როგორ გვიბიძგებს ტყის ხანძრების გახშირება გამოვლენის ახალი სისტემების დანერგვისკენ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
17 ივლისის კვირაში კანადის ხანძარი რეგისტრირებული იყო 900 ტყეში, რამაც ჯამში 10 მილიონი ჰექტარი გადაწვა და რეკორდულ მაჩვენებლად იქცა. გარდა ამისა, აღნიშნულმა ხანძრებმა გამოყო იმაზე მეტი ნახშირორჟანგი წლის პირველ ექვს თვეში, ვიდრე რომელიღაც სხვა წელს სრულ 12 თვეში დაფიქსირებულა.
ხანძრების ბოლოდროინდელმა მასშტაბმა ტექნოლოგიურ განვითარებაში მეტი ინვესტიციის საჭიროება ცხადყო. მიზანია ცეცხლის იმ ეტაპზე გამოვლენა, რომ ხანძარი ტყის მასივებზე არ გავრცელდეს.
ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა OroraTech − გერმანიაში დაფუძნებულ ფირმას ოფისი ვანკუვერში, კანადაშიც აქვს და დედამიწის გარშემო ორ სატელიტს მართავს. ინფრაწითელი სენსორების მეშვეობით ხელოვნური თანამგზავრები ტემპერატურას ოთხმეტრიანი სიზუსტით უწევენ მონიტორინგს. OroraTech გეგმავს, რომ მომავალი წლისთვის ორბიტაზე რვა თანამგზავრი ჰყავდეს, ხოლო 2026 წლისთვის გეგმავენ დღეში 48-ჯერ მოახერხონ დედამიწის ზედაპირის სკანირება.
სხვა სატელიტებთან ერთად მოპოვებული ინფორმაციის შეჯამებით სისტემა მალევე ამჩნევს ანომალიურ ტემპერატურულ ცვლილებას მოკლე დროში და მონაცემებს კლიენტებს გადასცემს. გარდა აღმოჩენისა, სისტემას შეუძლია იწინასწარმეტყველოს, როგორ განვითარდება ხანძარი. OroraTech-ის კლიენტები, უმეტესწილად, ტყის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო ორგანიზაციები არიან.
"ჩვენს სისტემას შეუძლია დაინახოს, რამდენიმე პატარა ცეცხლის კერიდან რომელი შეიძლება გადაიზარდოს დიდ ხანძარში", − ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ტომას გრუბლერი BBC-ისთან.
ნიუ იორკში დაფუძნებული კომპანია Cornea კი ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და გეოგრაფიული თუ ტოპოგრაფიული მონაცემების დახმარებით ცდილობს, დაინახოს, როგორ განვითარდება ხანძარი თუ მისი მცირე კერა.
"ჩვენი მიზანია, ტყის საკითხებზე მომუშავე დეპარტამენტებს მივაწოდოთ ინფორმაცია და მივცეთ საშუალება, დეტალურად აუხსნან ადგილობრივებს, კონკრეტულად რა სახის საფრთხეები არსებობს ხანძრის ზონაში", − ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ჯოშ მენდელსონი.
გარდა პროექციისა და შესაძლო განვითარების სცენარებისა, Cornea-ს გუნდს შეუძლია აღმოაჩინოს კერები, სადაც ხანძართან ბრძოლა უფრო მომგებიანი და შედეგიანი იქნება. როგორც კომპანიაში ამბობენ, ტყის მასიური ხანძრის პირობებში, როგორც წესი, რთულია მსგავსი წერტილების პოვნა − ხელოვნური ინტელექტი კი ამაში დიდ როლს თამაშობს.
კიდევ ერთი რეგიონი, გახშირებული ხანძრებით, კალიფორნიაა. შტატის ტყეებისა და ხანძრისგან თავდაცვის დეპარტამენტმა Alert California რამდენიმე კვირის წინ წარუდგინა საზოგადოებას − ეს არის ხელოვნური ინტელექტით მომუშავე პროგრამა, რომელიც 1032 მბრუნავ კამერას იყენებს ცეცხლის აღმოსაჩენად. დანერგვიდან მალევე, პროგრამამ საწყის ეტაპზე გამოავლინა კლივლენდის ეროვნულ პარკში გაჩენილი ცეცხლის კერა.
როგორც ცნობილია, პროგრამა სან დიეგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით კომპანია DigitalPath-მა შექმნა და მისი ინვესტიცია $20 მლნ-მდე აღწევს.