Get All Access for $5/mo

დახმარება საჭირო აღარაა - არის ეს ბიზნესის მომავალი?

By Yiren Lu

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

შეუძლია თუ არა საცალო ბიზნესს ადგილზე თანამშრომლების გარეშე ფუნქციონირება? ეს მოდელი ბევრმა ბიზნესმა სცადა და ძირითადად წარუმატებლად. ახალი პინგ-პონგი კლუბი ამ მიმართულებით წარმატებას აღწევს და სხვებსაც ეხმარება სიახლის დანერგვაში. არის ეს ჩვენი მომავალი?

მანჰეტენზე, 37-ე ქუჩაზე მდებარე PingPod-ის დარბაზი ძვირადღირებული სავარჯიშო სტუდიების შთაბეჭდილებას ტოვებს. სუფთაა და გადანათებული, ფანჯრები კი მთელ სიმაღლეზეა − იატაკიდან ჭერამდე. პინგ-პონგის მაგიდები ყველა ოთახში ცენტრშია, სახელი PingPod კი ვარდისფერ ნეონში ანათებს. ყველაფერი ტრადიციულად გამოიყურება, გარდა ერთისა − მომსახურე პერსონალი არ ჩანს.

არ არის მისაღებში მდგარი მაგიდა, ვერც ჩექინს გაგატარებს ვერავინ, არც არავინ ფუსფუსებს. ერთსაათიან სესიას $36 გადახდის შემდეგ მობილური აპლიკაციით დაჯავშნი, ხოლო ადგილზე მისული, დასკანერებით "აღებ" შენს კარს. სესიის ბოლოს ოთახში სიგნალი ირთვება, რაც ნიშნავს, რომ უნდა გახვიდე. მთელი ამ დროის განმავლობაში კი კამერები გაკვირდებიან.

PingPod-ს დღეისათვის 15 ლოკაციაზე აქვს დარბაზი, უმეტესად აშშ-ში. წლის ბოლომდე კი ოთხი ფილიალის გახსნა იგეგმება. ცოტა ხნის წინ მათ შეიძინეს კომპანია Sharks, ანალოგიური კონცეფცია საცურაო აუზებისთვის. ალბათ, არც არავის გაუკვირდება, რომ კომპანიამ საკუთრების ლიცენზირებაც დაიწყო იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც ავტონომიური (თანამშრომლების გარეშე) მუშაობის წესის დამკვიდრება სურთ. მუშაობის ეს მოდელი ერთგვარი სირენის ძახილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც ხარჯების შემცირება უნდათ, რადგან მომსახურე პერსონალის შენახვა ძვირი ჯდება და თანაც, პროფესიონალების პოვნა გართულებულია. PingPod-ის მოდელი ბიზნესს აძლევს საშუალებას, სერვისი უფრო დაბალ ფასად შესთავაზოს მომხმარებელს და თანაც, ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში − ასე კი შემოსავლები იზრდება.

PingPod-ის წარმატება ბადებს შეკითხვას − უკვე დაიწყო ერა, როცა ადამიანებს ავტონომიური გამოცდილების მიღება ურჩევნიათ? იქნებ კონკრეტული ბიზნესია მსგავსი მოდელისთვის მოსახერხებელი?

როცა მაქს კოგლერს მაგიდის ჩოგბურთის ბიზნესიდეა გაუჩნდა 2019 წლის დასაწყისში, ავტონომიურ გამოცდილებაზე ბევრი არ ჰქონდა ნაფიქრი. ის უბრალოდ პინგ-პონგის მოყვარული იყო, რომელსაც აწუხებდა ფაქტი − რამდენად ცოტა შესაძლებლობა იყო ნიუ იორკში სათამაშოდ. მაქსი 2009 წლიდან იყო მოყვარულთა კლუბ SPIN-ის წევრი, თუმცა იქ სტუმრობა ღამეში საშუალოდ $200-მდე უჯდებოდა, სასმლისა და სხვა ხარჯების გამო.

"კლუბმა დიდი საქმე გააკეთა პოპულარიზაციაში, მაგრამ მაინც ალკოჰოლთან და დალევასთან ასოცირდება. სხვა ასპექტები აკლდა", − იხსენებს კოგლერი.

კოგლერმა და მისმა პარტნიორმა, ერნესტო ებუენმა საკუთარი კლუბის გახსნა გადაწყვიტეს. პარტნიორები, გარდა ნათელი და სუფთა ადგილისა, სწორ ლოკაციასაც ეძებდნენ. აღმოჩნდა, რომ მსგავს ადგილს ეძებდა ახლა უკვე მათი მესამე პარტნიორი − დევიდ სილბერმანი. სწორედ ამ უკანასკნელს ჰქონდა იდეა ავტონომიური გამოცდილების შეთავაზებისა, ყოველგვარი მომსახურე პერსონალის გარეშე. კოგლერი და ებუენი, ისევე, როგორც სილბერმანი, ერთსა და იმავე ბროკერთან თანამშრომლობდნენ − სწორედ მან შესთავაზა ორ გუნდს, შეხვედროდნენ. თავიდან კოგლერი და ებუენი სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი, მაგრამ დაანგარიშებამ აჩვენა, რომ შეიძლებოდა მოდელს ემუშავა.

PingPod-ის პირველი ფილიალი ქვემო ისთ საიდში გაიხსნა 2020 წლის თებერვალში. ერთ თვეში პანდემიაც დაიწყო და რაც სხვა ნებისმიერი ბიზნესისთვის სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა, PingPod-ისთვის გაყიდვების აღმასვლა აღმოჩნდა.

"ლოკდაუნების დროს ერთ-ერთი პირველი ვიყავით, ვინც გაიხსნა. მომსახურე პერსონალი არ გვყავდა, ლოკაციაც მხოლოდ ერთი გვქონდა. იმდენი ადამიანი გვიკავშირდებოდა მადლობის გადასახდელად... პანდემიის პერიოდში ამ სივრცის არსებობა ბევრს დაეხმარა, გაუუმჯობესა მენტალური ჯანმრთელობა და სოციუმის წევრად აგრძნობინა თავი", − იხსენებენ დამფუძნებლები.

როგორ მუშაობს სილბერმანის მათემატიკა? მაინც რამდენს ზოგავს PingPod ადგილზე თანამშრომლების არყოლით? გავრცელებული აზრია, რომ ადგილის დაქირავება ბიზნესს ყველაზე მეტი უჯდება, განსაკუთრებით ქალაქში. თუმცა რეალობა ისაა, რომ მუშახელი კიდევ უფრო ძვირია. PingPod-ს მომსახურე პერსონალზე დანახარჯი ნულზე არ დაუყვანია − მათ ჰყავთ კორპორაციული გუნდი, კლიენტთა მომსახურების ცენტრი, უსაფრთხოების სამსახური ფილიპინებში, რომელიც კამერების საშუალებით სიტუაციისა და მცირე პერსონალის მონიტორინგს ახორციელებს, სესიებს შორის ოთახებს ალაგებს. თუმცა კომპანიას საერთოდ არ ჰყავს სხვა სახის პერსონალი და ამით ხარჯები საგრძნობლად აქვთ შემცირებული. საუკეთესო თვეებში კომპანია 50%-იან მოგებაზეც გადის, როცა სხვა წარმატებული ბიზნესები 25%-იან მარჟას მიიჩნევენ კარგ მაჩვენებლად.

გარდა ამისა, ფილიალების უმრავლესობა მუდმივად − ყოველდღე, დღეში 24 საათი მუშაობს. ეს მათ საშუალებას აძლევს, სტანდარტული სამუშაო ხანგრძლივობის ნაცვლად, ბევრად მეტი იმუშაონ. საშუალოდ მაგიდები დღეში 10-დან 12 საათამდეა დაკავებული, ხოლო კლიენტები ფილიალებს არაპიკურ საათებში უფრო ხშირადაც კი აკითხავენ. ეს კი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მოდელი წარმატებულად მუშაობს.

უსაფრთხოება მსგავს ბიზნესმოდელში ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება. PingPod-ში ამბობენ, რომ პინგ-პონგის მოთამაშეები უხეშობით არ გამოირჩევიან და ეს ბიზნესს ძალიან ეხმარება. სამი წლის განმავლობაში, როგორც ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, დიდი ინციდენტი არ მომხდარა და არც აღჭურვილობა დაზიანებულა. ამაში, სავარაუდოდ, ისიც დიდ როლს თამაშობს, რომ მოთამაშეებმა იციან − კამერებით მონიტორინგი 24/7-ზე მიმდინარეობს.

კომპანია ოთხ სხვადასხვა დონის პროდუქციასაც ყიდის PodPlay ბრენდის სახელით: პირველი დონე არის მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფა, მეორე დონეზე ამას აპლიკაცია ემატება, მესამე ეტაპზე დამატებით ხელახლა თამაშისა და სათამაშო დაფის ხილვა შეგვიძლია, მეოთხე დონე კი სრული პროგრამული უზრუნველყოფა და ავტონომიური მოხმარების მთელი სისტემაა.

კოგლერი ამბობს, რომ PingPod-ში პირველი და მეორე დონეების გაყიდვას ელოდნენ, თუმცა გაოცდნენ იმით, თუ რამდენი მომხმარებელი ირჩევს მესამე პაკეტს. PodPlay არ არის იაფი სერვისი, თუმცა ინსტალაციიდან სამ თვეში ის საკუთარ ღირებულებას უკვე ფარავს შემოსავლების ზრდით.

"მოხდა ის, რომ ამ პაკეტს ადამიანები იყენებენ მათი სამუშაო საათების გასაგრძელებლად. მაგალითად, დილით ათ საათზე დაწესებულების გაღების ნაცვლად, ისინი ექვსზე იწყებენ მუშაობას. არ სჭირდებათ ადგილზე ოთხი ადამიანის ყოლა − მათი ერთი მომსახურე პერსონალი სრულიად საკმარისია, რადგან უსაფრთხოებას ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს".

ბიზნესის ავტონომიური მოდელის თავდაპირველი ამთვისებლები ჩოგნიანი სპორტის სახეობები აღმოჩნდა, თუმცა PingPod-ში ფიქრობენ, რომ ეს მოდელი ყველანაირ აქტივობას ერგება. ეს შეიძლება იყოს პოდკასტისა და ხმის ჩამწერი სტუდიები, მასაჟის სერვისები, პიანინოს სამეცადინო დარბაზები თუ კარაოკე-ბარები. როგორც სილბერმანი ამბობს, რამდენად გაამართლებს კონკრეტულ ბიზნესში მსგავსი მოდელი, მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, კლიენტები სოციალურ ინტერაქციას რამდენად აფასებენ. მაგალითად, ფიტნესზე ადამიანები დადიან, რადგან მოსწონთ რომელიღაც ჯგუფის წევრობა. თუმცა არის ფიტნესაქტივობები და არიან კლიენტები, რომლებსაც ურჩევნიათ შინ მარტო ივარჯიშონ. იდეალურია, თუკი აწვდი ფიზიკური აქტივობის სერვისს, რომელსაც შინ ვერ მიიღებენ, თუმცა არც ადამიანებთან ინტერაქცია სურთ.

თუმცა, ცხადია, უნივერსალური არაფერია და გამონაკლისებიც ყველგანაა. მაგალითად, Sweat440-ის მოდელი ფიტნესში ამართლებს. მათ ფილიალებში მხოლოდ ერთი ადამიანი ჰყავთ მიმღებში − მთელი სავარჯიშო სესია კი ტექნოლოგიების საშუალებით მიმდინარეობს. ოთხ ნაწილად დაყოფილი სესია სხვადასხვა დარბაზში მიმდინარეობს და ყოველი მათგანი ათწუთიანია. ვარჯიშს ვირტუალური მწვრთნელები უძღვებიან ეკრანიდან და აქ დაგვიანება სულაც არაა ტრაგედია − ყოველი ნაწილი 10 წუთში ერთხელ ხელახლა იწყება.

Sweat440-ს შეუძლია ერთდროულად 45 ადამიანი ავარჯიშოს მწვრთნელის გარეშე. ეფექტიანობის ხარჯზე უფრო შემცირებულია ღირებულება − თვეში ოთხი ვიზიტი მომხმარებელს $109 უჯდება, მაშინ, როცა მსგავსი ვარჯიშისთვის უახლოესი, ყველაზე იაფი სტუდია $119 ღირს. მარკეტინგ-კამპანიებშიც Sweat440 არ უსვამს ხაზს იმას, რომ სტუდიაში ნამდვილი მწვრთნელი არ დახვდება კლიენტებს. ისინი ყურადღებას მოხერხებულობაზე ამახვილებენ − Sweat440-ში სავარჯიშოდ მთელი დღის მის გარშემო აწყობა არავის უწევს, რაც ძალიან კომფორტულია.

ამის მსგავსად, PingPod-ის მომხმარებლებიც ყურადღებას იმაზე არ ამახვილებენ, რომ გამოცდილება ავტონომიურია. მათ მოსწონთ პინგ-პონგის თამაში, მისაღები ფასი და ვიზიტის დაგეგმვის სიმარტივე. ეს ანტრეპრენერებისთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილია, ვიდრე ავტომატურ ბიზნესმოდელებზე დაფიქრდებიან. ეს არ არის ის, რაც უნდა გაყიდოთ. ამ მოდელმა საშუალება უნდა მოგცეთ, კლიენტებს ის სერვისი მიაწოდოთ, რომელიც უკვე სურთ − უფრო მისაღებ ფასად და უკეთესი სიხშირით.

კოგლერი ფიქრობს, რომ ამ მოდელზე საუბარი "სამსახურების გაქრობის" შესახებ ნარატივების გამოც საინტერესოა. ის საუბრობს კომპანიების პრაქტიკაზე, რომლებმაც ადამიანები რობოტებით ჩაანაცვლეს.

"ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. მოდელი, რომელიც შევქმენით, აქამდე არ არსებობდა. ასე რომ, ვინმეს სამსახურს არ ვართმევთ", − ამბობს ის.

გარკვეულ სოციუმს მიკუთვნებადობა PingPod-ის დამფუძნებელთა იდეალისტური ამბიციაა მათი კომპანიის განვითარების სტრატეგიაში. მათ უკვე ჩააშენეს აპლიკაციაში ფუნქციები, რომლებიც ადამიანებს გააერთიანებს და მოანდომებს, შეიკრიბონ გარკვეულ ფიზიკურ სივრცეში: პლატფორმა მწვრთნელებისთვის, რათა რეკლამა გააკეთონ; მომხმარებლებისთვის შესაძლებლობა, მოაწყონ ტურნირები და ა.შ.

"გვსურს, ადამიანებმა იმისთვის გამოიყენონ ტელეფონები, რომ ამ მოწყობილობაზე დამოკიდებულება შეამცირონ", − ამბობს კოგლერი.

ეს მიდგომა გაფართოების სტრატეგიაში უკვე დევს. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლიათ ფართი უფრო იაფადაც იშოვონ, მაინც ისეთ ადგილებში ხსნიან ფილიალებს, სადაც პირველ სართულზე შეძლებენ ფუნქციონირებას და გარშემოც მეტი დასახლებული შენობა თუ კომერციული ფართი იქნება.

"ჩვენი მისია ხომ სწორედ ისაა, სპორტი უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამიტომ ის ჩვენ სარდაფებიდან ამოვიყვანეთ და ქუჩაში გამოვიტანეთ", − ამბობს სილბერმანი.

ქუჩის მსგავსად, PingPod-შიც განწყობები მუდამ იცვლება: ოთხშაბათ დილით სავარჯიშო დარბაზს ჰგავს − კონცენტრირებული მოთამაშეებითა და უნაკლოდ გაწკრიალებული გარემოთი. შაბათი საღამო კი ამისგან სრულიად განსხვავებულია − მეგობრების ჯგუფები, წყვილები მოდიან და დროს მხიარულად ატარებენ. ავტონომიური გამოცდილების მთელი აზრიც ხომ ესაა − იყოს ის, რაც იმ წამს გჭირდება.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია