პროგრამული უზრუნველყოფის ბაზრის მიმოხილვა სადაური წარმომავლობის პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებენ საქართველოში მოღვაწე აქტიური კომპანიები?
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მოგეხსენებათ, უკრაინაში რუსეთის მხრიდან განხორციელებული სამხედრო აგრესიის ფონზე, საქართველოში იზრდება საპროტესტო მუხტი რუსული წარმოების პროდუქტების მიმართ. საზოგადოების ნაწილი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს რუსულ ნაწარმზე და ცდილობს ბაზარზე არსებული ალტერნატიული შეთავაზებებით ისარგებლოს − როგორც პროდუქტის, ისე მომსახურების კუთხით. ამ მხრივ, გამონაკლისს არც პროგრამული უზრუნველყოფის სფერო წარმოადგენს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ბაზრის საკმაოდ დიდი წილი უჭირავს რუსულ ან რუსულ პროგრამულ ბაზაზე დაწერილ "სოფტებს", რომელთა წარმოშობის შესახებ მომხმარებელს ხშირად ინფორმაცია არ აქვს.
Entrepreneur-ს სურს გაგაცნოთ, თუ რა სახის და სადაური პროგრამული უზრუნველყოფით სარგებლობენ საქართველოში აქტიური კომპანიები, რა ალტერნატივები გვაქვს ამ მიმართულებით; არსებობს თუ არა ქართული ტექნოლოგიური პროდუქტები, რომლებზეც ღირს ყურადღების გამახვილება.
სანამ საქართველოში გავრცელებულ რუსულ, ან რუსულ პროგრამულ ბაზაზე მომუშავე პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიებს განვიხილავდეთ, მნიშვნელოვანია შევეხოთ უმსხვილეს რუსულ ტექნოლოგიურ კორპორაცია 1C-ს, რომლის პლატფორმას აქტიურად იყენებენ ადგილობრივი ოპერატორები.
1C არის რუსული კომპანია, რომელიც 1991 წლიდან დღემდე წარმატებით ახორციელებს პროგრამულ დეველოპმენტს, კომპიუტერული თამაშების გამოცემასა და მხარდაჭერას.
1C მიიჩნევა რუსეთის ლიდერად ბიზნესების პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, განსაკუთრებით აღსანიშნავი კი კომპანიის ბიზნესპროდუქტი − 1C:Enterprise გახლავთ, რომელიც აქტიურად გამოიყენება რუსეთის ფარგლებს გარეთ მოქმედი კომპანიების მხრიდანაც.
1C:Enterprise არის პლატფორმა პროგრამირებისთვის, რომელზეც შესაძლებელია საოპერაციო სისტემების "დაშენება", ანუ განსხვავებული სპეციფიკის პროგრამების დაწერა ბიზნესის ავტომატიზაციისთვის. პლატფორმა მუშაობს როგორც "ქლაუდზე", ასევე ლოკალურ ვერსიაზე. ყველა 1C პროგრამა, რომელიც საქართველოში ოპერირებს, სწორედ 1C:Enterprise-პლატფორმაზეა "დაშენებული".
1C პლატფორმაზე მომუშავე კომპანიების პროგრამისტებს აქვთ თავისუფლება, შექმნან მათთვის სასურველი მოდული, მაგრამ უნდა გამოიყენონ 1C-ის პროგრამული ენა. ეს ნიშნავს, რომ პლატფორმა პროგრამისტებს აძლევს ახალი კოდის დაწერის შესაძლებლობას, თუმცა გარკვეულწილად სვამს 1C-ის ჩარჩოში.
რუსული წარმომავლობის პროგრამები საწარმოო რესურსების დაგეგმარების (ERP) და საბუღალტრო მიმართულებით
პლატფორმა "ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან სერვისს, რომელიც მოიცავს: ბუღალტერიას, საწყობის პროგრამას, წარმოებას, მაღაზიის პროგრამას, ხელფასების ადმინისტრირებას და ძლიერ რეპორტინგს 1C პლატფორმაზე.
"ბალანსის" გამარტივებული ბუღალტრული აღრიცხვის სისტემა შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ავტომატურ რეჟიმში აწარმოოს სტანდარტული საოპერაციო გატარებები, დაამუშაოს ზედნადებები რამდენიმე Click-ით და მიიღოს მზა ინფორმაცია დეკლარაციებისთვის.
"ბალანსის" წარმოების პროცესის კონტროლი მოიაზრებს გეგმური და შეკვეთების მიხედვით წარმოების სრული ციკლის აღრიცხვას, წარმოების ყველა ხარჯის განაწილებას პროდუქციის თვითღირებულებაში. ხოლო შესყიდვების მართვისა და ოპტიმიზაციის ნაწილი აფიქსირებს მომხმარებლის შეკვეთებს და აბამს შესაბამის შესყიდვებს.
"ბალანსი" ასევე გამოიყენება როგორც ვაჭრობის პროგრამა − პროგრამულად სახავს მყიდველებთან ურთიერთობის სრულ პროცესს: აფიქსირებს კომერციულ შეთავაზებას და რეალიზაციას. გაყიდვის ოპერაციები კი, ერთი Click-ით აისახება RS.GE-ზე.
Balance Enterprise-ში ავტომატიზებულია მაღაზიაც. ყველა სავაჭრო მოწყობილობა ინტეგრირებულია POS-სთან. მოლარე პროგრამულად ხედავს საწყობს, მარტივად მუშაობს და შედეგად ამცირებს მექანიკურ შეცდომებსა და მომსახურების დროს.
აღნიშნული პლატფორმის საწყობის პროგრამა აკონტროლებს ნაშთებს საწყობების მიხედვით, შესაძლებელს ხდის პროგრამულად ადევნოთ თვალი მარაგების გადაადგილებას საწყობებს შორის და დაადგინოთ პროდუქციის მინიმალური ნაშთები.
ძირითად ფინანსურ ანგარიშგებებთან ერთად, "ბალანსის" რეპორტინგ-სისტემა გვთავაზობს ნებისმიერ სასურველ რეპორტს, კომპანიის საქმიანობის ყველა ეტაპისთვის. Cloud-ტექნოლოგიით კი პროგრამასთან წვდომა ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.
რაც შეეხება "ბალანსით" სარგებლობის ღირებულებას, კომპანიის ყველა ბიზნესპროცესი ერთიან სისტემაში თვეში 79 ლარადაა ხელმისაწვდომი.
BDO Digital არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია BDO-ს შვილობილი კომპანია. BDO-ს ციფრული მიმართულება 2004 წლიდან ქართულ კომპანიებს ციფრული ტრანსფორმაციის სრულ საკონსულტაციო და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს. კომპანიის სერვისითა და პროდუქტებით სარგებლობს არაერთი ქართული ორგანიზაცია − როგორც მსხვილი, ისე მცირე და საშუალო ბიზნესები. პროდუქტების მრავალფეროვანი ჩამონათვალის სიაში, რომელთაც BDO Digital სთავაზობს ადგილობრივ ბაზარს, ერთიანდება 1C ERP-პროგრამები, როგორიცაა:
- გაყიდვები − 1C ERP-ში შესაძლებელია როგორც საცალო, ისე საბითუმო და სადისტრიბუციო გაყიდვების პროცესების ავტომატიზაცია.
- დისტრიბუცია − სადისტრიბუციო საქმიანობის ავტომატიზაცია. შეკვეთის აღებიდან საქონლის მიწოდებამდე/თანხის მიღებამდე.
- ადამიანური რესურსები − საკადრო აღრიცხვის, ხელფასებისა და გადახდების ადმინისტრირების სრულყოფილი ავტომატიზაცია 1C ERP-ში.
- ფინანსური აღრიცხვა − ფინანსური აღრიცხვის მოდელის ფორმირება კომპანიის პოლიტიკის მიხედვით. კომპანიის ბიუჯეტის განსაზღვრა და მისი შესრულების ანალიზი.
- რეპორტინგი − 600-ზე მეტი ცხრილური და გრაფიკული რეპორტი. მარტივად ხდება რეპორტების გაზიარება/დაფავორიტება/ავტომატური მეილინგი მომხმარებლებისთვის.
- შესყიდვები − შესყიდვების სრული ციკლის ავტომატიზაცია, შეკვეთის ოპტიმალური მოცულობის გაანგარიშებიდან, საწყობში/მაღაზიაში მის მიღებამდე.
- ანგარიშსწორება − კლიენტებსა თუ მომწოდებლებთან ანგარიშსწორების საკონტრაქტო პირობების განსაზღვრა. მომწოდებლებთან გადახდების კალენდრის ფორმირება და შესაბამისი გადარიცხვების ავტომატური გენერირება.
- ფასდაკლებებისა და ლოიალობის პროგრამები − 1C ERP-ში შესაძლებელია ფასდაკლებების პრაქტიკულად ნებისმიერი სქემის ავტომატიზაცია.
პლატფორმა OneSoft წარმოადგენს 1C-ის ფრანჩაიზს საქართველოში და პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე სააღრიცხვო სისტემების პროვაიდერის ფუნქციას ასრულებს.
OneSoft მომხმარებელს სთავაზობს 1C სააღრიცხვო სისტემებს და მათთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტიპის მომსახურებას:
- სწავლება (როგორც კორპორაციული, ასევე OneSoft Training Centre-ში).
- სისტემის დანერგვა − 1C ბიზნესგადაწყვეტილების სპეციალისტის და დეველოპერის მომსახურება.
- ტექნიკური მხარდაჭერა − სისტემის დანერგვის შემდგომ დისტანციური მხარდაჭერა.
კომპანია OneSoft წარმოდგენილია 5 ძირითადი პროდუქტით, ესენია:
- ERP Compact − კომპლექსური სააღრიცხვო პროგრამა მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის. იგი შექმნილია იმისთვის, რომ შეამსუბუქოს ოპერაციების აღრიცხვის პროცესი და მეწარმეს მისცეს ოპერატიული ინფორმაცია საკუთარი ბიზნესის მდგომარეობისა და განვითარების შესახებ.
- ERP Standard − 1C-ის უახლეს პლატფორმაზე არსებული კომპლექსური მზა გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესსექტორში მომუშავე კომპანიების ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვისთვის.
- ERP 2.1 − 1С-ის უახლეს პლატფორმაზე შექმნილი ყველაზე მასშტაბური და ინოვაციური გადაწყვეტილება, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე ERP-გადაწყვეტილების სტანდარტს და განკუთვნილია მსხვილი ზომის კომერციული და სახელმწიფო ორგანიზაციების ბიზნესპროცესების ავტომატიზაციისთვის.
- 1C დოკუმენტბრუნვა − 1C-ის ეფექტიანი პროგრამული გადაწყვეტილება, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა ზომის კომპანიის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ბიზნესპროცესების ავტომატიზაციისათვის.
- 1C მედიცინა − თანამედროვე გადაწყვეტილება მრავალპროფილიან სამედიცინო ინდუსტრიაში არსებული ქსელური ორგანიზაციების მართვისა და აღრიცხვის ავტომატიზაციისათვის.
კომპანია FMG უკვე 10 წელზე მეტია, რაც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. ამ დროის განმავლობაში, მათ 3000-ზე მეტი საქართველოში მომუშავე ორგანიზაციის ნდობა მოიპოვეს და აქტიურად თანამშრომლობენ მათთან.
FMG რვა ძირითადი, სხვადასხვა ქვეყნებიდან ქართულ ბაზარზე შემოტანილი პროდუქტითაა წარმოდგენილი, ხოლო კომპანია, ადგილობრივ მომხმარებლებს შორის მათი რეალიზებითაა დაკავებული. ესენია:
- ინფო საწარმო (инфо предприятие) - რუსული წარმომავლობის თანამედროვე პროგრამა ბუღალტრებისთვის და მენეჯერებისთვის. ავტომატიზირებული ბუღალტრული ოპერაციები და თქვენზე მორგებული სააღრიცხვო მოდულები გაგიმარტივებთ თქვენი ბიზნესის მართვას.
- Bitrix24 - რუსული წარმომავლობის Bitrix 24 CRM მრავალ ფუნქციური ბიზნესის მართვის და კომუნიკაციის პროგრამაა.
- Elma BPM - აგრეთვე რუსული ბიზნესპორცესების მართვისა და დოკუმენტბრუნვის სისტემაა, რომლის დახმარებითაც თქვენი ბიზნესის გაციფრულებაა შესაძლებელი.
- eZee - ინდური პროგრამა eZee Absolute, eZee Burpp POS სისტემაზეა დაფუძნებული, რომელიც შექმნილია სასტუმროსა და რესტორნის გამარტივებული მართვისთვის.
- SAP Bussiness One - პროგრამა, რომელიც ახდენს ბიზნესის გაციფრულებას. მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ERP სისტემა საშუალებას გაძლევთ რეალურ დროში მიიღოთ გადაწყვეტილებები და ხელი შეუწყოთ თქვენი ბიზნესის განვითარებას.
- FMG დისტრიბუცია, რომელიც წარმოადგენს მრავალფუნქციურ, სწრაფი, მოქნილი და უსაფრთხო სადისტრიბუციო სისტემას.
- FMG მარკეტი - მრავალფუნქციური, სწრაფი, მოქნილი და უსაფრთხო მარკეტის სისტემა.
- FMG რესტორანი - მრავალფუნქციური, სწრაფი, მოქნილი და უსაფრთხო რესტორნის სისტემა.
რაც შეეხება ფასებს, პროგრამა ინფო საწარმოს ღირებულება 1100 ₾-დან 6000 ლარამდე მერყეობს. დისტრიბუციის ფასი - 1250 ლარიდან, ხოლო მარკეტი - 800 ლარიდან, სერვერისა და კლიენტების რაოდენობის მიხედვით.
ბაზარზე წარმოდგენილი ქართული საბუღალტრო და ERP პროგრამები
კომპანია "ორისი" საქართველოში დაარსებული ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც 1992 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. "ორისი" უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციისთვის საფინანსო და სამეურნეო საქმიანობის პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავებას, განვითარებას და შემდგომ მომსახურებას.
კომპანიის საოპერაციო სპექტრი საკმაოდ ფართოა და მოიცავს:
- უნივერსალურ საბუღალტრო და სამეურნეო საქმიანობის აღრიცხვის სისტემას - "ორის ბუღალტერია"
- საფინანსო და ორგანიზაციული მართვის ინსტრუმენტალურ სისტემას (ERP) -"ორის მენეჯერი"
- საცალო და საბითუმო რეალიზაციის პროგრამულ უზრუნველყოფას - "ორის მარკეტი"
- დისტრიბუციის პროგრამულ უზრუნველყოფას - "ორის დისტრიბუტორი"
- საბანკო სისტემას - BankNet
- საბირჟო ვაჭრობის მართვის სისტემას - "კავკასიის ბირჟა"
- სატელეკომუნიკაციო კომპანიის საანგარიშსწორებო სისტემას - TeleNet
- ფასიანი ქაღალდების რეგისტრაციის სისტემას - "დეპოზიტარი"
- ავიაბილეთების აღრიცხვის სისტემას - AviaNet
- საცალო და საბითუმო ვაჭრობის სისტემას - Universe
კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქტები დანერგილია მთელი ქვეყნის მასშტაბით. სისტემები წარმატებით მუშაობს კავშირგაბმულობის, მრეწველობის, ტრანსპორტის, მასმედიის, ვაჭრობის, საბანკო, განათლების, მომსახურების და სხვა სფეროებში.
"ორისის" მიერ შექმნილი პროდუქტები გამოირჩევა მოქნილობით, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ერთი მხრივ, მარტივად გადაწყვიტოს მისთვის კარგად ცნობილი სტანდარტული ამოცანები და მეორე მხრივ, პროგრამის მწარმოებლისგან დამოუკიდებლად მოარგოს სისტემა თავის მოთხოვნებს პროგრამირების პროფესიონალური ცოდნის გარეშე.
კომპანიის მიერ წარმოებული სისტემების სწავლება ჩართულია პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის, უნივერსიტეტებისა და სხვადასხვა დაწესებულებების სასწავლო პროგრამებში, ასევე ისწავლება სხვადასხვა საბუღალტრო კურსებზე.
კომპანიის პროდუქტების მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ სისტემის ინტერფეისი სამენოვანია: ქართულ-ინგლისურ-რუსული, რაც საშუალებას აძლევს ქართველი მომხმარებლის გარდა უცხოელ მომხმარებელს, რომელიც მოღვაწეობს და ავითარებს თავის ბიზნესს საქართველოში, წარმატებით აწარმოოს საფინანსო და სამეურნეო საქმიანობა.
რაც შეეხება პროგრამების ფასებს, "ორის-ბუღალტერია" ფუნქციონალისა და მომხმარებლების რაოდენობის მიხედვით, 1223 ლარიდან, 9653 ლარის დიაპაზონში მერყეობს.
კომპანია საქართველოში 2011 წელს დაფუძნდა. არსებობის განმავლობაში FINA-ს გუნდი ქმნის და სთავაზობს მომხმარებლებს ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის პროგრამულ უზრუნველყოფას სხვადასხვა მიმართულებით, რაც ბიზნესის ეფექტურობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. ამჟამად FINA ათზე მეტი პროდუქტითაა წარმოდგენილი არა მხოლოდ საქართველოს, ასევე უცხოურ ბაზარზე და მუდმივად აგრძელებს მომხმარებლისთვის თანამედროვე, მარტივი და ეფექტური სისტემების შექმნას.
მრავალწლიანი მუშაობისა და მიღებული გამოცდილების შედეგად, FINA-ს პროგრამული უზრუნველყოფა მორგებულია ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე. FINA-ს პროდუქტებმა 5000-ზე მეტ კომპანიას გაუმარტივა ბიზნესის მართვა და ხელი შეუწყო მათ განვითარებას.
FINA-ს პროდუქტების ჩამონათვალია:
- ბუღალტერია - ნებისმიერ ბიზნეს მიმართულებასა და კანონმდებლობაზე მორგებული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა.
- ვაჭრობა - სავაჭრო ობიექტების მართვისა და აღრიცხვის ეფექტური პროგრამული უზრუნველყოფა.
- დისტრიბუცია - სადისტრიბუციო კომპანიების ყოველდღიური საქმიანობის მართვისა და აღრიცხვის პროგრამა.
- კაფე-რესტორანი - კვების ობიექტების მართვის მრავალფუნქციური პროგრამული უზრუნველყოფა ღრუბლოვან სისტემაზე.
- სასტუმრო - სტანდარტულ სასტუმროების, გესტჰაუსებისა და აპარტჰოტელების მართვის მრავალფუნქციური პროგრამა.
- MIOMEDICA - სილამაზის სალონების, ესთეტიკური ცენტრებისა და სტომატოლოგიური კლინიკების მართვის პროგრამა.
- WEEKSy - თანამშრომელთა ნამუშევარი საათებისა და HR ადმინისტრირების ონლაინ პროგრამა.
- ELCO - ელექტრონული კომერციის პლატფორმა ონლაინ გაყიდვების მართვისთვის.
FINA-ს თითოეული მოდული სრულად მორგებულია კონკრეტული სფეროს მოთხოვნებსა და საჭიროებებზე. ამასთანავე, შესაძლებელია სხვადასხვა მოდულებიდან წამოღებული ინფორმაციის თავმოყრა ერთ ძირითად ბაზაში.
პროგრამის მარტივი და მეგობრული ინტერფეისის დახმარებით მოკლე დროში შეძლებთ ფუნქციონალის შესწავლას, რაც სამუშაო პროცესს ეფექტურსა და მოქნილს გახდის.
მხარდაჭერის ჯგუფის სპეციალისტები დაგეხმარებიან თითოეული საკითხის გარჩევაში, პრობლემების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრაში. ასევე დამატებითი ფუნქციონალის შესწავლასა და პროგრამული უზრუნველყოფის გამართვაში.
2004 წლიდან კომპანია "აპექსი", ქმნის და შემდეგ საწარმოო დაწესებულებებში ნერგავს, ბიზნეს პროცესების მართვის ავტომატიზირებულ სისტემებს. პროგრამული უზრუნველყოფა - "აპექსი" არის აღრიცხვის, ანალიზისა და ბიზნეს პროცესების მართვის ინსტრუმენტების კომპლექსი სხვადასხვა სფეროს კომპანიების ავტომატიზაციისთვის.
APEX-ის სისტემის დანერგვა მომხმარებლებს უმარტივებს ისეთი კონკრეტული ამოცანებისა და სირთულეების გადაჭრას როგორებიცაა: შრომითი რესურსების მართვა, კვლევისა და ანალიზისათვის საჭირო სტატისტიკური ინფორმაციების მიღება, სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ფინანსური რესურსების ოპტიმიზება.
APEX-ის ბიზნეს გადაწყვეტებით სარგებლობს არაერთი მსხვილი ქართული კომპანია, მათ შორის: "ვისოლი", "გუდვილი", "ნიკორა", "დემასი" და სხვა.
APEX-ის პროდუქტები 8 ძირითად კატეგორიად იყოფა:
- ბუღალტერია
- საწყობი
- დისტრიბუცია
- პერსონალი
- წარმოება
- შეკვეთები
- სუპერმარკეტი
- განახლებები
რაც შეეხება სერვისებს, რომლებსაც კომპანია გვთავაზობს, ესაა:
- IT კონსულტაცია - კომპანიის მიერ შექმნილი საინფორმაციო სისტემების სწორი და ეფექტური ექსპლოატაციის მიზნით.
- მხარდაჭერა - ნებისმიერ საკითხზე კონსულტაციის მიღება შესაძლებელია ქოლ-ცენტრის ან ელექტრონული ფოსტის, support@apex.ge -ის, საშუალებით.
- RS.GE სინქრონიზაცია - RS.ge სინქრონიზაციის მოდული სისტემიდანვე უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურის პორტალზე ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ატვირთვას.
- დემო ვერსია - დისტანციურ რეჟიმში პრეზენტაციის ჩატარება, რომელიც ბიზნესის სპეციფიკის გათვალისწინებით კითხვებს პასუხს სცემს და პროდუქტის გასაცნობად უმოკლეს გზას წარმოადგენს.