Join our Waitlist for Expert Advice!

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში "მაკდონალდსის" პურ-ფუნთუშეულის საწარმო - "ბრედფილდი" გაიხსნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოში "მაკდონალდსის" პურ-ფუნთუშეულის საერთაშორისო სტანდარტების საწარმო - "ბრედფილდი" გაიხსნა და სულ მალე, ადგილობრივ და რეგიონულ ბაზრებზე მომხმარებლებს მრავალფეროვან ასორტიმენტს შესთავაზებს. პროექტი თიბისის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

"ბრედფილდის" ინვესტიციის მოცულობა 26 მილიონ ლარს შეადგენს. საწარმოში დასაწყისისთვის - 30, წარმოების გაფართოებასთან ერთად კი 100 ადამიანი დასაქმდება.

საწარმო "მაკდონალდსის" ქსელის რესტორნებისთვის ერთგვარი რეგიონული ჰაბიც გახდება - 2022 წლიდან "ბრედფილდში" წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში გავა. გარდა იმისა, რომ "ბრედფილდი" საკუთარი პროდუქციით ქსელის 18 ადგილობრივ რესტორანს მოამარაგებს, ლეგენდარული ბურგერის პურების შეძენა მალე საცალო, ქსელურ მარკეტებშიც იქნება შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაცნობი გემოს მიღება მომხმარებლებს უკვე სახლშიც შეეძლებათ.

მომავალში, საწარმოსთან არსებული საგანმანათლებლო ლაბორატორიის შექმნაც იგეგმება, სადაც სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამითა და სტაჟირებით, შესაბამისი სპეციალობის მქონე სტუდენტებს კვალიფიკაციის ამაღლება შეეძლებათ. ამასთანავე, კომპანია ადგილობრივი ფერმერების გადამზადებას, მათ ხელშეწყობასა და მცირე ბიზნესების მხარდაჭერასაც გეგმავს.

საწარმოს პროექტირება და ბიზნეს კონცეფციის შემუშავება 2019 წელს დაიწყო როგორც ადგილობრივ კონსულტანტებთან (Colliers International), ასევე ავსტრიელ პარტნიორებთან ერთად კომპანიიდან - AHB Backwaren GesmbH & Co KG.

შენობის პროექტირებისას გათვალისწინებულია სურსათის უვნებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების ყველა მოთხოვნა. დაცულია როგორც ნედლეულის და მზა პროდუქციის, ისე მომსახურე პერსონალის უვნებელი და უსაფრთხო გადაადგილების სქემები. წარმოების ტექნოლოგიური ხაზისთვის თანამედროვე დანადგარები ამერიკული, გერმანული და იტალიური კომპანიებიდან შეირჩა. მაკდონალდსის ფუნთუშების ცხობის პროცესში, პირველად გამოიყენება მსგავსი ტიპის ღუმელი, რომელიც უმაღლესი ხარისხის შედეგს იძლევა და ამასთანავე, მუშაობის უფრო ეკონომიური და მოქნილი სისტემა აქვს.

"მაკდონალდსმა საქართველოში უმაღლესი ხარისხის მომსახურებისა და სისუფთავის სტანდარტი დანერგა, ახალგაზრდებს განვითარების საშუალება მისცა, დღეს კი ამ ყველაფერს ეროვნული წარმოებაც დაემატა. ეს არის სიახლე, რომელიც რიგ ქვეყნებში ჯერ არ არის დანერგილი, ჩვენ კი საქართველოში ამ შესაძლებლობას უკვე ვთავაზობთ მომხმარებელს. საწარმოს გახსნის ნებართვის მოსაპოვებლად, 2 წლის განმავლობაში ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და ყველა საფეხური წარმატებით გავიარეთ", - თენგიზ კაპანაძე, "მაკდონალდს საქართველოს" გენერალური დირექტორი.

"მაკდონალდს საქართველოსთან 2017 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში "მაკდონალდსის" 7 ახალი რესტორანი გაიხსნა. დღეს კი კვების ხაზს ძალიან მნიშვნელოვანი და მსხვილი კომპონენტი - ეროვნული წარმოებაც დაემატა. ეს არის პურ-ფუნთუშეულის უმაღლესი სტანდარტების საწარმო, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის დამსაქმებელი და ქართული პროდუქციის ექსპორტიორი გახდება. პროექტის დაფინანსება საწარმოს მშენებლობის პირველივე ეტაპზე, 2019 წელს დავიწყეთ და რთული პანდემიური პერიოდის მიუხედავად, ჩვენი მხარდაჭერა არც ერთ ეტაპზე არ შეფერხებულა. შესაბამისად, მშენებლობა დაგეგმილ ვადაში, 2020 წელს დასრულდა. ეკონომიკის აღდგენის პერიოდში, მნიშვნელოვანია ექსპორტის გაძლიერება, ამიტომ გვეამაყება, რომ ყველასათვის საყვარელი ბურგერის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი ქართული იქნება და მას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც დააგემოვნებენ", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია