Agrolabs-ის გზა საქართველოდან სან ფრანცისკომდე 500 Georgia - უსაზღვრო შესაძლებლობები საქართველოდან "სილიკონ ველიმდე"
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მიმდინარე წლის აგვისტო ქართული ბიზნესსაზოგადოებისათვის, განსაკუთრებით კი სტარტაპერთათვის, უპრეცედენტო მოვლენით აღინიშნა. ოთხ ქართულ სტარტაპს "სილიკონ ველიზე" სტუმრობის, მსოფლიოს გამორჩეულ ინვესტორებთან თავიანთი ბიზნესის წარდგენისა და მნიშვნელოვანი ინვესტიციის მოპოვების შესაძლებლობა მიეცა, რაც სულ რამდენიმე წლის წინაც კი, წარმოუდგენელი იყო.
ქართული სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებისა და გავლენიანი ინვესტორებისათვის ჩვენი პოტენციალის მაქსიმალურად გახსნის მიზნით, 2020 წლის თებერვალში, "საქართველოს ბანკის ჯგუფს", საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და 500 Global-ს შორის (რომელიც აქამდე 500 Startups-ის სახელით იყო ცნობილი), სამმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ამ შეთანხმების მიზანი კი, მსოფლიოს წამყვანი აქსელერატორის 500 Georgia-ს სახელით შემოყვანა იყო.
500 Global ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც 2010 წელს ტექნოლოგიური სტარტაპების მსოფლიო ცენტრ "სილიკონ ველიში" შეიქმნა. მისი მისიაა ნიჭიერი ანტრეპრენერების აღმოჩენა, წარმატებული ბიზნესის ფორმირებაში დახმარება, გლობალური ეკოსისტემის განვითარება და ა.შ. თავისი არსებობის განმავლობაში 500 Global-მა უკვე მოახერხა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან, სანდო და მოთხოვნად აქსელერატორად პოზიციონირება. დღესდღეობით, ნებისმიერ დაინტერესებულ სტარტაპს შეუძლია შეავსოს განაცხადი და გახდეს მსოფლიოს გამორჩეული აქსელერაციის პროგრამის ნაწილი, ხოლო "საქართველოს ბანკისა" და GITA-ს ძალისხმევით, ამის შანსი უკვე ქართველ ანტრეპრენერებსაც ექნებათ.
500 Global-ის მნიშვნელობაზე, მისი საქართველოში შემოყვანის პროცესსა და მიმდინარე წლის აგვისტოში ოთხი ქართული სტარტაპის "სილიკონ ველიზე" ყოფნის შესახებ, Entrepreneur "საქართველოს ბანკის ჯგუფის" ინოვაციების ხელმძღვანელს, ბატონ ანდრო რატიანს გაესაუბრა.
"კერძო სექტორის ჩართულობით, რომელსაც "საქართველოს ბანკის ჯგუფი" წარმოადგენს, მსგავსი გლობალური პროექტის განსახორციელებლად დამატებით მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია გამოიყო. ამით ქართულ სტარტაპებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, 6 თვის განმავლობაში ემუშავათ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვენჩურული კაპიტალის მქონე კომპანიასთან, განევითარებინათ საკუთარი საქმიანობა და საბოლოო ჯამში − ქართული სტარტაპ-ეკოსისტემა", − აცხადებს ანდრო რატიანი, − "500 Global-ი საერთაშორისო ტოპ-აქსელერატორია, მსგავსი კლასის აქსელერატორები კი მხოლოდ მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნებით ინტერესდებიან. 500 Global-ის მხრიდან საკმაოდ დიდი დაინტერესება იყო ქვეყნის სტარტაპ-ეკოსისტემის მიმართ. 500 Global-ი ბიზნესიდეის საწყის ეტაპზე მხარდამჭერი აქსელერატორია − იდეებით უფრო მეტად ინტერესდება. შესაბამისად, 500 Georgia-ს მენტორების მთავარი მიზანი, სწორედ განვითარების საწყის ეტაპზე არსებული ადგილობრივი სტარტაპების ზრდასა და განვითარებაში, და მათთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვაში მხარდაჭერის გაწევა იყო".
ამ სამმხრივი პარტნიორობის წყალობით, საქართველო მსოფლიო ინოვაციების რუკაზე უკვე მოინიშნა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული სტარტაპ და ბიზნესგარემოსათვის. როგორც ანდრო რატიანი აღნიშნავს, 500 Georgia რეგიონული მასშტაბის მოვლენაა. მსგავსი მსხვილი მოთამაშის ქართულ ბაზარზე შემოსვლამ სტარტაპებს მისცა შესაძლებლობა, საერთაშორისო დონის წარმატებული კომპანიის დამფუძნებლებთან და მენტორებთან ერთად, დაეხვეწათ საკუთარი იდეები, დაემყარებინათ კონტაქტი სფეროში მოწინავე ინვესტორებთან და მოეხდინათ სტარტაპების მასშტაბირება. პროექტის ოთხმა გამარჯვებულმა კი დამატებით ინტენსიური აქსელერაციის პროგრამა "სილიკონ ველიზე", სან ფრანცისკოში გაიარა, რის შემდეგაც ისინი საკუთარი იდეების წარსადგენად, 50-ზე მეტ მსხვილ ინვესტორს შეხვდნენ.
"საქართველოს ბანკი" მონაწილე სტარტაპებს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ედგა მხარში. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა მათი წარმატების გაზიარება და დიდი პატივია მსგავსი მასშტაბური და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერა. აღნიშნული სტარტაპების წარმატებაზე ციფრები მეტყველებს − კომპანიების მიერ მოზიდული ინვესტიციების ჯამმა 17 მილიონი ლარი შეადგინა და შექმნა 400-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ამასთან, პროგრამის დასაწყისში, მონაწილე 30 კომპანიის საერთო ღირებულება 35 მლნ დოლარს შეადგენდა, პროექტის დასასრულს კი ეს რიცხვი 70 მლნ დოლარს აღემატება. კომპანიებისთვის ეს მხოლოდ დასაწყისია, ახალი, უფრო მასშტაბური საქმიანობის მიმართულებით. საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისთვის კი, მნიშვნელოვანი წარმატებისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი", − გვიამბობს ანდრო რატიანი.
რთული წარმოსადგენია, რომელიღაც სტარტაპერი არ ოცნებობდეს "სილიკონ ველიზე" სტუმრობასა და უმსხვილეს ინვესტორებთან შეხვედრაზე. 500 Georgia-ს გამარჯვებული ანტრეპრენერებისათვის ეს ვიზიტი შეუზღუდავი შესაძლებლობების ფანჯარა აღმოჩნდა, სადაც ისინი თავიანთ ინოვაციურ, მაღალტექნოლოგიურ პროდუქტს წარმოადგენდნენ ისეთი პატარა ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა.
როგორც "საქართველოს ბანკის ჯგუფის" ინოვაციების ხელმძღვანელი აღნიშნავს, 500 Global-ში მონაწილეობამ ადგილობრივ სტარტაპებს მისცა რეალური შესაძლებლობა, რამდენიმე თვეში ისეთ ადგილას აღმოჩენილიყვნენ, როგორიცაა "სილიკონ ველი". სან ფრანცისკოში ინტენსიური აქსელერაციის 2-კვირიანი პროცესი მოიცავდა შეხვედრებს უმსხვილეს ინვესტორებთან, ტრენინგებს და ვორქშოპებს "სილიკონ ველის" წამყვანი კომპანიების წარმომადგენლების ჩართულობით. შესაბამისად, სტარტაპებმა "სილიკონ ველიზე" დააგროვეს შეუდარებელი გამოცდილება, რაც საბოლოო ჯამში, მათ კიდევ უფრო ინოვაციური მიდგომებით, გლობალურ ბაზრებზე გასვლაში და წარმატების მოპოვებაში დაეხმარება.
"500 Georgia და მისი მონაწილე სტარტაპები არიან დასტური იმისა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა და თუ მცდელობას არ დააკლებ, ყველაფერი აუცილებლად გამოვა", − ანდრო რატიანი.
ახლა კი, გვსურს უფრო ახლოდან გაგაცნოთ 500 Global-ის გამარჯვებული ერთ-ერთი ქართული სტარტაპი - Agrolabs. ესაა, ე.წ. Data-კომპანია, რომელიც სასათბურე და მცირე საოჯახო მეურნეობებს ეხმარება ეფექტიანობის გაზრდაში, დროის დაზოგვასა და მოსავლის დანაკარგის შემცირებაში. სტარტაპის ძირითადი გადაწყვეტა სათბურში დამტვერვის პროცესის ანალიტიკაა. დაპატენტებული სენსორებისა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, ფერმერი შეძლებს პროდუქტიულად წარმართოს დამტვერვა და დაიცვას საკუთარი სათბური გარე ფაქტორების მავნე ზეგავლენისგან, როგორებიცაა არასწორი განათება, არასათანადო ტენიანობა, დატბორვა და ა.შ.
"როგორ გაჩნდა იდეა და რაში მდგომარეობს დამტვერვის პროცესის კონტროლის არსი? − ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ არასწორი დამტვერვის გამო, პომიდვრის საშუალოსტატისტიკური ევროპელი მწარმოებელი ჰექტარ ფართობზე $5000-მდე დანაკარგს განიცდის, ხოლო ჩვენი ტექნოლოგიური გადაწყვეტა ამ პრობლემას ძირეულად აგვარებს", − გვიამბობს მიხაილ ლაზარენკო, Agrolab-ის თანადამფუძნებელი.
სტარტაპი ბავშვობის მეგობრებმა − მაქსიმ ჰორინოვმა და მიხაილ ლაზარენკომ დააარსეს. მიხაილი მანამდე აშშ-სა და ბრიტანეთში სხვადასხვა Hardware-კომპანიებში მუშაობდა გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით, ხოლო მაქსიმმა შექმნა კომპანია, რომელიც სპეციალური ხოჭოების დახმარებით, სათბურში ბიოლოგიურ ციკლს ქმნიდა და მავნებლებს ებრძოდა. საკუთარ საქმეზე მუშაობამ, მაქსიმს მნიშვნელოვანი ინსაითები აღმოაჩენინა პროცესების მოწყობისა და ფერმერთა პრობლემების კუთხით. სწორედ ამ დროს, სკოლის მეგობრები ერთმანეთს შეხვდნენ, ისაუბრეს სათბურებში მონაცემთა არაეფექტურად მოგროვების პრობლემებსა და ათეულობით ათასი დოლარის ღირებულების კომპლექსების მოძველებული მეთოდებით მართვის შესახებ. ამ ცოდნაზე დაყრდნობით, მეგობრებმა შექმნეს სტარტაპი, რომელიც მონაცემთა ანალიზზე, პროცესების ოპტიმიზებაზე და ფერმერთათვის გაწეული ინვესტიციიდან მაქსიმალურად დიდი უკუგების მიღებაზე იქნებოდა ორიენტირებული.
"500 Global-ის შესახებ, ჩემი მეგობრის, ვანიკო ჩალაძისგან შევიტყვე. მას ჯერ სკოლიდან, შემდეგ კი უნივერსიტეტიდან ვიცნობდი და დიდი ხნის ახლობლობა მაკავშირებდა. ვანიკოსთან საუბრისას, მან აღნიშნა, რომ ეს აქსელერატორი აუცილებლად გვჭირდებოდა. სიმართლე ვთქვა, თავიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. იმ მომენტისთვის უკვე მქონდა გავლილი აქსელერაციის რამდენიმე პროგრამა, თუმცა განაცხადის შეტანა აქაც ვცადე", − აცხადებს მიხაილ ლაზარენკო, − "ის, რაც 500 Global-ს სხვა აქსელერატორებისგან განასხვავებს, არის მათი მიდგომა და დაუღალავი მცდელობა, ზედმიწევნით შეისწავლონ შენი ბიზნესმოდელი, რის შემდეგაც გეხმარებიან პროცესების სწორად აწყობასა და შიდა ექსპერიმენტებში. ასეთ დეტალებზე ორიენტირებული დამოკიდებულება გაძლევს სტიმულს და გეხმარება ზრდასა და განვითარებაში. ასევე სასარგებლო იყო პროგრამის ფარგლებში გამოცდილ მენტორებთან ურთიერთობაც, რომლებიც მუდმივად გაძლევენ უკუკავშირს და კომპანიის ოპტიმიზების გზებს გთავაზობენ. 500 Global-ის პროგრამა იმდენად აისახა ჩვენს ყოველდღიურობაზე, რომ დასრულების შემდეგ, ერთგვარ ვაკუუმში აღმოვჩნდით. იმდენად ორგანულად ვიგრძენით თავი აქსელერაციის ფარგლებში, რომ რეალურ ცხოვრებაში დაბრუნებაც კი გაგვიჭირდა. აქ სტარტაპებს ეხმარებიან მასშტაბირების ეტაპზე გადასვლაში, პროცესების სწორად აწყობაში, საერთაშორისო გაყიდვების მიმართულებით გუნდის განვითარებაში, ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ე.წ. "ფანდრაიზინგში". რაც შეეხება უშუალოდ Agrolab-ს, პროგრამის წყალობით, ჩვენ დავხვეწეთ ჩვენი "ფიჩი", ბიზნესმოდელი, და მივიღეთ უამრავი რჩევა, როგორ გავმხდარიყავით მეტად მიმზიდველი ინვესტორთათვის".
როგორც მიხაილი აღნიშნავს, "სილიკონ ველიზე" ვიზიტისას მათ უამრავი საინტერესო და ჭკვიანი ხალხი გაიცნეს და ადგილობრივ ინვესტორთა ნაწილი უკვე მათ ინვესტორთა რიცხვს დაემატა. მისი თქმით, 500 Global-ის ფარგლებში შექმნილი სანაცნობო წრე და მათ მიერ გაზიარებული ცოდნა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან მათ უმეტესობას თავად უმუშავია სტარტაპებზე, გავლილი აქვთ ანტრეპრენერული გზა და მუდამ მზად არიან დამწყებთა დასახმარებლად.
მომავალი წლის დასაწყისში, Agrolab აპირებს ფიზიკური წარმომადგენლობების გახსნას ესპანეთში, თურქეთსა და აშშ-ში. სტარტაპი აქტიურად აფართოებს საკუთარ გუნდს და მზადაა დაინტერესებული ადამიანების მოსაზიდად ისეთ ვაკანტურ პოზიციებზე, როგორებიცაა: ინჟინერია, გაყიდვები, ბიზნესის განვითარება, HR და სხვა. როგორც მიხაილმა გვიამბო, სტარტაპის მიზანია გაყიდვების ზრდა და ტექნოლოგიების გაუმჯობესება. მისი თქმით, Agrolab აპირებს რამდენიმე ახალი პროდუქტის წარდგენასაც, რაც უდიდესი სარგებლის მომტანი იქნება მომხმარებლებისათვის აგროსფეროში.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ 500 Georgia ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც საქართველოში ბოლო ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულა. "საქართველოს ბანკის ჯგუფის" ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით, რეალობად იქცა მრავალი ქართველი ანტრეპრენერის ოცნება. სტარტაპებს ხელშესახები შანსი გაუჩნდათ მსოფლიო ასპარეზზე გასვლის, მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვისა და საკუთარი ღირებულებების გლობალურ სარბიელზე გაზიარებისთვის.