მე ყოველ მეორე დღეს ვამოწმებ ჩემს ელექტრონულ ფოსტას ადრე ამას ყოველწუთს ვაკეთებდი. ამ ჩვევის შესაცვლელად გარკვეული დრო დამჭირდა, მაგრამ ამან ჩემი ბიზნესი შეცვალა და ეს უფრო ადვილია, ვიდრე ერთი შეხედვით გეჩვენებათ.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ანტრეპრენერების უმეტესობის მსგავსად, ოდესღაც მუდამ დაძაბული და არეული დღეები მქონდა, ახლა კი, პროდუქტიული დღეები მაქვს. მაგალითად, ამ სტატიას საღამოს 5 საათზე ვწერ და უკვე ტრიუმფალურად მაქვს წაშლილი ოთხი საქმე ჩემი სამუშაოების სიიდან, Zoom-ით ორი შეხვედრაც ჩავატარე და კლიენტთანაც ვისადილე, რომელიც ჩემი ნაცნობი გახდა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ამ დილით გამეღვიძა, როდესაც ჩემმა მაღვიძარამ დარეკა (არ გავთიშე) და გადავდე (ნამდვილი სასწაული პოსტკოვიდურ სამყაროში!).
როგორ მივაღწიე ამას ისე, რომ უკვე ტრაბახიც კი შემიძლია? ტიმ ფერისის ტექნიკას ხომ არ დავეუფლე და ოთხსაათიანი სამუშაო კვირა ხომ არ მაქვს? (ისე კი მინდა!) იქნებ ისე ძლიერ ვმედიტირებდი, რომ უზომოდ ფოკუსირებული გავხდი? (ამაზე ჯერ კიდევ ვმუშაობ). არა, სიმართლე ბევრად ბანალურია: დღეს იმის ხარჯზე შევძელი ბევრის გაკეთება, რაც არ გავაკეთე.
საქმე ის არის, რომ დღეს ჯერ კიდევ არ შევსულვარ ჩემს ფოსტაში.
არანაირი შფოთვა არ მქონია, რომ ახალი შეტყობინებები დამხვდებოდა ჩემს საფოსტო ყუთში, შესაბამისად, არც იმ დავალებების შესრულება მომიწია, რომლებიც სხვებს ჰქონდათ შეტანილი თავიანთი შესასრულებელი საქმეების სიაში. ნაცვლად ამისა, ჩემი დავალებების სიიდან დავიწყე დიდი, მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულება.
როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი, ვისაც ვიცნობ, ერთ დროს მეც შეპყრობილივით ვიყავი, მუდამ ჩემს ელექტრონულ ფოსტას ვამოწმებდი. ახლაც კი, როდესაც მთელი დღეების განმავლობაში არ ვიყურები ფოსტაში, ვერანაირი მწვანე წვენი ვერ მეხმარება, მშვიდად და ყურადღებით ვიყო. მაგრამ რაღაც მაინც შევცვალე, რადგან საბოლოოდ მივხვდი, რომ ეს დიდი ირონია იყო: ვცდილობდი, ყოველთვის ხელმისაწვდომი ვყოფილიყავი და ამ დროს, მიუწვდომელი გავხდი იმ ამოცანების შესასრულებლად, რომლებსაც ჩემი საკონსულტაციო ბიზნესი წინ მიჰყავდა.
ელექტრონული ფოსტა ნარკოტიკივითაა. არ გირჩევთ მას ერთ დღეს, ერთბაშად დაანებოთ თავი, ეს ეტაპობრივად უნდა გააკეთოთ. მე იმით დავიწყე, რომ საღამოს 6 საათზე უბრალოდ ვცილდებოდი ჩემს კომპიუტერს. შემდეგ, ერთის ნაცვლად, ყოველ ორ-სამ საათში დავიწყე წერილებზე პასუხის გაცემა.
მივხვდი, რომ ეს მხოლოდ ჩემთვის არ იყო ვარჯიში. რაღაცის შესაცვლელად, საკუთარ კლიენტებსაც ვავარჯიშებდი და ყველა სხვას, ვინც წერილებს მიგზავნიდა. როდესაც ისინი ჩემგან პასუხს დაუყოვნებლივ იღებენ, ყოველთვის ამას ელიან. მაგრამ როდესაც ასე სწრაფად არ ვრეაგირებ, მოლოდინს არეგულირებენ და ეფექტურ ციკლს ქმნიან, რათა მათთვის მეტი სამუშაო გავაკეთო.
როდესაც სამსაათიან პასუხზე გადავედი, ჩემი ელფოსტის ხელმოწერის ბოლოში დავურთე, რაც ჩემი აზრით "გადაუდებელი ვარიანტის" შემთხვევაში უნდა გაეკეთებინათ. კერძოდ, მივუთითე, რომ თუ რაიმე გადაუდებელი იყო, ჩემს თანაშემწეს უნდა დაჰკავშირებოდნენ და ჩემი ასისტენტის ელექტრონული ფოსტის მისამართიც დავამატე.
მე და ჩემი ასისტენტი თავდაცვისათვის მოვემზადეთ − ველოდით, რომ გაბრაზებული კლიენტები თავს დაგვატყდებოდნენ. მაგრამ სრული სიმშვიდე იყო. რამდენიმე კვირის შემდეგ მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ადამიანი დაუკავშირდა ჩემს თანაშემწეს, ან ჩემს ტელეფონზე გამოგზავნა SMS-ი: "სად ხარ?". ჩანს, სადღაც გზაზე, მათ ჩემ გარეშე დაიწყეს პრობლემების მოგვარება ან კიდევ უკეთესი − დიდხანს ფიქრობდნენ, მიეკუთვნებინათ თუ არა საგანგებო მდგომარეობის კატეგორიისთვის ის, რასაც შეეჯახნენ.
ახლა იმაზე დავიწყე მუშაობა, რომ ყოველ მეორე დღეს ვუპასუხო შემოსულ წერილებს. ჩემი ფოსტის ხელმოწერაში ნათქვამია: "შენიშვნა: საკუთარ ფოსტას ყოველ მეორე დღეს ვამოწმებ და ვცდილობ ერთიდან ორ სამუშაო დღეში ვუპასუხო შეტყობინებებს. თუ რაიმე გადაუდებელია, ჩემს თანაშემწეს დაუკავშირდით".
მოდით და თქვენც გადაიღეთ ჩემი საშინაო დავალების ასლი. ეს სიტყვები თქვენს ხელმოწერაში ჩასვით და ნახეთ, რა მოხდება!
ბუნებრივია, ყველა წესიდან არსებობს გამონაკლისი, და რა თქმა უნდა, მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ელექტრონულ ფოსტაზე არასოდეს ვყოფილვარ მიწებებული, როდესაც დიდი ქაოსი იყო. მაგრამ ასეთი რამ ყოველთვის არ ხდება, ზოგჯერ ერთი თვეც კი ვარ მშვიდად, დავალებების სიის გარეშე. გასულ წელს უფრო მეტი დავალება შევასრულე, ვიდრე ანტრეპრენერობის ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ეს ყველაფერი საფოსტო ყუთის მოწესრიგებით მოვახერხე.
________________________________________
კიმ კაუპე − დამფუძნებელი, ფასილიტატორი და მთავარი მომხსენებელი. ელ.ფოსტისგან განსხვავებით, ის ყოველდღიურად ამოწმებს სოციალურ მედიას (@kimkaupe).