Get All Access for $5/mo

კარგი, ძალიან კარგი თუ საუკეთესო? სხეულის მასის ინდექსის საიდუმლო

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

სარეკლამო ინდუსტრიის მსოფლიო გიგანტ Saatchi & Saatchi-ის ყოფილი აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი პოლ არდენი თავის ბესტსელერში It's not how good you are, it's how good you want to be ("მნიშვნელოვანია არა ის, რამდენად კარგი ხარ, არამედ რამდენად კარგი გინდა გახდე") აქტუალურ კითხვას სვამს – "ყველას გვსურს, ვიყოთ კარგი ჩვენს საქმეში, მაგრამ რამდენად კარგი სინამდვილეში?"

და იქვე გვთავაზობს სავარაუდო პასუხებს:

"საკმაოდ კარგი. კარგი. ძალიან კარგი. საუკეთესო ჩვენს სფეროში. საუკეთესო მსოფლიოში".

მისი თქმით, ყველას სურს იყოს კარგი, მაგრამ ყველა არ არის მზად, სათანადო მსხვერპლი გაიღოს ამისთვის...

რეკლამის გენიოსად აღიარებული პოლ არდენის სული ღმერთმა გაანათლოს, და მე კი ღრმად მწამს, რომ ადამიანის მიერ საკუთარი თავის მართვას, საკუთარ თავზე გამარჯვებასა და ბიზნესში გამარჯვებას შორის მჭიდრო ემოციური ურთიერთკავშირი არსებობს, რაც დიდწილად განსაზღვრავს კიდეც პასუხს კითხვაზე – რამდენად კარგი გვინდა ვიყოთ სინამდვილეში?

შევეგუებით სიღარიბესა და გაჭირვებაში ცხოვრებას? კარიერაც ასეთი გვექნება...

უარს ვერ ვიტყვით მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებაზე? მავნე ჩვევები ბიზნესშიც შეგვახსენებენ თავს...

არ ვიმუშავებთ საკუთარ თავზე ნებისყოფის გამოსამუშავებლად და გამძლეობის უნარის გასაძლიერებლად? ბიზნესშიც მოგვიწევს გამოწვევებთან ნაადრევად დანებება...

ამიტომაც, ვფიქრობ, ადამიანებმა მეტი დრო და ყურადღება უნდა დავუთმოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, პიროვნულ ზრდასა და სრულყოფილებას, რადგან სწორედ ჩვენ მიერ გამომუშავებული თვისებები და უნარ-ჩვევები დაგვეხმარება წარმატების მიღწევაში ბიზნესსა თუ ნებისმიერ საქმიანობაში!

მაგალითისთვის, თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ – ზედმეტ წონასთან ბრძოლის პრობლემას განვიხილავ.

თითქოს ყველას გვინდა ზედმეტი წონისგან გათავისუფლება, მაგრამ რამდენად მიზანმიმართულად ვუდგებით ამ გამოწვევას? რამდენად ვახერხებთ, ვიყოთ თანმიმდევრულები და ადამიანურ სისუსტეებს საკუთარ თავთან გამარჯვების საშუალება არ მივცეთ?

ალბათ ყველას გვსმენია მეცნიერებისა და მედიკოსების მიერ შემუშავებული სპეციალური ფორმულის – სხეულის მასის ინდექსის (Body Mass Index) შესახებ, რომლის საშუალებით გამოითვლება, თუ რამდენად შეესაბამება ადამიანის სხეულის მასასა და სიმაღლეს შორის არსებული პროპორცია ბიოლოგიურ ნორმას.

ჩემ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ზედმეტი წონის პრობლემა არ უნდა მქონდეს, სამიზნე მაჩვენებლამდე მაინც ბევრი მიკლია.

ეს აქამდეც ვიცოდი, მაგრამ თითქოს წავუყრუებდი, არ ვაქცევდი სათანადო ყურადღებას და, რაც ყველაზე მტკივნეულად მიმაჩნია, ვეგუებოდი საშუალო მაჩვენებელს და ახლობლებისა და გულშემატკივრების გულწრფელი გამოხმაურებით – "რა გინდა, მშვენივრად გამოიყურები, მეტი რაღა უნდა დაიკლო", – თავს ვიტყუებდი…

სინამდვილეში, ხომ ვიცოდი, რომ იდეალურ წონამდე ჯერ კიდევ ბევრი მაკლდა და ახლაც მაკლია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთ თვეში 6 კილოგრამის დაკლება შევძელი...

რას ვიზამთ?.. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, ნათქვამია, და როგორც ჩანს, 44 წლის ცხოვრებისეული გამოცდილება დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ არსებობს მჭიდრო მენტალური, ცნობიერი თუ არაცნობიერი კავშირი ჩემ მიერ ნორმად მიჩნეულ პირად სამიზნე მაჩვენებლებსა (ამ შემთხვევაში, სხეულის მასის ინდექსი) და პროფესიულ მაჩვენებლებს შორის.

მესმის, რომ შესაძლოა არასოდეს გიფიქრიათ, უფრო სწორად, არასოდეს დაგიშვიათ, რომ თქვენ, დიახ სწორედ თქვენ შეგიძლიათ იდეალურ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა და ეს მხოლოდ ერთეულთა ხვედრი არ არის.

და თუ ასეა, იქნებ ამჯერად სცადოთ, გადაატრიალოთ თქვენი სააზროვნო სისტემა და იფიქროთ იმაზე, რაც აქამდე შეუძლებლად მიგაჩნდათ და შეუძლებელი შესაძლებლად აქციოთ.

მესმის, რომ არსებობენ წარმატებული ადამიანები, რომლებიც ფიზიკურ ფორმაზე ყოველგვარი ზრუნვის, დიეტისა და ვარჯიშის გარეშეც ახერხებენ წარმატების მიღწევას და პროფესიული კარიერის მაღალ საფეხურზეც არიან, მაგრამ ვინ თქვა, რომ იგივე ადამიანებს არ შეეძლოთ მეტის მიღწევა, თუ ფიზიკურ ფორმაზეც ისევე იზრუნებდნენ, როგორც კარიერაზე, და ამით ისეთ მენტალურ თვისებებს გამოიმუშავებდნენ, რომლებიც კიდევ უფრო დიდი მწვერვალების დაპყრობაში დაეხმარებოდათ?

იქნებ, არც ახლაა გვიანი? ჩემი არ იყოს...

ვნახოთ, რა თვისებებია საჭირო იმისათვის, რომ ადამიანმა შეძლოს იდეალური წონის ხანგრძლივად შენარჩუნება და კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა? ყველაზე სახასიათო თვისებებს ჩამოვთვლი და თავად გადაწყვიტეთ, იგივე თვისებები, თუ ისინი თქვენი მენტალური კონსტიტუციის განუყოფელი შემადგენელი გახდება, გავრცელდება თუ არა თქვენს საქმიანობაზე ნებისმიერ სხვა სფეროში – ბიზნეს, საზოგადოებრივ თუ პროფესიული საქმიანობის ასპარეზზე:

მიზანდასახულობა და თანმიმდევრულობა – მაქვს მკაფიო მიზანი, ვიცი რა არის ჩემი იდეალური წონა და ყოველდღიურად, სწორი კვებითა და ფიზიკური ვარჯიშით, მივიწევ დასახული მიზნისაკენ.

კონტროლი და მონიტორინგი – ვიცი, რომ იდეალური შედეგი მოკლე დროში არ მიიღწევა. ამიტომ მუდმივად ვაკონტროლებ წონას, ვაკვირდები ჩემს ფიზიკურ მდგომარეობას და როგორც კი ვატყობ ჩამორჩენას, დაუყოვნებლივ ვაძლიერებ დიეტას და ვარჯიშს.

ნებისყოფა და გამძლეობა – მესმის, რომ უნდა გავუძლო ადამიანურ სისუსტეებს, უარი ვთქვა საყვარელ საკვებსა და სასმელზე, დილის თბილ ლოგინს დილის ვარჯიში ვარჩიო და ვებრძოლო საკუთარ თავს ძლიერი ნებისყოფის გამოსამუშავებლად.

შეუპოვრობა და ჟინი – ვიცი, რომ ხშირად მომიწევს არჩევანის გაკეთება შუა გზაზე გაჩერებასა და არჩეული გზის გაგრძელებას შორის, მაგრამ მზად ვარ, ბოლომდე ჯიუტად ვიბრძოლო და არასოდეს დავნებდე.

მუდმივი განვითარება და სრულყოფილებისკენ სწრაფვა – მესმის, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა და რაც უნდა კარგ ფიზიკურ ფორმაში ვიყო, ყოველთვის შეიძლება მოვუმატო ვარჯიშს და არსებული ფორმის შენარჩუნების ნაცვლად, მის გაუმჯობესებაზე მუდმივად ვიზრუნო. თუ ვთანხმდებით, რომ ეს თვისებები და უნარ-ჩვევები ადამიანის იდეალური ფიზიკური ფორმისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, მაშინ თავად განსაჯეთ, რამდენად შეიძლება იგივე თვისებები იგივე ადამიანს ბიზნესსა და პროფესიულ საქმიანობაშიც დაეხმაროს?

და ისევ პოლ არდენის კითხვას დავუბრუნდეთ – ყველას გვსურს, ვიყოთ კარგი ჩვენს საქმეში, მაგრამ რამდენად კარგი სინამდვილეში?

და თუ მართლაც გვსურს, ვიყოთ არა უბრალოდ კარგები, არამედ საუკეთესოები, მაშინ ჩვენი გონებაც და სხეულიც საუკეთესო მიზნების მიღწევაში ვავარჯიშოთ.

ნუ ვიქნებით საშუალო. ნურც კარგი. ნურც ძალიან კარგი, არამედ –საუკეთესო!

არ დავკმაყოფილდეთ უბრალოდ კარგ ფორმაში ყოფნით, არამედ მიზნად საუკეთესო ფორმაში ყოფნა დავისახოთ! დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეს განწყობა არა მხოლოდ ფიზიკურ ფორმაზე, არამედ ჩვენს პროფესიულ საქმიანობაზეც აისახება.

თავი რომ დავანებოთ იმას, რომ საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში ყოფნა საუკეთესო ჯანმრთელობას, საუკეთესო ჯანმრთელობა კი ულევ ენერგიას გვაძლევს ჩვენივე საქმიანობის ბრწყინვალედ შესასრულებლად, ფსიქოლოგიურადაც თავდაჯერებული ვიქნებით საკუთარ შესაძლებლობებში და გაცილებით მეტს მივაღწევთ ბიზნესსა თუ სხვა საქმიანობაშიც.

ჩვენ მიერ საკუთარ თავზე მიღწეული გამარჯვება კი მუდმივად შეგვახსენებს, რომ გარე გამოწვევებთან გამკლავებასაც არანაკლები წარმატებით შევძლებთ, რადგან ჩვენ უკვე შევძელით დაგვემარცხებინა ჩვენი ყველაზე დიდი მტერი – საკუთარი თავი!

გაიმარჯვეთ საკუთარ თავთან ბრძოლაში და ყველა სხვა ბრძოლიდანაც გამარჯვებული გამოხვალთ!

P.S.: და მაინც, რა პასუხი გაქვთ კითხვაზე:

ყველას გვსურს, ვიყოთ კარგი ჩვენს საქმეში, მაგრამ რამდენად კარგი?

ა) საკმაოდ კარგი ბ) კარგი გ) ძალიან კარგი დ) საუკეთესო ჩვენს სფეროში ე) საუკეთესო მსოფლიოში

მომწერეთ: editor@entrepreneur.ge

It's not how good you are, it's how good you want to be. Paul Arden.
© 2003 Phaidon Press Limited

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე