გსურს იყო ანტრეპრენერი? დარჩი ბავშვად! გახსოვს ბოლოს როდის დასვი კითხვა, როდის დაინტერესდი რაიმე ისეთით, რის არცოდნისაც არ გრცხვენოდა? ალბათ მხოლოდ ბავშვობაში.
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მოდი, ვუპასუხოთ შემდეგ კითხვას – ბოლოს როდის იყავი ცნობისმოყვარე, კრეატიული, გულწრფელი, თამამი, ჯიუტი, მეოცნებე, გაბედული, ინტერესიანი, დაუღალავი, შეუჩერებელი, ჟინიანი, სპეტაკი და ნამდვილი?
მართალი ხარ. ბავშვობაში.
დიახ. მხოლოდ ბავშვობაში შეიძლებოდა გეთამაშა თანატოლებთან ერთად ისე, თითქოს არც კი იცოდი რას და რატომ აკეთებდი, არც არაფერი გაღელვებდა და, უბრალოდ, თამაშობდი. თამაშობდი სპონტანურად, როცა სულაც არ ცდილობდი შეცდომებისგან თავის არიდებას და არც არანაირი მიზანი არ გქონდა. უბრალოდ, თამაშობდი ბავშვურად, შიშისა და საფრთხისგან თავისუფალი.
ახლა კი, როცა ასაკმა და გამოცდილებამ მეტი სიფრთხილე და მორიდება გასწავლა, თამაში წარსულს ჩაჰბარდა.
მთავარი კი ისაა, რომ ბავშვისთვის დამახასიათებელი კრეატიულობა შევინარჩუნოთ და ასაკის მატებასთან ერთად უფრო მეტადაც განვავითაროთ, რადგან განსხვავება კრეატიულ და არაკრეატიულ ადამიანებს შორის, ძირითადად, იმაშია, რამდენად შეუძლიათ მათ, დარჩნენ ბავშვებად და ითამაშონ, როგორც ბავშვებმა.
ითამაშონ ისეთი თავდავიწყებით, როცა რამდენიც არ უნდა უხმონ უფროსებმა, მაინც ვერ გაიგონებენ მათ ხმას და სრული კონცენტრაციითა და ფოკუსირებით გააგრძელებენ თამაშს...
ასე რომ, თუ გვსურს ვიყოთ კრეატიულები, უნდა დავრჩეთ ბავშვებად.
ნუ ვიფიქრებთ, რომ კრეატივი მხოლოდ ხელოვანებს სჭირდებათ და შემოქმედებითი უნარი მხოლოდ მათთვისაა დამახასიათებელი. სულაც არა, კრეატიული ყველა შეიძლება გახდეს და მით უფრო - ანტრეპრენერი! მთავარია, არ დავივიწყოთ ბავშვური გატაცება და არავის მივცეთ უფლება, შეგვაწყვეტინოს თამაში...
ბავშვობა ხომ დოგმებისგან თავისუფლებაა. უფროსობა კი პირიქით, მუდმივად დოგმების მახეში გამომწყვდევაა. ეს კი გვაშორებს მთავარს – კრეატიულობას და შემოქმედებით მიდგომას ყველაზე რთული და კომპლექსური საკითხების მიმართაც კი.
ანტრეპრენერობა ხომ სხვა არაფერია, თუ არა დოგმების მახისგან გათავისუფლება, სხვა ადამიანების შეხედულებების გათვალისწინება, მაგრამ ამავე დროს ისეთი სიახლის მოფიქრება, რაც აქამდე აზრად არავის მოსვლია, ისევე როგორც ჰენრი ფორდამდე არავის უფიქრია, როგორ შეიძლებოდა ცხენის ავტომობილით ჩანაცვლება. "ხალხისთვის რომ მეკითხა რა სურდათ, მეტყოდნენ, უფრო სწრაფი ცხენებიო", – ფორდის ეს ცნობილი ფრაზა კიდევ ერთხელ ადასტურებს დოგმების გავლენას ადამიანების აზროვნებაზე.
სტივ ჯობსი სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე იტყვის – "არ მისცეთ სხვების აზრების ხმაურს უფლება, თქვენი საკუთარი ხმა ჩაახშონ. და ყველაზე მთავარი – გქონდეთ გამბედაობა, რომ გულსა და ინტუიციას მიჰყვეთ. რაღაც ძალით მათ ნამდვილად იციან, სინამდვილეში რა გსურთ. ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია".
"დაჟინებითი მისწრაფება" – დიმიტრი უზნაძის ცნობილი ფრაზა ქართველებზე ბავშვურ ჟინიანობას და მიზანდასახულობას მაგონებს, როცა ვერავითარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ გაჩერებს დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ამიტომაც არ ჩერდებიან და არ იღლებიან ბავშვები, უფროსები კი საკმაოდ ხშირად.
გახსოვს ბოლოს როდის დასვი კითხვა, როდის დაინტერესდი რაიმე ისეთით, რის არცოდნისაც არ გრცხვენოდა? ალბათ მხოლოდ ბავშვობაში.
ბავშვური ცნობისმოყვარეობა ის უნიკალური თვისებაა, რაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა შეინარჩუნოს ადამიანმა და ყოველთვის გაბედოს კითხვის დასმა.
ბავშვობა ცნობისმოყვარეობაა.
ბავშვობა ჟინიანობაა.
ბავშვობა ნამდვილობაა.
ბავშვობა თავდავიწყებაა.
ბავშვობა კრეატიულობაა.
ბავშვობა გამომგონებლობაა.
ბავშვობა სითამამეა.
ანტრეპრენერობაც.
ამიტომაც ჯობს, დარჩე ბავშვად.
გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge