მყავს 214,000-ზე მეტი გამომწერი TikTok-ზე - აი, რას ვაკეთებ იმ შემთხვევაში, თუ მას აკრძალავენ
By Neil Patel
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
TikTok-ის აკრძალვა საშინელი აზრია ბევრ ჩვენგანისთვის, ვინც ციფრული მარკეტინგის სამყაროში ვართ. მყავს 214 000-ზე მეტი გამომწერი პლატფორმაზე. ის გახდა ჩემი ბიზნესსტრატეგიის განუყოფელი ნაწილი, მეხმარება ახალგაზრდა აუდიტორიასთან დაკავშირებასა და ჩემი ბრენდის ზრდაში.
ამასთან, აკრძალვა ჯერ კიდევ 100%-ით არ არის გადაწყვეტილი. როგორი გზითაც არ უნდა წავიდეს TikTok-ის ევოლუცია, ბიზნესებსა და მარკეტერებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ცვლილებებთან ერთად წინ წავიდნენ, თუმცა მოქმედება ახლა არის საჭირო.
აი, ჩემი შეხედულებები პოტენციურ აკრძალვაზე, მის გავლენაზე მეწარმეებზე და იმ ნაბიჯებზე, რომელსაც ვდგამ, რომ სიტუაციიდან სარგებელი მივიღო.
რატომ შეიძლება აკრძალონ TikTok?
TikTok-ის პოტენციური აკრძალვის ძირითადი მიზეზი აპლიკაციის ჩინური მფლობელობა და მასთან დაკავშირებული მონაცემთა უსაფრთხოების რისკებია. აშშ-ის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ჩინეთის მთავრობამ შეიძლება მიიღოს მომხმარებლების მონაცემები TikTok-ის საშუალებით, რაც ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის. ეს შეიძლება მოიცავდეს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა ელფოსტის მისამართები და ადგილმდებარეობის მონაცემები.
კანონპროექტი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში ოფიციალურად უკვე ხელმოწერილია და ითვალისწინებს:
- TikTok-ის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ აღიარებას;
- TikTok-ის მშობელი კომპანიის, ByteDance-ის, მფლობელობის დათმობას ერთი წლის განმავლობაში კანონპროექტის ხელმოწერის შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში პლატფორმას აკრძალავენ.
- მაღაზიებისა და ვებსერვისებისგან TikTok-ის შეთავაზების შეზღუდვას.
- ქმნის ჩარჩოს პრეზიდენტისთვის, რათა განსაზღვროს და იმოქმედოს უცხოური კონტროლის ქვეშ მყოფ სოციალური მედიის აპლიკაციებზე.
ეს ნიშნავს, რომ TikTok-ი აშშ-ში აღარ იქნება? არა, ასე არ არის. არსებობს შანსი, რომ იურიდიული დავები პლატფორმას რამდენიმე თვეს კიდევ დაუტოვებს მოქმედების შესაძლებლობას ვადის გასვლის შემდეგ.
იმ შემთხვევაში, თუ ByteDance არ გაყიდის კომპანიის წილს და ყველა იურიდიული დავა წარუმატებელი აღმოჩნდება, მაინც შეიძლება აშშ-ში გარკვეული მომხმარებლები იყენებდნენ TikTok-ს ვირტუალური კერძო ქსელების (VPN) საშუალებით. თუმცა ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს მომხმარებლების რაოდენობას და TikTok-ზე მარკეტინგი ნაკლებად ეფექტიანი გახდება.
TikTok-ის აკრძალვის შედეგები
TikTok-ის პოტენციური აკრძალვის ერთ-ერთი პირველი დიდი გავლენა იქნება იმაზე, თუ სად გადავა Gen Z თავისი კონტენტისთვის. იმის გასაგებად, თუ როგორია პლატფორმის ამ ჯგუფზე მიმდინარე ზეგავლენა, გაითვალისწინეთ:
• Gen Z თაობა TikTok-ის გლობალური მომხმარებლების 60%-ზე მეტს შეადგენს.
• Gen Z-ის 76% აცხადებს, რომ იყენებს TikTok-ს.
• Gen Z-ის 49% პლატფორმაზე პროდუქტის აღმოჩენის შემდეგ ყიდულობს მას.
• Gen Z-ის აქვს $450 მილიარდის მსყიდველობითი ძალა გლობალურად, მათ შორის $360 მილიარდი - მხოლოდ აშშ-ში.
ნებისმიერი ბრენდი, რომლის მთავარ სამიზნეს Gen Z წარმოადგენს, დაკარგავს ამ ჯგუფის მოსაზიდად მთავარ არხს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მომხმარებლები საბოლოოდ სხვა ციფრულ პლატფორმებს იპოვიან, ეს თქვენს ბიზნესს დიდად არ წაადგება. გარდა ამისა, სოცქსელი სხვა ბაზრებზე ფუნქციური დარჩება, ეს კი TikTok-ზე ორიენტირებულ მარკეტინგულ სტრატეგიას რისკიან ვარიანტად აქცევს აშშ-ში მოქმედი ბიზნესებისთვის.
გარდა ამისა, აკრძალვამ შეიძლება შექმნას ე.წ. სიცარიელე სოციალური მედიის გარემოში, რის გამოც მეწარმეებს მოუწევთ ახალი გზების ძიება.
რა უნდა გააკეთოთ ახლა
მაშ, რა უნდა გააკეთონ TikTok-ზე აქტიურმა ბიზნესებმა ამ პოტენციური ცვლილებების ფონზე? პასუხი ორნაწილიანია. პირველი – არ დატოვოთ პლატფორმა.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბრენდებისთვის საუკეთესო სტრატეგიული ნაბიჯი იქნება ახლა TikTok-ზე ჩართულობის გაძლიერება. რატომ? ბევრი ბრენდი და კონტენტკრეატორი ამ გაურკვევლობის პერიოდს გამოიყენებს, რათა შეამციროს თავისი ყოფნა პლატფორმაზე. ეს კი ნიშნავს ნაკლებ კონკურენციას თქვენთვის, თქვენი კონტენტის ხილვადობისა და პრემიუმ ინფლუენსერულ პარტნიორობებზე წვდომისთვის.
ასევე, გაითვალისწინეთ სცენარი, რომლის მიხედვითაც TikTok-ი სრულად არ ქრება. თუ ეს მოხდება, იმ ბრენდებს, რომლებიც ან შეინარჩუნებენ, ან გაზრდიან თავიანთ ინვესტიციას TikTok-ზე, ექნებათ პლატფორმაზე კონკურენტებზე უკეთესი პოზიცია, როცა სიტუაცია დასტაბილურდება.
ეს უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარაა ბიზნესებისთვის, რომ გრძელვადიანი წარმატებისთვის მოემზადონ.
TikTok-ის აუდიტორია კვლავ აქ არის და მასთან ჩართულობა უნდა შეინარჩუნოთ. სწორედ ამიტომ, მე ჯერ კიდევ აქტიურად ვმუშაობ TikTok-ზე და თქვენც გირჩევთ, აქტიურები დარჩეთ.
ამავდროულად, ეს კარგი გაკვეთილი იქნება თქვენი სტრატეგიის დივერსიფიკაციისთვის.
მომავალში სოციალური მედიის მდგრადობის უზრუნველყოფა
აუცილებელია გავიმეოროთ, რომ ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორ განვითარდება TikTok-ის აკრძალვის საკითხი. შესაძლოა, აკრძალვის შემთხვევაში სხვა სოციალური მედიაპლატფორმებიც აღმოჩნდნენ ყურადღების ცენტრში. აქ მთავარი გაკვეთილი ისაა, რომ არ უნდა იყოთ სრულად დამოკიდებული ერთ პლატფორმაზე.
რას გულისხმობს დივერსიფიკაცია? სცადეთ ზრდა სხვა პლატფორმებზე, როგორიცაა Instagram-ი, YouTube-ი, Snapchat-ი, Pinterest-ი და Facebook-ი. ასევე, შეიძლება გაითვალისწინოთ საცალო მედიაპლატფორმები, როგორიცაა Netflix-ი, Amazon-ი, Disney და Walmart-.
თუ TikTok-ის აუდიტორიის გადინების კონტროლი გსურთ, Meta და განსაკუთრებით Instagram-ი სავარაუდოდ, საუკეთესო არჩევანია. Meta-ს უკვე აქვს ინფრასტრუქტურა და რეკლამის მიზნობრივი შესაძლებლობები მარკეტინგისთვის, ხოლო Reels-ის საშუალებით Instagram-ი გთავაზობთ მოკლე ვიდეოფორმატს, რომელიც TikTok-ის მომხმარებლებს ასე ძალიან უყვართ.
დაფინანსების კუთხით, საჭიროა ხელახლა შეაფასოთ თქვენი მიმდინარე ინვესტიციები TikTok-ში. 50%-დან 25%-მდე შემცირება ზოგადად კარგი საწყისი წერტილია, და დიდი ალბათობით, Meta-ს პლატფორმები შესანიშნავი ალტერნატივაა ამ დასაწყისისთვისაც. Instagram-ის Creator Marketplace-ი ასევე იდეალური ადგილია, რომ შეინარჩუნოთ გავლენა ინფლუენსერებსა და ციფრულ საზოგადოებებთან.
მეც ვცვლი ჩემს სტრატეგიას და გასწავლით რამდენიმე გაკვეთილს, რაც ამ პროცესში დავინახე:
აითვისეთ კონტენტის სტრატეგია: ვაბალანსებ კონტენტს თითოეული პლატფორმის უნიკალური მახასიათებლებისა და აუდიტორიების მიხედვით. მაგალითად, YouTube-ისთვის ვქმნი გრძელფორმატიან კონტენტს, ხოლო Instagram-ისთვის ვიზუალურად მიმზიდველ პოსტებს.
გამოიყენეთ TikTok-ის არსებული აუდიტორია სხვაგან გასაზრდელად: ვაქეზებ ჩემს TikTok-ის გამომწერებს, რომ გამომყვნენ სხვა პლატფორმებზე, ვაძლევ მათ მოტივაციას და ვუწევ პოპულარიზაციას ჩემს ანგარიშებს სხვა სოციალურ ქსელებში.
შეისწავლეთ ახალი პლატფორმები: ვაკვირდები ახალ სოცმედიაპლატფორმებს, რომლებიც TikTok-ის დაკარგვის შედეგად წარმოქმნილი სიცარიელის შევსებას შეძლებენ. ადრეული გამოცდილება მაძლევს კონკურენტულ უპირატესობას და საშუალებას, ძლიერი პოზიცია დავიმკვიდრო სხვა სივრცეში.
შეცვალეთ კონტენტის ტესტირების მიდგომა: თუ ადრე TikTok-ს იყენებდით კონტენტის ტესტირებისთვის, სცადეთ ეს პროცესი Meta-ს პლატფორმებზე გადაიტანოთ.
შექმენით საკუთარი აუდიტორია, მცირე საზოგადოება: მეტ ინვესტიციას ვდებ ჩემს ელფოსტასა და ვებსაიტში, რომ შევქმნა აუდიტორია, რომელთანაც პირდაპირი წვდომა მაქვს, მიუხედავად სოციალური მედიის ლანდშაფტის ცვლილებებისა.
ინფორმირებული იყავით მომხმარებელთა ჩვევებისა და ტენდენციების შესახებ: მიზნობრივი დემოგრაფიული ჯგუფები, როგორიცაა Gen Z, სოციალური მედიის გამოყენებით იცნობენ ბრენდებს და ყიდულობენ. GWI Core-ის და eMarketer-ის მსგავსი პლატფორმების გამოყენებით, შესაძლებელია აქტუალური პლატფორმების მიხედვით სამიზნე აუდიტორიაზე რეალურ დროში ადაპტირება.
დასკვნა
TikTok-ის გარშემო საკანონმდებლო ბარიერები ჯერ კიდევ არასტაბილურია და წინასწარ ვერ ვიტყვით, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, საუკეთესო, რასაც თქვენი გუნდი შეძლებს, ადაპტაციაა. TikTok-ი ჯერ კიდევ აქტიურად გამოიყენება, განსაკუთრებით ისეთ დიდ ჯგუფებში, როგორიცაა Gen Z, ასე რომ, ნუ დაივიწყებთ მას.
ამავდროულად, ეს უნდა გახდეს გაკვეთილი ერთ პლატფორმაზე გადაჭარბებული დამოკიდებულებისგან თავის არიდების მიზნით.
ადაპტაცია ის უნარია, რაც თქვენს გუნდს უნდა ჰქონდეს. გააძლიერეთ პოზიციები ერთ ქსელში, თუ წარმატებას ხედავთ. მაგრამ ასევე, მოახდინეთ თქვენი ბიზნესის ციფრული არსებობის ბევრ ქსელში გაშლა. ეს დაგეხმარებათ მუდმივი და თანამიმდევრული მარკეტინგული გზავნილის შენარჩუნებაში ყველა დიდ პლატფორმაზე – შედეგად კი ცვლილებების მიმართ ნაკლებად სენსიტიური იქნებით.