Cyber Monday Sale! 50% Off All Access

Lawlex Solicitors - ბრიტანული იურიდიული კომპანია, რომლის მმართველი პარტნიორი ლონდონში ქართველი იურისტია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Lawlex Solicitors

ქართველ მკითხველს ყოველთვის აინტერესებდა საერთაშორისო ბაზარზე მომსახურე თანამემამულეთა ამბები, თუმცა ბოლო პერიოდში, საზოგადოების ინტერესი ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერდა. სოციალურ ქსელში, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ჯგუფებში, ქართველი იურისტის მიერ დიდ ბრიტანეთში მიღწეული წარმატების ისტორია გავრცელდა, რომელმაც მკითხველში განსაკუთრებული ემოცია და ინტერესი აღძრა. საუბარია რუსლან უღრელიძეზე − ქართველ იურისტზე, რომელიც ლონდონში ერთ-ერთი ცნობილი საადვოკატო ბიუროს მმართველი პარტნიორია. რუსლანი "სოლისიტერია", რაც ბრიტანეთში კვალიფიციურ ადვოკატს ნიშნავს. იმის დასადგენად, თუ ვინ არის რუსლან უღრელიძე, რას საქმიანობს, როგორ დააფუძნა საადვოკატო ბიურო და რა გეგმები აქვს სამომავლოდ, Entrepreneur მას გაესაუბრა და გვსურს ეს ინფორმაცია ჩვენს ერთგულ მკითხველსაც გავუზიაროთ.

2020 წლის გაზაფხულზე, როდესაც მსოფლიო "კოვიდ-19"-ით გამოწვეული პანდემიისა და უმძიმესი რეალობის წინაშე აღმოჩნდა, ხოლო კომპანიებს უამრავი დაბრკოლება და თავსატეხი გაუჩნდათ, რუსლან უღრელიძემ, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, ლონდონში საადვოკატო ბიურო − Lawlex Solicitor დააარსა.

ცხადია, რისკი დიდი იყო, თუმცა შეუპოვრობის, კომპეტენციის, კვალიფიკაციის, გუნდურობისა და ბევრი სხვა ფაქტორის დახმარებით, "კოვიდ"-პანდემიითა და "ბრექსიტით" გამოწვეული პრობლემები, წარმატებით დასძლიეს. მათ მოახერხეს საადვოკატო ბიუროს წარმატებული მენეჯმენტის აწყობა და რამდენიმე მნიშვნელოვანი სამართლებრივი პროცესის ღირსეულად წარმართვა. რაც შეეხება დარგებს, რომელშიც Lawlex Solicitors-ის ადვოკატები სპეციალიზდებიან, ესენია: დავების წარმოება, არბიტრაჟი, საიმიგრაციო სამართალი, საოჯახო სამართალი და სხვა. მიღწეულ შედეგებზე დაყრდნობით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ რუსლანისთვის და მისი გუნდისთვის გაწეულმა რისკმა გაამართლა, თუმცა როგორც თავად აღნიშნავს, წინ კვლავ ბევრი გამოწვევაა.

"ბრექსიტი" ვახსენეთ, და რთულია ამ პროცესს გვერდი ავუაროთ ბრიტანულ კომპანიაზე საუბრისას. მოგეხსენებათ, სტატუს-კვო, რომელიც 1973 წლის შემდეგ ბრიტანეთის ევროკავშირის წევრად გახდომიდან მოყოლებული არსებობდა, დაირღვა, რამაც უამრავი ცვლილება განაპირობა. ცვლილებები თითქმის ყველა სფეროს შეეხო, მათ შორის − სამართლებრივსაც. ფუნდამენტურად შეიცვალა ადამიანების, კაპიტალის, სერვისებისა და პროდუქციის თავისუფალი მიმოცვლა და ასეთი "სეისმური" ცვლილებების დროს, იურისტის როლი და მნიშვნელობა შეუფასებლად დიდია.

რუსლანს, ბრიტანეთში ჩასვლის დღიდან, საკმაოდ საინტერესო და რთული კარიერული გზა აქვს გამოვლილი და რაც მთავარია, მრავალწლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. გვსურს, Entrepreneur-ის მკითხველს იგი ახლოს გავაცნოთ და მისი კარიერული მიღწევები უფრო თვალსაჩინო გავხადოთ.

მოგეხსენებათ, ბრიტანეთში და კერძოდ, ლონდონში, თავის დამკვიდრება საკმაოდ რთული და ბევრისთვის წარმოუდგენელი ამოცანაა. არც რუსლანის გზა ყოფილა მარტივი, თუმცა ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, ისწავლა, პროფესიულად განვითარდა და საკუთარი კომპანიაც კი ჩამოაყალიბა, რომელიც ლონდონში დიდი წარმატებით ოპერირებს.

როგორც თავად ამბობს, იურისპრუდენციის შესწავლის და საადვოკატო საქმიანობის დაუფლების სურვილი ბავშვობიდან ჰქონდა. "ბუნებით, ყოველთვის სამართლიანობისათვის მებრძოლი და სიმართლის ქომაგი ვიყავი, ამიტომ ვფიქრობდი, რომ საკუთარი მისწრაფებების რეალიზებას ყველაზე უკეთ იურისტობით შევძლებდი", − ამბობს რუსლანი. სკოლის დამთავრებიდან მალევე, განათლების მისაღებად მან უცხოეთში, ლონდონში წასვლა გადაწყვიტა. რამდენიმე წლისა და საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შემდეგ, ყურადღება Hertfordshire-ის სამართლის სკოლას მიაპყრო, სადაც იურიდიულ ფაკულტეტზე 4 წელი ისწავლა. საუბრისას, რუსლანმა ახსენა ის სირთულეებიც, რომლებსაც ემიგრანტის რანგში აწყდებოდა: "როცა ემიგრანტი ხარ, საკუთარ თავს მოდუნების უფლებას არ აძლევ, შემზადებული ხარ ფსიქოლოგიურად და გაქვს ჟინი, წარმატების მისაღწევად ძალ-ღონე არ დაიშურო".

სამართლის სკოლის დამთავრების შემდეგ, კვალიფიკაციის მისაღებად, მან თეორიული ცოდნის პრაქტიკით განმტკიცება ლონდონის უნივერსიტეტში გააგრძელა. ლონდონის უნივერსიტეტს მოჰყვა სტაჟირებები სამუშაო პრაქტიკის მისაღებად. იურიდიული სფერო საკმაოდ ჩაკეტილია და თავის დამკვიდრება ბევრ სირთულეს უკავშირდება. რუსლანმა საადვოკატო ბიუროში 2-წლიანი სამუშაო პრაქტიკა გაიარა. ამ პერიოდში, მისი უშუალო ჩართულობით, არაერთი წარმატებული საქმე განხორციელდა, რომელიც რუსლანის გამჭრიახობისა და საქმეზე ფოკუსირების გარეშე, პრაქტიკულად განწირული იყო მარცხისათვის. ასეთმა შრომამ და საქმის ეფექტურად წარმოების უნარმა, რაც ყველა პროფესიისათვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი იურისტებისთვის, მას, როგორც პროფესიულ წრეებში, ისე კლიენტთა წრეში, შორს გაუთქვა სახელი.

რუსლანს კომპანიებისათვის კერძო არბიტრაჟის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზეც ვესაუბრეთ. მისი თქმით, განსაკუთრებით ქართული კომპანიებისათვის, არბიტრაჟი აუცილებელი მდგენელია. როდესაც ქვეყანაში სამართლებრივი სისტემის მიმართ ნდობის დეფიციტია, რომელიც მთელი რიგი ისტორიული ფაქტორითაა განპირობებული, ადამიანებისათვის, ისევე, როგორც კომპანიებისთვის, მნიშვნელოვანია ამის შესახებ მეტი ინფორმირებულობა. შეთანხმების წარმოებისას, დავის წარმოშობის შემთხვევაში, საკითხის დარეგულირების გზები ყოველთვის უნდა იქნას გათვალისწინებული, განსაკუთრებით კი უცხოელ ინვესტორთათვის, რომელთაც პროცესის ქვეყნის გარეთ, ნდობით აღჭურვილ სამართლებრივ სივრცეში გატანა ურჩევნიათ. სწორედ ასეთი სპეციფიკური შემთხვევებისათვის, ბრიტანეთი საუკეთესო შესაძლებლობაა.

რაც შეეხება კომპანია Lawlex solicitors-სა და მათ სამომავლო გეგმებს, ისინი, პანდემიის მიუხედავად, ზრდას განაგრძობენ და აქტიურად მუშაობენ საუკეთესო კვალიფიციური ადვოკატებისა და იურისტების მოძიებაზე.

"გვსურს, ბაზარზე ვპოზიციონირდეთ, როგორც კომპანია, რომელიც პრობლემების გადაჭრაში ეხმარება ხალხს და არა რიგით ადვოკატებად, ვისაც საქმის წარმატებით განვითარების ინტერესი არ გააჩნიათ. გვინდა, რაც შეიძლება მეტ გამოწვევას გავუმკლავდეთ, მეტ ბიზნესს დავეხმაროთ, მათი ფინანსური რესურსები დავზოგოთ და ერთობლივი ძალებით, უკეთეს შეთანხმებებს მივაღწიოთ. ასევე, ვგეგმავთ ბევრ საინტერესო პროექტს, რომლებიც სრულიად სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელდება", − აცხადებს რუსლან უღრელიძე.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

16 შთამაგონებელი ფრაზა "ოსკაროსანი" ფილმებიდან

დაიმუხტეთ ახალი ენერგიით და მოტივაციით!