VELI.store - 2024 წლის შეჯამება "გასულ წელთან შედარებით "ველის" 250%-იანი ზრდა აქვს"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წლის ბოლოს ყველა განვლილ თვეებს აჯამებს. გადავხედავთ 12 თვის განმავლობაში ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევებს, ვფიქრობთ, რა გვასწავლა ამ წელმა და ამ გაკვეთილებით მომდევნო წლისთვის ვემზადებით.

განვლილ წელს აჯამებს ქართული ბიზნესიც. გეოპოლიტიკური ცვლილებების ასახვა გლობალურ ეკონომიკაზე, გავლენა ადგილობრივ ბაზარზე და ძირითადი გამოწვევები ამ ყველაფრის ფონზე − რა სირთულეებს შეეჯახნენ ქართული კომპანიები 2024 წელს, რომელი მიღწევებით ამაყობენ და როგორი მოლოდინი აქვთ ახალი, 2025 წლისგან?

არჩილ ფირიაშვილი
აღმასრულებელი დირექტორი, VELI.store

"ველი" უკვე მესამე წელია, საქართველოში მომხმარებლის რჩეული იქომერს პლატფორმის პოზიციას ინარჩუნებს და ყოველდღიურად ზრუნავს ონლაინშოპინგის საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე.

გასულ წელთან შედარებით "ველის" 250%-იანი ზრდა აქვს, რაც ჩვენი ბიზნესმოდელიდან და თვითონ იქომერსის, როგორც ინდუსტრიის სწრაფი განვითარების ტემპიდან გამომდინარე, სხვადასხვა მიმართულების ერთდროულად გაუმჯობესებითა და დახვეწით შევძელით.

მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქციის არჩევანის გაფართოებაა, რაც რაოდენობის ზრდასთან ერთად ისეთი ბრენდების ჩვენს პლატფორმაზე დამატებას მოიაზრებს, რომლებიც საქართველოში აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო და მომხმარებელს სასურველი პროდუქციის შეძენა მხოლოდ საზღვარგარეთ მოგზაურობისას ან საერთაშორისო პლატფორმებიდან გამოწერით შეეძლო, რაც ხშირად საკმაოდ დიდ დროსთანაა დაკავშირებული. მსგავსი მიდგომით გვსურს, ჩვენი მომხმარებლებისთვის საინტერესო პროდუქტები ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ, გავითვალისწინოთ მათი მოთხოვნა, რაც ბუნებრივად აისახება შოპინგის გამოცდილების გაუმჯობესებაში. მიმდინარე წლის ახალ ბრენდებს შორის ყველაზე წარმატებული Ariete, Cecotec-ი, Atmosphera, Bloom & Blossom-ი აღმოჩნდა.

გარდა ამისა, "ველის" უცვლელი მიზანი მომხმარებლის ნდობის მუდმივი გამართლებაა, რა პირობასაც საფუძვლად გამართული ბიზნესმოდელი უდევს, რომელიც ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანური რესურსის ჯაჭვური რეაქციის პრინციპითა და თანაბარი მენეჯმენტით იქმნება.

სწორედ ამიტომ წელს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ტექნოლოგიურ გაუმჯობესებას. მაგალითად, დავნერგეთ AI სიმულაციები ყოველდღიურ სამუშაო პროცესში, რომელთა გამოყენების მიზანი პროცესების წინასწარ გატესტვა და საუკეთესო შედეგის გამოვლენაა, რომელიც მომხმარებლის უნიკალურ გამოცდილებად იქცევა - იქნება ეს მარაგების მართვის სისტემების გაუმჯობესება თუ მიწოდების სისტემის დახვეწა.

რაც შეეხება ადამიანურ რესურსს, კომპანიის ზრდის პარალელურად, რა თქმა უნდა, გავზარდეთ "ველის" შექმნაში ყოველდღიურად ჩართული ადამიანების რაოდენობაც, თუმცა გუნდში არ დაგვიკარგავს თითოეულ ადამიანზე ორიენტირებული "სტარტაპული" სულისკვეთება და მოტივაცია. მეტიც, ეს ყველაფერი უკვე "ველის", როგორც შედარებით დიდი კომპანიის, შიდა პოლიტიკისა და ადამიანური კულტურის განუყოფელი ნაწილია.

"ველი" საკმაოდ სკეპტიკურად განწყობილ მოცემულობაში შეიქმნა, სადაც ადამიანებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ კომპანიაა ზრდასთან ერთად მათი ნდობის გამართლებას ვეღარ შეძლებდა, რაც "ველის" შემთხვევაში სრულიად საწინააღმდეგოდ განვითარდა.

ჩვენთვის წლის მთავარი გამოწვევა, ჩვენი ბიზნესმოდელიდან გამომდინარე, სწორედ სტარტაპიდან, კომპანიის ზრდასთან ერთად ახალ ეტაპზე ტრანზიცია იყო, რადგან "ველის" საკუთარი საწყობითა და მიწოდების სისტემით ოპერირების ზრდის პარალელურად დავინახეთ აუცილებლობა, რომ პროცესებიც ჰარმონიულად უნდა მიჰყოლოდა ამ ტემპს.

საბოლოოდ შევძელით, რომ იმ სკეპტიკური მოცემულობების მიუხედავად, დღემდე ვინარჩუნებთ ჩვენს ლოიალურ მომხმარებლებს და მხოლოდ ვაუმჯობესებთ მათ გამოცდილებას, რაზეც ჩვენი NPS 89-ც მეტყველებს.

წელს კიდევ უფრო დავახლოვდით AI-თან. მიუხედავად იმისა, AI-ს პოპულარობა საკმაოდ ცოტა დროს ითვლის ჩვენს ინდუსტრიაში და VELI.store-ის შექმნის დროსაც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ამ დონეზე ვერ მოხდებოდა - დავინახეთ, როგორ შეგვეძლო ხელოვნური ინტელექტის გამოყენება როგორც საოპერაციო, ისე ციფრულ მიმართულებებში იმისთვის, რომ მომხმარებლის გამოცდილება კიდევ უფრო გაგვეუმჯობესებინა და ამაში საკმაოდ დიდი დრო, ენერგია და რესურსი ჩავდეთ.

გამომდინარე იქიდან, რომ AI-თან მუშაობა და მისი ყოველდღიურობაში დანერგვა საკმაოდ ახალი პრაქტიკაა და არ არსებობს ბევრი დადასტურებული, წარმატებული მიდგომა თუ შემთხვევა იმისთვის, რომ AI-ს ინტეგრაცია ეფექტიანი და წარმატებული იყოს, ჩვენ თავად ვცდილობთ "ველის" თუნდაც მონაცემთა სისტემა თუ ზოგადად ყველა საჭირო სტრუქტურა ხელოვნური ინტელექტისთვის მარტივად წასაკითხი გავხადოთ.

ამჟამად AI სიმულაციით სისტემა წინასწარ ადგენს დროის კონკრეტულ მონაკვეთში შეკვეთების რაოდენობას და საზღვრავს გამტარიანობის შესაბამის რესურსს. ამ მეთოდით კომპანია საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების ხარისხს დღემდე ინარჩუნებს, რისი კარგი მაგალითიც ჩვენს შემთხვევაში წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი თარიღია - იქნება ეს ახალი წლის პერიოდი, შავი პარასკევი და ა.შ., როდესაც "ველიში" განსაკუთრებით დიდი რაოდენობის შეკვეთა გროვდება. წინასწარ მობილიზებული ადამიანური და ტექნიკური რესურსებით კი ყველაზე გადატვირთულ დღეებშიც კი ვამართლებთ მომხმარებლის მოლოდინებს.

ვამაყობთ, რომ "ველი" საქართველოში იყენებს ისეთ თანამედროვე, ინოვაციურ ტექნოლოგიებს, როგორსაც დასავლური მულტიმილიარდიანი კომპანიები და ეს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების ძალიან დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს.

ვფიქრობ, ზოგადად, გარდამავალი, რთულად პროგნოზირებადი პერიოდია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის. "ველის" გადმოსახედიდან, რადგან მთელი ბიზნესი ფიზიკური პროდუქტების ჩვენს სივრცეში არსებობას ეყრდნობა, მოვიაზრებთ მოსალოდნელ გამოწვევებსა და მეტ დაბრკოლებას მომარაგების მიმართულებით, რაც შესაძლოა ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს არა მარტო იქომერსისთვის, არამედ უფრო მასშტაბურად მთელი რითეილ ბიზნესისთვის საქართველოში.

"ველის" ზრდის ტემპმა და განვითარების ხარისხმა გვაჩვენა, რომ ეს არის თანამედროვე, სწრაფად მზარდი, მდგრადი ბიზნესმოდელი, რომელსაც აქვს პოტენციალი, იყოს მასშტაბირებადი და წარმატებით იმუშაოს სხვა ქვეყანაშიც.

შესაბამისად, "ველი" მომავალი წლიდან უკვე იწყებს მუშაობას ამ ტექნოლოგიური თუ ზოგადი გამოცდილების საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანაზე.
სიახლეები

"დეკა" - კორპორაციული კვება

"ქარხნებს, სკოლებს, ოფისებს, სასტუმროებსა თუ კომპანიებს ყველა იმ სერვისს ვთავაზობთ, რაც მომუშავე პერსონალის გამოკვებას ეხება"

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ტექნოლოგიური ტრენდები

ძმები სიმენსები - ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ

იცით, რისთვის შეხვდა ევროპის ტექნოლოგიური გიგანტის - Siemens-ის დამფუძნებელი, ვერნერ ფონ სიმენსი გრიგოლ ორბელიანს?

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

8 ტიპის ადამიანი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ

ამ თვისებების მქონე ადამიანები ენერგიას გამოგაცლიან და თქვენს ბიზნესსაც მძიმე ტვირთად დააწვებიან