Get All Access for $5/mo

მოდელი მენტორი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

ტაირა ბენქსი დიდი ხანია ბრძენი მასწავლებლის როლს ასრულებს. იგი ჯერ მონაწილეობდა შოუში "ამერიკის შემდეგი ტოპმოდელი", ახლა კი NBC-ის "ახალი ცნობილი სტაჟიორის" მრჩეველია. თუმცა მენტორობა მისი ბიზნესის მთავარი ნაწილიც გახლავთ. გარდა ამისა, ის სიამოვნებით იღებს რჩევებს მენტორებისგან.

მენტორის მოძიების კუთხით, გავიგე, რომ თქვენ მხარს უჭერთ სასურველ მენტორთან პირდაპირ დაკავშირებას.

დიახ, ვფიქრობ, ამაში სასირცხვილო არაფერია. შესაძლოა სადღაც, გულის სიღრმეში მქონდეს შიში, მაგრამ ვაბიჯებ მას და ვდგამ შესაბამის ნაბიჯს. წლების წინ წავიკითხე Zappos-ის აღმასრულებელი დირექტორის, ტონი ზის წიგნი "ბედნიერების მიწოდება". შოკისმომგვრელი იყო მისი ხედვა კომპანიის კულტურის შესახებ და მივხვდი, რომ ერთ დღეს სწორედ ასეთი ბიზნესის შექმნა მინდოდა. ჰოდა, ავიღე ტელეფონი და დავურეკე. მან ვერ დაიჯერა, რომ ეს მე ვიყავი! დროთა განმავლობაში ჩვენ დავმეგობრდით და შემდეგ ის ჩემი მენტორი გახდა. ტონისგან უამრავი რამ ვისწავლე. განსაკუთრებით, ადამიანური რესურსების მართვის ანაბანა.

თქვენი მენტორია ასევე რიჩარდ ბრენსონი. როგორ გაიცანით იგი?

ერთ-ერთ ჰელოუინზე მე მასავით ჩავიცვი! ჩემმა ვიზაჟისტმა რიჩარდ ბრენსონად მაქცია. ფოტოები სოციალურ ქსელებში განვათავსე, რასაც მოჰყვა ზარი რიჩარდისგან. მან მითხრა, რომ მე ვიყავი ყველაზე ლამაზი რიჩარდ ბრენსონი, რომელიც მას ოდესმე ენახა. ამის შემდეგ ჩემი გუნდი დაუკავშირდა მის გუნდს და მოგვიანებით მან მიმიწვია ინტერნეტჩართვაზე, რომლის დროსაც ვისაუბრეთ წარუმატებლობაზე (როგორც ჩემს წარუმატებლობაზე, ასევე მისაზე). ამის შემდეგ გადავწყვიტე, მენტორობა მეთხოვა მისთვის. ვნერვიულობდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ამ კაცის ღირებულებებს მთლიანად ვიზიარებდი და მისგან ბევრი რამის სწავლას შევძლებდი. ათასობით ადამიანის წინ მე მას ვთხოვე, ჩემი მენტორი გამხდარიყო. მან ჩაიხითხითა და მითხრა: "ოო, მე მყავს ბრწყინვალე ადამიანების გუნდი, ტაირა. მათ შეუძლიათ იყვნენ შენი მენტორები!" ხოლო მე ვუთხარი: "გუნდში თქვენს თავს გულისხმობთ, არა?" მე მას ბოლომდე არ გავანებე თავი. ჩემი მხრივ, მეც ვუწევ მენტორობას სხვა ადამიანებს.

როგორია თქვენი მენტორობის სტილი?

მე მუდმივად ვასწავლი და ვამდიდრებ ჩემს გუნდს. მინდა, ამ ადამიანებმა მეტი ცოდნა მიიღონ, გაიზარდონ და დაწინაურდნენ კომპანიაში. ან ასე უნდა მოხდეს, ან მათ უნდა დატოვონ გუნდი, მაგრამ დარჩეთ დადებითი მოგონება იმის შესახებ, თუ რა ისწავლეს ჩემთან გატარებული დროის განმავლობაში. ჩემმა ერთ-ერთმა პროფესორმა ჰარვარდში მითხრა, რომ "თუნდაც ზერელე კრიტიკული შეფასების მიღება სჯობდა არანაირი კრიტიკის მიღებას". ადრე ვფიქრობდი, რომ კრიტიკული შეფასების მისაღებად ან მისაცემად ფორმალური შეხვედრა იყო საჭირო. მაგრამ ხანდახან ამისთვის დრო არ გაქვს. განსაკუთრებით, თუ სტარტაპს წარმოადგენ ან დაკავებული ხარ, ან დაგაწინაურეს, ან სხვა რამ ხდება, რაც უნდა იყოს ეს. თუ შენ მირბიხარ ტუალეტში, ხოლო ისინი დერეფანში დგანან, არაფერი დაშავდება, თუ 30 წამს დაუთმობ და ეტყვი კრიტიკულ შეფასებას. უბრალოდ ეს ისე გააკეთეთ, რომ იყოს დადებით კონტექსტში და არ ჟღერდეს გიჟურად.

კითხვა, რომელსაც ანტრეპრენერები საკმარისად არ უსვამენ თავიანთ მენტორებს...

ის, რომ მენტორი იყოს მკაცრი და შეეხოს ჩემს გრძნობებს. ის, რომ ისეთი პირდაპირი იყოს თავის კრიტიკაში, რომ მე ღამე ვიტირო. მაგრამ შემდეგ, მეორე დილით ავდგე და ახალი ენერგიით შევუტიო ჩემს პრობლემას.

თქვით, რომ დედათქვენი, ქეროლინ ლონდონ-ჯონსონი, რომელთან ერთადაც მუშაობდით, თქვენი ერთ-ერთი უდიდესი მენტორია. ოდესმე გინერვიულიათ ოჯახისა და ბიზნესის ერთმანეთთან დაკავშირებაზე?

სულაც არა. დედაჩემი ჩემთვის "სამაშველო ნავი" იყო. მე იმდენ სირთულესთან მიწევდა გამკლავება სამოდელო ინდუსტრიაში, რომ ვეხვეწებოდი, თავი გაენებებინა სამსახურისთვის (ის ფოტოგრაფი იყო) და ჩემთან ემუშავა. ამავე დროს, ჩვენ უამრავი კონფლიქტი გვქონდა ერთმანეთთან, ვინაიდან მაინც დედა და შვილი ვიყავით. იგი მიბრაზდებოდა, როცა ტელეფონზე არ ვპასუხობდი. ჩემთვის ტელეფონიც კი უსვრია და ოთახიდან გასულა. 18 წლისას მეგონა, რომ მას ეშინოდა და ამიტომ არ ესაუბრებოდა ჩემ მაგივრად ჩემს დამსაქმებლებს. 43 წლის ასაკში კი ვიცი, რომ ის უბრალოდ მიბიძგებდა დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებისკენ. ჩვენი ბევრს ვჩხუბობდით სწორედ ამის შესახებ.

მაისში თქვენ ლექციას წაიკითხავთ სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პერსონალური ბრენდის შექმნასა და დაცვაზე. პერსონალური ბრენდის შექმნისთვის იგივე სტრატეგიები მოქმედებს, რაც ბიზნესბრენდის შესაქმნელად?

არის მსგავსებებიც და განსხვავებებიც. ბიზნესი შესაძლოა გაკოტრდეს და შეგიძლია ახალი დაიწყო, მაგრამ თუ შენი პერსონალური ბრენდი გაკოტრდა, შეიძლება ვეღარაფერი ეშველოს. შენ ვერ დაკარგავ საკუთარ თავს, ვერ დაკარგავ საკუთარ სხეულს. ეს არ არის ისეთი მარტივი, როგორიც ბიზნესის დაკარგვა და ხელახლა დაწყება. სწორედ ესაა, რაზეც ჩემს პირველ ლექციაზე ვისაუბრებთ − ბიზნესბრენდის პერსონალურ ბრენდთან დაკავშირების დადებითი და უარყოფითი მხარეები.

"ამერიკის შემდეგი ტოპმოდელის" პირველ შვიდ სეზონში თქვენ აღიარეთ, რომ იყავით "ცუდი დელეგატორი". როგორ შეძელით ამის, როგორც თქვენი სისუსტის, დანახვა და გამოსწორება?

მე ვიყავი გადაღლილი, "გადამწვარი" და საბოლოოდ მივხვდი, რომ უნდა მივნდობოდი ხალხს, რომელმაც იცოდა, რას აკეთებდა. ამის მისახვედრად დიდი ხანი დამჭირდა. მე არ ვარ ლიდერი, რომელიც მხოლოდ ზედამხედველობას უწევს პროცესებს. მე ძალიან მჭიდრო კავშირს ვგრძნობ საქმეებთან. მაგრამ მე ვისწავლე ჩემს სიძლიერეებზე ფოკუსირება და იმ ხალხის ნდობა, რომლებიც ზოგიერთ საქმეს ჩემზე უკეთ აკეთებენ. ამასთანავე, როცა რაღაცის ძლიერ მჯერა, ამ ხალხმა პატივი უნდა სცეს ამას და მხარი დამიჭიროს. როცა ახალი გუნდის წევრებს ვიღებ სამსახურში, მინდა შემთხვევების 70%-ის დროს მე ვიყო მტყუანი. მინდა, ვიყო შეხვედრაზე და ჩემი თანამშრომლებისგან უკეთესი იდეები მოვისმინო, ვიდრე მე მაქვს. შემთხვევათა 70%-ის დროს მე ვამბობ: "ჰო, მოდი ასე გავაკეთოთ!" მაგრამ შემთხვევების 30%-ის დროს მე ვამბობ: "არა, მოდი არ გავაკეთოთ ასე. მინდა, რომ თქვენ მე დამიჭიროთ მხარი". ეს 70X30 წესი დიდწილად არის დაკავშირებული დელეგირებასა და ნდობასთან.

თქვენ ბევრი ისაუბრეთ მთავარი საქმის არჩევის შესახებ. რომ გადახედოთ საკუთარ ბიზნესებს, ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა გინანიათ თქვენი გადაწყვეტილება და გიფიქრიათ, რომ სხვანაირად მოქცევა აჯობებდა?

ვერ ვიხსენებ ისეთ შემთხვევებს, როცა დავტოვე ბიზნესი და ვინანე. თუმცა დაახლოებით 10 წლის წინ, მე ახლოს ვიყავი შოუ Top Model-ის დატოვებასთან. ჩემმა ადვოკატმა წინ დამისვა და მითხრა: "რას აკეთებ? შენ შექმენი ეს გლობალური ფენომენი და ახლა გინდა, ასე მარტივად განზე გადგე? სულ გაგიჟდი?" იგი ჩაერია ამ საქმეში და არ მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომელიც ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა იქნებოდა.

რატომ გინდოდათ ამ პროექტიდან გასვლა?

მე იმ დროს დავიწყე თოქშოუ და ძალიან დიდი სტრესის ქვეშ ვიყავი.

თქვენ აღნიშნეთ, რომ Tyra Beauty-ის შემთხვევაში გსურთ ისეთი ბრენდის შექმნა, რომელიც არ იქნებოდა უბრალო სალიცენზიო შეთანხმება და იქნებოდა ნამდვილი სტარტაპი საკუთარი დაფინანსებით. რატომ აირჩიეთ მრავალდონიანი მარკეტინგული მოდელი?

ჩვენ ამას "სოციალურ გაყიდვებს" ვეძახით და მე ეს მოდელი რამდენიმე მიზეზის გამო ავირჩიე. მრავალი წლის განმავლობაში ვეუბნებოდი ხალხს, განსაკუთრებით ქალებს, ყოფილიყვნენ თავიანთი თავის უფროსები, ყოფილიყვნენ საკუთარი ცხოვრების დირექტორები, ხელში აეღოთ კონტროლის სადავეები, ჰქონოდათ საკუთარი თავის პატივისცემა და ასე შემდეგ. როცა პირველად გადავწყვიტე კოსმეტიკური კომპანიის შექმნა, უბრალოდ ვაპირებდი თაროზე პროდუქტის დადებას. შემდეგ ერთ-ერთმა მენტორმა ამიხსნა სოციალური გაყიდვების იდეა, და თუ რამდენად ახლოს იყო ეს ჩემს გზავნილებთან საკუთარი ცხოვრების სადავეების ხელში აღების შესახებ. ასევე ვიფიქრე დედაჩემის და მისი სირთულეების შესახებ. იგი დაქორწინებული იყო მამაჩემზე, მაგრამ არ გახლავთ ბედნიერი. ვინაიდან არ ჰქონდა საკუთარი თავის დიდი პატივისცემა და შემოსავლის დამოუკიდებელი წყარო, იგი რჩებოდა უბედურ ქორწინებაში. მე ამჟამად Tyra Beauty-ს ტურზე ვარ. ვიყავი დენვერში, ფინიქსში, ჰიუსტონში, პორტლენდში. მე ვატარებ დროს ჩემს "ბიუთითეინერებთან", ანუ Tyra Beauty-ს გაყიდვების გუნდთან და მათ ოჯახებთან ერთად. უამრავ საინტერესო ამბავს ვისმენ. ჩემს ერთ-ერთი "ბიუთითეინერს" არასოდეს ენახა ოკეანე. ტურმა მას საშუალება მისცა ცხოვრებაში პირველად, ქვიშიან პლაჟზე დაედგა ფეხი. მათი უმეტესობისთვის Tyra Beauty დამატებითი, მეორე სამსახურია. დამატებითი შემოსავალი ნიშნავს, რომ შეგიძლია უფრო საინტერესო უქმეები გქონდეს, ან Honda Civic-ის ნაცვლად, გყავდეს Honda Accord. მე არ ვამბობ, რომ "უცებ უნდა გამდიდრდე!" Tyra Beauty არ არის გამდიდრების შესახებ. ის არის ცხოვრების გაძლიერების შესახებ.

ხომ არ გექნებათ რჩევა ბიზნესლიდერებისთვის პრესაში გამოჩენასთან დაკავშირებით?

სანამ რამეს იტყვით, დაფიქრდით იმის შესახებ, თუ რის თქმას აპირებთ. მიკროფონი ყველაფერს იწერს.

რომ შეგეძლოთ ისეთი ბიზნესის დაწყება, რომელიც არ იქნებოდა დაკავშირებული მოდისა და სილამაზის ინდუსტრიასთან, რა იქნებოდა ეს?

მე მიტაცებს სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესი. ძალიან მიტაცებს. სასტუმროები, დასვენებისა და გართობის გამოცდილება − ეს იქნება ჩემი შემდეგი ბიზნესი. ჰარვარდში გავიცანი მეგობარი, რომელსაც ბაკალავრი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში აქვს ქორნელის უნივერსიტეტიდან. ჩვენ გვინდა გავხსნათ ძალიან განსხვავებული ტიპის სასტუმრო, იმიტომ, რომ ეს არის ის, რისი გაკეთებაც მე მიყვარს. ის, რაც განსხვავებულია.