Join our Waitlist for Expert Advice!

მეწარმეობა და ინოვაციები ქართულ ლურჯ ეკონომიკაში - მისი განვითარების პოტენციალი ქვეყანაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლურჯი, იგივე საზღვაო, ეკონომიკა და მისი მდგრადი განვითარება ბათუმში ტურიზმის საერთაშორისო ფესტივალ "ტურისტერი 2023-ის" ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

რა არის ლურჯი ეკონომიკა? − მსოფლიო ბანკი ასეთ განმარტებას გვაძლევს: "ლურჯი ეკონომიკა ოკეანის რესურსების მდგრადი გამოყენებაა ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისათვის, საცხოვრებელი პირობებისა და სამუშაო ადგილების გაუმჯობესებისთვის ისე, რომ შენარჩუნდეს ოკეანის ეკოსისტემის სიჯანსაღე". ლურჯ ეკონომიკაში შედის შემდეგი დარგები: საზღვაო ტურიზმი, საზღვაო ტრანსპორტირება, მეთევზეობა და აკვაკულტურა.

ზღვასთან დაკავშირებული საქმიანობა საქართველოში, ზღვისპირეთში ეკონომიკის ისედაც მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა მისი პოტენციალის ბოლომდე ათვისება და, რაც მთავარია, გარემოზე ზემოქმედების შემცირება კვლავაც გამოწვევად რჩება.

როგორც ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი მამუკა ბერძენიშვილი Entrepreneur-თან ინტერვიუში ამბობს, შავ ზღვაზე ლურჯი ეკონომიკის განვითარებას ევროკავშირიც უჭერს მხარს. სწორედ ამ მხარდაჭერის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა "საერთო საზღვაო ზღვის წესრიგი", რომელიც რუსეთის გარდა შავი ზღვის ექვსივე ქვეყანას აერთიანებს და ლურჯი ეკონომიკის პოტენციალის ათვისებაში ეხმარება.

"ჩვენი ინსტიტუტი არის განხორციელების დახმარების მექანიზმის ეროვნული ცენტრი, ჩვენ ვეწევით ფასილიტაციას სახელმწიფოსა და ევროკომისიას შორის. გარდა ამისა, ვეხმარებით სხვადასხვა დაინტერესებულ და ჩართულ მხარეს მხარეს, იქნება ეს ბიზნესი, აკადემიური სფერო, არაკომერციული ორგანიზაცია თუ სახელმწიფო", − აცხადებს ბერძენიშვილი.

მამუკა ბერძენიშვილი ამბობს, რომ აჭარა და, განსაკუთრებით, ბათუმი, უკვე ისედაც დგას ლურჯი ეკონომიკის პრინციპებზე − დასაქმებულთა დიდი უმრავლესობა საზღვაო ტურიზმში ან სხვა დაკავშირებულ საქმიანობებშია ჩართული (თევზჭერა, საპორტო საქმიანობა). გარდა იმისა, რომ ბათუმს სჭირდება დახმარება, აითვისოს პოტენციალი, საჭიროა ამ ყველაფრის მდგრად ლიანდაგებზე გადაყვანაში მხარდაჭერაც.

ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, მამუკა ბერძენიშვილი ამბობს, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს საზღვაო ტურიზმის თვალსაზრისითაც. ამ ეტაპზე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს აჭარა, სადაც არის შესაძლებლობა, წყალქვეშ არსებული კულტურული მემკვიდრეობის საფუძველზე ტურისტული პროდუქტის შეიქმნას.

"ამას სჭირდება სამეცნიერო კვლევა და ტექნოლოგიური აღჭურვა, რათა შესწავლილ იქნას, რეალურად რა გვაქვს ზღვის ფსკერზე ჩვენს აკვატორიაში. გონიოს, ჩოლოქის, პეტრას მიმდებარედ მდიდარი პოტენციალია და იძლევა შესაძლებლობას, განვითარდეს მუზეუმების ქსელი, ამ ადგილებთან დაკავშირებული მცირე საკრუიზო მიმოსვლები. შესაძლებელია მცირე ნავსაყუდელი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ტურისტს მრავალფეროვან სერვისს შესთავაზებს", − ამბობს მამუკა ბერძენიშვილი.

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ხელმძღვანელი, ემზარ კახაძე ამბობს, რომ შავიზღვისპირეთი მდიდარია ტურისტული პოტენციალით. მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმზე საუბრისას უმეტესობას მხოლოდ რეკრეაციული ასპექტი ახსენდება, საქართველოს ზღვისპირა რეგიონები კულტურული მემკვიდრეობითაც საინტერესო სანახაობას სთავაზობენ ვიზიტორებს.

მეცნიერის თქმით, მხოლოდ აჭარაში ანტიკური და პოსტანტიკური ხანის სამი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომლებიც ტურისტებისთვის საინტერესო ატრაქცია უკვე არის და შესაბამისი სამუშაოების შემდეგ კიდევ უფრო მიმზიდველად შეიძლება იქცეს.

"გონიოს და ციხისძირის ინფრასტრუქტურა, შეძლება ითქვას, მსოფლიო სტანდარტზეა. დარჩა ფიჭვნარი, რომელიც ამ ორ ძეგლთან შედარებით ნაკლები ვიზუალური აღქმით გამოირჩევა, მაგრამ პოტენციით ყველაზე პერსპექტიულია. აქ ამიერკავკასიაში აღმოჩენილი ერთადერთი კლასიკური ხანის ბერძნული კოლონია დასტურდება − ჯერჯერობით ნაპოვნია მხოლოდ სამაროვანი, ხოლო ნაქალაქარის აღმოჩენა გააორმაგებს მის მნიშვნელობას", − ამბობს ემზარ კახაძე Entrepreneur-თან საუბრისას.

არქეოლოგის თქმით, აჭარაში ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველი ძეგლების სიას, ასევე, შეიძლება დაემატოს ავგიის ეკლესია, ბათუმის ციხე და კინკიშას მეგალითური ძეგლი.

"ტურისტერი 2023"-ის ფარგლებში გამართულ ვორქშოპზე ლურჯი ეკონომიკისა და მის ფარგლებში აკვაკულტურის განვითარების შესახებ იმსჯელეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველოს შავიზღვისპირეთს დიდი პოტენციალი აქვს აკვაკულტურის მიმართულებითაც.

რა ეტაპზეა ახლა ეს ყველაფერი? − მამუკა ბერძენიშვილი ამბობს, რომ მდგრად ლურჯ ეკონომიკაზე საუბარი მყისიერ, მალე მიღწევად შედეგზე გათვლილი არაა, თუმცა მუშაობა უკვე დაწყებულია და პროცესი წინ სწრაფად მიდის.

"ახლა ხდება შესაბამისი ფონდების მოძიება, კონსორციუმის შეკრება იმისათვის, რათა ვნახოთ თანამოაზრეები. ევროკომისია დაფინანსებას გამოყოფს, თუ თანამოაზრეებს მოვძებნით და ერთსა და იმავე საქმეს გავაკეთებთ, მაგალითად, ბათუმში, ტრაბზონსა და ვარნაში. ქართული მხრიდან გაცხადებული პარტნიორობის სურვილი გამოთქვეს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა და ბათუმის არქეოლოგიურმა მუზეუმმა. ცხადია, სწრაფი და მყისიერი არ არის პროცესი, თუმცა წინ მიდის", − ამბობს მამუკა ბერძენიშვილი ინტერვიუში.
ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია