Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ძმები სიმენსები - ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ იცით, რისთვის შეხვდა ევროპის ტექნოლოგიური გიგანტის - Siemens-ის დამფუძნებელი, ვერნერ ფონ სიმენსი გრიგოლ ორბელიანს?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გიორგი სანიკიძე

დღესდღეობით, ტექნოლოგიური კორპორაცია - Siemens ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომლის შემოსავალმა გასულ, პანდემიურ წელს - €57 მილიარდი შეადგინა, ხოლო წმინდა მოგებამ - €4,5 მილიარდი. ეს კომპანია 293 000 ადამიანს ასაქმებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო 173 წლიანი არსებობის განმავლობაში, არაერთი გლობალური მნიშვნელობის პროექტი აქვს განხორციელებული.

სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, რომ Siemens-ის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან და მე-19 საუკუნის მიწურულს, ჩვენთან დაწყებულ ინდუსტრიულ რევოლუციას, სწორედ ეს გერმანელი ძმები ედგნენ სათავეში. გვსურს გაგაცნოთ ვერნერ, ოტო და ვალტერ სიმენსების ამბავი, რომელთაგან უკანასკნელი ორი თბილისში, ვერის სასაფლაოზეა დაკრძალული.

Siemens, 1847 წელს, იმდროინდელ პრუსიის სამეფოში გერმანელმა ინჟინერმა ვერნერ სიმენსმა და იოჰან ჰალსკემ დაარსეს. კომპანიას თავდაპირველად Siemens & Halske ერქვა და პატარა სახელოსნოში, სულ რაღაც 3 კაციან ჯგუფს აერთიანებდა. ამ მცირე საამქრომ, სულ რამდენიმე თვეში დიდ წარმატებას მიაღწია ტელეგრაფის სისტემის განვითარებაში და უკვე 1848 წელს, 500 კმ-ით დაშორებული ბერლინი და ფრანკფურტი ერთმანეთთან გადამცემი ხაზით დააკავშირა.

1850 წელს, Siemens-მა საკუთარი წარმომადგენლობა ლონდონსა და მოსკოვში გახსნა და უკვე 1857 წელს დაიბადა იდეა, გაერთიანებული სამეფოს დედაქალი ტელეგრაფის მეშვეობით, შორეული ინდოეთის ქალაქ კალკუტასთან დაეკავშირებინათ. ეს გრანდიოზული პროექტი 11 000 კმ-ის სიგრძის ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობდა, რომელსაც ევროპის მსხვილი ქალაქები, კავკასია, ირანი და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები უნდა გაევლო. სწორედ ამ დროს მოექცა კავკასია, კერძოდ კი საქართველო ძმები სიმენსების ყურადღების ცენტრში.

მეცხრამეტე საუკუნის 60-ან წლებში, რუსეთის იმპერიაში მუშაობისას ძმები რამდენჯერმე ესტუმრნენ საქართველოს. 1860 წელს, "სიმენსი და ჰალკეს" წარმომადგენლობა თბილისში გაიხსნა და საქმეს ვერნერის ძმა, ვალტერი ჩაუდგა სათავეში. ამავე წელს, თბილისი-ქუთაისი-ფოთის დამაკავშირებელი ტელეგრაფის ხაზის გაყვანა განხორციელდა, ხოლო მომდევნო წლებში - თბილისი-მოსკოვი, თბილისი-ერევანი და თბილისი-ბაქო გადამცემი ინფრასტრუქტურა მოეწყო. იმ პერიოდის თბილისში, დასავლური ამბები რუსეთის გავლით, ფოსტის მეშვეობით შემოდიოდა. ხშირად ეს პროცესი რამდენიმე კვირის განმავლობაში ჭიანურდებოდა და "ახალ ამბებს" თბილისელები 2-3 კვირის დაგვიანებით ეცნობოდნენ. ტელეგრაფმა ინფორმაციის მიმოცვლა მნიშვნელოვნად დააჩქარა და 60-ანი წლების ბოლოდან, თბილისურ ელიტას უკვე ცინცხალი ამბებისთვის თვალ-ყურის მიდევნების შესაძლებლობა გაუჩნდათ.

სიმენსების ოჯახი საკომუნიკაციო ბიზნესის გარდა, სხვა საქმეებითაც იყო დაკავებული. კომპანიის დამფუძნებელი, ვერნერ სიმენსი საქართველოს პირველად 1865 წელს ესტუმრა და იმდენად მოიხიბლა, რომ საკუთარ მემუარებში წერდა: "კავკასიური ძეგლების სიძველე ასწლეულებით კი არ იზომება, როგორც ევროპაში, არამედ ათასწლეულებით. ეს ყოველივე იმას მოწმობს, რომ კავკასიაში არის კაცობრიობის კულტურის აკვანი". თბილისის კოლორიტით აღტაცებულმა ვერნერმა, მას "აზიის პარიზიც" კი უწოდა. სწორედ მის პირველ ვიზიტს უკავშირდება სიმენსისა და გრიგოლ ორბელიანის შეხვედრა, სადაც მათ საქართველოში, კერძოდ კი დედოფლისწყაროსა და მირზაანში ნავთობის მოპოვების საკითხი განიხილეს. ამ საბადოებზე, იმ დროს, უკვე მიმდინარეობდა მოპოვებითი სამუშაოები რუსი მეწარმის, ჩირიკოვის ხელმძღვანელობით, თუმცა 1867 წელს, ხაზინაში 12 000 მანეთის შეტანის სანაცვლოდ, სიმენსები თავად ჩაუდგნენ პროცესს სათავეში. მოგვიანებით, უკვე ვერნერის გარდაცვალების შემდეგ, 1903 წელს, სწორედ სიმენსებმა გაიყვანეს იმ დროისთვის მსოფლიოს ყველაზე გრძელი ნავთობსადენი ბაქოდან ბათუმამდე.

ვერნერ ფონ სიმენსის მეორე სტუმრობა საქართველოში 1868 წელს შედგა, როდესაც ინდო-ევროპული ტელეგრაფის მშენებლობასთან დაკავშირებული დეტალების განსახილველად, ადგილობრივ მთავრობას შეხვდა. რასაკვირველია, სიმენსს დიდი პატივით დახვდნენ და მშენებლობის ნებართვაც მისცეს, რამაც თბილისი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ტელეგრაფის ხაზის ცენტრად აქცია.

უკვე მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსკენ, ვერნერ სიმენსი მესამედ ეწვია საქართველოს. ამჯერად საქმე ეხებოდა სპილენძის საბადოებს, რომლებიც ძმებმა ბათუმის ოლქში, სოფელ ბეშუმსა და ქვარცხანაში შეიძინეს. 1912 წლისათვის, სიმენსებმა ამ საბადოებიდან 1,5 მილიონი კილოგრამი მადნის მოპოვება და ევროპაში ექსპორტი განახორციელეს. ისინი აქტიურად ასაქმებდნენ ადგილობრივებსაც და ძმების წარმოებაში, ჯამში 230 აჭარელი იყო ჩართული.

აღსანიშნავია, რომ 1921 წელს საბჭოთა რეჟიმის დამყარების მიუხედავად, სიმენსები არ გასულან საქართველოდან. 1930 წელს, მათი პროექტით დაიწყო ზესტაფონის ფერომანგანუმის ქარხნის მშენებლობა, ხოლო 2 წლის თავზე, ფაბრიკა სწორედ Siemens-ის წარმოების ღუმელებით აღიჭურვა.

ვერნერ ფონ სიმენსის წვლილი საქართველოს ინდუსტრიის განვითარებაში შეუფასებელი იყო, თუმცა ამ საქმეში, არანაკლები როლი ითამაშეს მისმა ძმებმა ვალტერმა და ოტომ.

როგორც უკვე ვთქვით, 1860 წელს თბილისში Siemens-ის წარმომადგენლობა გაიხსნა, რომელსაც ვალტერ სიმენსი მართავდა. ტელეგრაფის ხაზებით საქართველოს პრაქტიკულად სრულად მოცვის შემდგომ, 1866 წელს იგი თბილისში პრუსიის კონსულად მოავლინეს, რის შემდეგაც სიცოცხლის ბოლომდე სოლოლაკში, დღევანდელი ასათიანის ქუჩის 30 ნომერში დაფუძნდა, სადაც მისი მემორიალური დაფაც გვაქვს შემორჩენილი. ვალტერის საქმიანობას და საქართველოს მიმართ თბილ დამოკიდებულებას, თბილისის საზოგადოება დიდად აფასებდა და სიყვარულის ნიშნად, "კავკასიის ტელეგრაფის მამადაც" კი შერაცხეს. ვალტერი უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა და ვერის სასაფლაოზე, დიდი პატივითაა დაკრძალული, თუმცა მისი საფლავის ზუსტი ადგილსამყოფელი დაკარგულია.

ვერნერის მეორე ძმა, ოტო სიმენსი, ქიმიითა და გეოლოგიით იყო გატაცებული და უფროსი ძმის რჩევით, იგი ვალტერთან ერთად საქართველოში დასახლდა. აქ ოტო საოჯახო ბიზნესის ნავთობისა და ლითონების მოპოვების ხაზს ჩაუდგა სათავეში და ქართველ მოღვაწეებთან ერთად, აქტიურად ეწეოდა ქველმოქმედებასაც. ოტომ პირველმა აღმოაჩინა, რომ ნავთობის გადამუშავებით მიღებული ნარჩენებისგან ასფალტის წარმოება იყო შესაძლებელი და თბილისის ქუჩები ამ მასალით, სწორედ მან მოაპირკეთა. იმ დროინდელ სამეცნიერო წრეებში, ოტო დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და მას პატივს სცემდნენ, არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთლიან კავკასიის ოლქში. ვალტერის მსგავსად, იგიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალა, სავარაუდოდ ქოლერით და თბილისის ელიტამ, ოტოც ვერის სასაფლაოს მიწას მიაბარა.

მეოცე საუკუნის დასაწყისში, ძმებმა სიმენსებმა კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს თბილისისათვის. სწორედ მათ სახელს უკავშირდება დედაქალაქის ქუჩების ელექტრიფიკაციის საქმე, მოგვიანებით კი, ტრადიციული თბილისური კონკის ჩანაცვლება ევროპული ტრამვაით, რომელმაც საუკუნეზე მეტ ხანს იფუნქციონირა. ამბობენ, რომ პირველი ლიფტი, თბილისში სწორედ გერმანელ "სოლოლაკელ ძმებს" ჰქონიათ, რაც იმდროინდელი ყოფისთვის დიდ ფუფუნებად მიიჩნეოდა.

დღევანდელმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა - Siemens, ევროპის უმსხვილესი მწარმოებლობისკენ მიმავალი პირველი ნაბიჯები, სწორედ საქართველოში გადადგა. ტელეგრაფი, ელექტროობა, ტრამვაი, ქუჩის განათებები, ასფალტი და უამრავი სხვა ინდუსტრიული მონაპოვარი, თბილისში ამ ძმებმა დანერგეს და ვფიქრობთ, ამბავი მათი მოღვაწეობის შესახებ, თითოეული ჩვენგანისთვის საინტერესო იქნება.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ