დემნა გვასალია Vetements-დან წავიდა გაეცანით ქართველი დიზაინერის ისტორიას
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Vetements დემნას, მისი ძმის და მეგობრების მიერ შექმნილი ბრენდია. სულ რაღაც 3 სეზონი დასჭირდა, რომ ბრენდის შესახებ მთელ მსოფლიოს შეეტყო, მისი სამოსით კი საზოგადოებაში სელინ დიონი და კენი ვესტი გამოჩენილიყვნენ. Vetements-ის წარმატების შემდეგ კი დემნამ შეთავაზება Balenciaga-ს მოდის სახლისგან მიიღო და ასე გახდა ახალგაზრდა, ქართველი დიზაინერი ბრენდის შემოქმედებითი დირექტორი.
დღეს დემნა Vetements-ს ტოვებს, ვინაიდან თვლის რომ თავისი მისია შეასრულა და სავარაუდოდ ახალი გამოწვევების ძიებაშია. ბრენდში რჩება მისი ძმა გურამ გვასალია.
შეგახსენებთ დემნა გვასალია 2018 წელს Entrepreneur საქართველოს მიერ დასახელებულ 50 გაბედულ ანტრეპრენერს შორის მოხვდა.
ომი, სიღარიბე, სიბნელე, 1990-იანები... ამ პერიოდის საქართველო, ოკუპაცია და ბოლო დროის ყველა მნიშნელოვანი მოვლენა დემნა გვასალიამ შთაგონების წყაროდ აქცია. შემდეგ კასტინგი საქართველოში ჩაატარა, ქართველი მოდელები შეარჩია და ჩვენება საკუთარ სამშობლოს მიუძღვნა.
მას ყველა უსმენს, ყველა უყურებს. სხვა თუ არაფერი, Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორია. ექსცენტრულია. მოდა კი საშუალებაა, შეგრძნებები, მოგონებები ფორმებისა და ფერის ისეთ კონფიგურაციად აქციოს, რომ თავი დაგამახსოვროს, დაგაფიქროს. Vetements-ის 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია დემნა გვასალიას განაცხადია − "მე საქართველოდან ვარ". საქართველოდან, რომელსაც აფხაზეთი წაგლიჯეს. ქვეყნიდან, რომელიც საბჭოთა კავშირის ბატონობაში ათწლეულების განმავლობაში იმყოფებოდა და რომელმაც დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაბრუნება სულ რამდენიმე წელია შეძლო.
"პირველად მომინდა ჩემი ამბის მოყოლა. თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს უფრო პირადი იქნებოდა. ყველა სილუეტი, პირველი look-იდან დაწყებული, ბოლო look-ით დამთავრებული, იყო პერსონაჟი, რომელიც ჩემთვის ვიღაც კონკრეტულს წარმოადგენდა", − ამბობს რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში დიზაინერი.
დემნა გვასალია სოხუმელია. აფხაზეთის დაკარგვის შედეგ, ოჯახთან ერთად, თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. აქ ეკონომიკის სწავლას შეუდგა, მოგვიანებით კი გერმანიაში გადასახლდა და გააცნობიერა, რომ ეკონომისტის კარიერა მის შემოქმედებით ნიჭთან არანაირ კავშირში არ იყო. მალე ანტვერპენში, სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. სწორედ მაშინ დაიწყო სამოსის შექმნა და დღესდღეობით მის სახელს ისეთი დონის ბრენდებთან თანამშრომლობა უკავშირდება, როგორებიცაა Margiela, Louis Vuitton, Balenciaga.
აფხაზეთი, ომი, 1990-იანი წლები, შიში და სიბნელე... საქართველოში, დევნილობაში გამოცდილი სირთულეები დემნას შთაგონების წყაროა. "ამჯერად რას გვიმზადებს?" − ეს შეკითხვა, გვჯერა, მის ჩვენებაზე მისულ ნებისმიერ სტუმარს უტრიალებს თავში. ხან კროქსებს, ხან IKEA-ს რამდენიმედოლარიან ლურჯ ჩანთებს, ხანაც საბჭოურ სიმბოლიკას, საქართველოს დროშას, რელიგიურ სიმბოლოებს იყენებს. მისი ყოველი კოლექცია განაცხადია, რომელსაც მთელი მოდის სამყარო უსმენს, უყურებს და აფასებს.