Qartuli Travels - მარიამ შევარდნაძის და ნინო ჩანტლაძის კულინარიული მოგზაურობა საქართველოს მსოფლიოსათვის გასაცნობად
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Qartuli - ეს ის ბრენდია, რომელმაც ქართული სამზარეულო და ჩვენი ქვეყნის სტუმარმასპინძლობის ტრადიციები უამრავ ადამიანს გააცნო. მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთ წამყვან ქალაქში, დუბაის ცენტრში მდებარე ვინტაჟური სტილის ქართულმა რესტორანმა, სახელწოდებით Qartuli დიდი ცნობადობა მოიპოვა. ამ წარმატების შემდეგ მისმა დამფუძნებლებმა, მარიამ შევარდნაძემ და ნინო ჩანტლაძემ კიდევ ერთი ახალი პროექტი წამოიწყეს და სამოგზაურო ვიდეოსერიის შექმნა გადაწყვიტეს.
მარიამი და ნინო საქართველოს რეგიონებში მოგზაურობენ და ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და კულტურას ქართულ კულინარიულ მემკვიდრეობასთან ერთად წარმოგვიდგენენ. ვიდეოსერიებში საერთაშორისო აუდიტორია შეძლებს, უკეთ გაეცნოს გემრიელ ტრადიციულ კერძებს საქართველოდან და მეტი გაიგოს ჩვენი ქვეყნის კულტურული იდენტობის შესახებ. მარიამის და ნინოს კულინარიულ მოგზაურობას თან ახლავს ბევრი საინტერესო ადგილის მონახულება, რომელიც არა მხოლოდ უცხოელი მაყურებლისთვის, არამედ ქართველებისათვისაც შესაძლოა აღმოჩენად იქცეს.
ნინო ჩანტლაძე პროფესიით იურისტია, მარიამ შევარდნაძე კი - მოქანდაკე. ისინი ერთმანეთს თბილისში შეხვდნენ და მალევე აღმოაჩინეს, რომ მათ ქართული სამზარეულოსადმი სიყვარული აერთიანებდათ. მალე ეს მეგობრობასა და საქმიან თანამშრომლობაში გადაიზარდა და დუბაიში ქართული რესტორანი გახსნეს. Qartuli-ის კარი სტუმრებისთვის 2024 წლის იანვარში გაიღო და საქართველოს მდიდარი გემოები არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში შეიტანა. Qartuli-ის სამზარეულო საუკუნეების განმავლობაში დაგროვილ კულინარიულ გამოცდილებას სტუმრებს მაღალი კლასის სერვისით ვინტაჟური ინტერიერის გარემოში წარუდგენს. Qartuli-ის მენიუში წარმოდგენილია ისეთი კლასიკური კერძები სხვადასხვა კუთხიდან, როგორიცაა: ხინკალი, ხაჭაპური, შქმერული, ხარჩო, ჩაქაფული და მრავალი სხვა. სტუმრები კერძებს მე-19 საუკუნის ქართული სახლის ატმოსფეროში აგემოვნებენ, რაც მთელ ამ პროცესს დასამახსოვრებელ კულინარიულ თავგადასავლად აქცევს.
რაც შეეხება სამოგზაურო სერიალ Qartuli Travels-ს, ნინო და მარიამი დიდი სიყვარულით ხსნიან იმ უნიკალურ თავისებურებებს, რაც ქართულ ტრადიციებსა და სამზარეულოს ახასიათებს და რითაც ჩვენი ქვეყანა ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენს უცხოელ სტუმრებზე. ვიდეოების სერია მაყურებლებს გააცნობს საქართველოს მრავალფეროვან ლანდშაფტებს, სხვადასხვა გასტრონომიულ თუ დასასვენებელ სივრცეებს. Qartuli Travels-ის ყოველი ახალი ეპიზოდის პრემიერა YouTube-ზე მთელი ზაფხულის განმავლობაში, პარასკეობით შედგება. მაყურებლები ნინოსა და მარიამთან ერთად იმოგზაურებენ ისეთ ადგილებში, როგორიცაა თბილისი, ქვემო ქართლი, კახეთი, მთიულეთი, იმერეთი, გუდაური, ბათუმი და სხვა არაერთი ტურისტულად თუ გასტრონომიულად საინტერესო ადგილი.
მოგზაურობისას მარიამი და ნინო თითოეული ადგილის ისტორიასა და მრავალფეროვან კულტურას გაეცნობიან, ერთად აღმოაჩენენ ისეთ საინტერესო დეტალებს, რომელთა უნიკალურობა ადგილობრივებმა კარგად იციან, მაგრამ ტურისტებისთვის ხშირად უცნობი რჩება. პროექტის ავტორები და წამყვანები ესტუმრებიან ადგილობრივ ბაზრებს, მოივლიან ულამაზეს სოფლებს და მონაწილეობას მიიღებენ ადრენალინით გაჯერებულ უამრავ აქტივობაში. როგორც თავად ამბობენ, ვიზუალურად ეს ყველაფერი იმგვარად არის გადმოცემული, რომ თითოეული მაყურებელი ამბის მონაწილე თავადვე ხდება.
"Qartuli Travels-ი სრულიად ახალი პერსპექტივით აჩვენებს მსოფლიოს ჩვენი ქვეყნის მარგალიტებს. ეს არის საქართველო, სადაც მრავალფეროვანი რეგიონები, ბუნების სილამაზე, კულტურული მემკვიდრეობა, კულინარიული გამოცდილება და ტრადიციები ერთმანეთს ხვდება", - ამბობენ Entrepreneur-თან საუბრისას მარიამი და ნინო.
პროექტის ავტორების მიზანია, მოგზაურობითა და კულინარიით დაინტერესებულმა საერთაშორისო აუდუტორიამ საქართველო აღმოაჩინოს, ხოლო ვინც ჩვენს ქვეყანას უკვე იცნობს, კიდევ უფრო მეტად შეიყვაროს.
და თუ თქვენი ინტერესიც მოგზაურობა, გემრიელი კერძების დაგემოვნება და უნიკალური გამოცდილების მიღებაა, მაშინ Qartuli Travels-ის Youtube-ის არხი აუცილებლად უნდა გამოიწეროთ და ყოველ პარასკევს ახალ კულინარიულ თავგადასავალს დაელოდოთ.