Cyber Monday Sale! 50% Off All Access

წარმატების მისაღწევად საჭირო 5 უნარი 21-ე საუკუნეში საკუთარ აზრს ალექს ჩიქოვანი გვიზიარებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ირაკლი გედენიძე

ჩვენი რუბრიკა − "წარმატების მისაღწევად საჭირო 5 უნარი 21-ე საუკუნეში", ქართველი ანტრეპრენერების, თავიანთ სფეროში საკმაოდ წარმატებული და ნოვატორი ადამიანების ნააზრევსა და რჩევებს გიზიარებთ, რაც ვფიქრობთ, სასარგებლო და საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისათვის.

Entrepreneur-მა, შეკითხვით, თუ რა არის თანამედროვე ადამიანისათვის წარმატების მისაღწევად საჭირო 5 უნარი და თვისება, LIVE Branding-ის დამფუძნებელს, საქართველოში ბრენდინგის მიმართულების ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ წარმომადგენელსა და ანტრეპრენერული თვისებებით უხვად დაჯილდოებულ ადამიანს − ალექს ჩიქოვანს მიმართა.

როგორც ალექსი ამბობს, მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ჯერ კიდევ ბრენდინგის სრულყოფილად დაუფლებისაკენ მიმავალ გზაზეა. იგი წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული კორპორაციულ სამყაროში და დამოუკიდებელი ბიზნესსაქმიანობითაც გახლდათ დაკავებული, თუმცა დღეს, საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას, უკვე სტრატეგიული ბრენდინგის კონსულტანტის ამპლუაში სხვადასხვა სფეროს ბიზნესის წარმომადგენლებს უზიარებს.

ახლა კი, წარმოგიდგენთ ალექს ჩიქოვანის აზრით, "წარმატების მისაღწევად საჭირო 5 უნარსა და თვისებას 21-ე საუკუნეში":

1. გამბედაობა თუ საქმის დაწყებას გადავწყვეტთ, ის პროდუქტი ან მომსახურება, რომლის შექმნასაც ვაპირებთ, აუცილებლად განსხვავებული და გამორჩეული უნდა იყოს ბაზარზე არსებული შეთავაზებებისგან. ეს, უპირველეს ყოვლისა, იმ ინდუსტრიაში გამეფებული დოგმების მსხვრევითაა შესაძლებელი, რომელშიც შესვლას აპირებთ. არ გააკეთო ის, რასაც სხვები აკეთებენ − დიდი გამბედაობა სჭირდება. საზოგადოდ, გაბედო იფიქრო სხვანაირად, გაბედო აკეთო სხვანაირად, გაბედო შეიცვალო აზრი, გაბედო... ბევრი კარგი რამის საწინდარია. ძალიან მომწონს ფრაზა, რომელიც ჩერჩილს მიეწერება − "გამბედაობა ადამიანის უპირველესი თვისებაა, ის სხვა დანარჩენ თვისებებს უზრუნველყოფს".

2. თავდადება − არ არსებობს მალე მიღწეული წარმატება; არ არსებობს ძალისხმევის გარეშე მიღწეული წარმატება; არ არსებობს სირთულის დაძლევის გარეშე მიღწეული წარმატება. თავდადება შენი იდეის, შენი საქმის, შენი თანამშრომლებისთვის, შენი მომხმარებლებისთვის, შენი კეთილდღეობისათვის, არის არ დანებდე, გაიღო და შემდეგ მიიღო. საქმის კეთება, საერთოდ, ცხოვრება, გაღება-მიღებაა და გაღებას, მიზნისკენ დაჟინებულ სვლას, თავდადება სჭირდება. არ გაჩერდეთ, მიაწექით ბოლომდე (გზადაგზა რჩევები მიიღეთ, ხომ უნდა იცოდეთ, რომ სწორად აწვებით?)!

3. სხვისი გათვალისწინების უნარი − თუ აქამდე ეს არ გაგიაზრებიათ, ახლა გაიაზრეთ, რომ ნებისმიერი საქმე, რომელსაც იწყებთ და აკეთებთ, უპირველესად, კეთდება სხვებისთვის − მათთვის, ვისაც თქვენი პროდუქტი ან მომსახურება უნდა მოეწონოს და რაც მთავარია, მასში ფული გადაიხადოს. სხვები არ არიან უცხოები, ისინი თქვენი საქმის უახლოესი ადამიანები − მომხმარებლები არიან, რომელთაც კონკრეტული საჭიროებები და მოთხოვნები აქვთ. გაითვალისწინეთ, რა სურთ მათ, რა პრობლემა აქვთ და მოუგვარეთ ის. სხვისი საჭიროებების გათვალისწინება შინაგანი კულტურაა (როგორც ანდრო დგებუაძე ამბობს) და ეს თქვენი და თქვენსავე ბრენდის წარმატების სასიცოცხლოდ აუცილებელი უნარია. დააკვირდით და მოუსმინეთ მომხმარებლებს − ეს საღი აზრია, ისინი კარგი მრჩევლები არიან. ითვალისწინებ სხვებს? − გყავს მომხმარებელი და გაქვს (სტაბილურად მზარდი) შემოსავალი. არ ითვალისწინებ სხვებს? − არ გაქვს საქმე.

4. კრიტიკის სიყვარულის უნარი − გიყვარდეთ ისინი, ვინც გაკრიტიკებენ, ურთულესი საქმეა. ეს ყოველთვის არ გამოგივათ, მაგრამ ძალიან სასარგებლო უნარია, ამიტომ გაიღეთ ძალისხმევა. მოისმინეთ სხვისი კრიტიკა (თუნდაც გამაღიზიანებელი ფორმით გაკეთებული) თავდაცვის გარეშე. ბევრ უსარგებლო რამეს მოისმენთ, მაგრამ მოისმენთ ძალიან სასარგებლოსაც. ასიდან შესაძლოა მხოლოდ ერთი იყოს სასარგებლო, მაგრამ ისეთი, რომელიც თქვენი საქმის წარმატებაში ძალიან დიდ როლს ითამაშებს. კრიტიკის თავდაცვის გარეშე მოსმენის უნარი თქვენს სიძლიერეს წარმოაჩენს და რაც მთავარია, ეს ადამიანებს დაანახვებს, რომ გაქვთ სურვილი, გაითვალისწინოთ სხვები.

5. მენტალური მოქნილობა − სწრაფად და მუდმივად ცვალებად მსოფლიოში სწრაფადვე იცვლება მიდგომები, მეთოდები, დამოკიდებულებები, უამრავი რამ უამრავი მიმართულებით ვითარდება. ცვლილებები არავის უყვარს, მაგრამ აუცილებელია. ალბერტ აინშტაინმა თქვა: "სიგიჟეა, მუდმივად აკეთო ერთი და იგივე და განსხვავებულ შედეგს ელოდო" – ეს ხაფანგია. არ აღმოჩნდეთ ამ ხაფანგში, რომელსაც მენტალური (კოგნიტური) ჩაკირულობა (mental (cognitive) miser) ჰქვია. ესაა მდგომარეობა, როცა ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ საკუთარი ძველი მოსაზრებები (ახალი გარემოებების მიუხედავად), ნაცვლად იმისა, რომ "ვეჭიდავოთ" ახლების შეძენას. ახალი მოსაზრებების შეძენა, თუნდაც აზრის შეცვლა რაიმეზე, მუდმივი შეკითხვების დასმაა. მუდმივი შეკითხვების დასმა და ცვლილებები კი − დისკომფორტი. თუმცა, მეორე მხრივ, ამის არგაკეთების შედეგი გაცილებით არაკომფორტული იქნება − საქმის დასასრული. იყავით მენტალურად მოქნილნი! საკითხი ძალიან მკაფიოდ დგას − "შეიცვალე ან მოკვდი", მაშინ, როცა მე გთავაზობთ − "შეიცვალე და იცოცხლე"!

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია