"ვისოლ ჯგუფი" სარესტორნო ქსელ "საბვეის" მასტერ-ფრენჩაიზი გახდა - პარტნიორობის შედეგად 80 რესტორანი გაიხსნება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ვისოლ ჯგუფმა" სარესტორნო ინდუსტრიის წამყვან კომპანია "საბვეისთან" მასტერ ფრენჩაიზის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. პარტნიორობის ფარგლებში "ვისოლი" მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში "საბვეის" 80 რესტორანს გახსნის.
კომპანიებმა ხელშეკრულებას ხელი საზეიმო ვითარებაში მოაწერეს. ოფიციალურ ცერემონიალს ამერიკული სარესტორნო ქსელის დელეგაცია დაესწრო.
"საბვეის" MAMCIP რეგიონის მმართველი დირექტორი კაგან სანლი ამბობს, რომ საერთაშორისო ბრენდისთვის "ვისოლთან" თანამშრომლობა "პატივია" და ამ პარტნიორობას "საბვეი" დიდი ენთუზიაზმით იწყებს. სანლი ამბობს, რომ ორი დიდი კომპანიის თანამშრომლობა საქართველოში წარმატების ახალ ისტორიასაც დაწერს.
"ვისოლ ჯგუფთან" პარტნიორობა პატივია და მას დიდი ენთუზიაზმით ვიწყებთ. ჩვენი მიზანი "საბვეის" ქსელის საერთაშორისო მასშტაბით განვითარებაა, "ვისოლ ჯგუფი" კი გამორჩეული და წამყვანი ბიზნესჯგუფია საქართველოში, რომელიც რეგიონში მსხვილი გლობალური ბრენდების წარმატებულ საქმიანობას უკვე მრავალი წელია უზრუნველყოფს და ქართველი მომხმარებლის მოთხოვნებსა და გემოვნებას ყველაზე კარგად იცნობს. შესაბამისად, "საბვეის" ბრენდის "ვისოლ ჯგუფთან" ერთად განვითარება საქართველოში წარმატების ახალ ისტორიას შექმნის", − აცხადებს კაგან სანლი, "საბვეის" MAMCIP რეგიონის მმართველი დირექტორი.
"საბვეი" არ არის პირველი საერთაშორისო სარესტორნო ქსელი, რომელსაც საქართველოში "ვისოლ ჯგუფი" მართავს. უკვე წლებია, ქართული კომპანია "ვენდისისა" და "დანკინის" 100-ზე მეტ რესტორანს უწევს მენეჯმენტს. "საბვეისთან" ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების საფუძველზე გახსნილი 80 ახალი ამერიკული რესტორნით "ვისოლ ჯგუფი" რამდენიმე წელიწადში უკვე 200-ზე მეტი რესტორნის მმართველი იქნება, ჯამურად კი 3000-ზე მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას შექმნის.
"ვისოლ ჯგუფის" ოპერაციული და განვითარებაზე ორიენტირებული შესაძლებლობებით ჩვენ შევძლებთ ვიყოთ იქ, სადაც ქართველ მომხმარებელს ენდომება ჩვენი ყოფნა. ჩვენ მათ შევთავაზებთ რეცეპტებს, რომლებიც ქართულ გემოებთან ჰარმონიული იქნება. ასე შევძლებთ, რომ ჩვენი ღირებულებებით სწორი მიმართულებით განვვითარდეთ საქართველოში", − ამბობს "საბვეის" ტერიტორიული დირექტორი ხმელთაშუა ზღვის, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, ბრუნო მაკანეირო.
"საბვეის", "დანკინისა" და "ვენდის" აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მშვილდაძე აცხადებს, რომ ხელშეკრულება "ვისოლ ჯგუფის" განვითარების ისტორიაში ახალი ეტაპი იქნება. გარდა ამისა, მშვილდაძე ამბობს, რომ კომპანიის მიერ გაღებული სოლიდური ინვესტიცია დადებითად იმოქმედებს ქართულ ბიზნესსა და ეკონომიკაზეც.
გიორგი მშვილდაძე ამბობს, რომ ამერიკულ ბრენდსა და ქართულ კომპანიას საერთო ღირებულებები აერთიანებთ. ესაა ხარისხზე ორიენტირება, ჯანსაღი და უახლესი პროდუქციის გამოყენება.
"საბვეისთან" − სარესტორნო ინდუსტრიის მსოფლიო ლიდერთან − მასტერ ფრენჩაიზის ხელშეკრულების გაფორმება "ვისოლ ჯგუფის" განვითარების ისტორიაში ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპია. სოლიდური ინვესტიცია კი, რომელსაც "საბვეის" ქსელის განვითარებისთვის გავიღებთ, კიდევ უფრო მეტ პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს ქართულ ბიზნესსა და ეკონომიკაზე. "საბვეისთვის" "ვისოლ ჯგუფთან" თანამშრომლობის მყარი საფუძველი განვითარებისა და ზრდისკენ ჩვენმა მუდმივმა სწრაფვამ, ტექნოლოგიურმა თუ სხვა ტიპის ინოვაციებმა, მაღალი ხარისხობრივი სტანდარტების დანერგვამ და დაცვამ, რაც მთავარია, მომხმარებლებზე მუდმივმა ზრუნვამ შექმნა. ჩვენ "საბვეისთან" ერთად საერთო ღირებულებები გვაქვს ხარისხის, ჯანსაღი და ახალმომზადებული პროდუქტის შეთავაზების კუთხით. შესაბამისად, "ვისოლ ჯგუფთან" თანამშრომლობით "საბვეის" მსოფლიოში ცნობილი სენდვიჩები და სხვა პროდუქტები მთელ საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი მიმზიდველი ერგონომიკის მქონე რესტორნებში, სადაც ასობით ახალ სამუშაო ადგილს შევქმნით", − აცხადებს გიორგი მშვილდაძე.
"საბვეი" 100-ზე მეტ ქვეყანაში წარმოდგენილი 37 000-ზე მეტი რესტორნით, სწრაფი კვების სარესტორნო ინდუსტრიის ყველაზე მსხვილი მოთამაშეა მსოფლიოში. მისი განვითარების ისტორია 1965 წლიდან იწყება, როცა 17 წლის ფრედ დელუკამ მეგობარ პიტერ ბაკისგან $1000-იანი ინვესტიცია მიიღო და რესტორანი გახსნა. დღეს "საბვეის" ამერიკული რესტორნები წელიწადში მილიარდ ადამიანს მასპინძლობს, ყოველდღიურად კი საშუალოდ 5 000 000 უგემრიელესი სენდვიჩი მზადდება.