მეწარმეთა ტრენინგები საერთაშორისო ბაზრების ასათვისებლად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში'' ურთიერთთანამშრომლობაზე თანხმდებიან და ერთობლივ ინიციატივებს აანონსებენ
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
უცხოური ბაზრების ათვისება, ექსპორტ/იმპორტი, სავაჭრო შეთანხმებები სხვადასხვა ქვეყნებთან და მეწარმეთა მხარდაჭერა ინდივიდუალური კონსულტაციებით თუ სპეციალური ტრენინგებით, მარტიდან დაიწყება.
მხარეთა შორის შეთანხმება აგრეთვე გულისხმობს სააგენტოს ჩართულობას უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების შემუშავება–განვითარებაში სამეწარმეო საქმიანობის და საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, ექსპორტის მიმართულებით ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, კონფერენციების გამართვას და სხვა.
საქართველოს სავაჭრო პოლიტიკისა და ექსპორტის პროცედურების შესახებ პირველი ტრენინგი BTU-ში 4 მარტს ჩატარდება. მომდევნო ეტაპზე, საქართველოში არსებული მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის გაიმართება ვებინარები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან DCFTA შეთანხმების საფუძველზე სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების, აშშ-სთან, თურქეთთან, ბრიტანეთთან, აზიის სხვადასხვა ქვეყნებთან სავაჭრო შეთანხმებების შესახებ. ტრენინგები და ვებინარები ღია იქნება წინასწარ რეგისტრირებული ნებისმიერი პირისთვის.
ურთიერთშეთანხმებას მხარს უჭერს საქართველოში არსებული საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსი, საქართველოს სავაჭრო პალატა და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც აგრეთვე ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობებში მეწარმეთა გასაძლიერებლად.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა. მიმაჩნია, რომ აღნიშნული ქვეყანაში სამეწარმეო კულტურის ამაღლებას და ეკონომიკური სუბიექტების გამრავლებას შეუწყობს ხელს," - განაცხადა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.
BTU-ში განმარტავენ, რომ მეწარმეობის ცენტრმა 2021 წელი დიდი წარმატებით დაიწყო - MIT-ს უმსხვილესი სამეწარმეო ქსელის, Martin Trust Center-ის წევრობა საქართველოში არსებულ მეწარმეებს უპრეცედენტო შესაძლებლობებს აძლევს საერთაშორისო ბაზრების ათვისებისთვის და ამ პროცესში სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.