მითხარი, რა ფერის ქუდი გახურავს და გეტყვი, ვინ ხარ შენ! აზროვნება. აზროვნება და კიდევ აზროვნება.
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დღემდე მახსოვს, რამდენად დიდი გავლენა იქონია ჩემზე ედუარდ დე ბონოს წიგნმა "ექვსი მოაზროვნე ქუდი" (Edward de Bono: Six Thinking Hats), რომელიც მანჩესტერის ბიზნესსკოლაში სწავლისას, ლექტორის რეკომენდაციით "ამაზონიდან" გამოვიწერე. დღეს კი სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როცა ამ წიგნს თბილისში Bookshop-ის ბიზნესლიტერატურის თაროზე მივაგენი და არ შემეძლო მისთვის რეკომენდაცია არ გამეწია, რადგან ზუსტად ვიცი, რომ მისი წაკითხვის შემდეგ რადიკალურად შეძლებთ გააუმჯობესოთ თქვენი შემოქმედებითი აზროვნების უნარი, ჩაატაროთ ბევრად ეფექტური შეხვედრები და საკმაოდ რთულ და კომპლექსურ საკითხებზე გაცილებით სწრაფად მიიღოთ გადაწყვეტილებები.
აზროვნება. აზროვნება და კიდევ აზროვნება. ეს არის მთავარი, რისკენაც დე ბონო მოგვიწოდებს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ლატერალური, ანუ მრავალმხრივი აზროვნების კონცეფციას.
და მაინც, რას გულისხმობს დე ბონო მოაზროვნე ქუდებში?
აზროვნების მთავარი პრობლემა ქაოსურობაა. ემოციები, ინფორმაცია, ლოგიკა, იმედი თუ კრეატიულობა ერთდროულად ახდენენ ჩვენზე გავლენას.
ექვსი ქუდის მეთოდი კი სწორედ მათ განცალკევებაში გვეხმარება და რადგან შეუძლებელია ერთდროულად ფაქტების ანალიზი და ამავე დროს შემოქმედებითი აზროვნება, ლოგიკური მსჯელობა და ემოციური მიდგომა, სჯობს ყველა "ქუდი" რიგრიგობით მოვირგოთ და რაც უნდა ძლიერი არგუმენტები გვქონდეს ამა თუ იმ საკითხის შესახებ, მაინც ვაიძულოთ თავი, ალტერნატიულად ვიფიქროთ, რადგან აქ მთავარი ის კი არაა, თუ რა არის, არამედ ის, თუ რა შეიძლება იყოს.
აქ მტყუანი და მართალი არ არსებობს. აქ შემოქმედებითი, კონსტრუქციული აზროვნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონფრონტაციული. მომავალი და არა წარსული. მომავალი და არა აწმყო.
პარალელური აზროვნების მეთოდი საკითხის კომპლექსური შესწავლის მეთოდია, როცა ერთის ნაცვლად, ყველა მიმართულებით ვიწყებთ აზროვნებას და ყველა კუთხით ვსწავლობთ საკითხს. სწორედ ასეთ შემთხვევაში შევძლებთ გუნდის ყველა წევრის ცოდნისა და გამოცდილების სრულად გამოყენებას, რადგან ერთდროულად ყველა ერთი მიმართულებით იყურება, ივიწყებს ეგოს და საკუთარი არგუმენტის გამარჯვების მცდელობის ნაცვლად, ცდილობს ნეიტრალურად და ობიექტურად შეისწავლოს საკითხი – თანაც, გაცილებით მოკლე დროში.
მაშ ასე, რიგრიგობით დავიხუროთ ექვსივე ქუდი. დიახ ექვსივე, მიუხედავად იმისა, რისკენ გვაქვს მიდრეკილება... უნდა შევეჩვიოთ ჩვეული როლიდან გამოსვლას და თუ ამა თუ იმ საკითხზე ჩამოყალიბებული უარყოფითი პოზიცია გვაქვს, რადგან ვხედავთ დიდ რისკ-ფაქტორებს და საშიშროებებს, იმავე საკითხზე მაინც შევძლოთ ვიფიქროთ პოზიტიურად, შემოქმედებითად, რის შემდეგ შესაძლოა აღმოვაჩინოთ, რომ რისკზე მეტი ახალი შესაძლებლობა ყოფილა.
ექვსი ქუდი. ექვსი ფერი:
- თეთრი: ნეიტრალური. ობიექტური. ფაქტობრივი.
- წითელი: ემოციური. მგრძნობიარე. ინტუიციური.
- შავი: სერიოზული. ფრთხილი. წინდახედული.
- ყვითელი: პოზიტიური. ოპტიმისტური. კონსტრუქციული.
- მწვანე: ენერგიული. შემოქმედებითი. ალტერნატიული.
- ლურჯი: მაკონტროლებელი. ორგანიზატორული. დამკვირვებლური.
მნიშვნელობა არ აქვს, რა მასშტაბისა და სირთულის საკითხს იხილავთ? ეს იქნება ოჯახის წინაშე არსებული გადაუწყვეტელი საკითხი, შეიძინონ თუ არა აგარაკი ქალაქთან ახლოს; ბიზნესორგანიზაციის გამოწვევა – დაიწყონ თუ არა ახალი მიმართულებით განვითარება, სახელმწიფოებრივი საკითხი – განავითარონ საკუთარი ენერგორესურსები, თუ კვლავ იყვნენ დამოკიდებული ელექტროენერგიის იმპორტზე – ექვსი ქუდის მეთოდი თანაბრად სასარგებლო და ეფექტური იქნება, რადგან თქვენ მიეჩვევით მთავარს – პარალელურ აზროვნებას, რაც საკითხის ფუნდამენტურ, კომპლექსურ შესწავლაში და სწორი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებაში დაგეხმარებათ.
ასე რომ, ისწავლეთ ფიქრი. მეტად ეფექტურად!
P.S. წიგნის შესაძენად ესტუმრეთ Bookshop-ის მაღაზიას ჭავჭავაძის 14-ში ან ციფრულ პლატფორმას www.bookshop.ge
გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი