჯოხაძე ასრულებენ.

რა გახდა უნიკალური ტურისტული პროდუქტის შექმნის საფუძველი?

როგორც ნათიას, ასევე მიხოს შემთხვევაშიც, მიუზიკლის Welcome To Georgia – The Musical შექმნამდე იყო რამდენიმეწლიანი წარმატებული კარიერა კომპანია RedBull-ში, სადაც ნათია კომუნიკაციების მენეჯერის, მიხო კი კავკასიის რეგიონის მასშტაბით კულტურის მარკეტინგის მენეჯერის პოზიციებზე მუშაობდნენ. ქართული Entrepreneur შეეცადა გაეგო, რა იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა, რის გამოც ამ ორმა, თავის საქმეში პროფესიონალმა ადამიანმა, სტაბილურ, კომფორტულ სამსახურზე უარი თქვა და ამ ახალი პროექტის წამოწყებით, რისკიან ანტრეპრენერულ გზას დაადგა.

პროექტზე ფიქრი მისმა მთავარმა ავტორმა – ნათია ამირიძემ, ჯერ კიდევ RedBull-ში მუშაობისას დაიწყო. როგორც სხვა ინოვაციური პროექტების შემთხვევაში ხდება ხოლმე, სპექტაკლ Welcome To Georgia-ს შექმნის იდეაც ბაზარზე არსებული სიცარიელის აღმოჩენის შედეგად გაჩნდა. უფრო კონკრეტულად კი, ნათიას ხშირად უწევდა RedBull-ის ეგიდით გამართული სხვადასხვა ღონისძიებებისთვის უცხოელების ჩამოყვანა. თუმცა, მათთვის ადგილობრივი კულტურის გაცნობა არც ისე მარტივი საქმე იყო. ვინაიდან ქართული ანსამბლები საკმაოდ იშვიათად მართავენ კონცერტებს, ერთადერთი გამოსავალი სტუმრების ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების რეპეტიციებზე წაყვანა იყო... იყო უცხოური ანალოგების გავლენაც...

როგორც მიუზიკლის ავტორები აღნიშნავენ, ამ შემოქმედებით პროექტზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინა სხვა ქვეყნებში ნანახმა, კულტურისადმი მიძღვნილმა მსგავსი ტიპის სპექტაკლებმაც.

მიხო: "რამდენიმე ქვეყანაში არსებობს მსგავსი წარმოდგენა. ყველა მათგანი ცდილობს აჩვენოს ის, რაც ეამაყება. რა თქმა უნდა, ქართული სიმღერა და ცეკვა არის ის, რაც ალბათ ქართველების უმეტესობას ეამაყება".

როცა ამ ყველაფერს თავისუფლების წყურვილიც ერთვის...

ნათიასთვის RedBull-ში მუშაობა იყო ძალიან საინტერესო. RedBull "აფრთიანებდა" მას, თუმცა თავს ბოლომდე დამოუკიდებელად არ გრძნობდა, რადგან კომპანიის გაიდლაინებით უწევდა ხელმძღვანელობა.

ნათია: "რედბულში ჩემი სამსახური კრეატივით იყო სავსე. ყველაფერი მნიშვნელოვანი გახლდათ: იდეები, პროდაქშენები, ურთიერთობები საინტერესო ადამიანებთან, სპორტსმენებთან, დიჯეებთან, მოცეკვავეებთან. თუმცა, 4-5 წლის შემდეგ ვიგრძენი, რომ მიწევდა ჩემი იდეების ჩარჩოში მოქცევა და მივხვდი – ამ ჩარჩოებისგან თავის დასაღწევად, დამოუკიდებელი პროექტი უნდა გამეკეთებინა. მიუზიკლის იდეა რომ მქონდა, მიხოს გავუზიარე და გადავწყვიტეთ, ერთად დაგვეწყო ეს პროექტი".

ხარისხი გრძელვადიანი წარმატების საწინდარია!

სპექტაკლი Welcome To Georgia ახალგაზრდა წყვილის სრულიად დამოუკიდებელი, კერძო ინიციატივაა, რომლის დაფინანსებაც თავიდან ბოლომდე მათი მხრიდან მოხდა და რომელზედაც ისინი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. პროექტში ნათიას და მიხოს ერთობლივი ინვესტიცია ხუთნიშნა ციფრს უკავშირდება, საიდანაც, როგორც მოსალოდნელი იყო, ძირითადი თანხა სპექტაკლის დადგმისთვის გადახდილ ჰონორარებზე, დეკორაციების, კოსტიუმებისა და აპარატურის შესყიდვაზე დაიხარჯა.

მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ პროექტის წარმატების შანსი ბევრად მეტი იყო, ვიდრე წარუმატებლობის, თუ ფინანსებს არ დაზოგავდნენ და მაღალი ხარისხის სპექტაკლს შესთავაზებდნენ მაყურებელს.

ნათია: "გვინდოდა გვქონოდა ყველაზე ხარისხიანი კოსტიუმები, ხმის აპარატურა, დეკორაცია, და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში, გამოვიდა ძალიან მაღალი დონის პროდუქტი". მაღალი ხარისხი ხომ იმის გარანტიაა, რომ ბევრ სეზონს გასტანს.

ნათიას და მიხოს კი სწორედ გრძელვადიან პერსპექტივაზე აქვთ ბიზნესგათვლა. საქართველოში ტურისტების ნაკადი წლიდან წლამდე იზრდება, და თუ სპექტაკლი სახელს გაითქვამს, მაყურებლები დიდი ალბათობით არც გრძელვადიან პერსპექტივაში მოაკლდებათ.

როგორც ქართულ Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნავენ, ნათიას და მიხოს წამოწყებას, ძირითადად, დიდი მოწონება და გამხნევება მოჰყვა მეგობრების მხრიდან. თუმცა იყო შემთხვევებიც, როცა წყვილს რომელიღაც სხვა, ნაკლებ სარისკო ბიზნესის დაწყებისკენ მოუწოდებდნენ.

ნათია: "ვისაც ბიზნესში გამოცდილება ჰქონდა, ის გვეუბნებოდა, რომ სჯობდა ამ ფულით რესტორანი გაგვეხსნა. ჩვენ კი ვუხსნიდით, რომ ეს არ გვაინტერესებდა. ბევრისთვის, ბიზნესი, რომელიც საქართველოს კულტურის პოპულარიზაციას, ხელოვნებას, თეატრს უკავშირდება, შესაძლოა არ იყოს გასაგები. ჩვენ კი ეს ძალიან მოგვწონს".

ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა

პროექტის პოპულარიზაციაზე მუშაობა ნათიამ სპექტაკლის სეზონის გახსნამდე დაიწყო. მიზანმიმართულად მოეწყო სამი დახურული საპრემიერო წარმოდგენა, რომლებსაც საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო სტრუქტურების, ტურისტული კომპანიების, სასტუმროებისა და ტურიზმის ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნულმა ჩვენებებმა, სპექტაკლის რეკლამასთან ერთად, გუნდს შესაძლებლობა მისცა, მნიშვნელოვანი უკუკავშირი მიეღო სამიზნე აუდიტორიის მხრიდან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ დაამყარეს კონტაქტები და დაიწყეს თანამშრომლობა ორგანიზაციებთან, მათ შორის ტურისტულ სააგენტოებთან და სასტუმროებთან, რომლებიც მათსავით ტურისტების მოზიდვით არიან დაინტერესებულნი.

ახალ პროდუქტს, როგორიც არის ეს სპექტაკლი, შეუძლია მნიშვნელოვნად დაზოგოს ფინანსები პრომოუშენზე ბრენდულ ტურისტულ სააგენტოებთან თანამშრომლობით. ტურისტული სააგენტოები, თავის მხრივ, იხეირებენ ტურისტებისთვის უფრო მრავალფეროვანი და ხარისხიანი პაკეტების შეთავაზებით.

შემოსავლის არსებული და მოსალოდნელი წყაროები

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროექტის ფინანსური წარმატება არაა დამოკიდებული მხოლოდ ბილეთებზე. ვინაიდან Welcome To Georgia – The Musical ქართული კულტურის, ღვინისა თუ სუფრის ტრადიციების საპრეზენტაციო სპექტაკლია, არის მოლოდინი, რომ მალე შემოსავლის სხვა წყაროებიც გაჩნდება. განსაკუთრებით უნდა დაინტერესდნენ ღვინისა და ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები – როგორც სასპონსორო შეთავაზებებით, ისე Product Placement -ით. შესაძლოა შემოსავლიანი აღმოჩნდეს ანტრაქტისას სუვენირებისა და Welcome To Georgia-ს ბრენდირებული პროდუქციის რეალიზაცია.

როგორც პროექტის ავტორები აღნიშნავენ, სპონსორობის მხრივ დიდი პოტენციალია. ინტერესი უკვე არსებობს და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა ჯერჯერობით სასპონსორო ურთიერთობები არ დაწყებულა და არც თავად ჩქარობენ, რადგან ურჩევნიათ მომავალი პარტნიორები ჯერ პროდუქტის მაღალ ხარისხსა და მასზე არსებულ მოთხოვნაში დაარწმუნონ.

სამომავლო გეგმები

იდეის ავტორები გვპირდებიან, რომ სპექტაკლს ექნება განვითარება. მიხოს საბოლოო მიზანია, სპექტაკლი მაქსიმალურად მიუახლოვდეს მაღალი დონის საერთაშორისო მიუზიკლებს ტექნიკური კუთხით, რის შესაძლებლობასაც, როგორც იგი აცხადებს, დღესდღეობით ქართული თეატრების ტექნიკური აღჭურვილობა არ იძლევა.

დაბოლოს: როგორც ქართულ Entrepreneur-თან საუბრისას ნათიამ აღნიშნა, შესაძლოა მისი ანტრეპრენერული საქმიანობა მხოლოდ კულტურული პროექტებით არ შემოიფარგლოს.

ნათია: "მეგონა, რომ ადრენალინს მხოლოდ გიჟურ, ექსტრემალურ ღონისძიებებზე ვიღებდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბიზნესის წარმოებაც ძალიან დიდ ადრენალინს გაძლევს და 24 საათი ამაზე ფიქრი სხვა განზომილებაა. ალბათ გამიჭირდება მომავალში წყნარ სამსახურში მუშაობა, სადაც ყველაფერი გარანტირებულად, ნერვიულობის გარეშეა, დაგეგმილადაა".

თამთა მარიდაშვილი

Entrepreneur Staff

რედაქტორი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია