Black Friday Sale! 50% Off All Access

CAPSTONE - თანამშრომლობა ბიზნესის კომპლექსური პრობლემების გადასაჭრელად "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ორგანიზაციებს ვასწავლოთ ეფექტურად მუშაობა"

By ხატია გელოვანი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

CAPSTONEPRIME GROUP − ასე ჰქვია ბიზნესსაკონსულტაციო კომპანიას, რომელიც ქართულ და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში სამუშაო გამოცდილების მქონე ადამიანებმა − ირაკლი სარავამ, ბექა ახვლედიანმა და გიგი პერტენავამ დააფუძნეს. მათ მოგვიანებით გია გელაშვილიც შეუერთდა. მათი მიზანი იყო, არსებული, შემდგარი ბიზნესებისა თუ სტარტაპებისთვის განვითარების მეტი პერსპექტივა გაეჩინათ და ქართულ ბიზნესსექტორში საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის საქმეში თავიანთი წვლილი შეეტანათ. ირაკლი სარავამ საერთაშორისო ბიზნესკომპანიებში არაერთი წელი გაატარა. მოიარა 75 ქვეყანა, შეიძინა კონტაქტები, მიიღო დიდი პრაქტიკული ცოდნა და ერთ დღესაც საკუთარი სტარტაპი შექმნა. ბიზნესსაკონსულტაციო კომპანიამ ერთ წელიწადში შეძლო ის, რასაც ბევრი კომპანია ათწლეულშიც კი ვერ ახერხებს.

გამოცდილება > დიპლომი

ირაკლი სარავასთვის Capstone-ში ჩადებული მთავარი ინვესტიცია წლების განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილება იყო. მიაჩნია, რომ ბიზნესის სწორად განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არა თეორიული ცოდნა, არამედ გამოცდილება და საკუთარ შეცდომებზე სწავლაა."სიმართლე გითხრათ, ყველაზე დიდი თეორიული ცოდნა კომაროვის სკოლაში მივიღე. მიმაჩნია, რომ დღესდღეობით პრაქტიკა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე თეორია, კედელზე ჩამოკიდებული დიპლომი ან სერტიფიკატი. ხშირად ადამიანები ისეთ პრობლემას აწყდებიან, როგორსაც წიგნში ვერ ამოიკითხავენ. უდიდესი ძალაა, შეძლო გამოსავლის პოვნა რეალურ ცხოვრებაში", − ამბობს ირაკლი სარავა. თავად ფინანსურ სექტორში მუშაობდა. გამოცდილება მიიღო სადაზღვევო და საბანკო სფეროებშიც, 4 წელიწადში 75 ქვეყანა მოიარა და უამრავი საქმიანი პარტნიორი შეიძინა.

Capstone-ის შექმნის იდეაც დიდმა სამუშაო გამოცდილებამ შთააგონა. ქართულ ბიზნესგარემოზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ ადგილობრივ კომპანიებს განვითარებისთვის სწორედ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანა ესაჭიროებოდათ. თუმცა, სტარტაპის შექმნის დროს სულაც არ უფიქრია, რომ მცირე, ქართული ბაზრით დაეწყო და საერთაშორისო ასპარეზზე მოგვიანებით გასულიყო. პირიქით − დიდი ხნის ოცნება აისრულა და პირველი ქართული კომპანია გახდა, რომელმაც ოფისი საზღვარგარეთ გახსნა. თანაც − ნიუ-იორკში. საერთაშორისო პარტნიორების მოძიებაც მალევე დაიწყო და პირველი მსხვილი საერთაშორისო კლიენტიც მოიზიდა.

CAPSTONE-ის ხუთი ძირითადი მიმართულება
პირველი მიმართულება ორგანიზაციის ზოგადი მენეჯმენტის საკითხებში კონსულტაციაა. იმ შემთხვევაში, თუ Capstone-ს მიმართავთ, გუნდი შეაფასებს თქვენს ორგანიზაციულ ეფექტურობას,დაიწყებს Lean-ისა და Agile-ის ბიზნესმეთოდოლოგიის დანერგვას, კომპანიის პროდუქტიულობის ანალიზს, სტრატეგიულ კონსულტაციას, ქოუჩინგს. "ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ თანამედროვე ორგანიზაციებს ვასწავლოთ ეფექტურად მუშაობა თანამშრომელთა მოტივირების გზით. Capstone ეხმარება მათ, განსაზღვრონ, რა უფლებები უნდა მიენიჭოთ თანამშრომლებს იმისათვის, რომ კომპანიის მართვის მოდელის დეცენტრალიზაცია მოხდეს, გაუმჯობესდეს სამოტივაციო, ბონუსებისა და ხელფასების სისტემები".

მეორე მიმართულება სტარტაპებია. Capstone სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაშიცაა ჩართული. დამწყები ბიზნესი, ან უბრალოდ იდეის ავტორი Capstone-ისგან საბაზისო მიმართულებებში იღებს დახმარებას. კომპანია სტარტაპებს ბიზნესგეგმის დაწერაში, სტრატეგიის დასახვაში, დაფინანსების მოძიებაში თუ ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნასა და დანერგვაში ეხმარება.

მესამე მიმართულება ტრენინგებია − Capstone-ის აკადემიაში პრიორიტეტული იმ სტანდარტის დანერგვის ხელშეწყობაა, რომლებიც მსოფლიო ბიზნესასპარეზზე ლამის ყოველდღიურად ახლდება. მაგალითად, საქართველოში ფინანსური აღრიცხვის IFRS-სისტემის განახლების პარალელურად, Capstone მსურველებს ამ თემაზე ტრენინგებს სთავაზობს.

მეოთხე მიმართულება საინვესტიციო პაკეტია. ამ შემთხვევაში, Capstone საერთაშორისო ინვესტორებზე მუშაობს და საქართველოს მთავრობასთან თუ საქართველოში არსებულ კერძო კომპანიებთან ერთად, ცდილობს ისეთი პაკეტის შექმნას, რომლითაც უცხოელი ინვესტორი მოიხიბლება, საქართველოში ჩამოსვლისა და დანაზოგის დაბანდების სურვილი გაუჩნდება. რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ: ვთავაზობთ უძრავ ქონებასა და ახალ კომპანიებში ინვესტირებას, აგრიკულტურულ პროექტებს.რეალურად, ჩვენ კომპანიასა და ინვესტორებს შორის შუამავლები ვართ". საინვესტიციო კონსულტაციის ფარგლებში, Capstone ინვესტიციის მიზანშეწონილობის ანალიზს ადგენს, იკვლევს ბაზარს, აყალიბებს ბიზნესგეგმას და საინვესტიციო ფინანსურ მოდელირებას აკეთებს.

მეხუთე მიმართულება ადამიანური რესურსების მართვას შეეხება. Capstone ორგანიზაციებს HR-სტრატეგიის შექმნასა და აღსრულებაში ეხმარება, ასევე კადრების შერჩევისა და ადამიანური რესურსების დაგეგმვის მიმართულებით მუშაობს. HR-მიმართულებას Capstone-ში განსაკუთრებულად პერსპექტიულად მიიჩნევენ. კომპანიებთან კომუნიკაციამ ნათელი გახადა, რომ მათ ნაწილს ადამიანური რესურსების მართვის აუთსორსი ესაჭიროებათ. ამ მიზეზით, Capstone-მა სტარტაპკომპანია Joblink შეიძინა, რომელიც რეკრუტინგისა და HR-კონსულტაციის მიმართულებით მუშაობს და ამ ეტაპისთვის 6 მსხვილ კომპანიასთან თანამშრომლობს.


ახალი თაობის ანტრეპრენერები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, Capstone-ის პირველადი ინვესტიცია 15 ათას დოლარს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიაში 10-მდე ადამიანია დასაქმებული. პირველადი ინვესტიციის ამოღება უკვე მოხერხდა, თუმცა კომპანია ჯერჯერობით მთლიანად მოგების რეინვესტირებაზეა ორიენტირებული. რეინვესტირებული თანხის ძირითადი ნაწილი კი საერთაშორისო კვლევების შედეგების შესყიდვისთვისაა გამოყოფილი.

"ბაზრის კვლევის მოთხოვნა ახალი თაობის ანტეპრენერებისგან მოდის. სანამ საქმიანობას დაიწყებენ, სურთ ბაზრის ანალიზის შედეგები იცოდნენ. მოდიან, გვეუბნებიან, რომ მაგალითად, 5 ბიზნესიდეას ფლობენ, აქვთ მიწა, ქარხანა, წარმოება. თუმცა, სურთ გაარკვიონ, რომელ მიმართულებასა და იდეას ჩაუღრმავდნენ. კვლევებს თავადაც ვატარებთ, ვიყენებთ ფოკუს-ჯგუფების მეთოდს. ასევე,ვყიდულობთ
საერთაშორისო კვლევითი ცენტრების სტატისტიკურ მონაცემებს ევროპაში, აშშ-სა და აზიაში, ვარკვევთ საერთაშორისო ტრენდებს, ვიძენთ რეპორტებს − როგორც ლოკალურად, ისე საერთაშორისო წყაროებიდან", − ამბობს ირაკლი.

ამ ეტაპზე Capstone-ს საზღვარგარეთ ერთი ოფისი აქვს. ნიუ-იორკში არსებული ფილიალის მართვა ამჯერად გიგი პერტენავას და ირაკლის აქვთ საკუთარ თავზე აღებული. საერთაშორისო პარტნიორთა სიაში უკვე შედის Makato Investment, რომელიც იაპონიაში ოპერირებს და ეხმარება კომპანიებს Toyota-ს Lean Management-სისტემის გაცნობაში. ამ პარტნიორობის წყალობით, Capstone არის პირველი ქართული კომპანია, რომელსაც შეუძლია თავისი კლიენტები წაიყვანოს იაპონიაში, Toyota-ს საწარმოში ვიზიტზე და ადგილზე გააცნოს Lean Methodology -ს პრინციპები. ამ ეტაპზე სტარტაპი კიდევ ერთი საერთაშორისო წარმომადგენლობის გახსნის იდეას განიხილავს. ამჯერად უკვე ევროპაში.

"თანამედროვე მენეჯმენტში, ფინანსურ სფეროში, ადამიანური რესურსების მიმართულებით სხვადასხვა პროფესიის გამოცდილი კადრები გვყავს, რომლებიც Capstone-ის სახელით ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობენ".

როგორ ვაქციოთ კომპანია წარმატებულ ბიზნესად?
ირაკლი სარავას მიერ პარტნიორებთან ერთად დაწყებული პროექტი, ზუსტად ერთი წლის შემდეგ შემოსავლიან ბიზნესად იქცა. ირაკლის მიაჩნია, რომ წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად სამი ფაქტორი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

"უპირველესად, აიყვანეთ კადრები, რომლებიც ენთუზიაზმით აღსავსენი იქნებიან. ასევე, მნიშვნელოვანია ორგანიზაციული სისტემა, რომელიც სტრუქტურის დეცენტრალიზაციას განაპირობებს და დასაქმებულებს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების საშუალებას მისცემს. Profit Sharing-ი წარმატებული ბიზნესის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია. უსამართლოა, საერთო საქმიდან კომპანიის დამფუძნებლებმა დიდი ბონუსები მიიღონ, თანამშრომლებმა კი − მოჭრილი ხელფასი. Capstone-ში რასაც ვშოულობთ, ვინაწილებთ".

საერთო სამუშაო სივრცეების, არატრადიციული ორგანიზაციული კულტურისა და სტარტაპების ერაში, Capstone-ის მსგავსი შედარებით მცირე კომპანიებიც კი მთავარ მიზნად დაქირავებულების შრომის ნაყოფიერების ზრდასა და მათი განვითარებისთვის მაქსიმალურ ხელშეწყობას ისახავენ.

"საერთაშორისო გამოცდილებით გეტყვით: "სამხედრო მოდელის" ორგანიზაციები გაქრობის პირას არიან. ისეთი თანამედროვე კორპორაციები კი, როგორებიცაა Google, Zappos, Yahoo, ერთი მოდელით მოქმედებენ − ირღვევა ვერტიკალური იერარქია, ორგანიზაციული სტრუქტურა ჰორიზონტალურ მოდელზე გადადის. დასაქმებულებს კი იმისი საშუალება აქვთ, აკეთონ ის, რაც უყვართ და გამოსდით. იგივე ხდება საქართველოშიც და ამ ტენდენციის შემობრუნება უკვე შეუძლებელია".

ხატია გელოვანი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

"ძალიან ბევრი ადამიანი ავაცეკვეთ და ავამოძრავეთ"

ხშირად აღნიშნავენ, რომ მათი ცხოვრება გავაფერადეთ, გავახალისეთ და ბევრი სასიკეთო ცვლილება შევიტანეთ

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი