როგორ ღუპავს სტარტაპს ზედმეტი დაფინანსება გაგიკვირდებათ, მაგრამ სინამდვილეში, ეს არასაკმარის დაფინანსებაზე უფრო საზიანოა სტარტაპებისთვის
By Hamid Ganji
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სტარტაპების უმრავლესობამ თანხები ინვესტორებისგან უნდა მიიღოს და ეს უბრალოდ გარდაუვალია. გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც დამფუძნებლები საკმარის ფულს გამოიმუშავებენ ხარჯების დასაფარად და მომავალ ზრდა-განვითარებაზე დასახარჯად, თუმცა ეს საკმაოდ იშვიათად ხდება. სახსრები ნებისმიერ სტარტაპს სჭირდება, რათა ზრდაც მოახერხოს და საკუთარი მასშტაბებიც გააფართოოს.
ნორმალურ პირობებში, სტარტაპი დაფინანსებას იღებს და სანაცვლოდ აქციებს უშვებს. თუ შევადარებთ 15 ან 20 წლის წინანდელ მდგომარეობას, უნდა ითქვას, რომ დღეს სტარტაპებისთვის სახსრების მოზიდვა საკმაოდ მარტივი გახდა. ინვესტორები უფრო დიდი ხალისით აბანდებენ თავიანთ ფულს ინოვაციურ იდეებში და ვენჩურული კაპიტალისტების რაოდენობაც გაიზარდა. უფრო დიდი კომპანიები მილიარდობით დოლარს იხდიან სტარტაპების შესაძენად და უამრავი პლატფორმა არსებობს ფინანსების მოსაზიდად.
შეიძლება ბედნიერებად მოგეჩვენოთ ის, რომ დღეს ნებისმიერს შეუძლია თავისი იდეის განსახორციელებლად სახსრების შეგროვება და ბიზნესის დაწყება, თუმცა ეს სინამდვილეში პრობლემაა, უფრო სწორად − პრობლემის მხოლოდ ნაწილი. დღევანდელ ბიზნესსამყაროში, სადაც თანხების შეგროვების უამრავი შესაძლებლობა არსებობს, სტარტაპები ხშირად მხოლოდ ფინანსების ნაკლებობით კი არა, უფრო მეტად, დიდი ფინანსების მოზიდვით იღუპებიან.
როდესაც სტარტაპი საკუთარ მიზანს მიაღწევს და ფინანსებს მოიპოვებს, უნდა შეწყვიტოს სახსრების მოზიდვაზე ზრუნვა და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ბიზნესში დიდი ოდენობით თანხების შემოდინება ბევრი დამფუძნებლისთვის სერიოზული საცდურია, რადგან როგორც წესი, ისინი ინერციით ცდილობენ, ეს პროცესი რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და ინვესტორთათვის აქციების გამოცემას არ წყვეტენ, რაც საბოლოო ჯამში, ბიზნესს აზარალებს.
არასაკმარის ინვესტიციაზე მეტად, სტარტაპებს ჭარბი ფინანსები კლავს
როდესაც ბიზნესს უზარმაზარი თანხების მოზიდვა შეუძლია, ეს იმას ნიშნავს, რომ მის უკან საკმაოდ მომხიბლავი იდეა დგას, რომელმაც აიძულა ინვესტორები ჩეკი გამოეწერათ. ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია იდეა. ის არის მთავარი.
ინვესტორები ზრდის მაღალი პოტენციალის მქონე იდეების გამოსავლენად შემდეგ თეგებს იყენებენ: "ვიტამინები" და "ტკივილგამაყუჩებლები". რას ნიშნავს თითოეული მათგანი? "ვიტამინები" − ის ზოგადი იდეებია, რომლებიც, როგორც ჩანს, მიჯაჭვულობის გრძნობას არ იწვევენ. ამის საპირისპიროდ, "ტკივილგამაყუჩებლები" იდეებია, რომლებიც შეიძლება მომხმარებლების ყოველდღიური რუტინის ნაწილი გახდეს. სოციალური მედიააპლიკაციები, როგორებიცაა Twitter, Facebook, Instagram და Snapchat "ტკივილგამაყუჩებლების" თვალსაჩინო მაგალითებს წარმოადგენს.
რაც მეტი თანხის შეგროვება შეუძლია ბიზნესს, მით უფრო პერსპექტიული ჩანს იგი ფართო საზოგადოებისა და სხვა ინვესტორების თვალში. ბევრი დამფუძნებელი იმის გამო აგრძელებს სახსრების მოზიდვას, რომ თავიანთი "ვიტამინები" "ტკივილგამაყუჩებლებად" შენიღბოს. შესაძლოა, მათ საკუთარი თავი მელიებივით გამჭრიახი ჰგონიათ, მაგრამ ამის მიუხედავად, არსებობს ალბათობა, რომ ეს ტაქტიკა სასიკვდილო ხაფანგად იქცეს მათი სტარტაპისთვის.
დისბალანსი ხარჯებსა და შემოსავალს შორის
პირველი წითელი დროშა მაშინ უნდა აღიმართოს, როდესაც კომპანიის ხარჯები მის შემოსავალს, ან მთლიან შემოსავალს აღემატება და იგი წმინდა საოპერაციო ზარალს (NOL) უნდა გაუმკლავდეს. განვითარების საწყისი ეტაპების ხარჯები არცთუ მაღალია, ამიტომ ყველაზე გონივრული იქნება, თუ ხარჯების ასანაზღაურებლად მთლიანი შემოსავლის ნაწილს გამოყოფთ. სტარტაპი მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს გადარჩენას, თუმცა დამფუძნებლები დიდ მოგებას არ მიიღებენ.
ბიზნესს დაფინანსების მიღებისას შეუძლია განვითარება დააჩქაროს და ორმაგი სიჩქარით გაფართოვდეს. ეს ფანტასტიკური იქნება, მაგრამ ამავე დროს, ეს პროცესი უფრო მეტ ხარჯსაც ნიშნავს, როგორიცაა მეტი ადამიანის დაქირავება და მეტი ფულის ინვესტირება მარკეტინგში. პირველი გამაფრთხილებელი ზარი მაშინ დარეკავს, როდესაც ფინანსურ ანგარიშგებაში ხარჯებსა და შემოსავლებს შორის გონივრული ბალანსი არ არის.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიზნესს უარყოფით საოპერაციო ფულად ნაკადებთან (OCF) აქვს საქმე. კომპანიაში თანხები შემოვიდა, შესაბამისად, განვითარება მკვეთრად დააჩქარა და ხარჯებიც გაზარდა. მაგრამ შემოსავლები გადასახადებს ვერ დაეწია. უარყოფითი OCF-ის დანახვა ნამდვილად არ მოეწონებათ ინვესტორებს და ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ "სიკვდილს ჰყავხართ ხაფანგში მოქცეული".
ამ "სიკვდილის ხაფანგიდან" თავის დასაღწევად, დამფუძნებლებს როგორც წესი, ორი გზა აქვთ. პირველი − ხარჯების შემცირებაა ისეთი გზებით, როგორიცაა თანამშრომლების გათავისუფლება ან კომპანიის აქტივების ნაწილის გაყიდვა. ამის გამო, შესაძლოა თქვენი ბიზნესი ინვესტორების თვალში არასტაბილური გამოჩნდეს და საზოგადოების ნდობა დაკარგოთ.
მეორე ვარიანტი ინვესტორების მოძებნაა, რომლებიც გენდობიან და მზად არიან მეტი ფული დააბანდონ თქვენს ბიზნესში. თუმცა, იმის გამო, რომ თქვენი კომპანია ნელ-ნელა მიდის ფსკერისკენ, ზოგიერთმა არაკეთილსინდისიერმა ინვესტორმა შესაძლოა ისარგებლოს მდგომარეობით და თქვენი მიღწევები გამოიყენოს. ასეთ ვითარებაში თქვენ აღარ შეგრჩებათ მოლაპარაკებების წარმოების ძალა, მოგიწევთ დათმობაზე წასვლა, ინვესტორების მოთხოვნებზე დათანხმება, რათა თქვენი ბიზნესი როგორღაც გადაარჩინოთ.
მეტისმეტად ბევრი ინვესტორის დამატება სახიფათოა
თუ თქვენი იდეა საკმარისად ინოვაციურია იმისთვის, რომ ინვესტორები დაარწმუნოს, სავარაუდოდ, ამ ტიპის უამრავ ადამიანთან გექნებათ საქმე. ბევრი მათგანი იქნება მზად ფული მოგცეთ თქვენს ბიზნესში საკუთარი წვლილის შესატანად. ეს არის მთელ მსოფლიოში ინვესტირების წესი ძირითად კაპიტალში. მაგრამ თუ დამფუძნებლები ძალიან ბევრ ინვესტორს მიიღებენ ბიზნესში, ეს შეიძლება მეორე წითელი დროშის აღმართვის ნიშანი გახდეს.
როდესაც ბიზნესს ბევრი ინვესტორი ჰყავს, მათი მართვა გაცილებით რთული ხდება. ზოგჯერ აღმასრულებელმა დირექტორმა კომპანიის განვითარებასა და სტრატეგიებზე ფოკუსირების ნაცვლად, მთელი თავისი დრო ინვესტორების კმაყოფილებაზე ზრუნვას უნდა დაახარჯოს. ზოგიერთი ინვესტორი დარწმუნებულია, რომ აღმასრულებელი დირექტორი დღის ნებისმიერ დროს უნდა იყოს მზად მასთან ურთიერთობისთვის.
მეტი ინვესტორის ჩართვა კომპანიის უფრო მეტი აქციის გამოშვებას ნიშნავს. შესაძლოა დამფუძნებლებმა ჭარბი რაოდენობის აქციების გამოცემის გამო დაკარგონ გადაწყვეტილების მიღებისა და მოლაპარაკებების წარმართვის ძალაუფლება, რადგან ბიზნესის მნიშვნელოვანი წილი უკვე ინვესტორების კუთვნილება ხდება. ხომ გახსოვთ, როგორ გაათავისუფლეს სტივ ჯობსი საკუთარ კომპანია Apple-იდან?!
საუკეთესო ვარიანტია, ფონდების მოზიდვის ეტაპზე გადასვლამდე დადგენა, რა ოდენობის თანხა სჭირდება თქვენს ბიზნესს კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად. არ დაივიწყოთ, რომ სახსრების შეგროვებისას მეტისმეტად ღრმად არ უნდა შეტოპოთ. გარდა ამისა, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ მოქნილი და გამოცდილი ინვესტორები უნდა იპოვოთ. ამ ინვესტორებმა თქვენი ნიშაც უნდა იცოდნენ და გარდა ამისა, ისე უნდა გენდობოდნენ, რომ არც კი მოისურვონ თქვენს საქმიანობაში ჩარევა. თქვენი საზღვრები და წითელი ხაზები საკმაოდ მკაფიოდ უნდა იყოს მონიშნული, რომ ინვესტორებმა მართვაში არ შეგიშალონ ხელი.
ინოვაციებისა და გარისკვის ნაკლები შანსი
როდესაც ბიზნესში უზარმაზარი თანხებია დაბანდებული, დამფუძნებლები ბევრად გამბედავები ხდებიან, მეტად ცდილობენ თავიანთი ბაზრის გაფართოებას და კიდევ უფრო განვითარებას. მაგრამ ამას ერთი მინუსი აქვს − როდესაც ფულის ამოუწურავი წყარო არსებობს, შესაძლოა ამან ინოვაციები შეაფერხოს კომპანიაში. ამ დროს, საუკეთესო ინოვაციები ზოგჯერ მაშინ ხდება, როდესაც დამფუძნებლებს ფინანსური პრობლემები აქვთ და შეზღუდული რესურსებით უწევთ თავიანთი ბიზნესის წინსვლაზე ზრუნვა.
ამოუწურავ რესურსებს კიდევ ერთი საშიშროება ახლავს − მენეჯმენტის უნარებს არ ავითარებს. მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია, კონკრეტული ბიუჯეტით წარმატების მიღწევის ხელოვნება, რომელიც ცოტა ადამიანს თუ აქვს. როდესაც რესურსები შეზღუდულია, მენეჯერებმა უფრო ფრთხილად უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები და თითოეული ცენტი მხოლოდ კონკრეტული მიზნობრიობით დახარჯონ.