Cresco Real Estate - საერთაშორისო გზა წარმატებისკენ და დამფუძნებლის მიზნები საქართველოში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ბიზნესლედი, Cresco Real Estate-ის დამფუძნებელი, გოჩასა და ევას დედა, მეუღლე და ფილანთროპი" - ასე გვაცნობს თავს სტელა ბობილინა. ის 1987 წელს ციმბირში დაიბადა. თუმცა 7 წლისამ ოჯახთან ერთად რუსეთი დატოვა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გადავიდა საცხოვრებლად.
როგორც იხსენებს, სტატისტიკის, ანალიტიკისა და, რაც მთავარია, უძრავი ქონებისადმი ინტერესმა საბოლოოდ სწორედ ამ ბიზნესში აპოვნინა საკუთარი თავი.
"კლასში საუკეთესო ვიყავი სტატისტიკაში. დროთა განმავლობაში ამ უნარ-ჩვევებზე ვიმუშავე და კრიტიკული აზროვნების პროექტებში გამოყენებაც დავიწყე", - გვეუბნება სტელა ბობილინა.
Entrepreneur-თან ინტერვიუში გვიყვება, რომ კერძო საკუთრების მიმართ ინტერესი მას მერე გაუჩნდა, რაც მისმა მშობლებმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადასვლის შემდეგ სასტუმრო გახსნეს და 7 წლის გოგო მთელ სამზადისს დიდი ინტერესით აკვირდებოდა.
იხსენებს, რომ ამ პროცესში თავადაც იყო ჩართული, სასტუმროს რეკლამაშიც კი მონაწილეობდა. პატარა ასაკში აინტერესებდა ისეთ დეტალებზე მუშაობაც კი, როგორიც იყო სასტუმროსთვის ფარდების შეძენა, სარესტორნე აქსესუარებისა თუ მენიუს შერჩევა.
"ბავშვობაში ჩემი ოცნება იყო, შემექმნა რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი. ამ მხრივ მაგალითს მშობლებისგან ვიღებდი. ჩემი მშობლების ბიზნესი იმ პერიოდში ძალიან პოპულარული და წარმატებული იყო, ამიტომ ბავშვობიდან საუკეთესოებისგან ვსწავლობდი. მამაჩემი ძალიან წარმატებული ბიზნესმენი გახლდათ", - გვიყვება სტელა.
Cresco Real Estate-ის დამფუძნებლის მომავალ კარიერას ბავშვობიდან მყარი საფუძველი ჰქონდა. თუმცა, მაშინ ვერც წარმოიდგენდა, რომ ოდესმე თავადაც დიდი საერთაშორისო კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იქნებოდა.
განათლება მენეჯმენტის მიმართულებით მიიღო დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ საუკეთესო, უორვიკის უნივერსიტეტში, რომელიც წარმატებით დაასრულა. მისი კარიერაც სწორედ დიდ ბრიტანეთში, ლონდონში დაიწყო.
"მენეჯმენტში ხარისხი ძალიან პრესტიჟული უნივერსიტეტიდან მივიღე. ამბიციური ვიყავი და მოტივირებული, მიზანდასახული იმისათვის, რომ კარიერულ კიბეზე ჩემი გზა გამეკვლია. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ნავთობკომპანიაში დავიწყე მუშაობა მენეჯერულ პოზიციაზე. ახლაც კი მახსოვს ჩემი მაშინდელი ფიქრები - კორპორაციულ იერარქიაში აუცილებლად დავიკავებ უმაღლეს თანამდებობას და შემდეგ დავაფუძნებ საკუთარ კომპანიას. ვიცოდი, რომ გამოცდილების მისაღებად დაბალი პოზიციიდან უნდა დამეწყო და ბიზნესის მართვა ეტაპობრივად მესწავლა. ცოტათი გულუბრყვილოც ვიყავი, მაგრამ შრომისმოყვარე".
2014 წელს ნიკა გოგიამ დუბაიში Cresco Group-ი დააფუძნა. იმ დროისთვის სტელას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ პირველი კორპორაციული სამსახურიდან მაქსიმალური ცოდნა მიეღო და დრო დადგა, განსხვავებული გამოცდილებაც ჰქონოდა. სწორედ ასე გადავიდა Cresco Group-ში.
Cresco Group-ი ნავთობპროდუქტებსა და ინვესტიციებზე მუშაობდა და დღემდე ამ მიმართულებით აგრძელებს ოპერირებას. სტელამ გამოცდილების დაგროვებასთან ერთად დაინახა, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ექსპერტული დონის მომსახურების სერიოზული პრობლემა არსებობდა.
გარდა ამისა, სტელა მთელი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრს მოგზაურობდა, სხვადასხვა ქვეყანაში ჰყავდა მეგობრები და საკუთარ თუ სხვების გამოცდილებაზე დაყრდნობითაც ხედავდა, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ექსპერტული ანალიზის ძალიან დიდი დანაკლისი იყო. სწორედ ამ დაკვირვებამ მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, დაეფუძნებინა Cresco Real Estate-ი.
"მიუხედავად მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტებისა, კერძო საკუთრებისადმი ინტერესმა და ამ სფეროსადმი სიყვარულმა თავისი გაიტანა. სწორედ ასე გაჩნდა Cresco Real Estate-ი.
საამიროებსა თუ გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრებისას ძალიან მიყვარდა აპარტამენტების, ვილების თვალიერება. ამ ორ ქვეყანაში სახლები ძალიან განსხვავდება. გარდა ამისა, დიდი როლი ითამაშა ჩემმა საერთაშორისო სანაცნობო წრემაც - ბავშვობიდან იმ გარემოში ვარ, სადაც ხშირად ეძებენ საცხოვრებელს. ადამიანების, კომუნიკაციისა და კერძო საკუთრებისადმი სიყვარულმა კი საბოლოოდ მიმიყვანა Cresco Real Estate-მდე", - იხსენებს სტელა.
უძრავი ქონების ბაზარი ძალიან ფართო და დივერსიფიცირებულია. სტელას თქმით, მისი გამოცდილება აჩვენებდა, რომ პროფესიონალური, ექსპერტული მიდგომები ამხელა ინდუსტრიაში ნაკლებად იყო. პირადი თუ ახლობელი ადამიანების გამოცდილებით დაინახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო კომპლექსური მიდგომების არსებობა.
სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ მის კომპანიას ბაზარზე ეს არსებული დანაკლისი უნდა ამოევსო. მომხმარებლებისთვის დროული, უახლესი ინფორმაციის მიწოდება, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით წარმოებული ანალიტიკა ისაა, რაც Cresco Real Estate-ს სხვა მოთამაშეებისგან განასხვავებს.
"ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ძლიერი კადრებით. გვყავს ეკონომისტი, რომელსაც აქვს დოქტორის ხარისხი მონაცემთა მეცნიერებასა და ანალიტიკაში, და ვფიქრობ, ვართ ერთადერთი კომპანია, რომელიც სთავაზობს ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს, ინვესტორისთვის საქმიანი წინადადების შეთავაზებამდე".
Cresco უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის წევრია, რაც ნიშნავს, რომ კომპანია უმაღლესი სტანდარტებით ხელმძღვანელობს. ორგანიზაცია International REALTORS-ი მსოფლიოს 69 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ამ ეტაპზე Cresco Real Estate-ი მუშაობს ბლოკჩეინების სისტემის განვითარებაზე, რათა საერთაშორისო გადარიცხვები და ტრანსფერები გაამარტივოს როგორც მომხმარებლებისთვის, ისე დეველოპერებისთვის.
კიდევ ერთი, რითაც კომპანია ბაზარზე გამოირჩევა, სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკა და ეკომეგობრული პრაქტიკაა. სტელასა და Cresco-ს მთელი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პლანეტაზე ზრუნვა, რაც შესაბამისად, აისახება კიდეც მათ მუშაობაში.
"Cresco რჩება მდგრადობისა და ეკომეგობრულობისადმი მისი მიდგომების ერთგული. ჩვენ სხვადასხვა სტრატეგია გვაქვს დანერგილი ამის უზრუნველსაყოფად. მაგალითად, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა - Cresco გამოიყენებს განვითარებად მწვანე ტექნოლოგიებს, რათა გააძლიეროს პროექტების მდგრადობა", - გვიყვება სტელა ინტერვიუში.
გარდა ამისა, Cresco მდგრადი განვითარების მიმართულებით ინდუსტრიის სხვა ლიდერებთან, წამყვან გარემოსდაცვით ორგანიზაციებსა და სამთავრობო სტრუქტურებთან ერთად კოლაბორაციულ პროექტებს გეგმავს, რათა ხელი შეუწყოს სტანდარტების ამაღლებას, ხოლო ინდუსტრიაში ეკომეგობრული პრაქტიკის დანერგვას.
სტელასთვის, როგორც აქტიური ფილანთროპისთვის, მნიშვნელოვანია ქველმოქმედებაში მონაწილეობაც. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ მარათონებში, როგორიცაა Terry Fox Run-ი და Free to Run-ი. გარდა ამისა, სტელა Rotary International-ის წევრიცაა - 100 წელზე მეტია, ეს ორგანიზაცია ადგილობრივ თემთა განვითარებას უწყობს ხელს.
Cresco Real Estate-სთვის მთავარი სერვისის მიწოდებაა კომპანიებისათვის ისე, რომ მათთვის პროექტების განხორციელება პრობლემებისგან დაცლილი პროცესი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების სეგმენტი ძალიან ფართოა და კერძო საკუთრების ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროს მოიცავს, შეთავაზებული მომსახურება ყველასთვის უმაღლეს დონეზეა აყვანილი.
სტელა ამბობს, რომ უძრავ ქონებაში ინვესტირებით დაინტერესებულნი არიან ისეთი კომპანიებიც კი, რომლებიც თავად ამ სფეროდან ძალიან განსხვავებულ ინდუსტრიაში მუშაობენ. თუმცა მათ ესმით მსგავსი ინვესტიციების მნიშვნელობა.
კიდევ ერთი სეგმენტი, ვინც Cresco Real Estate-ის მომსახურებით სარგებლობს, არიან ოჯახები, ვინც პირადი გამოყენებისთვის კერძო საკუთრებას ეძებენ. ახალი სახლის პოვნა, პირად საჭიროებებზე მორგება და შემდეგ საცხოვრებლად გადასვლა ხშირად დიდ სტრესთან არის დაკავშირებული, სტელა კი ამბობს, რომ მათი მომსახურებით სწორედ ამ რთულ პერიოდებს უმარტივებენ ადამიანებს.
"როცა მომხმარებელთან მაქვს კომუნიკაცია, სრულად ვარ პროცესში ჩართული. ინვესტირების, შეძენის პროცესსაც სწორედ მათი გადმოსახედიდან ვუყურებ. ეს არ არის მხოლოდ ჩემი მიდგომა - ასე მუშაობს მთელი ჩვენი კომპანია. მომხმარებლებთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, რადგან გვესმის, რამხელა მნიშვნელობა აქვს კერძო საკუთრების შეძენას".
CRESCO მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, წარმატებით ოპერირებს. სტელასთვის ქვეყანაში ინვესტირების წახალისება მხოლოდ პროფესიული ინტერესი არ არის - მისი მეუღლე და შვილები ქართველები არიან, თავად სტელაც საქართველოს მოქალაქეა და ამიტომაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანა მისთვის დიდი მნიშვნელობისაა.
ამბობს, რომ ქართული ბაზარი ძალიან დინამიკურია და აქ პორტფოლიოს გამდიდრება საინტერესო პროცესია. ისევე, როგორც გლობალურ ბაზარზე, კერძო საკუთრების ინდუსტრიაში Cresco Real Estate-ის პროფესიონალთა გუნდის ექსპერტული ცოდნა უკვე მნიშვნელოვნად ცვლის ლანდშაფტს ქართულ რეალობაშიც.
საერთაშორისო ასპარეზზე მუშაობამ Cresco Real Estate-ის გუნდს მრავალფეროვანი გამოცდილება შესძინა. სტელა ამბობს, რომ დიდი გამოცდილებითა და ცოდნით მისი გუნდი მომხმარებელს სთავაზობს იმ ხარისხის ექსპერტულ ანალიზს, რითაც ბევრი ვერ დაიკვეხნის.
"როცა ადამიანი ჩვენთან მოდის, შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ბაზარზე საუკეთესო მომსახურებას, ანალიზს და ყველაზე სწორ გათვლებს მიიღებს", - ამბობს ის.
მთავარი, რითაც გუნდი განსხვავებულ კულტურულ თუ სოციალურ პირობებში ახერხებს საუკეთესო სერვისის შეთავაზებას, სწორედ ბაზრის სიღრმისეული კვლევა და ყოველი დეტალის შესწავლაა. ქვეყნები ერთმანეთისგან ბევრი რამით განსხვავდებიან - ცხოვრების სტილი, სოციუმში არსებული წესები, სამართლებრივი მიდგომები და ჩარჩოები, რაც კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით არსებობს, ეკონომიკური ფაქტორები. Cresco-ს გუნდი ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილს თითოეული ნიუანსით სწავლობს და მომხმარებელს მასზე სრულად ადაპტირებულ სერვისს სთავაზობს.
კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია რისკის დაზღვევა და სწორი მენეჯმენტი. სტელა გვიყვება, რომ მსგავსი პროგნოზების არსებობის დროს მთავარია ინვესტიციის დივერსიფიკაცია სხვადასხვა ტიპის აქტივებად. Cresco-ს საერთაშორისო ბაზარზე ოპერირება მათ კლიენტებს აძლევს შესაძლებლობას, განახორციელონ ინვესტიცია სხვა ქვეყნებში იმ პირობებში, როცა კომპანიის ანალიტიკური გათვლები ამას მიზანშეწონილად ჩათვლის.
"ბაზრის საფუძვლიანი კვლევა და ანალიზი კრიტიკულად მნიშვნელოვანია Cresco-სთვის. თითოეული ქეისი ყოველთვის ინდივიდუალურად განიხილება და ინვესტორებს მხოლოდ ერთი გამოსავალი არ მიეწოდებათ. ჩვენ მათ ყოველთვის ვაძლევთ მრავალფეროვანი არჩევანის საშუალებას და თითოეულ ამ ვარიანტში ასახულია შესაძლო რისკებიც. ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალე სისტემა და არაფერს ვაკეთებთ მომხმარებლისგან დამალულად, რათა მომავალში ზარალი თავიდან ავიცილოთ ", - გვიხსნის კომპანიის დამფუძნებელი.
სტელა ბობილინასათვის დემოკრატიული, დეცენტრალიზებული მენეჯმენტი ყველაზე მისაღები ფორმაა და ამბობს, რომ მისი კომპანია სწორედ ამ პრინციპებზე დგას.
მტკიცედ სჯერა, რომ ისეთ მრავალშრიან და რთულ ბიზნესგარემოში, როგორიც უძრავის ქონების ინდუსტრიაა, გუნდის თითოეული წევრის ჩართულობა არის წარმატების გარანტია. თუკი ყოველი ადამიანი გუნდში საკუთარ საქმეს ინტერესით, სიყვარულითა და პასუხისმგებლობით ასრულებს, წარმატებაც არ დააყოვნებს.
"გარდა ამისა, მჯერა ქოუჩინგისაც და მასზე დაფუძნებული ლიდერობისაც. მართალია, ამ მიმართულებამ პოპულარობა ბოლო პერიოდში მოიპოვა, თუმცა ჩემი მენეჯერული მიდგომის ნაწილი ყოველთვის იყო. Cresco კერძო საკუთრების ბაზარზე მუშაობს და მუდმივი განვითარება, ექსპერტული ცოდნის გაზიარება უფრო და უფრო მაღალ დონეზე ასასვლელად აუცილებელია", - გვეუბნება ის.
Cresco Real Estate-ში გუნდის თითოეულმა წევრმა იცის, რომ ინიციატივის გამოჩენა, თვითორგანიზება დაფასებულია და კომპანიის კულტურის ნაწილია. სტელა ამბობს, რომ ორგანიზაციაში ყველა ცდილობს, გარემო მამოტივირებელი და კომფორტული იყოს, მხარს უჭერენ ახალ ინციიატივებს და ქმნიან იდეალურ გარემოს დასაქმებულთათვის.
გარდა ამისა, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია გუნდის წევრების პროფესიული ზრდა და განვითარება. სტელა გვიყვება, რომ მუშაობის დაწყებისას თითოეულ დასაქმებულს საწყის ეტაპზე მენტორი ჰყავს. ასე უზრუნველყოფენ გუნდის ახალი წევრისთვის მიმღებლური გარემოს შექმნას, არ ტოვებენ მას პრობლემებთან მარტოს და აძლევენ საშუალებას, ირწმუნოს საკუთარი შესაძლებლობების.
სტელასთვის ადამიანებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა ძალიან საინტერესო პროცესია. სწორედ აქედან იღებს მისთვის საჭირო მოტივაციასაც და შთაგონებასაც საქმიანობაში.
ჩვენს კითხვაზე, რას ურჩევდა დამწყებ ანტრეპრენერებსა თუ მენეჯერებს, სტელა ასე გვპასუხობს:
"ყოველთვის გასწორებული გქონდეთ ფოკუსი თქვენს მიზანზე. დაიმახსოვრეთ, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე უამრავი დაბრკოლება შეიძლება შეგხვდეთ, თუმცა აუცილებელია, მათ გადალახვაზე იმუშაოთ, ისწავლოთ ამ ყველაფრიდან და, რაც მთავარია, არასდროს დანებდეთ".
სტელა, პირველ რიგში, თავად არის მაგალითი იმისა, რომ განვითარებაზე ზრუნვა არასდროს უნდა შევწყვიტოთ. ამ მიდგომას ის კომპანიაშიც აქტიურად იყენებს და მუდმივად ცდილობს, სიახლეებს, ტექნოლოგიურ ტრენდებს ფეხი აუწყოს.
ისეთ ბაზარზე, როგორიც უძრავი ქონებაა, აუცილებელია ერთი ნაბიჯით წინ იყო კონკურენტებზე და ყოველგვარ სიახლეს საკუთარ სარგებლად აქცევდე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Cresco Real Estate-ის გუნდისთვის - მათ ხომ მოცულობით ანალიტიკურ მასალასთან, მუდმივად ინოვაციებთან უწევთ მუშაობა.
"დარწმუნებული ვარ, რომ ტექნოლოგიური ინოვაცია სამუშაო პროცესს ეფექტურს ხდის. Cresco კომპანიაა, რომლის სპეციალიზაციაც ანალიტიკაა - ჩვენ ამ ინფორმაციას მომხმარებლებს დამუშავებულს ვაწვდით, რათა მათ საჭიროებისამებრ გამოიყენონ მუშაობაში. ტექნოლოგიური წინსვლა კი ჩვენ გვაძლევს საშუალებას, დროზე დავამუშაოთ ინფორმაცია და მივაწოდოთ ის დამკვეთებს", - ამბობს სტელა.
თანამედროვე უძრავი ქონების ბაზარზე ბევრი ტრენდია, რომელიც სტელას მოსწონს. პირველ რიგში, ეს არის საზოგადოებაში დამოკიდებულების ცვლილება - კერძო საკუთრების შეძენა ერთ-ერთ საუკეთესო ინვესტიციად მიიჩნევა.
გარდა ამისა, საინტერესოა გაციფრულების ტენდენციებიც. მაგალითად, ინოვაციები ბაზარზე პროვაიდერებს აძლევს საშუალებას, კერძო საკუთრების ძიებაც ციფრული გახადონ. Cresco კარგა ხანია, გაყიდვებში CRM სისტემას და ისეთ ტექნოლოგიებს იყენებს, როგორიცაა ვირტუალური 3D ტურები, დრონების ვიდეოები, ჩატბოტები. მნიშვნელოვანია გადახდის პირობები და ინდივიდუალური სხვადასხვა გეგმაც, რაც მოთხოვნის ზრდას უწყობს ხელს.
Cresco-ს გუნდისთვის მომხმარებლის უკუკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია - სწორედ ეს აძლევს გუნდს მოტივაციასაც და ინსპირაციასაც, გააგრძელოს არჩეულ გზაზე სვლა და სჯეროდეს იმ მიდგომების, რასაც ნერგავენ.
"მომხმარებელთა უკუკავშირი მნიშნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი მარკეტინგის დეპარტამენტისთვის, არამედ ჩვენი ანალიტიკური გუნდისთვისაც. უფრო მეტიც, ექსპერტი, რომელიც იღებს დადებით უკუკავშირს კლიენტისგან, იღებს დამატებით შემოსავალსაც", - გვეუბნება სტელა ბობილინა.
CRESCO-სა და სტელას საქართველოსა თუ საერთაშორისო მასშტაბით დიდი მიზნები აქვთ. ამ ეტაპზე დაგეგმილია რამდენიმე დეველოპერული პროექტი, რომელთა განხორციელებაც ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია იქნება საქართველოსთვის.
კომპანია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს გაფართოებასა და განვითარებას როგორც საერთაშორისო, ისე ლოკალურ ბაზრებზე. საინვესტიციო პროექტები იგეგმება როგორც საქართველოში, ისე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
"ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს. მცირედი, რაც შემიძლია გაგიმხილოთ, ესაა - სულ მალე სამშენებლო პროექტებით დაგიბრუნდებით".