Altersocks - მოსაწყენი წინდების მხიარული ალტერნატივა რა საერთო აქვთ ხინკალს, აინშტაინსა და ჟირაფს?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur.ge

ახალგაზრდა წყვილმა – ნინა მენთეშაშვილმა და რეზი ბესელაშვილმა საკუთარი ბიზნესის დაწყება ქორწინების შემდეგ გადაწყვიტეს. ორივე მარკეტერია, სხვადასხვა კომპანიაში მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სოციალური მედიის მენეჯერის თუ ბრენდმენეჯერის პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილებით. ნაცვლად იმისა, რომ ქორწილში მიღებული ფულადი საჩუქარი და თავისი დანაზოგი მოგზაურობაში ან სახლის მოწყობაში დაეხარჯა, ცოლ-ქმარმა საკუთარი ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა. რამდენიმეთვიანი ფიქრის შემდეგ, ახალი ქართული ბრენდი, "ალტერსოქსი" შეიქმნა – ფერადი, მხიარული წინდები ფერადი და მხიარული ადამიანებისთვის.

როგორ დავხარჯოთ ქორწილში ნაჩუქარი ფული?

"ბიზნესის წამოწყების იდეა 2015 წელს გაგვიჩნდა. ქორწინების შემდეგ, ნინამ მოისურვა საკუთარი კომპანია დაეარსებინა. გადავწყვიტეთ, ნაჩუქარი თანხა და მთელი ჩვენი დანაზოგი დაგვებანდებინა. სწორედ ეს იყო ჩვენი პირველი ინვესტიცია", – იხსენებს რეზი.

ნინა სამსახურიდან მალევე წამოვიდა, რომ მთელი დრო ბიზნესიდეების გენერირების, დამუშავებისა და კრიტიკული ანალიზისთვის დაეთმო. რეზი კი მუშაობას აგრძელებდა. "სამსახურიდან ორივე რომ წამოვსულიყავით და ჩვენს იდეას არ გაემართლებინა, ყველაფრის გარეშე დავრჩებოდით", – გვიყვება ნინა. "ალტერსოქსამდე" არაერთი იდეა დაამუშავეს. ზოგი მალევე დაიწუნეს, ზოგის განხორციელებისგან თავი შეიკავეს, სხვადასხვა ბარიერის, მათ შორის, მაგალითად, სახელმწიფო რეგულაციების გამო.

"ერთ დღეს, მორიგი იდეის დაწუნების შემდეგ, სამსახურიდან შინ დაბრუნებულს, ნინა გაბრწყინებული დამხვდა. მითხრა, მოდი, ფერადი ნახატებით გაფორმებული წინდები შევქმნათო", – იხსენებს რეზი. იმ პერიოდში საქართველოს ბაზარზე ასეთი ტიპის პროდუქტის ნიშა სრულიად თავისუფალი იყო, მაშინ როცა მსოფლიოში ფერადი, სახალისო აპლიკაციებით გაფორმებული წინდების ტრენდი "ქუხდა". გარდა ამისა, რეზის ხატვა მშვენივრად გამოსდის, ასე რომ წინდების დიზაინს მარტივად შექმნიდნენ.

იდეამ კრიტიკას გაუძლო და ინვესტირება ფერადი, ნახატებით გაფორმებული წინდების ბიზნესში გადაწყდა.

"სწავლის ძირი მწარე არის..."

ნინამ და რეზიმ წინდისთვის სასურველი სახის მიცემამდე გრძელი გზა გამოიარეს. "პირველი დიზაინი ფიროსმანის "მებადური" იყო. ერთი ეგზემპლარი შევინახეთ კიდეც, ნამდვილი კატასტროფა გამოვიდა. პროდუქტის დასახვეწად ბევრი ვიმუშავეთ, სპეციფიკაშიც გავერკვიეთ. შევისწავლეთ, როგორ უნდა ხატო, რომ მექანიკური ქსოვისას ძაფები არ გადაებას, ნაქსოვი არ გაიწელოს, ბევრი დეტალი გავითვალისწინეთ, დიდი წვალებაც გამოვიარეთ და ნელ-ნელა დავიხვეწეთ", – გვიყვება ნინა.

ჯერ წინდის დიზაინი იქმნება, შემდეგ საწარმოში ფერადი ძაფები დაზგაზე გროვდება და 4-წუთიან პროცესში (სწორედ ეს დრო სჭირდება 1 წყვილის მოქსოვას) იქმნება წინდის სრული დიზაინი. წინასწარ გამზადებული ნახატი სრულფასოვან წინდად გარდაისახება.

მარკეტინგზე დაფუძნებული ბიზნესკონცეფცია

განათლებით, ორივე მარკეტერია. უნივერსიტეტებში და სამსახურებში დაგროვილ ცოდნას თავი მთლიანად საკუთარ ბიზნესში მოუყარეს. "მე "კავკასიის ბიზნეს სკოლა" დავამთავრე, შემდეგ მაგისტრატურა შვეიცარიაში გავიარე. სამუშაო გამოცდილება "ალტერსოქსამდე" დიდი გვქონდა, ბევრ კომპანიაში გვიმუშავია. პროფესიული ბექგრაუნდი ძალიან გამოგვადგა", – ამბობს ნინა. რეზის კი, სამსახურებრივი გამოცდილების გარდა, 3-თვიანი უინტერნეტობის პერიოდიც წაადგა: "პირველი კომპიუტერი რომ მიყიდეს, 3 თვე ინტერნეტი არ მქონდა. კომპიუტერს ჩაწერილი "ფოტოშოპი" და უფასო გაკვეთილები მოჰყვა. ასე ვისწავლე გრაფიკული დიზაინი. ბაკალავრით ეკონომისტი ვარ, მაგისტრატურა, საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით, "ჯიპაში" გავიარე".

მარკეტერი წყვილი "ალტერსოქსს" მთლიანად მარკეტინგულ პროდუქტად აღიქვამს. "არავინ ყიდულობს ჩვენს ნამუშევრებს იმის გამო, რომ წინდა დაეხა. იმ მიზეზით იძენენ, რომ ეს საკუთარი თავის, ხასიათის გამოხატვის საშუალებაა".

"ალტერსოქსმა", 3-წლიანი არსებობის განმავლობაში, 100-მდე დიზაინი შექმნა. წინდების წარმოების დაწყებისას, აქცენტი ქართულ თემატიკაზე გაამახვილეს. შეიქმნა ხინკლის, აჭარული ხაჭაპურის თუ ჩოხის გამოსახულებიანი "ალტერსოქსები". კომპანიის დამფუძნებლები ხაზს უსვამდნენ, რომ ქართულ პროდუქტს ქმნიდნენ ქართული თემატიკით.

პირველ კოლექციაში 21 დიზაინი შედიოდა – 7 მოდელი ქალისთვის, 7 მოდელი მამაკაცისთვის, 7 კი – ბავშვისთვის. "შემდეგ კი ბაზარმა გვიჩვენა, რომ ქალის მოდელები მამაკაცებსაც მოსწონდათ, ან პირიქით. ამის შემდეგ დავიწყეთ ისეთი მოდელების შექმნა, რომლებიც ერთდროულად ორივე სქესის გემოვნებას დააკმაყოფილებდა. ასევე აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან ხშირად გოგონები მოდიოდნენ, მამაკაცის ზომას ყიდულობდნენ და მშვენივრად ერგებოდათ. გადასამოწმებლად მამაკაცის ხაზის წინდა ნინასაც მოვასინჯე. აღმოჩნდა, რომ მასაც მოერგო და მეც. ასე დავიწყეთ ერთი ზომის (ე.წ. one size) წინდების წარმოება", – იხსენებს რეზი.

ამჟამად "ალტერსოქსი" როგორც მაღალყელიან წინდებს, ასევე დაბალყელიან მოდელებს, მუხლამდე გეტრებსა და ბავშვის წინდებსაც აწარმოებს. ყველაზე დიდი მოთხოვნა მაინც მაღალყელიან წინდებზეა. თუმცა, როგორც ბაზრის კვლევამ აჩვენა, არანაკლები წარმატებით იყიდება დაბალყელიანი მოდელები – მერე რა, თუ თქვენს წინდაზე გამოსახულ გვირილებს თუ პიცის ნაჭერს ფეხსაცმელი ფარავს, მათი ჩაცმაც სრულიად საკმარისია, რომ თავი გამორჩეულად იგრძნოთ.

"ალტერსოქსის" ნახატებიანი წინდების ღირებულება 8,5 ლარია, სამი ან მეტი წყვილის შეძენის დროს, თითოეულის ღირებულებას 1 ლარი აკლდება. დაბალყელიანი და ბავშვის წინდების ფასი 7,5 ლარს შეადგენს, გეტრებისა – 12 ლარს. "არ გვინდოდა ჩვენი პროდუქცია ფუფუნების საგანი ყოფილიყო. პირიქით, გვსურდა ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით კი სტუდენტებისთვის, ხელმისაწვდომი ნაწარმი შეგვექმნა – ეს ხომ სწორედ ჩვენი სამიზნე აუდიტორიაა ".

ყოველთვის ცდილობენ პოტენციურ მყიდველებს ისეთი ნამუშევარი შესთავაზონ, რომელიც პოპულარულ თემებთანაა კავშირში. არის თემები, რომლებიც მოდიდან არ გადადის. მაგალითად, აინშტაინის დიზაინი ბევრს გაუხარდა, პატარა უფლისწულიც ბევრ ადამიანს უყვარს – დიდსაც, პატარასაც. ისეც ხდება, რომ რაღაც ახლაა მოდაში და შემდეგ შესაძლოა აღარ იყოს. ამჟამად, მაგალითად, უცხოპლანეტელებისა და კოსმოსის თემატიკების ბუმია. "ჩვენც ავდექით და გავაკეთეთ შესაბამისი გამოსახულებით გაფორმებული გეტრები და წინდები", – გვიყვება რეზი.

"მყიდველებისგან თხოვნები ხშირად მოგვდის. კონსულტანტებს სპეციალურადაც ვაფრთხილებთ – ჩაიწერონ მომხმარებლების სურვილები და ჩვენამდე მოიტანონ. მომხმარებლებთან ხომ მათ აქვთ რეალური კონტაქტი. შემდეგ ვიკრიბებით და თუ აღმოჩნდა, რომ 5 ფილიალში ერთსა და იმავე დიზაინს ითხოვენ, ესე იგი ღირს, გავაკეთოთ. არსებობს თემები, რომელთაც არ ვეხებით – რელიგია, პოლიტიკა, სენსიტიური საკითხები", – ამბობს ნინა.

როცა წყვილი საქმეშიც ავსებს ერთმანეთს

წყვილს გარკვეული ფუნქციები გადანაწილებული აქვს. მაგალითად, ნინა ადამიანური რესურსების მენეჯმენტს ითავსებს, რეზი კომპანიის ფინანსურ მხარეს უძღვება. "მხოლოდ მარკეტერი ვერ იქნები – ფინანსებშიც უნდა გაერკვე, ბუღალტერიაშიც. დროთა განმავლობაში საქმე იზრდება და ყველაფერს ვერ მოერევი, მაგრამ პირველ ეტაპზე, მწირი ბიუჯეტით ყველას ვერ იქირავებ", – ამბობს ნინა.

ყველაზე საინტერესო პროცესი დიზაინზე მუშაობაა, ამიტომ წყვილი ახალ დიზაინზე აუცილებლად ერთად მუშაობს. მას მერე, რაც იდეა გაჩნდება, რეზი დასახატად კომპიუტერთან ჯდება, პროცესს კი ნინა აუცილებლად ესწრება, რათა დიზაინმა საბოლოო სახე რაც შეიძლება მალე მიიღოს.

ნინასა და რეზის, საქმიანის გარდა, ბიზნესის მართვის ემოციური როლებიც გადანაწილებული აქვთ. ნინა: "მე უფრო ემოციური ვარ. რეზი შეიძლება გაბრაზდეს, მაგრამ 15 წუთში კარგ გუნებაზე დადგეს. ეს ძალიან კარგი თვისებაა. მე თითოეულ სირთულეს ძალიან განვიცდი".

რეზი: "თავიდან ნინა ვარდება ტრაგედიაში. მე ვაწყნარებ და ამის შემდეგ უკვე ის გადადის სასწრაფო სამოქმედო გეგმის დასახვაზე".

"ბიზნესმა სწორედ ეს მასწავლა – დრო არ გაქვს, რომ ერთი კვირა ცუდ გუნებაზე იყო, ან მოეშვა. ეს გამორიცხულია! სანერვიულოდ მაქსიმუმ ერთი დღე გაქვს, ხოლო მეორე დღეს, თუნდაც ნერვიულობის ფონზე, მაინც მუშაობას უნდა შეუდგე".

მუდამ წინსვლაზე ფიქრში

თავად შექმნეს "ალტერსოქსის" შეფუთვა, ვიზუალი, ბრენდინგი, მთელ ცოდნას თავი საკუთარ კომპანიაში მოუყარეს და წარმატებასაც მიაღწიეს. პირველი ერთი წლის განმავლობაში, ბრენდის კიდევ უფრო გასავითარებლად, წყვილი კომპანიიდან მიღებული მოგების სრულ რეინვესტირებას ახდენდა.

მათი პირველადი სამიზნე ქართული ბაზრის ათვისება იყო. ფილიალების გახსნა თბილისსა და რეგიონებში, და რაც მთავარია – საახალწლო ციებ-ცხელების გადატანა. ამ პერიოდში ხომ მათ წინდებზე მოთხოვნა ერთიორად იზრდება, რადგან "ალტერსოქსის" პროდუქტს, ნახატების თემატიკიდან გამომდინარე, ხშირად სასაჩუქრე დატვირთვა აქვს.

ცოტა ხნის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში "ალტერსოქსის" პირველი ვენდინგფილიალი გამოჩნდა – აპარატში სხვადასხვა დიზაინის წინდებს მოუყრია თავი. იხდით ღირებულებას, ირჩევთ სასურველ მოდელს და წინდაც რამდენიმე წამში თქვენ ხელთაა. აპარატი სპეციალურად "ალტერსოქსისთვის" შეიქმნა და მისი ზუსტი ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. აეროპორტში დადგმის მეორე დღეს კი, ნინას და რეზის მიტანილი პროდუქცია განახევრებული დახვდათ – იდეამ გაამართლა!

ოჯახური ბიზნესი ყოველდღიურად ვითარდება. ამჟამად სტენდი თბილისის ხუთ და ქუთაისის ერთ სავაჭრო ცენტრშია განთავსებული, ხოლო ბათუმში ბრენდმაღაზიაც კი გახსნეს. სტარტაპის "საინკუბაციო პერიოდის" ჩავლის შემდეგ, წყვილი დარწმუნდა, რომ მათმა პროდუქტმა წარმატებას მიაღწია. მას მერე, რაც წინდებზე გაზრდილ მოთხოვნას ნინას რესურსი აღარ ჰყოფნიდა, რეზიმ სტაბილურ სამსახურს თავი გაანება და მთლიანად ბიზნესის განვითარებაში ჩაერთო. "24 საათი ბიზნესზე ვართ გადართული. ხომ შეიძლება არასაქმიანი პირადი ცხოვრებაც გვქონდეს? შაბათ-კვირას, საღამოს ვსხდებით, ჭიქა ღვინოს მივირთმევთ, მაგრამ 3-4 წუთში ისევ კომპანიაზე ვიწყებთ ლაპარაკს", – იღიმის ნინა.

"ალტერსოქსის" ბრენდს გერმანიაში, შეერთებულ შტატებში, ბელორუსსა და ირანში უკვე იცნობენ. მიუხედავად იმისა, რომ ნინასა და რეზის ექსპორტზე სამუშაოდ დრო არ რჩებოდათ, მათთან თანამშრომლობის სურვილი არაერთმა კომპანიამ თავად გამოთქვა. ასე მოხვდა საქართველოში წარმოებული პროდუქტი ბრუკლინის პატარა მაღაზიაში და გერმანულ Amazon.de-ზე.

სამომავლოდ, ექსპორტზე გასვლას უფრო მასშტაბურად ფიქრობენ. სურთ თავიანთი პროდუქტი "ალტერსოქსის" ბრენდის მაღაზიაშივე გაყიდონ. ამისთვის კი კარგად უნდა შეისწავლონ თითოეულ ასეთ პოტენციურ ბაზარზე არსებული ტრენდები. "გვსურს, ყველა ქვეყანაში ჩვენი პროდუქციის გარკვეული ნაწილი იქაურ ბაზარს მოვარგოთ. "ალტერსოქსის" ყველაზე საინტერესო მხარეც ხომ სწორედ ესაა – საგანგებოდ მომხმარებელზე მორგებული პროდუქტი ", – ამბობს ნინა.

ხატია გელოვანი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია