ტოჩინოშინი – ძლიერი გული გულით იშრომეთ და დაგიფასდებათ!
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი (იაპონურად – "ძლიერი გული"), გარდა იმისა, რომ საამაყო სპორტსმენია, არის ადამიანი, რომელმაც საქართველოში სუმოს პოპულარიზაცია აამაღლა და სპორტის ეს სახეობა ძალიან ბევრს შეაყვარა.
ძეგველი სპორტსმენი თავიდან ძიუდოს ჭიდაობდა, მაგრამ შემდეგ იმდენად შეუყვარდა სუმო, რომ ტატამიდან დოჰიოზე გადასვლა გადაწყვიტა. ლევანი სპორტის ამ ორ სახეობას ასე ადარებს: "როდესაც ტატამზე ხარ, მეტოქეს 5 წუთი ეჭიდავები, სუმო კი უფრო მუხტიანი სპორტია – როდესაც სტარტზე დგახარ, ერთი სული გაქვს, როდის შეებრძოლები მეტოქეს".
ოძეკი, სუმოს იერარქიაში იოკოძუნას შემდეგ ყველაზე მაღალი რანგის წოდებაა. ლევანმა ეს ტიტული 2018 წლის 30 მაისს ოფიციალურად მიიღო, მაგრამ 2019 წლის მარტის ბაშოზე უარყოფითი ბალანსის გამო ეს წოდება დაკარგა.
მომდევნო ტურნირზე, კონკრეტულად მაისის ბაშოზე, მთელი რიგი სირთულეების მიუხედავად, ოძეკის რანგი დაიბრუნა. გავიხსენოთ ასანოიამასთან ორთაბრძოლა, რომელიც იდეაში ქართველმა სპორტსმენმა მოიგო, მაგრამ მსაჯთა გაუგებარი გადაწყვეტილების გამო, გამარჯვება სწორედ ლევანის მეტოქეს დარჩა. მომდევნო ორთაბრძოლაში კი გორგაძემ იოკოძუნა კაკურიუ დაამარცხა.
როგორ დაიწყო სუმო?
"სიმართლე გითხრათ, ჩემი ოცნება ძიუდოისტის რანგში ოლიმპიადაზე ასპარეზობა იყო, მაგრამ 2004 წელს პირველად ჩავედი იაპონიაში სუმოს სამოყვარულო მსოფლიო თამაშებზე და კიდევ უფრო მოვიწამლე სუმოთი. ამავე თამაშებზე 2005 წელსაც მივიღე მონაწილეობა. შეჯიბრის შემდეგ სამთვიანი ვიზის ფარგლებში სპეციალური შეკრებაც გავიარე. იმ პერიოდში ლევან ცაგურია (კოკაი) ელიტაში ჭიდაობდა და ესეც, რა თქმა უნდა, დამატებითი ფაქტორი იყო".
დაბრკოლებები
"უპირველესად, რაც ყველაზე მეტად გამიჭირდა, იაპონური ენის სწავლა იყო. დაახლოებით 2 წელიწადში ეს ყველაფერი დავხვეწე. რაც შეეხება სუმოს, რომელზეც ძიუდოში ყოფნის პერიოდში წარმოდგენაც არ მქონდა, კლუბში პრაქტიკაში შევისწავლე".
ტრავმა, მსაჯის შეცდომა, ფსიქოლოგიური მდგრადობა, გულშემატკივრები...
"მაისის ბაშო საკმაოდ დამაჯერებლად მიდიოდა, 9:1-ზე მქონდა ბალანსი და ჩემპიონობისკენ მივიწევდი, მაგრამ სამწუხაროდ, ენდოსთან ორთაბრძოლისას დამიზიანდა ნატკენი მუხლი, შემდეგ კი ასანოიამასთან მსაჯების შეცდომა. სხვათა შორის, მერე ყველამ აღიარა ეს ხარვეზი და ფაქტია, უსამართლოდ წამაგებინეს, მაგრამ ცხოვრებაში შეცდომებს ყველა უშვებს. რასაკვირველია, ასეთ დროს სპორტსმენისთვის ფსიქოლოგიურად ურთულესი მომენტია, მაგრამ ქართველი გულშემატკივრებისთვის ოძეკის ტიტული აუცილებლად უნდა დამებრუნებინა. სწორედ ამ შესანიშნავი ქომაგობის წყალობით დავიბრუნე წოდება, რისთვისაც ყველას უღრმეს მადლობას ვუხდი".
რჩევა დამწყებ სპორტსმენებს
"ჯანსაღი სტილით ცხოვრება და რა თქმა უნდა, შრომა, შრომა და ისევ შრომა! სპორტული კარიერისთვის ეს ორი რამ უმნიშვნელოვანესია. არის კატეგორია სპორტსმენებისა, რომლებიც ამბობენ, რომ შრომის მიუხედავად, მათ ეს ჯაფა არ უფასდებათ და ყოფილა შემთხვევები, როცა გული აცრუებიათ ამ სფეროზე. მეც მქონია მსგავსი მომენტები, მაგრამ მერწმუნეთ, შრომა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაგიფასდებათ! ასე რომ, გულით მოინდომეთ და დღეს თუ არა, ხვალ გაცილებით წარმატებული იქნებით, ვიდრე გუშინ იყავით".
მიზანი
"სუმოს სამყაროში ოძეკის ტიტული ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ ახლა მიზანი სულ სხვა რამ არის – ბრძოლა იოკოძუნობისთვის, რისთვისაც ზედიზედ ორი ბაშოს მოგებაა საჭირო. ამისათვის ბოლომდე ვიბრძოლებ".