ქართული სტარტაპი Theneo, Startup Battlefield-ის 200 პერსპექტიულ სტარტაპს შორის დასახელდა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
გლობალური სტარტაპსაზოგადოებისათვის ერთ-ერთი გამორჩეული და პრესტიჟული ტექნოლოგიური კონფერენცია - TechCrunch Disrupt, რომელიც TechCrunch-ის ორგანიზებით ყოველწლიურად სან ფრანცისკოში იმართება, წელს 18-20 ოქტომბერს შედგა და ათასობით სტარტაპს უმასპინძლა მთელი მსოფლიოდან. აღსანიშნავია, რომ ივენთს ორი ქართული სტარტაპი - Caru და Theneo ესწრებოდნენ, რომლებმაც ეკოსისტემას თავიანთი შრომის შედეგები გააცნეს და მნიშვნელოვანი ნეთვორქინგიც დაამყარეს.
Theneo წლევანდელ TechCrunch Disrupt-ზე საკუთარი სტენდით გახლდათ წარმოდგენილი, რომელთანაც დღის განმავლობაში ასობით პოტენციური მომხმარებელი თუ ინვესტორი მიდიოდა, ხოლო დამფუძნებლებს ეძლეოდათ შესაძლებლობა, უამრავი ადამიანისთვის გაეცნოთ მათი პროდუქტი და გუნდი.
"უკვე ბევრი ადამიანი დაგვიკავშირდა, ვინც Theneo-ს შესახებ ამ კონფერენციის დროს გაიგო და პროდუქტის გამოყენებით არის დაინტერესებული", - აცხადებს ანა რობაქიძე, Theneo-ს აღმასრულებელი დირექტორი, - "რაც შეეხება Startup Battlefield-ს ეს ფესტივალის მთავარი მოვლენაა. Startup Battlefield-ის დროს 200 ყველაზე პერსპექტიული სტარტაპი საკუთარ პროდუქტს წარადგენს და ერთმანეთს გამარჯვებისთვის ეჯიბრება. ძალიან ვამაყობთ, რომ ათასობით აპლიკანტს შორის ჩვენი სტარტაპი ჟიურის მიერ შერჩეულ 200 პერსპექტიულ სტარტაპს შორის მოხვდა".
ანას თქმით, TechCrunch Disrupt არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ პროდუქტი აურაცხელი რაოდენობის პოტენციური მომხმარებლისა და საერთაშორისო ინვესტორის წინაშე წარადგინო, რასაც Theneo-მ წარმატებულად გაართვა თავი.
ცნობისათვის, TechCrunch Disrupt-ის შემდეგ Theneo-ს გუნდი ლისაბონში მიემგზავრება WebSummit 2022-ზე. ამგვარად, შეიძლება ითქვას, სტარტაპერებს საკმაოდ დატვირთული, თუმცა შესაძლებლობებით აღსავსე სეზონი ელით.
აღსანიშნავია, რომ Theneo-ს შესახებ სტატია, უშუალოდ ღონისძიების ორგანიზატორმა კომპანიამ, TechCrunch-მაც გამოაქვეყნა, რომელშიც აღწერილია სტარტაპის საქმიანობის დეტალები, API-ის შესაძლებლობები და ოპერირების ბაზარი.
Theneo, ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელიც API სექტორში მნიშვნელოვან ცვლილებებს ისახავს მიზნად. Theneo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც ხარისხიანი, ლამაზი და ინტერაქციული API დოკუმენტაციის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. ამჟამად Theneo პირველი კომპანიაა, რომელიც API დოკუმენტაციის ავტომატიზაციაზე მუშაობს. API დოკუმენტაცია კორპორაციებისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა პლატფორმების ეფექტური ინტეგრაციის გასამტკიცებლად.