RESTART – კარიერული მენტორინგის პლატფორმა ახალი დასაწყისისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

RESTART - ასე ჰქვია კარიერული მენტორინგის პლატფორმას, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს სამუშაოს მაძიებელსა და დამსაქმებელს შორის. მისი მიზანია სამუშაოს მაძიებლების პიროვნული განვითარება და პროფესიული პორტფოლიოს მომზადება, რაც დასაქმების გზაზე მათ მნიშვნელოვან უპირატესობას განსაზღვრავს.

Entrepreneur-თან საუბრისას პროექტის დამფუძნებელი, ნინო გავგვალია Restart-ის შექმნის ისტორიას გვიზიარებს.

პლატფორმის იდეა 2021 წელს Facebook-ის ჯგუფმა "დასაქმების ხელშეწყობა ზუგდიდში" შთააგონა, რომელიც შვიდი სამუშაოს მაძიებლის გაერთიანებით შეიქმნა.

"ეს ის პერიოდია, როცა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი დავასრულე და ახალი გამოწვევების წინაშე დავდექი. ადამიანები ხშირად მიკავშირდებოდნენ კონსულტაციისთვის, თუმცა იმ დროისთვის ჩემი მეოთხე შვილი მხოლოდ სამი თვის იყო და მოხალისეობრივი დახმარებისთვის დრო არ მქონდა. ამიტომ გადავწყვიტე, შემექმნა პლატფორმა, სადაც ახალგაზრდებისთვის განათლების, განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობებს ერთ სივრცეში გავაერთიანებდი", – იხსენებს ნინო.

შექმნის პერიოდში ნინოს ვერც კი წარმოედგინა, რომ პლატფორმას დღეს 10 000 მომხმარებელი ეყოლებოდა. მისი მუშაობის სტრატეგია კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის აქტიურ ჩართულობაზე იყო ფოკუსირებული, რაც თითოეული სამუშაოს მაძიებლის დასაქმებას უწყობდა ხელს. ამ მიდგომამ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაინტერესებაც გამოიწვია, რომელიც იმ დროს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და დასაქმებაზე ორიენტირებულ პროგრამებს ავითარებდა. Restart-მა ეს შესაძლებლობა გამოიყენა და შესაბამისი ინიციატივები შეიმუშავა, რომლებმაც წარმატებით იმუშავა.

ნინო გვაგვალია:

"პლატფორმამ 700-ზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესა უნარები და დასაქმებაში დაეხმარა. თავიდანვე ვგრძნობდი, რომ ამ იდეას უფრო ფართო მასშტაბი ჰქონდა, ამიტომ დაფინანსებაზე არაერთი უარის მიღების გამო არ დავნებდი და მუშაობას ვაგრძელებდი. რეგიონის ყველა პროგრამაში ვმონაწილეობდი, განსაკუთრებით ტექნოლოგიური მიმართულებით, რომელსაც ზუგდიდის ტექნოპარკი გვთავაზობდა".

გარკვეული დროის შემდეგ Restart-მა გაიმარჯვა GITA-სა და USAID-ის პროგრამაში "ინოვაციების გრანტები რეგიონისთვის", რის შედეგადაც პროექტმა დაფინანსება მიიღო.

მიღებული რესურსის გამოყენებით პლატფორმა განვითარდა და დღეს დამსაქმებლებს რეკრუტინგის პროცესის გამარტივებაში, ხოლო სამუშაოს მაძიებლებს პროფესიული განვითარების ყველა ეტაპზე დახმარებას სთავაზობს. მისი სერვისები მოიცავს კონსულტაციებს, უნარების ანალიზს, ინდივიდუალური კარიერული გეგმის შექმნას, საქმიანი პორტფოლიოს მომზადებას, მენტორინგს და პროგრესის შესაბამისი ინდიკატორებით შეფასებას. პლატფორმა ასევე, უზრუნველყოფს ორივე მხარის ინტერაქციას.

"ჩვენი მისიაა, გავხდეთ პარტნიორი ადამიანების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაში და დავამტკიცოთ, რომ ახალი დასაწყისისთვის არასდროს არის გვიან",– ამბობს ნინო გვაგვალია.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი