"გიგას ჰაბი" - პროექტი, რომელიც შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდასაჭერად შეიქმნა
By თეკლა ადამია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხისა და ინდივიდუალური მხარდაჭერის სერვისების უზრუნველსაყოფად გიგა აბულაძემ "გიგას ჰაბის" სახით საინტერესო პროექტს ჩაუყარა საფუძველი.
გიგა დაბადებიდან სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის (სკა) დიაგნოზით ცხოვრობს. ეს მძიმე გენეტიკური, პროგრესირებადი ნეიროკუნთოვანი დაავადებაა, რომელიც კუნთების ატროფიას და მასთან დაკავშირებულ გართულებებს იწვევს. სკა იშვიათი დაავადებაა და მსოფლიოში 11 000-დან 1-ზე ნაკლებ ახალშობილს აღენიშნება. გიგამ საკუთარ თავზე გამოცადა ყველა ის გამოწვევა, რასაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აწყდებიან. ამ დროის განმავლობაში იგი მუდმივად ცდილობდა აქტიური ცხოვრების წესი შეენარჩუნებინა, დღეს კი "გიგას ჰაბის" სახით სურს სხვა ადამიანებსაც დაეხმაროს და ყოფა შეუმსუბუქოს.
"გარკვეული თვალსაზრისით, ეს ჩემი ცხოვრების პროექტია. რაც თავი მახსოვს, ეტლით მოსარგებლე ვარ, დავიბადე ბნელ 90-იანებში, არაადაპტირებულ გარემოში… ბავშვობიდან ვცდილობ ვიცხოვრო აქტიურად, სრულფასოვნად, რასაც ადაპტირებული და მისაწვდომი, უნივერსალური პრინციპების მქონე გარემო სჭირდება. ყოველთვის ვოცნებობდი, მქონოდა ჩემზე მორგებული სახლი, აი წყალს რომ დაისხამ, დაუხმარებლად გახვალ ეზოში, თუნდაც აივანზე…", - აღნიშნავს იგი.
როგორც გიგა გვიყვება, მისი ძმაც იმავე დაავადებით დაიბადა, მალევე მამა გარდაეცვალა - დედასა და მცირეწლოვან ძმასთან ერთად კი სრულიად მარტო დარჩა. "ყველა გაქრა გარშემო, თითქოს უეცრად ჩასაძირად განწირულ გემზე აღმოვჩნდი, ეს ყველაფერი რაღაცნაირად დაგროვდა ჩემში და ერთიანად ამოხეთქა". მალევე ბრენდინგის და ციფრული მარკეტინგის სწავლა დაიწყო, რაც დღეში 14-საათიან მუშაობაში გადაიზარდა, ჩაერთო უამრავ პროექტში და პირადი დანაზოგით ლისის ტბის მიმდებარედ მიწის ნაკვეთი შეიძინა, მოგვიანებით სესხიც აიღო და საკუთარი იდეის რეალიზაციას შეუდგა.
"დავიწყე სახლის პროექტირება ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად, აქ დაიბადა მიზანი – ამეშენებინა ეტლით მოსარგებლეებისთვის (და არამხოლოდ) სრულიად ადაპტირებული სახლი, რომელსაც ასევე უზარმაზარი სოციალური დატვირთვა ექნებოდა, ამ პრეცედენტით მინდა გამოვაცოცხლო ყველა, ვინც ჯერ კიდევ სახლშია ჩამჯდარი და, ამავდროულად, მივიპყრო საზოგადოების ყურადღებაც", - აღნიშნავს გიგა აბულაძე.
განვითარების რა ეტაპზეა "გიგას ჰაბი" დღეს?
"გიგას ჰაბმა" საკმაოდ რთული გზა განვლო, თავდაპირველი დაბრკოლება პანდემია აღმოჩნდა, მოგვიანებით პროცესში არაერთი თაღლითი გამოჩნდა, რომლებმაც გიგას უამრავი დრო და ფინანსური რესურსი გააფლანგვინა. მიუხედავად ამისა, იგი არცერთ ეტაპზე წამითაც არ დაბნეულა, არ გაჩერებულა, ხელახლა აპროექტებდა ობიექტს მანამ, სანამ იდეალურ კონდიციამდე არ მივიდა.
სამშენებლო სამუშაოები 2023 წლის მიწურულს დაიწყო. ამ ეტაპზე კი აშენებული და დასრულებულია მონოლითი. ახლა მცირე პაუზა აქვთ აღებული ფინანსების მობილიზაციისთვის, თუმცა მალევე დაიწყებენ ბლოკის დალაგებას, კარ-ფანჯრების და ვიტრაჟების მონტაჟს, პარალელურად გიგა თავის კუთვნილ ბინას ყიდის, სადაც ახლა ცხოვრობს და ამ თანხის მთლიანად საკუთარ საქმეში ჩადება სურს.
"ჩემს წამოწყებას ამ ეტაპზე ამუხრუჭებს არასაკმარისი ფინანსური რესურსი, რაც მოცემულ ეტაპზე ნიშნავს ლითონის ვიტრაჟს, სარემონტო მასალებს და სხვადასხვა სისტემას. ჩემი შრომით, 2-3 წელში ამ პერიოდსაც სრულად გადავლახავ. თუმცა, გარკვეულ ეტაპზე კერძო სექტორის ჩართულობის იმედიც მაქვს, ამ შემთხვევაში პროცესი დაჩქარდება. კარგი იქნება, სარემონტო მასალების იმპორტიორი კომპანიებიც თუ გამომეხმაურებიან. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა", - ამბობს იგი.
გიგას თქმით, ჰაბისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა მაინც ფინანსებია. თუმცა, იმედი აქვს, რომ ამ გამოწვევასაც დაძლევს - ამჟამად "გიგას ჰაბის" Fundraising კამპანიაში 3 200-ზე მეტი ადამიანი და 10-ზე მეტი კომპანიაა ჩართული, რომელთაც პროექტის მხარდასაჭერად ჯამში 67 098 ლარი აქვთ დარიცხული.
ამ ეტაპზე "გიგას ჰაბის" გუნდს თავად გიგა და მისი ოჯახის წევრები წარმოადგენენ. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი პროექტის განხორციელების ნაწილში შესაბამისი გუნდი ჩაერთვება, რომლის დიდი ნაწილიც სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის პაციენტები არიან. ამ ადამიანებმა 2021 წელს ორგანიზაცია "სკა ფაუნდეიშენ საქართველო" ერთი მიზნით ჩამოაყალიბეს - კუნთოვანი ატროფიის მქონე 80-მდე პაციენტს მიეღო საჭირო მედიკამენტური მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსის დაფინანსება - ეს მიზანი მიღწეულია.
როგორც გიგა აღნიშნავს, ჰაბის პროექტების მმართველ რგოლში წარმომადგენელ პირთა არანაკლებ 51% განსხვავებული საჭიროების პირი იქნება, რაც შექმნის საუკეთესო საშუალებას, ყოველდღიური საქმიანობა შშმ პირთა თემის ინტერესებიდან და შშმ პირთა ექსპერტული ცოდნის გათვალისწინებით წარიმართოს.
რა სერვისებს უზრუნველყოფს "გიგას ჰაბი"?
პროექტის მიზანია, სრულად ხელმისაწვდომი გარემო შეიქმნას, სადაც შშმ პირები რეგულარულად შეიკრიბებიან. ტრანსპორტირებას, ადამიანურ და ტექნიკურ მხარდაჭერას სრულად "გიგას ჰაბი" უზრუნველყოფს.
ეს იქნება სივრცე, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები შეძლებენ უკეთ გათვითცნობიერდნენ საკუთარ უფლებებში, დაესწრონ უფასო მასტერკლასებს და ტრენინგებს, მიიღონ ფორმალური და არაფორმალური განათლება. გაიარონ პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსები. აიმაღლონ ცნობიერება ინსპირაციული ისტორიების გაზიარებითა და სასარგებლო რჩევების გაცვლით. რაც მთავარია, ჰაბი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მშობლებსა და მეურვეებზეც ზრუნავს, რათა მათ საჭირო ფსიქოლოგიური მხარდაჭერა მიიღონ და გარკვეულწილად ხელი შეუწყონ ამ ადამიანების დასაქმებას.
"ურთიერთდახმარება უმნიშვნელოვანესი ასპექტია შშმ პირთათვის, ოჯახის წევრისთვის ან/და კანონიერი წარმომადგენლისთვის. ეს გულისხმობს რეალურ ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას, განათლებას, პოზიტიური მაგალითის ჩვენებას და გამოცდილების გაზიარებას, რასაც მოსარგებლეთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის გააქტიურება, ფსიქოლოგიური და სოციალური ბარიერების დაძლევისა და საკუთარი უფლებების დაცვისთვის პროაქტიური მოქმედება მოჰყვება", - აღნიშნავს გიგა.
"გიგას ჰაბი" შშმ პირთა საჭიროებების კვლევას და ამ ინფორმაციის შესაბამის უფლებამოსილ უწყებებთან გაზიარებასაც გეგმავს. როგორც გიგა აღნიშნავს, მსგავსი პრაქტიკა საჭირო ინფორმაციით აძლიერებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს და სხვა უწყებებს და ქმნის საფუძველს საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურებების განვითარებისთვის. გარდა ამისა, აქტიურად დაიგეგმება საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კამპანიებიც.
როგორია განვითარების სამომავლო ხედვა?
როგორც გიგა Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნავს, იმ პირობებში, როდესაც შშმ პირებისთვის განათლების სისტემაში ჩართვაც ძალიან რთულია და სკოლების დიდი ნაწილი ეტლიანი ბავშვების მისაღებად მზად არ არიან, სადაც არ არსებობს საჭირო სერვისები, როგორიცაა პერსონალური მხარდაჭერა, ტრანსპორტირება და სხვ. რთულია "გიგას ჰაბის" შემდგომ გეგმებზე საუბარი.
"მაგრამ, ერთი რამ ცხადია, არ გავჩერდებით, გავაკეთებთ საოცარ პროექტებს, თუ საჭირო გახდება, სხვა ქალაქებშიც ავაშენებთ ჰაბებს. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით მოეწყობა როგორც ბიბლიოთეკა, ასევე თავისუფალი სააზროვნო სივრცე, პროექტი ყველა დონორისთვის ღიაა და შემოსული თანხები სრულად მოხმარდება ხსენებული პროექტების განვითარებას", - აღნიშნავს გიგა აბულაძე.