BTU-ს ბლოკჩეინ ლაბი კომპანია CryptX-თან პარტნიორობას და პროექტების განხორციელებას იწყებს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ტრენინგები და სემინარები ბლოკჩეინის, კრიპტოვალუტების, დეცენტრალიზებული სისტემების და სხვა საკითხების შესახებ, სტუდენტური ჰაკათონები და შეჯიბრებები, ინდუსტრიის კვლევები და საერთაშორისო პანელური დისკუსიები - მოკლე ჩამონათვალია იმ ერთობლივი აქტივობების, რომელიც სტარტს დეკემბრიდან აიღებს.
სტუდენტების, პროფესორების და ინდუსტრიის მენტორების ჩართულობით, ჰაკათონების ჩატარება იგეგმება ორი მიმართულებით: პროგრამული განვითარების მიმართულება - საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამის სტუდენტებისთვის და ფინანსების მიმართულება - BTU-ს ფინანსების პროგრამის სტუდენტებისთვის. აღნიშნული ჰაკათონების ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასები და ტრენინგები, მენტორების სესიები და ა.შ. გამარჯვებულებისთვის კი დაწესდება სპეციალური ჯილდოები ან/და შეთავაზებული იქნება დარგობრივი დასაქმება/სტაჟირების პროგრამები.
კომპანია CryptX-ი, ფინტექ კომპანიაა, რომელიც რამდენიმე პორტფელურ კომპანიას აერთიანებს და კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის ინდუსტრიაში ფუნქციონირებს.
მათ შორის მნიშვნელოვანია საერთაშორისო კრიპტოვალუტების ბირჟა Cryptal-ი, რომელიც შეიქმნა საქართველოში და 2020 წლიდან აქტიურად ემსახურება ჩვენი რეგიონის ქვეყნებს. საქართველოში დაწყებული წარმატებული სტარტის შემდეგ Cryptal-ი განაგრძობს გეოგრაფიული ბაზრების ათვისებას და უკვე აქტიურად სთავაზობს თავის სერვისებს კლიენტებს შუა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.
მეორე ჯგუფში შემავალი კომპანია, რომელიც 2021 წლიდან ფუნქციონირებს და მომხმარებლები მსოფლიოს 50 ქვეყანაზე მეტიდან ჰყავს CryptX Terminal-ია. აღსანიშნავია, რომ პროექტი GITA-ს 650,000-იანი გრანტის გამარჯვებულია და მასში როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ინვესტიციებია განხორციელებული. CryptX Terminal-ი არის ავტომატიზირებული ტრეიდინგის პლატფორმა, რომელიც კრიპტოვალუტებით მოვაჭრეებს საშუალებას აძლევს დააკავშირონ სხვადასხვა მსოფლიოს ტოპ ბირჟები და ბოტებისა და სხვა ავტომატიზირებული ფუნქციების დახმარებით, მომგებიანი სტრატეგიები შეიმუშავონ.
"ბლოკჩეინ ტექნოლოგიების და კრიპტოვალუტების ცნობადობის გაზრდა წარმოადგენს როგორც პირადად ჩემი, ასევე Cryptal-ის დეკლალირებულ მიზანს. მიხარია, რომ BTU-სთან თანამშრომლობით ამ მიზნისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ." - აღნიშნა Cryptal-ის CEO-მ, ხვიჩა კოპინაძემ.
"მოხარული ვარ BTU ბლოკჩეინ ლაბისა და CryptX-ის თანამშრომლობით, რაც ძალიან მნიშნველოვანია კრიპტო და ბლოკჩეინ ეკოსისტემის განვითარებისა და ცნობიერების ამაღლებისთვის როგორც საქართველოში, ისე მთლიანად ჩვენს რეგიონში. BTU ყოველთვის გამოირჩეოდა თანამედროვე ტექნოლოგიების მხარდაჭერით, რისი დასტურიც ეს ინიციატივაცაა, რომელშიც ჩვენ სიამოვნებით ვერთვებით. " - განაცხადა CryptX Terminal-ის CEO-მ, გიორგი გვაზავამ.
"'ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია უახლესი ტექნოლოგიური ტრენდების შესახებ ჩვენი ეკოსისტემის ცნობიერების ამაღლება და ინტერესის ზრდა. სტუდენტებისთვის შეთავაზებული ინოვაციური პროექტები დაეხმარება მათ შემდგომ დასაქმებასა და კარიერულ ზრდაში.'' აცხადებენ BTU-ში.