როგორ შევქმნათ პროფესიონალური რეზიუმე? résumé ფრანგული ენიდან დამკვიდრდა და ინფორმაციის შეჯამებას, მოკლე შინაარსს ნიშნავს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ტერმინი résumé საერთაშორისოდ ფრანგული ენიდან დამკვიდრდა და ინფორმაციის შეჯამებას, მოკლე შინაარსს ნიშნავს.
რეზიუმე მოიცავს ძირითად ინფორმაციას თქვენი განათლების, სამსახურეობრივი გამოცდილების და პრაქტიკული უნარების შესახებ, რომლითაც დამსაქმებელს თქვენს შესახებ ზოგად წარმოდგენას უქმნით.
résumé-ს ხშირად CV-ის სახელით მოვიხსენიებთ, რომელსაც ლათინური ენის საწყისები აქვს და იშიფრება როგორც Curriculum Vitae, რაც სიტყვა სიტყვით "ცხოვრების მიმდინარეობას" ნიშნავს.
როგორც წესი, რეზიუმეს ფორმატი სამსახურის მაძიებლებისთვის არის შემუშავებული, CV ფორმა კი აკადემიური მიზნებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა, დიდი ხანია ამ ორ ტერმინს შორის ძირეულ განსხვავებებს აღარ დავეძებთ და ორივე მათგანს ეფექტურად ვიყენებთ საერთაშორისოდ დამკვიდრებულ ყოველდღიურ სასაუბრო ენაში.
რა უნდა გავითვალისწინოთ რეზიუმეს შედგენისას?
აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ კომპანიის HR დღის განმავლობაში უამრავ რეზიუმეს იღებს. ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი დოკუმენტი, რომელიც იქნება საგზური მომავალ დამსაქმებელთან პირველი გასაუბრებისთვის.
გაითვალისწინეთ, რომ როგორც წესი, პიროვნება, რომელიც რეზიუმეების გადარჩევაში მონაწილეობს, თითოეულ მათგანს ერთ წუთზე მეტ დროს არ უთმობს. ამიტომ, აუცილებელია ეფექტურად იყოს ხაზგასმული სწორი აქცენტები და არ იყოს გადატვირთული არასაჭირო ინფორმაციით.
სხვადასხვა ტიპის კომპანიებს, რეზიუმეს შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმები აქვთ. მაგალითად Demenagio უპირატესობა ანიჭებს მარტივად შედგენილ ერთ გვერდიან რეზიუმეს, სადაც ნათლად ჩანს რომ პოტენციური დასაქმებული სტაბილური პიროვნებაა .
რეზიუმეს სტრუქტურა
რეზიუმე აუცილებლად უნდა მოიცავდეს:
- პირად საკონტაქტო მონაცემებს
- ინფორმაციას განათლების შესახებ
- ინფორმაციას პროფესიული გამოცდილების შესახებ
- გავლილ ტრენინგებს, სერთიფიკატებს
რეზიუმე პირადი საკონტაქტო ინფორმაციის გარეშე, ჩათვალეთ ცარიელი ფურცელია.
პირადი ინფორმაციის ფარგლებში, სრულიად საკმარისია სახელისა და გვარის, საჭიროების შემთხვევაში კი საცხოვრებელი ქალაქის მითითება. სხვა სახის პირად ინფორმაციას, როგორიცაა, პირადი ნომერი, ოჯახური მდგომარეობა, ოჯახის წევრების შესახებ და სხვა პირადი შეხედულებები, რეზიუმეში არაფერი ესაქმება.
საკონტაქტო ინფორმაციის გრაფაში აუცილებლად უნდა მიუთითოთ პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, სადაც რეზიუმეს შერჩევის შემთხვევაში, მომავალი დამსაქმებელი დაგიკავშირდებათ.
განათლებისთვის განკუთვნილი გრაფა რეზიუმეს უმნიშვნელოვანესი ნაწილია. აუცილებელია, სწორად წარმოაჩინოთ თქვენი მიღწევები. გამოკვეთოთ უნივერსიტეტი, ფაკულტეტი და სწავლის დაწყებისა და დასრულების წლები. ინფორმაცია სკოლის შესახებ რეზიუმეში ძირითადად, რეკომენდებული არ არის გამონაკლისი შემთხვევების გარდა - თუ მაგალითად სწავლობდით უცხოენოვან სკოლაში ან საზღვარგარეთ.
HR-ების მხრიდან ძირითადი ყურადღება პროფესიულ სამუშაო გამოცდილებას ეთმობა. ეცადეთ, ნათლად და ლოგიკურად წარმოაჩინოთ თქვენი კვალიფიკაცია, შესაძლებლობები და კომპეტენცია.
რაც შეეხება ინფორმაციას ტრენინგების და სერტიფიკატების შესახებ, ამ გრაფაში შეგიძლიათ მოაქციოთ ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, განვლილი ტრენინგები პროფესიული განვითარებისთვის, კონფერენციები და ასე შემდეგ.
თუ თქვენი პროფესია და საქმიანობა მოიცავს ისეთ სფეროებს, სადაც ნამუშევრების წარდგენა შეგიძლიათ, აუცილებლად შექმენით პირადი პორტფოლიო და დაურთეთ იგი თქვენს რეზიუმეს. ეს ნაბიჯი დაგეხმარებათ ერთი მხრივ თქვენ, საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაში, მეორე მხრივ კი დამსაქმებელი ან HR მენეჯერი უკეთ შეძლებს შეაფასოს თქვენი შესაძლებლობები.
რეზიუმეს ვიზუალური მხარე
თუ გსურთ, რომ HR მენეჯერმა, რომელიც რეზიუმეების გადარჩევაში მონაწილეობს, სწორად აღიქვას თქვენი სამუშაო გამოცდილება და მიღწევები, რეზიუმე უნდა იკითხებოდეს მარტივად.
ამისათვის, გამოიყენეთ მარტივად აღქმადი შრიფტი (მაგალითად, Times New Roman, Arial ან Calibri). დარწმუნდით, რომ შრიფტი არ არის ძალიან დიდი ან ძალიან პატარა ზომის. (აირჩიეთ ზომა 10-დან 12მდე).
გარდა ამისა, ყურადღება ეთმობა რეზიუმეს დიზაინს. სასურველია, არ დატვირთოთ სიმბოლოებით, გრაფიკული გამოსახულებებითა და ფერებით. თუ თქვენი საქმიანობის სფერო არ მოითხოვს, ნუ გარისკავთ გადამეტებულ კრეატიულობას.
გამოვიყენოთ თუ არა ფერები რეზიუმეს ვიზუალში?
ძირითადად, პასუხი დადებითია. ერიდეთ მხოლოდ შავი და თეთრი ფერების გამოყენებას. სწორი ფერების კომბინაციით, თქვენ გაქვთ შანსი გახადოთ თქვენი რეზიუმე მიმზიდველი და დასამახსოვრებელი, რითაც მას სხვა კანდიდატების CV-სგან გამოარჩევენ.
ფერების საშუალებით მარტივია რეზიუმეს მნიშვნელოვანი სექციების გამოყოფა, რითაც HR მენეჯერების დროს საგრძნობლად დავზოგავთ და ჩვენი CV ფორმა ამ მხრივაც დასამახსოვრებელი გახდება. თუმცა, აუცილებელია სწორად და შევარჩიოთ და არ გადავტვირთოთ რეზიუმე ფერებით.
CV-ში ფერების შესარჩევად, ხშირად მიმართავენ ფერების ფსიქოლოგიის თეორიას, სადაც თითოეულ მათგანს სპეციფიური დატვირთვა აქვს და ადამიანებში სხვადასხვა განწყობებს წარმოშობს.
- წითელი გამოიყენება ძალის, ნდობისა და მოქმედების გამოსახატად;
- ყვითელი ფერი ენერგიასა და პოზიტიურ დამოკიდებულებას გვაგრძნობინებს;
- ლურჯი ფერი გამოხატავს გულწრფელობასა და საიმედოობას;
- ნარინჯისფერი არის პროდუქტიულობა და ქმედითუნარიანობა;
- მწვანე კი ზრდისა და სიმშვიდის გამომხატველი ფერია.
რა არ უნდა იყოს პროფესიონალურ რეზიუმეში?
გასაუბრების დროს საკმაოდ უხერხული სიტუაცია შეიქმნება, თუკი CV-ში მოყვანილ ფაქტებთან შეუსაბამობაში აღმოჩნდებით, ანუ რეზიუმეში იცრუებთ. ეს შემთხვევა თქვენს ამ კონკრეტულ დამსაქმებელთან წარმატებული ინტერვიუს შანსებს 0-ის ტოლ ნიშნულამდე დაიყვანს.
ამის გარდა, არავითარ შემთხვევაში არ გაგზავნოთ ლათინური ასოებით შედგენილი რეზიუმე.
ყურადღება მიაქციეთ გრამატიკულ შეცდომებს. არ აქვს მნიშვნელობა, თქვენს პროფესიასთან რამდენად კავშირშია ქართული ენის გრამატიკის ცოდნა. სტილისტური შეცდომები, ბარბარიზმებისა და ჟარგონების გამოყენება ძალიან უსიამოვნო ტონია რეზიუმეს ფორმატში.
ნუ გაგზავნით ტექსტურ დოკუმენტში შექმნილ რეზიუმეს. იგი აუცილებელია იყოს PDF, ან JPG ფორმატში.
სად შეგვიძლია შევქმნათ პროფესიონალური რეზიუმე?
როგორც ხედავთ, რეზიუმეს შექმნა საკმაოდ შრომატევადი საქმეა, რადგან უამრავი დეტალის გათვალისწინებას გულისხმობს. თუმცა, ამ საქმისთვის დროის დათმობა ნამდვილად გონივრული ინვესტიციაა.
დღესდღეობით, არსებობს რეზიუმეს შემქმნელი ონლაინ პლატფორმები, სადაც უამრავ ფასიან თუ უფასო შაბლონს შეხვდებით, სხვადასხვა დიზაინითა და ფორმატით. ეს პლატფორმები საშუალებას მოგცემთ უზრუნველყოთ რეზიუმეს როგორც ტექსტური, ისე ვიზუალური მხარე.
რეზიუმეს შემქმნელ პლატფორმებზე მოცემული შაბლონები განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის და გამოცდილების მქონე ადამიანებისთვის. მრავალფეროვანი არჩევანი საშუალებას მოგცემთ შეარჩიოთ თქვენს მოთხოვნებსა და გემოვნებაზე მორგებული ფორმატი.
ვიმედოვნებთ, ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები და რეკომენდაციები დაგეხმარებათ შექმნათ ეფექტური რეზიუმე და მნიშვნელოვანი კარიერული ნაბიჯები გადადგათ. გახსოვდეთ, CV არის პირველი კომუნიკაცია თქვენს პოტენციურ დამსაქმებელთან, რაც აუცილებლად გამორჩეული უნდა იყოს.
წარმატებებს გისურვებთ!