როგორ დავიწყოთ სტარტაპი? ახალი ტრენინგ-სერია "მედიალაბისგან"
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მხოლოდ კარგი იდეით სტარტაპს ვერ დაიწყებ. სტარტაპის კეთება ნიშნავს ყოველდღიურად იპოვო პასუხი შეკითხვაზე − "როგორ?"; როგორ გადავჭრათ ესა თუ ის მნიშვნელოვანი საკითხი?
ამ შეკითხვებზე საპასუხოდ, "მედიალაბმა" გადაწყვიტა ქართველ დამწყებ სტარტაპერებს შესთავაზოს ტრენინგების სერია "როგორ დავიწყოთ სტარტაპი". ტრენინგები 2021 წლის 24, 25 და 26 დეკემბერს, ონლაინფორმატში ჩატარდება. აქამდე მსგავსი ტრენინგები სტარტაპიდეების კონკურს "იდეადრომის" ფარგლებში ფიზიკურ სივრცეში იმართებოდა, თუმცა კოვიდ-შეზღუდვების გამო შეხვედრებზე მონაწილეობას მსურველთა მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებდა. ონლაინფორმატი დასწრების შესაძლებლობას მეტ სტარტაპერს მისცემს.
ტრენინგი უპასუხებს 8 მთავარ შეკითხვას "როგორ", რომელსაც დამწყები სტარტაპერები აწყდებიან, ესენია:
1. როგორ წარვადგინო იდეა?
2. როგორ ვმართო სტარტაპგუნდი?
3. როგორ მივხვდე, რომ ჩიხში შევედი და მჭირდება ცვლილება?
4. როგორ ვიპოვო მომხმარებელი?
5. როგორ შევქმნა და დავტესტო პროტოტიპი ნული ლარით?
6. როგორ შევქმნა პროდუქტის პირველი ვერსია (MVP)?
7. როგორ ჩამოვაყალიბო ბიზნესმოდელი?
8. როგორ ვაწარმოო ინვესტორთან კომუნიკაცია?
ტრენინგების მიზანია დამწყებ სტარტაპერებს ასწავლოს მეთოდები, მისცეს ინსტრუმენტები და დაანახვოს, რა მიმართულებით იფიქრონ ამ შეკითხვებზე სწორი პასუხების მისაღებად.
ამ ტრენინგების შექმნის იდეა "მედიალაბის" გუნდს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც დაინახეს, თუ რამდენი პოტენციურად კარგი სტარტაპი მარცხდებოდა დასაწყისში დაშვებული შეცდომების გამო.
"ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავანახვოთ, რა არის სტარტაპი, როგორია მასზე მუშაობის პროცესი, ვასწავლოთ სწორი მიდგომები და პრინციპები, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ საქმის გაგრძელება, დაფინანსების მოპოვება, გუნდის გაზრდა და ა.შ. ჩვენთან, ბევრი კარგი სტარტაპერი მოსულა კარგი იდეით, მაგრამ იმდენად ბევრი შეცდომა ჰქონდათ დაშვებული დასაწყისში, რომ მათი დახმარება ვერ შევძელით. მივხვდით, რომ კარგი ადამიანები არასაკმარისი ცოდნის გამო ვერ იწყებდნენ სტარტაპის კეთებას ან იმდენად არასწორად იწყებდნენ, რომ ძალიან დიდი დრო ეკარგებოდათ ამის გამოსწორებაში", − აცხადებს "მედიალაბის" აქსელერატორის მენეჯერი ლუკა კაკაბაძე − "კლასიკური შეცდომის ერთ-ერთი მაგალითია პრობლემის არასწორი იდენტიფიცირება. ჩვენ მთელი სისტემა გვაქვს აგებული იმაზე, თუ რატომ უნდა იყო პრობლემაზე ორიენტირებული. როცა მიადგები გარკვეულ საკითხებს, მაგალითად "როგორ მოვძებნო მომხმარებელი", ძალიან მნიშვნელოვანია გესმოდეს, რა არის პრობლემა, რა არის მისი თეორიული გადაწყვეტა, და არა პროდუქტი. თუ შენ გესმის რა არის გადაწყვეტა, მაშინ შეგიძლია ბევრნაირი პროდუქტის მოფიქრება და იმ შემთხვევაშიც კი, თუ შენი პროდუქტი მომხმარებელს არ მოსწონს, შეგიძლია იგი სწრაფად შეცვალო და მოარგო მომხმარებლის საჭიროებებს".
ქართულ რეალობაში "სტარტაპი" საკმაოდ ახალი მოვლენაა და გასაკვირიც არ არის, რომ მის შესახებ ცნობიერება საზოგადოებაში საკმაოდ დაბალია. როგორც ლუკა გვიამბობს, მასთან ხშირად მისულან ბიზნესპროექტით, რომელსაც სწრაფი ზრდის პოტენციალი არ გააჩნდა, რაც სტარტაპის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. ასევე ხშირია გუნდთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც სტარტაპის მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს. ზოგი ბიზნესმოდელის არასწორი ხედვის გამო განიცდის წარუმატებლობას, ზოგი კი, მათ შორის უკვე საკმაოდ მსხვილი სტარტაპები, გვიან აცნობიერებენ, რომ მათი პროდუქტი მომხმარებელს საერთოდ არ აინტერესებს და ფული პრაქტიკულად არაფერში დახარჯეს. "ჩვენი ტრენინგების ძირითადი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ სტარტაპერებს დასაწყისშივე არ მივცეთ ისეთი შეცდომების დაშვების საშუალება, რომელთა თავიდან არიდებაც თეორიულად შესაძლებელია. ეს დაეხმარება მათ დაზოგონ დრო, ფული და სხვა რესურსები, რაც ხშირად განაპირობებს სტარტაპის წარმატებას", − ამბობს ლუკა.
პროექტის ავტორების თქმით, ტრენინგების სერია გაჯერებულია მეთოდებით სხვადასხვა სფეროდან, რომლებიც შესაძლოა არ უკავშირდებოდეს ბიზნესს, თუმცა კარგად ერგება სიტუაციას და პრობლემის გადაჭრის გზას გვიჩვენებს. ამის თვალსაჩინო მაგალითია აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) მოლაპარაკების ტექნიკა, რომელიც გვასწავლის როგორ მიუდგე უცნობ ადამიანს ისე, რომ მისი პერსპექტივიდან დაინახო ესა თუ ის საკითხი და ნებისმიერი რამ მისთვის გასაგები ენით ახსნა. ეს მეთოდები ბევრად ეფექტურს ხდის ინვესტორთან მოლაპარაკებას.
"ამ ტრენინგებზე მუშაობა წელიწადნახევრის წინ დავიწყეთ და პირველად ჩვენს სტარტაპებზე დავტესტეთ. ჩავატარეთ სტარტაპიდეების კონკურსი "იდეადრომი", რომლის ფარგლებშიც გუნდები "მედიალაბში" იდეით მოდიან, ჩვენ კი ერთი კვირის განმავლობაში ვეხმარებით მათ დახვეწაში და სტარტაპზე მუშაობის დაწყებაში. "იდეადრომის" მონაწილეებისგან მივიღეთ მნიშვნელოვანი უკუკავშირი, რაც დაგვეხმარა ტრენინგების დახვეწაში. რა თქმა უნდა, იდეალური ვერაფერი იქნება, თუმცა მივაღწიეთ იმ ეტაპს, როდესაც მზად ვართ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება ფართო აუდიტორიას გავაცნოთ. კარგად ვიცით, რომ ოფლაინ-ტრენინგი სტარტაპერებთან ინდივიდუალურად მუშაობის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ონლაინ ამის გაკეთება ბევრად რთულია, მაგრამ ბოლო "იდეადრომმა" გვიჩვენა, რომ რიგი საკითხების თეორიულად ახსნაც კი საკმარისია ძირითადი პრობლემების დასაძლევად", − გვიამბობს ლუკა კაკაბაძე, − "ვინაიდან "იდეადრომში" მონაწილეობის მიღება ძალიან ბევრ გუნდს უნდოდა, ჩვენ კი ხუთ სტარტაპზე მეტთან "კოვიდ"-შეზღუდვების გამო ვერ ვმუშაობდით, საჭიროდ მივიჩნიეთ ტრენინგების ონლაინსივრცეში გადატანა. რაც შეეხება სწავლების ეფექტურობას, სწორად შედგენილი პროგრამითა და უკუკავშირზე დამყარებული დავალებების სისტემით, ვეცადეთ ეს ტრენინგკურსი მაქსიმალურად მიახლოებული ყოფილიყო ფიზიკურ შეხვედრებთან. ჩვენ გვინდა, ამ ონლაინტრენინგებით დიდი აუდიტორია მოვიცვათ და დავეხმაროთ არა მხოლოდ მათ, ვისაც ჩვენს პოტენციურ სტარტაპად აღვიქვამთ, არამედ მათაც, ვინც შეიძლება "მედიალაბის" სტარტაპი ვერ გახდეს, მაგრამ აინტერესებთ ეს სფერო".
სტარტაპ-ინკუბატორი "მედიალაბი" საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ დააფუძნა. "მედიალაბი" "მედიააკადემიის" ნაწილია, რომლის მისია მედიაწიგნიერების, მათ შორის ციფრული წიგნიერების განვითარების ხელშეწყობაა. "მედიალაბმა" ამ მიზნის მისაღწევ ინსტრუმენტად სტარტაპები აირჩია და ეხმარება ციფრული მედიის სფეროში მომუშავე სტარტაპებს. "მედიალაბის" გუნდი ხელს უწყობს ინოვაციების დანერგვას, მუდმივად ზრუნავს შემოქმედებითად და ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანების მოზიდვაზე, ბიზნესებისა და ინვესტორების ჩართულობის უზრუნველყოფაზე და ძლიერი სტარტაპსაზოგადოების შექმნაზე.
"მედიალაბი" სტარტაპებისთვის უზრუნველყოფს: აქსელერაციის სრულ პროცესს; სამუშაო სივრცეს; დაფინანსებას; საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორებისა და ინვესტორების მოძიებაში დახმარებას; საჭირო ტრენინგებსა და ვორკშოპებს; შეხვედრებს; ჰაკათონებს, კონკურსებსა და სხვა ღონისძიებებს.
"მედიალაბი" ყოველთვის ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ახალი ტრენერი და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტი ჩავრთოთ ჩვენს პროექტებში. ტრენინგების გარდა, ჩვენ გვაქვს აქსელერაციის პროგრამა, სადაც სტარტაპებს ვუწევთ მენტორობას, ვეხმარებით მათთვის საჭირო ტექნიკური უზრუნველყოფით, კავშირებით, ინვესტორებთან ურთიერთობით და ბევრი სხვა მიმართულებით. ჩვენ ძირითადად ორი სახის სტარტაპები გვყავს, რომლებიც შედარებით დამწყებ ეტაპზე იმყოფებიან, რომლებიც უკვე გასულები არიან ბაზარზე და აქტიურად იზრდებიან", − ამბობს ლუკა კაკაბაძე.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, "მედიალაბში" აპირებენ ტრენინგების მეორე ეტაპის შემუშავებას. პირველი სერია სტარტაპერებს ასწავლის, თუ როგორ დაიწყონ საქმე ნულიდან და როგორ მივიდნენ პირველ დაფინანსებამდე, ხოლო ახლო მომავალში დაემატება ტრენინგები უკვე მოპოვებული ინვესტიციით პროდუქტის ჩამოყალიბების, ბაზარზე გასვლისა და გაყიდვების გაზრდის შესახებ.
ტრენინგ-კურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა შეავსონ მარტივი ფორმა.
მეტი ინფორმაციის მისაღებად კი ეწვიეთ "მედიალაბის" Facebook გვერდს.