რეკომენდაციები შეზღუდვის პოლიტიკიდან გამოსვლისთვის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი ანგარიშს წარადგენს!
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების შედეგებისგან მოსახლეობის დასაცავად აირჩია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების მკაცრი შეზღუდვის სტრატეგია. ეს სტრატეგია მეტ-ნაკლებად ხორციელდება დასავლეთის დიდი ქვეყნების უმრავლესობაში.
საქართველოში საყოველთაო კარანტინის ახლანდელი ფორმით თუნდაც 3 თვეზე მეტი ვადით განხორციელება უკავშირდება ძალიან დიდ ეკონომიკურ, სოციალურ, ადმინისტრაციულ, ადამიანურ თუ სხვა ისეთ სირთულეებს, რომელთა დაძლევის საშუალება საქართველოს უბრალოდ არ აქვს. ლაპარაკია არა მხოლოდ მოკლევადიან შედეგებზე, არამედ იმაზეც, რომ ასეთი პოლიტიკის გრძელვადიანი ნეგატიური შედეგები შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს.
ობიქტური რეალობა ისაა, რომ ადრე თუ გვიან აუცილებელი გახდება დაავადებასთან ერთად ცხოვრების გაგრძელება (თუმცა, არსებობს იმედი და გონივრული გათვლა, რომ დაავადება ახლო მომავალში გაცილებით რბილი და ,,მართვადი" უნდა გახდეს), რისთვისაც საჭიროა მზადება ახლავე დაიწყოს. აქამდე მთავრობის მოქმედება ითვლება თანმიმდევრულად, როგორც მოულოდნელ და მასშტაბურ პრობლემაზე მყისიერი რეაქცია. თუმცა მყისიერი რეაქციის შემდეგ უკვე დადგა მომენტი, როცა უნდა გატარდეს გრძელვადიან შედეგებზე გათვლილი, კარგად მოფიქრებული ღონისძიებები.
ამ დოკუმენტის ამოცანაა, დაეხმაროს მთავრობას შეიმუშავოს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც მას საზოგადოების დახმარებით შეაძლებინებს გონივრულ დონემდე შეინარჩუნოს ეკონომიკური აქტივობა, რაც აუცილებელია პირველ რიგში ვირუსისადმი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად, ქვეყანაში ნორმალური ფსიქოლოგიური და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად და კრიზისიდან თანდათანობითი გამოსვლისა და ცხოვრების ნორმალური რიტმის თანდათანობით აღსადგენად.
ეკონომიკური ღონისძიებების რეკომენდაციების შემუშავებისას ვითვალისწინებდით შემდეგს:
- აუცილებელია ყალბი დიქოტომიის დაძლევა, რომლის თანახმადაც ადამიანთა სიცოცხლე ეკონომიკურ ინტერესებს არ უნდა ვანაცვალოთ. ცხადია, ადამიანთა სიცოცხლე გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკა, მაგრამ ჩვენის აზრით, ამ შემთხვევაში ეკონომიკა ადამიანურ ურთიერთობათა მთელი სპექტრია, რომლის მთლიანად მოშლით საფრთხეში მყოფი ადამიანების დაცვა უბრალოდ შეუძლებელი გახდება;
- საქართველოს პარტნიორ დიდ ქვეყნებში პრობლემისადმი არათანმიმდევრული რეაქცია მნიშვნელოვანწილად იყო გამოწვეული საზოგადოებრივი წნეხით. საქართველოში ეს პრობლემა ასე მწვავედ ჯერჯერობით არ დგას, თუმცა უნდა გვესმოდეს ის, რომ თუ მაინც მოხდება დაავადების აფეთქება თუნდაც მცირე დროით, მთავრობა შეიძლება მანევრირების საშუალების გარეშე აღმოჩნდეს. ამიტომაც, რეკომენდააციების მიზანი ისიცაა, რომ მთავრობას შეძლებისდაგვარად შეუმსუბუქდეს წნეხი და მიეცეს გონივრულად და გადამჭრელად მოქმედების საშუალება;
- დრო უნდა იქნას გამოყენებული პრობლემის სიმწვავისა და მასშტაბის შედარებით უფრო ზუსტად შესაფასებლად, რაც აუცილებელია საფრთხისადმი ადეკვატური და პროპორციული ღონისძიებების გასატარებლად იმის ფარგლებში, რასაც ქვეყნის რესურსები იძლევა;
- კრიზისთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ იგი შედგება მრავალი კომპონენტისაგან, რომლების მოგვარებაც შესაძლოა განსხვავებულ მიდგომებს მოითხოვდეს. ასევე, ღონისძიებების ნაწილს მოკლევადიანი, ნაწილს კი გრძელვადიანი შედეგები აქვს, განსაკუთრებით ეკონომიკური ცხოვრების ნაწილში. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში აუცილებელია ისეთი ეკონომიკური ინიციატივების შეთავაზებისა და დაგეგმვისაგან შეძლებისდაგვარად თავის შეკავება, რომელთა შედეგები სათუოა;
- უნდა გვესმოდეს, რომ საყოველთაო კარანტინის (Lockdown) დიდი ხნით გაგრძელება იწვევს გარდაუვალ ნეგატიურ ცვლილებებს ყოფაში, ეკონომიკაში, სოციალურ ცხოვრებაში და სხვა. მრავალი კვლევით დასტურდება, რომ ეს შესაძლოა უკავშირდება მრავალი დაავადების (მათ შორის, იმუნიტეტის დაქვეითების, ინფექციების) მკვეთრ ზრდას, მართლწერიგის რღვევას, კონფლიქტებს და სხვა. ასე რომ, საყოველთაო კარანტინის ,,საფასური" დროთა განმავლობაში გაიზრდება;
- მსოფლიო მედიაში დომინირებს ნიუსები ქვეყნებიდან, რომლებშიც მძიმე მდგომარეობა შეიქმნა. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნების გამოცდილება ერთმანეთისგან განსხვავდება და ზოგად საკმაოდ დადებითი ტენდენციები ფიქსირდება. საჭიროა ამ ტენდენციების ფრთხილად გაცნობა, გათვალისწინება და გაშუქება შეძლებისდაგვარად აკადემიურ სტილში. ისიც აღსანიშნავია, რომ რამდენიმე განვითარებული ქვეყანა აპირებს საკარანტინო წესების ცვლილებას ახლო მომავალში და ამის გათვალისწინება მეტად მნიშვნელოვანია;
- ღონისძიებების დასაგეგმად მხედველობაშია მისაღები დემოგრაფიული ფაქტორები (მაგალითად, მოსახლეობის განფენა რეგიონების მიხედვით, ასაკობრივი სტრუქტურა და სხვა). განსაკუთრებით საყურადღებოა მოკვდაობის რისკისა და მოკვდაობის კოეფიციენტების გათვალისწინება. ეს სტატისტიკა საქართველოში მოიპოვება და შეიძლება ე.წ. ,,ჭარბი სიკვდილიანობის" გათვლა და ევროსტატისა და ევროპის ქვეყნების მიმდინარე სტატისტიკისთვის თვალის დევნება კორონავირუსით სიკვდილიანობის სტატისტიკასთან ერთად, რაც აუცილებელია ჯანდაცვის სისტემის საჭირო რესურსების სათანადო პროპორციით მობილიზაციისათვის.
1 აპრილს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის პირდაპირი მხარდაჭერისთვის, ბიუჯეტიდან გამოიყო 2 მილიარდი ლარი, რომელიც მიმართული იქნება, კომპანიების, სამუშაო ადგილების, კომპანიების მიმდინარე წარმოებისა და ბიზნესების შესანარჩუნებლად. აღნიშნული თანხის გამოყოფა მოხდება კრიზისულ ბიუჯეტში გათვალისწინებული რეზერვებიდან. ჩვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტისთვის რელევანტური ღონისძიებების დეტალური აღწერა ასეთია:
1. სესხები
ბიზნესს, რომელსაც შეექმნება სესხის გადახდის პრობლემა ბანკები ინდივიდუალურად გაუკეთებენ სესხის რესტრუქტურიზაციას. გადავადების/რესტრუქტურიზაციის კონკრეტული პირობები არ არის ცნობილი, რადგან ბანკები ახდენენ კლიენტებისთვის პირობების ინდივიდუალურ შეთავაზებას და შეთანხმებას. რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში (რომელსაც ხშირად საკომისიო გადასახადიც აქვს), მომხმარებლისთვის გადასახდელი თანხის ჯამური ოდენობა იზრდება, რადგან ხდება სესხის ვადის გახანგრძლივება, შესაბამისად იზრდება გადასახდელი ჯამური საპროცენტო გადასახადი.
2. ქონების გადასახადის გადავადება
იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებს: სასტუმროები და რესტორნები, ტურისტული სააგენტოები, სატრანსპორტო კომპანიები, საექსკურსიო საქმიანობა, კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორები და სხვ. საქართველოს მთავრობა გადაუვადებს მომდევნო 4 თვის განმავლობაში გადასახდელ ქონების და საშემოსავლო გადასახადებს. შედეგად, შეღავათი შეეხება გადასახადის 18 000 გადამხდელს და 50,000 ზე მეტ დასაქმებულ პირს. მთავრობის მიერ წარმოდგენილი გათვლებით ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკის ამ სექტორში 100 მლნ. ლარზე მეტი დარჩება.
3. კომუნალური გადასახადების სუბსიდირება~
სამი თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) დაფინანსდება საქართველოს ყველა მოქალაქის კომუნალური გადასახადები, თუ მათ მიერ ერთი თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტრო ენერგია 200 კილოვატ-საათზე ნაკლებია და/ან ბუნებრივი აირის მოხმარება - 200 მ3-ზე ნაკლებია, ამაში შედის ასევე დასუფთავებისა და წყლის გადასახადებიც. პრემიერის განმარტებით, შეღავათი შეეხება ელექტროენერგიის 1,200,000 და გაზის 650 000 აბონენტს.
4. სექტორული მხარდაჭერა
სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" წარმოადგინა თანადაფინანსების მექანიზმები რომლებიც საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობას გულისხმობს. აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში მოხდება 2020 წლის პირველი მარტიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული წლიური სარგებლის თანადაფინანსება. თანადაფინანსება ვრცელდება სესხების არაუმეტეს 80%-ზე ეროვნულ ვალუტაში და 70%-ზე უცხოურ ვალუტაში. სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 1 მლნ. ლარს, 300 000 აშშ დოლარს და 250 000 ევროს. ამასთან, გაფორმებული სესხის ხელშეკრულების მიზნობრიობა უნდა იყოს სასტუმროს მშენებლობა/გაფართოება/აღჭურვა/რემონტი/რეკონსტრუქცია.
გარდა ამისა, კომპანიებისთვის ფინანსური რესურსის მიწოდების მიზნით, მთავრობა გააორმაგებს დღგ-ს დაბრუნებებს და წლის ბოლომდე დაგეგმილი 600 მლნ ლარის ნაცვლად ფინანსთა სამინისტრო კომპანიებს დაუბრუნებს 1,200 მლნ ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა, სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის დამატებით სტიმულირებისთვის გაიზრდება ქვეყანაში კაპიტალური პროექტების მხარდაჭერა. შესაბამისად, 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური ხარჯები დამატებით გაიზრდება 300 მლნ. ლარით.
5. ფასების სუბსიდირება 9 სასურსათო პროდუქციაზე
კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დასახელდა ის 9 სასურსათო პროდუქტი (ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო), რომლებზეც ფასების ზრდის დაზღვევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მლნ. ლარს დახარჯავს. აღნიშული თანხა არის სუბსიდია, რომლითაც სახელმწიფო კონკრეტულ სასურსათო პროდუქტებზე სავალუტო კურსის ცვალებადობით გამოწვეული ფასის ზრდას დააზღვევს. პროგრამა ითვალისწინებს იმპორტიორი კომპანიებისთვის 2020 წლის 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, პროდუქტების იმპორტის მიზნით, უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი და ევრო) გაწეული ხარჯის სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილების სუბსიდიით დაბალანსებას.
ამასთან, განსაზღვრულია სანქციებიც იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არ შეასრულებს ვალდებულებას და სუბსიდირების მიღების შემდეგ, პროდუქტების ფასებს გაზრდის. უფრო კონკრეტულად, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპანიას დაეკისრება მიღებული სუბსიდიით განსაზღვრული თანხის უკან დაბრუნება და დამატებითი პირგასამტეხლო - მიღებული სუბსიდიის თანხის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 10 000 ლარისა.
6. საფინანსო სექტორი
31 მარტიდან შეიცვალა საფინანსო სექტორის მუშაობაც. კერძოდ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით დროებით გაჩერდა სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, საფონდო ბირჟის, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მუშაობა. აღნიშნულ სუბიექტებს საქმიანობა (გარდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა), შესაძლებლობის შემთხვევაში, ოფისებში მიუსვლელად, მხოლოდ დისტანციური არხების მეშვეობით შეეძლებათ.
ამასთან, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას კვლავ განაგრძობს კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან. ასევე, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ საქმიანობას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების ფუნქციონირებისათვის საჭირო მომსახურების მიმწოდებლები.
7. ეროვნული ვალუტის მხარდამჭერი ღონისძიებები
კრიზისის დასაწყისიდან, 9 მარტიდან 27 მარტამდე ლარის კურსი აშშ ვალუტასთან მიმართებაში 2.77-დან 3.485-მდე გაუფასურდა, თუმცა 4 აპრილის მდგომარეობით, ლარი 3.2158-მდე გამყარდა. პერიოდი დასაწყისში სწრაფი გაუფასურების აღნიშნული დინამიკის მიუხედავად, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 18 მარტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
8. სესხების გადავადება
ოფიციალური ინფორმაციით სესხების გადავადების კამპანია კომერციულმა ბანკებმა კერძო ინიციტივით დაიწყეს. ინიციატივა გულისხმობს 3 თვით ე.წ. შეღავათიან პერიოდს და ყველა კომერციულმა ბანკმა მსგავსი პირობებით წარმოადგინა:
მომხმარებლები სესხებზე საშეღავათო პერიოდით - 30 ივნისის ჩათვლით სესხების გადავადებით ისარგებლებენ. საშეღავათო პერიოდი 13 მარტიდან დაიწყო და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და შეეხება არა უმეტეს 3 თვის გადასახდელის გადავადებას. საშეღავათო პერიოდი შეეხება ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ვინც კომერციულ ბანკებში ამჟამად სარგებლობს საკრედიტო პროდუქტებით; საშეღავათო პერიოდით სარგებლობა შეუძლიათ იმ მომხმარებლებსაც, რომლებსაც აქვთ ვადაგადაცილებული სესხები. ვადაგადაცილების დღეების სიდიდიდან გამომდინარე, გარკვეულ შემთხვევებში საჭირო იქნება ინდივიდუალური განხილვა. სესხის საკონტრაქტო განაკვეთები არ შეიცვლება. თუმცა გაიზრდება ყოველთვიური გადასახდელი თანხა საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, რადგან ბანკი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული პროცენტის გადანაწილებას ახდენს სესხის დარჩენილ ვადაზე; სესხის ვადა გაიზრდება გრაფიკიანი სესხების შემთხვევაში და აღნიშნული პირობები გავრცელდა ყველა მსესხებელზე - იმ მსესხებლებს, რომლთაც არ სურთ საშეღავათო პერიოდით სარგებლობა, მიეცათ შესაძლებლობა უარი თქვან მასზე შესაბამისი შესტყობინების გაგზავნით.
9. საპენსიო თანხების წინასწარ დარიგება - 70 წელს+ასაკის პენსიონერებისთვის
ლიბერთი ბანკმა, საქართველოს მთავრობასთან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება და 23 მარტიდან აცხადებს 100 მილიონ ლარიან პროგრამას აპრილის თვის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით. ამ ეტაპზე ეს პროგრამა შეეხება ყველაზე სარისკო ჯგუფში მოაზრებულ ადამიანებს, რომლებიც დღეს არიან 70 წლის და მეტის.
10. სოციალური/საგადასახადო შეღავათები და დახმარებები
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ბიუჯეტის გადახედვაზე და სოციალური დაცვის მექანიზმების ამოქმედებაზე, მაგალითად ელექტროენერგიის ვაუჩერების შემოღებაზე უკიდურესად გაჭირვებულთათვის და/ან მათთვის, ვინც შემოსავლის წყარო დაკარგა. შესაძლოა საუბარი იყოს საშემოსავლო გადასახადის ნაწილობრივ შეღავათზეც. ჯერჯერობით აღნიშნული გადაწყვეტილებები მიღებული არ არის.
ერთჯერად სოციალურ მხარდამჭერ ღონისძიებებს შორისაა გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ საქართველოში წარმოებული პირბადეები 23 მარტიდან 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა ადამიანებს დაურიგდებათ.
11. ეროვნული ბანკის საგანგებო ღონისძიებები
ბოლო დროს ლარზე მოთხოვნის სწრაფი ზრდის დასაკმაყოფილებლად ეროვნული ბანკი კომერციულ საბანკო დაწესებულებებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ჯამში 400 მილიონი დოლარის ეკვივალენტ ლიკვიდობას მიაწვდის სვოპ სქემების მეშვეობით. ეს ღონისძიება, სხვა არსებული კონდიციების თანაბრობის პირობებში დროული და გონივრულია იმ ფონზე, რომ მთელმა რიგმა მყისიერმა აქტივობებმა შესაძლოა ბანკები მოკლევადიან პერიოდში ლიკვიდობის დეფიციტის წინაშე დააყენა. აქვე აუცილებელია ეროვნულმა ბანკმა უკვე იფიქროს საბანკო სისტემის ნორმალურ კალაპოტში გადასაყვანად საჭირო დროსა და რესურსებზე, ვინაიდან ინიციატივისთვის გაცხადებული ერთი წელი საკმარისზე მეტია და პანდემიის განვითარების ისეთ სცენარს შეესაბამება, რაც ყველა მასშტაბიან ეკონომიკურ გათვლას ეჭვქვეშ აყენებს.
12. ნებადართული საქმიანობის სპექტრის გაფართოება
23 მარტის #181 დადგენილების გამოცემის შემდეგ მთავრობამ რამდენჯერმე შეიტანა ცვლილება მასში და გააფართოვა დაშვებული საქმიანობის ნუსხა. ეს კარგი ცვლილებაა, თუმცა სპორადულ ხასიათს ატარებს და გასათვლელია ის, თუ რამდენადაა შედეგის მომტანი სპორადულად დაშვებული საქმიანობის სფეროების გაფართოება დანარჩენი ეკონომიკის შეჩერების, განსაკუთრებით კი გადაადგილებისა და მოსახლეობის პანიკური განწყობების ფონზე.