Logisticswise - საწყობისა და საკურიერო სერვისების აუთსორსინგი
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ელექტრონული სერვისების განვითარებასთან, ერთ-ერთ მთავარ რგოლად ლოგისტიკური სერვისების მიწოდება ყალიბდება. დარგის საჭიროება განსაკუთრებით Covid-19-ის პანდემიამ დაგვანახვა მაშინ, როდესაც გადაადგილებასთან დაკავშირებული ფაქტორები ბიზნესს საკუთარი საქმიანობის დროულად და ხარისხიანად განხორციელებაში უშლიდა ხელს. სწორედ ამ პრობლემის ინოვაციური გადაწყვეტა პლატფორმა Logisticswise-მა მოახერხა. Logisticswise-ის მიზანია, ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს დაეხმაროს ელექტრონული კომერციის წარმოებასთან დაკავშირებული საქმიანობის გამარტივებაში და შეუქმნას ლოგისტიკის სრული პროცესების მართვის ერთიანი პლატფორმა. პანდემიის შემდეგ კომპანიამ კვლავ განაგრძო განვითარება და ზრდა ქართულ ბაზარზე
Logisticswise-ის სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Entrepreneur კომპანიის დამფუძნებელს, ელიზბარ ლომინაძეს ესაუბრა.
ჩვენი შეფასებით ბოლო წლებში ქართული ელექტრონული კომერციის ბაზარი მნიშვნელოვნად განვითარდა, თქვენ როგორ შეაფასებთ ამ პროცესს?
გეთანხმებით სიტუაცია შეცვლილია, ციფრებიც ადასტურებს მნიშვნელოვან ზრდას, რამდენიმე კვლევა არსებობს ამ სექტორში და ყველა ადასტურებს, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე ელექტრონული კომერციით განხორციელებული საცალო გაყიდვები მინიმუმ 50%-ით გაზრდილია. ვფიქრობ ცვლილების მიზეზია ადგილობრივი კომპანიების, ბანკების, პლატფორმების, მარკეტფლეისების და ელექტრონულ კომერციაში ჩართული სხვა ბიზნესების განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლაა. საბოლოო მომხმარებელი რამდენიმე წლის წინაც მზად იყო ელექტრონული კომერციის ეფექტურად გამოსაყენებლად, მაგრამ მათთვის გაცილებით მარტივი და ხელმისაწვდომი იყო ნივთის amazon.com-დან გამოწერა ვიდრე ადგილობრივი ვებ-გვერდებიდან და მარკეტფლეისებიდან მისი შეძენა. ვერ ვიტყვი, რომ ყველა პრობლემა მოგვარებულია, მაგრამ წარმატებული პრეცენდენტები უკვე არსებობს და ყველა მონაწილეს გვესმის ელექტრონული კომერციის გარეშე საცალო გაყიდვების ზრდა შეუძლებელი გახდება უახლოეს მომავალში.
რა როლი ითამაშა LogisticsWise-მა ამ ტრანსფორმაციაში?
ვფიქრობ ჩვენც შევიტანეთ გარკვეული წვლილი ამ ევოლუციაში, თუნდაც როგორც პირველმა კომპანიამ, რომელმაც დანერგა 3PL და ე.წ. "ფულფილმენთ" ავტომატიზირებული სერვისები საქართველოში და გახადა ის ხელმისაწვდომი ნებისმიერი ზომის მეწარმისთვის. ლოჯისტიკური სერვისების აუთსორსინგით ონლაინ მაღაზიებმა გადაჭრეს საოპერაციო პროცესებთან დაკავშირებული გამოწვევები და კონცენტრირება გააკეთეს პროდუქტის განვითარებაზე, მარკეტინგზე და მომხმარებელთა ჩართულობის ზრდაზე. ამ სფეროში ინოვაციური კომპანიის სტატუსი დიდ პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს, რომ მუდმივად გავაუმჯობესოთ ეს სერვისები და სიახლეები შევთავაზოთ ბაზარს. მსგავსი მიდგომები ლოჯისტიკურ სივრცეში ეხმარება მთელი ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებას და მომსახურების ახალი სტანდარტების დაწესებას.
შეგიძლიათ უფრო მეტი გვითხრათ, კონკრეტულად რა ფორმით არის LogisticsWise ინტეგრირებული ელექტრონული კომერციაში?
დავიწყეთ საკმაოდ მარტივად, მეწარმეებს რომლებიც ჩართული არიან ელექტრონულ კომერციაში მივეცით არა მხოლოდ მათზე მორგებული სასაწყობე ფართი, არამედ პროგრამული უზრუნველყოფაც, საიდანაც ისინი სრულად აკონტროლებდენ თითოეული პროდუქტის ნაშთს თუ შეკვეთების სტატუსებს, უბრალოდ მათ ყოველი შეკვეთისას ხელით უწევდათ ინფორმაციის შეყვანა ჩვენს სისტემაში. დღეს უკვე სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი სერვისები დაკავშირებულია ქვეყანაში წამყვან ელექტრონული კომერციის პლატფორმებთან, მათ შორისაა B2C.GE-სა და WooCommerce, ეს კი ნიშნავს, რომ მეწარმის ონლაინ მაღაზიაში დაფიქსირებული შეკვეთა ავტომატურად მოგვეწოდება ჩვენ, შესაბამისად გაყიდული ნივთი ისე მიდის საბოლოო მომხმარებელთან, რომ ონლაინ მაღაზიის მფლობელს ამ პროცესში ჩარევა საერთოდ არ ჭირდება. უფრო მეტიც, მსგავსი ინტეგრაციები გამორიცხავს ისეთი პროდუქტების გაყიდვას ონლაინ მაღაზიიდან, რომლის ნაშთიც უკვე ამოიწურა, ეს კი ბევრ უხერხულობას აცილებს თავიდან ეკომერსში ჩართულ მეწარმეებს. ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ Shopify-სთან ინტეგრაციაზე, შესაბამისად უფრო მეტი ონლაინ მაღაზიისთვის გახდება ჩვენი ავტომატიზირებული სერვისი ხელმისაწვდომი. გარდა ელექტრონული კომერციის პლატფომრებისა ჩვენ უკვე გვაქვს ინტეგრაციის პრეცენდენტები წამყვან ადგილობრივ სააღრიცხვო პროგრამებთან, როგორიცაა FINA და BALANCE, რაც აჩვენებს ჩვენს ხედვას და პოზიციონირებას, რომ ამ სფეროში მომხმარებლის საჭიროებების დაკმაყოფილებას და სერვისის ახალ სიმაღლეზე აყვანას, სწორედ პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება და პარტნიორებთან ინტეგრაციები განსაზღვრავს.
მეწარმის გადმოსახედიდან აგვიხსენით, რომელიც ჩართულია ან აპირებს ჩაერთოს ელექტრონულ კომერციაში, როგორ ამარტივებს LogisticsWise მათ საქმიანობას?
მოდი წარმოიდგინეთ სტანდარტული ელექტრონული კომერციის ბიზნესი, რა ნაწილებისგან შედგება ის? 1) მეწარმემ უნდა შეარჩიოს მომხმარებლისთვის საინტერესო პროდუქცია 2) განათავსოს ეს პროდუქცია საკუთარ ვებ-გვერდზე, სოციალურ ქსელებში ან მარკეტფლეისზე (სასურველია ყველგან) 3) მაქსიმალური ძალისხმევა ჩადოს მარკეტინგულ აქტივობებში, რომ მომხმარებელმა განახორციელოს ონლაინ შეკვეთა. თითქოს აქ მთავრდება პროცესი, მაგრამ სინამდვილეში შეკვეთის შემოსვლის მომენტიდან იწყება საკმაოდ რუტინული და შრომატევადი პროცესი: 4) უნდა შევამოწმოთ სად ინახება გაყიდული ნივთი, ინახება ის თუ არა სათანადო პირობებში, გვაქვს თუ არა ის სათანადო რაოდენობით 5) პროდუქტი უნდა მომზადდეს და შეიფუთოს ტრანსპორტირებისთვის 6) უნდა ვიზრუნოთ შეკვეთის დროულ და ხარისხიან მიწოდებაზე 7) მომხმარებლის ადგილზე არ დახვედრის ან მისი მოთხოვნის შემთხვევაში უნდა დავაბრუნოთ ნივთი საწყობში.
LogisticsWise იღებს საკუთარ თავზე ბოლო 4 ეტაპს და საშუალებას აძლევს მეწარმეს, რომ სრულად კონცენტრირდეს მის მთავარ ფუნქციაზე, გაყიდვების ზრდაზე. ჩვენ ვმართავთ სრულ პროცესს სასაწყობში ნივთის შემოსვლიდან, მის საბოლოო მომხმარებლამდე მიწოდებამდე. ეს არის სრული პაკეტი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ელექტრონულ კომერციაში ჩართულმა მეწარმემ მიაღწიოს მაქსიმალურ ეფექტურობას.
ვინ სარგებლობს ყველაზე მეტად თქვენი მომსახურებით და გინახავთ თუ არა ცვლილება თქვენს კლიენტებში?
თავდაპირველად ჩვენი მომსახურების გამოყენება ინსტაგრამ და ფეისბუქ მაღაზიებმა,ასევე მცირე მეწარმეებმა დაიწყეს. თუმცა, დღეს უკვე შესამჩნევია ცვლილება: გაიზარდა საშუალო ზომის კომპანიების წილი, რომლებიც ფლობენ საკუთარ საიტებს და წარმოდგენილები არიან ქვეყნის წამყვან მარკეტფლეისებზე. არის ინტერესი საკმაოდ მსხვილი რითეილერებისგანაც, მათ შორის საერთაშორისო ბრენდებისგან, რომლებიც ყიდიან საკუთარ პროდუქციას საქართველოში. მათ განსაკუთრებით კარგად იციან საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მსგავსი სერვისის გარეშე ელექტრონულ კომერციის დაწყებაც კი წარმოუდგენელია ქვეყანაში.
ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ აღარ ვართ მცირე ზომის მეწარმეებზე ორიენტირებული კომპანია, მთელი ჩვენი სატარიფო პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ სერვისი ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი ზომის მეწარმისთვის. მაგალითად ჩვენს საწყობში შეგიძლიათ იჯარით აიღოთ თუნდაც მხოლოდ 0.5 კვადრატული მეტრი და ეს პაკეტი მოიცავს თვეში 10 მიწოდებას უფასოდ.
ასეთი განსხვავებული კლიენტურის ბაზით, როგორ ინარჩუნებს LogisticsWise თავის ინოვაციურ უპირატესობას?
მიუხედავად იმისა, რომ ვმართავთ სასაწყობე ფართებს და გვყავს პარტნიორი საკურიერო კომპანიები. ჩვენ მაინც გვესმის, რომ ვართ ინოვაციური ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ზრუნავს საკუთარი მომხმარებლების ეფექტურობაზე, მათივე მოწოდებული უკუკავშირიდან გამომდინარე, სწორედ პროგრამული უზრუნველყოფის დახვეწისა და ახალი სერვისების შემოტანის გზით. ეს მიდგომა კი მისაღებია ნებისმიერი ჩვენი კლიენტისთვის, იქნება ეს მცირე მეწარმე თუ გლობალური ბრენდის წარმომადგენლობა საქართველოში. მომავალშიც ამ მიდგომის შენარჩუნებას ვგეგმავთ, ვემზადებით გაფართოებისთვის და შესაბამისად საინტერესო სიახლეებს შემოგთავაზებთ.