Wiggly - შენი ოთხფეხა მეგობრის AI-ასისტენტი
By თეკლა ადამია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Wiggly შინაური ცხოველების მეპატრონეების პერსონალური AI ასისტენტია. პლატფორმა სრულყოფილ ინფორმაციას ინახავს ცხოველების შესახებ, რის საფუძველზეც ოთხფეხა მეგობრების მეპატრონეებს ცხოველთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე ექსპერტულ და ინდივიდუალურ კონსულტაციას უწევს.
შინაური ცხოველის აყვანა დღეს ბევრ შეკითხვასთან და გაურკვევლობასთანაა დაკავშირებული, Wiggly-ის ჭკვიანი ბოტი კი საშუალებას გაძლევთ დასვათ შეკითხვები ვეტერინარულ, ნუტრიციულ, ქცევასა და ზოგად მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. პასუხს კი ბოტი კონკრეტული ცხოველის ინდივიდუალური მახასიათებლების მიხედვით გაგცემთ.
Wiggly-ის თანადამფუძნებელი თორნიკე ჩუნთიშვილი Entrepreneur-თან აღნიშნავს, რომ პლატფორმის შექმნის იდეა ნათია ჩიქოვანთან ერთად საუბრისას გაჩნდა, რომელიც ასევე Wiggly-ის თანადამფუძნებელი და ცხოველების უფლებადამცველია. ორივე მათგანისთვის ნაცნობი იყო, თუ რა სახის პრობლემებს უკავშირდება შინაური ცხოველის აყვანა და გადაწყვიტეს იგი AI-ის მეშვეობით გადაეჭრათ, რომელიც ოთხფეხა მეგობრების მეპატრონეებს ასისტენტობას გაუწევს. სტარტაპს მალევე შეუერთდნენ დეველოპერები − რევაზ ჭითანავა და გიგი ზურაბაშვილი, და ასე ჩამოყალიბდა Wiggly.
"დაგვებადა თუ არა იდეა, მაშინვე შევეცადეთ გამოგვეცადა რეალურ ბაზარზე. შევქმენით მარტივი MVP, რომელმაც ცალსახად გვაჩვენა, რომ მსგავსი ტიპის პროდუქტის მიმართ ინტერესი იყო. მხოლოდ ამის შემდეგ გადავდგით უფრო დიდი ნაბიჯები, პროექტში ფულადი თუ სხვა ტიპის რესურსებით ინვესტირების კუთხით. გაცილებით თამამი ნაბიჯები კი წინ გველის", − ამბობს თორნიკე ჩუნთიშვილი, Wiggly-ის CEO.
პლატფორმაზე მუშაობის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სახიფათო გამოწვევა "ვიგლისთვის" ვეტერინარის როლის შეთავსება იყო. AI-იმ ცხოველის სიმპტომებისა და სხვა მონაცემების მიხედვით სავარაუდო დიაგნოზი უნდა გამოიცნოს, მსგავსი ფუნქციონალის უზრუნველყოფა კი მოითხოვდა როგორც სათანადო მონაცემების შეგროვებას, ასევე ტექნოლოგიურ გადაწყვეტებსა და მაქსიმალურ სიზუსტეს.
როგორც თორნიკე აღნიშნავს, ე.წ. wantrepreneurship დღეს საკმაოდ ცნობილი პრობლემაა. ამ დროს ადამიანები ვფიქრობთ და გონებაში გეგმებს ვალაგებთ, თუმცა არასდროს მივდივართ რეალურ ნაბიჯებამდე. დამოუკიდებელი საქმის კეთებიდან კი თორნიკესთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაკვეთილი იმის გააზრება იყო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უბრალოდ მოქმედება და არა იდეალური გეგმების დასახვა გონებაში.
"ცნობილი გამოთქმა, რომ "ყველას აქვს გეგმა, ვიდრე სახეში არ მიიღებენ დარტყმას", ვფიქრობ იდეალურად ასახავს ანტრეპრენერულ და სტარტაპ-გარემოს. სწორედ მოქმედების დროს ვხვდებით და ვიაზრებთ უამრავ ფაქტორს, რომელთა დანახვა უბრალოდ ჰიპოთეზურად მსჯელობის დროს შეუძლებელი იქნებოდა. დღევანდელ ტექნოლოგიურ ეპოქაში კი საბედნიეროდ ძალიან მარტივია, შექმნა პროტოტიპი, MVP და ნებისმიერი იდეა რეალურ გარემოში დატესტო", − აღნიშნავს თორნიკე.
რაც შეეხება ბრენდის სამომავლო განვითარებას, 2023 წლის ბოლომდე Wiggly-ის აპლიკაციის ბეტა-ვერსია გაეშვება, მომდევნო 3 თვის განმავლობაში კი ეტაპობრივად გააქტიურდება აპლიკაციის ყველა ფუნქციონალი.
2024 წლის მარტიდან "ვიგლი" ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე გეგმავს გასვლას. გარდა ამისა, იგი B2B ბაზარზეც იმუშავებს, სადაც ვეტერინარულ კლინიკებს, PET-სთორებს და სხვა კომპანიებს მზა ტექნოლოგიის ინტეგრაციას შესთავაზებენ თავიანთ სისტემებში.
"ვიცით, რომ დიდი ამბიციები გვაქვს. გვჯერა იდეის და ვფიქრობთ, მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვნად შეგვიძლია ცხოველების ინდუსტრიის უკეთესობისკენ შეცვლა", − აღნიშნავს თორნიკე ჩუნთიშვილი.