მეორეხაზელობა რაგბის მოედანზე და მის მიღმა გუნდის მოთამაშეებში ლიდერული სულისკვეთების გაღვიძება მათი შემართებისა და თვითშეფასების სტიმულირებასთან ერთად თავად რაგბის თამაშის სპეციფიკითაც აიხსნება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თითოეული ჩვენგანი საკუთარი თავის გამუდმებული ძიების პროცესშია. ამ ცისქვეშეთში ჩვენი ადგილის პოვნისა და თვითდამკვიდრების ვალიდაციისთვის ვირჩევთ სავალ ბილიკებს, პროფესიებს, მსოფლმხედველობრივ მიმართულებებს, ცხოვრების წესს. საკუთარი არსებობისა და მისიის გასამართლებლად ვირგებთ როლებს და შემდეგ ამ როლების წარმატებულად განხორციელებისთვის ვიღვწით. ცხოვრებაში, ისევე, როგორც ბიზნესში და რაგბის მოედანზე, სათამაშო როლების დიდი მრავალფეროვნებაა. შესაბამისად, თითოეულ ადამიანს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს მისი დანიშნულების სწორად დანახვაში, მისი საუკეთესო ტალანტის აღმოჩენაში.
ლიდერობის მოძველებული კონცეფცია და ავტორიტეტებისადმი უპირობო მორჩილების პრინციპი ბიზნესში მენეჯერს, გუნდურ სპორტში კი მწვრთნელს აკისრებდა გუნდის თითოეული წევრისათვის დანიშნულებისა და ადგილის მიჩენის ვალდებულებას. ლიდერობის თანამედროვე კონცეფცია კი ცხოვრების ყველა სფეროში, რაგბის სათამაშო მოედნის ჩათვლით, ლიდერული უნარ-ჩვევების − ინიციატივის წარმოჩენისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გააზრების, თითოეულ ინდივიდში წახალისებას მოითხოვს.
ედი ჯოუნსი, ინგლისის რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ერთ-ერთ რეიტინგულ საჯარო გამოსვლაში იაპონიის ეროვნულ ნაკრებთან ყველაზე კრიტიკულ პერიოდში მუშაობის საინტერესო გამოცდილებას გვიზიარებს. ჯოუნსის მიხედვით, რაგბის გუნდის მწვრთნელობა მრავალ უმნიშვნელოვანეს ფაქტორთა შორის სამ უმთავრეს საწყისს ეფუძნება. ესენია: წარმატებისთვის მოწოდებული გუნდის ღირებული წევრების მოძიება-ტალანტების პოვნა; გუნდში არსებული წესების სიცხადე და მათი საყოველთაო აღიარება გუნდის წევრების მიერ და გუნდის წევრთა შორის შეთამაშება ორგანიზაციული ღირებულებების ურთიერთაღიარების თვალსაზრისით.
ედი ჯოუნსის პარალელის დანიშნულება ნათლად ჩანს ბიზნესშიც. ლიდერმა თავდაპირველად უნდა დაინახოს, რა მოუტანს მოგებას და წარმატებას მის გუნდს, შემდეგ კი განსაზღვროს, როგორი ადამიანები ჭირდება ამ შედეგის მისაღწევად გუნდში. თუმცა, ჯოუნსის მიხედვით, იდეისა და გუნდის ფორმირების ეტაპზე გამოვლენილი ერთპიროვნული ლიდერობის შემდეგ, მწვრთნელის დანიშნულებაა ლიდერული სულისკვეთება გააღვიძოს თითოეულ მოთამაშეში. წარმატებული გუნდი, მისი თქმით, ის გუნდია, რომელიც თვითმართული და თვითრეგულირებულია. სწორედ ასეთი ავტონომიურობა განსაზღვრავს გუნდის მომზადების ხარისხსა და მოწოდების სიმაღლეს. ასეთ გუნდს მწვრთნელის მითითებების დამოუკიდებლადაც შესწევს უნარი, თავად შეაფასოს ობიექტურად მიღწეული შედეგები, გააკეთოს კრიტიკული ანალიზი და დასახოს სტრატეგია უკეთესი შედეგების მისაღწევად. თუ გუნდი სათანადო შედეგს არ აჩვენებს, ეს მწვრთნელის მარცხია, − აღიარებს ჯოუნსი, − გუნდის თითოეულ წევრში ლიდერული თვისებების კულტივირების მისი არასაკმარისი მცდელობაა.
იაპონიის ეროვნულ ნაკრებთან კრიტიკულ პერიოდში მუშაობისას ჯოუნსმა თავის გამოცდილ კოლეგებთან ერთად არსებული პრობლემების იდენტიფიცირება სცადა. გუნდის წინაშე არსებული გამოწვევების მიზეზებს შორის ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორად ჯოუნსმა გუნდის წევრებში სწორედ ლიდერული კომპეტენციის ნაკლებობა დაასახელა. ნებისმიერი რამ, რაც არსებითად ზღუდავს ადამიანების შესაძლებლობათა გამოვლენისა და გამოყენების არეალს, ჯოუნსის მიხედვით, გადახედვასა და გადაფასებას ექვემდებარება. იგივე ითქმის კულტურულ ტრადიციებზეც. ავტორიტეტების კულტურაში გაზრდილ იაპონელ მორაგბეებს ფიზიკური პარამეტრების სპეციფიკურობასთან და შედეგების გაუმჯობესების მოტივაციის ნაკლებობასთან ერთად, ჯოუნსის თქმით, უკანდახევას აიძულებდათ საკუთარი როლის სათანადო განცდის არქონა გუნდში. ეს კი თითოეულ მათგანში ლიდერული უნარ-ჩვევების კულტივირებით, მათი სამუშაო პროცესში აქტიური ინტეგრირებითა და მათი მნიშვნელობის გაცნობიერებით იქნა მიღწეული, რამაც, საბოლოო ჯამში, იაპონიის ეროვნული ნაკრების არნახულ წარმატებას დაუდო სათავე.
გუნდის მოთამაშეებში ლიდერული სულისკვეთების გაღვიძება მათი შემართებისა და თვითშეფასების სტიმულირებასთან ერთად თავად რაგბის თამაშის სპეციფიკითაც აიხსნება. ლიდერის ფუნქცია მონაცვლეობით გადაეცემა გუნდის ცალკეულ წევრს თამაშის მსვლელობისას. ეს ფორმალური ლიდერების როტაციას ჰგავს ბიზნესის სფეროში, როდესაც გუნდის გამარჯვებაზე არსებული საერთო პასუხისმგებლობა გონივრულად და კონტექსტის მიხედვით ნაწილდება გუნდის ცალკეულ წევრზე. მორაგბე პაატა ზედაშიძე გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას მეორეხაზელის პოზიციიდან. რაგბის თამაში თითოეული მონაწილისგან თავგანწირვასა და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას მოითხოვს. ამ თვალსაზრისით, გუნდის თითოეული წევრი უშუალოდ მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას უპირობო ლიდერია. თუმცა, თამაშის მიმდინარეობისა და დინამიკის მიხედვით, გუნდის მონაწილეები მათი როლებისთვის განკუთვნილი დანიშნულების შესრულების პროცესში ლიდერობის დელეგირებას იმ თანაგუნდელების მისამართით ახორციელებენ, ვისი მოქმედებაც მოცემულ მომენტში უპირატესი მნიშვნელობისაა. პასუხისმგებლობის განაწილებისა და გუნდური სულისკვეთების განხორციელების თვალსაზრისით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოედანზე მეორეხაზელის როლი. ზედაშიძის თქმით, მეორე ხაზი, ერთგვარი ხერხემლის ფუნქციას ასრულებს გუნდში. მეორეხაზელის ღვაწლი, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველია. ეს პირდაპირი მნიშვნელობითაც შეგვიძლია გავიგოთ: მაგალითად, უშუალოდ შერკინების პროცესის მიმდინარეობისას, წარმატების შემთხვევაში, პირველ ხაზში მდგარ სამ მოთამაშეს აჯილდოებენ ქებით. სინამდვილეში კი აღნიშნული წარმატების მოპოვებაში უდიდესი წვლილი სწორედ მეორეხაზელებს (მე-4 და მე-5 ნომრით მოთამაშე მორაგბეებს) მიუძღვით. მეორეხაზელების ფუნქცია საკვანძოა: ისინი ზურგს უმაგრებენ პირველხაზელებს და მთლიანობაში ასრულებენ იმგვარი შინაარსის როლს, რომლის წყალობითაც გუნდის სხვა წევრებს შედარებით ხელსაყრელი და კომფორტული სათამაშო სიტუაციები ექმნებათ როგორც თავიანთი ინდივიდუალური ტალანტისა და სათამაშო პოტენციალის გამოსაყენებლად, ისე უშუალოდ ქულების მოპოვების თვალსაზრისით. რაგბის მოედანზე დერეფანში აუტის მოწოდებისა თუ სხვა საჰაერო ბრძოლების დროს, თეორიულად, გუნდის არცერთ წევრს არ ეკრძალება ბურთის მოპოვება და სათანადო ადრესატისთვის მისი გადაცემა. მეორეხაზელისთვის კი ამ საპასუხისმგებლო ფუნქციის განხორციელება გუნდის წინასწარ განსაზღვრული სტრატეგიის ნაწილია და განსხვავებით რომელიღაც მოთამაშის მიერ შემთხვევითობის წყალობით გამოვლენილი ინიციატივისგან, მის უმთავრეს დანიშნულებას წარმოადგენს. მეორეხაზელის პოზიციაზე, მისი სპეციფიკისა და კომპლექსურობის გათვალისწინებით, მწვრთნელები შესაბამისი ფიზიკური და მენტალური მონაცემების მოთამაშეებს ირჩევენ. "მეორეხაზელს იშვიათად ნახავთ, ბურთით ხელში მეტრებს ფარავდეს. მისი დავალებიდან გამომდინარე, ის ძირითადად თავისი მაქსიმუმით ახერხებს რამდენიმე სანტიმეტრით წინსვლას ან უბრალოდ, ზურგს უმაგრებს შემტევ მოთამაშეს და წინსვლაში ეხმარება მას. რაგბის თამაშის დროს კი ყველა სანტიმეტრი მნიშვნელოვანია", − ამბობს ზედაშიძე.
პირადად ჩემთვის მეორეხაზელობა ბევრი საინტერესო პარალელის აღმოჩენისთვის ხსნის კარს. ჯაზის ვირტუოზი მაილზ დევისი ამბობდა, უნდა დაუკრა არა ის, რაც მუსიკალურ ტექსტშია და შენ ცხვირწინ დევს, არამედ ის, რაც იქ არ წერია. ასეთი პროვოკაციული საზრისი დასაწყისიდანვე თავგადასავლის წყურვილს აღძრავს და ფიქრის უსასრულო პროცესში გეპატიჟება. მაილზის ამ შეგონებაზე სტრიქონებს შორის კითხვის კონცეპტი მაგონდება. ცოტა მეტი სიღრმისეული დაფიქრების შემდეგ კი პოეტური სიჩუმის ხმაური და ინდივიდუალური თუ კოლექტიური ქვეცნობიერის ფსიქო-დელია-რანუნი. ფილოსოფიური რაკურსიდან ასეთი საზრისი უხილავის არა მხოლოდ დანახვას, არამედ დაჯერებასაც გულისხმობს. ამ თვალსაზრისით, ტექსტის მიღმა დამალული მუსიკალური იმპროვიზაცია შეიძლება ღმერთსაც შევადაროთ, რომელიც არ ჩანს, მაგრამ ყველაზე მეტყველია. როგორი ინტერპრეტაციაც უნდა მივცეთ, ყველა შემთხვევაში, საუბარია იმ მამოძრავებელ ძალაზე, შთაგონების მუხტსა და ენერგიაზე, რომელიც სასიცოცხლო პროცესების რიტმს და საბოლოო გამარჯვების ბედ-იღბალს განსაზღვრავს.
მაილზ დევისის მიერ მუსიკალური ტექსტის მიღმა დაფარული შინაარსი რომ პიროვნებად წარმოვიდგინოთ, საინტერესო პერსონაჟს მივიღებთ. ვის შეიძლება ეს ქარიზმატული და შეუვალი ენერგია შევადაროთ, თუ არა ბოლო დროს ბიზნესის წრეებში წახალისებულ და საყოველთაოდ აღიარებულ მე-5 დონის ლიდერს. ლიდერობის ამგვარი გაგება დღეს ძალზე პოპულარულია და უდავოდ საკადრის ყურადღებას მოითხოვს. საყოველთაო კონცეფციისგან განსხვავებით, ამ მოდელში ლიდერი გამოდის მსახურის და არა კვარცხლბეკზე წამოჭიმული ავტორიტეტის როლში. მე-5 დონის ლიდერი გამიზნულად და გაცნობიერებულად გადაიჩოჩებს მოწინავე პოზიციიდან კულისებს მიღმა, რათა საქმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო და საკვანძო ფუნქციები განახორციელოს.
მე-5 დონის ლიდერობის კონცეპტის ასახსნელად ხშირად თავმდაბლობისა და რკინის ნების თვისებების კომბინაციას ასახელებენ. მე-5 დონის ლიდერებს ახასიათებენ, როგორც, ერთი მხრივ, თავმდაბალ, მორცხვ და იმავდროულად მტკიცე ნებისყოფის მქონე, უშიშარ ადამიანებს. სწორედ ასეთი უშიშარი და თავმდაბალი ადამიანები აღვივებენ ნიადაგს უწყვეტი პროგრესისთვის ბიზნესის, განათლების, საჯარო მმართველობის, ხელოვნების, სპორტისა და თუ არაერთი სფეროს შიგნით, მათთვის მინიჭებული საპასუხისმგებლო პოზიციიდან. დათმო მოწინავედ ყოფნის ხიბლი, იყო სხვების საყრდენი და მათში საუკეთესო შესაძლებლობებს გასაქანი მისცე, გახდე ინდივიდუალური და გუნდური გამარჯვების შემოქმედი − ესაა მეორეხაზელის რთული და საპატიო ხვედრი რაგბის მოედანზეც და ცხოვრებაშიც...