ბიზნესი VS კორონავირუსი - ბესო პაპიაშვილი (Bolt Georgia) "დაზუსტებული ინფორმაციის მიღება ხშირად არ იყო ადვილი და ეს ბიზნესისთვის დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა"
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მოგეხსენებათ, სწრაფად და კომფორტულად გადაადგილება საჭირო აუცილებლობაა. დაწესებულმა შეზღუდვებმა კი დიდი გავლენა იქონია ჩვენს ინდუსტრიაზე. პანდემიის პიკის პერიოდში საგრძნობლად იკლო მოთხოვნამ, ყველაფერი შეიზღუდა და არც ჩვენ ვიყავით გამონაკლისი, როცა ერთი კვირა სრულად გაჩერება მოგვიწია. ყველაზე დიდი გამოწვევა მაინც კომენდანტის საათი იყო, რომელიც ძალიან დიდ პრობლემებს უქმნიდა როგორც ჩვენს პარტნიორ მძღოლებს, ასევე მგზავრებს. ეს პრობლემა განსაკუთრებით საღამოობით იჩენდა თავს, როდესაც ყველა ცდილობდა შინ დროულად მოხვედრას. ამ პერიოდში ძალიან დიდი სტრესის ქვეშ მოუწიათ ჩვენს პარტნიორებს მუშაობა.
თანამშრომლების სრული შემადგენლობა დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. ჩვენთვის, როგორც ტენოლოგიური კომპანიისთვის, ეს დიდი სირთულე არ იყო, რადგან ისედაც გვქონდა პრაქტიკაში დისტანციური მუშაობის გამოცდილება.
ჩვენს პარტნიორ მძღოლებს ძალიან შეუმცირდათ შემოსავალი, თუმცა ორი კვირის ვადაში სრულიად ახალი პროდუქტი დავნერგეთ და მძღოლებს მიეცათ საშუალება, ჩართულიყვნენ დელივერის სერვისში, რაც, ერთი მხრივ, ადგილობრივ ბიზნესებს ეხმარებოდა გაყიდული პროდუქტების სწრაფად მიწოდებაში, ხოლო მეორე მხრივ, მძღოლებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა.
კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თანამშრომლები პოზიტიურ გარემოში მუშაობდნენ. ძალიან კარგად გვესმის სტრესის მნიშვნელობა და ნეგატიური გავლენა პროდუქტიულობასა და ცხოვრების ხარისხზე. ამიტომ, ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობდნენ თავს − იქნება ეს ოფისში თუ ოფისის გარეთ. კომპანიის პოლიტიკა არ შეცვლილა ამ კუთხით. ბოლო პერიოდში რამდენიმე ახალი თანამშრომელიც დავამატეთ, რომ უფრო სწრაფად და ეფექტიანად გაგვეწია მომხმარებლებისთვის დისტანციური მომსახურება.
პანდემიისა და ზოგადად, კრიზისის პერიოდში ბიზნესის როლი უფრო რეაქტიური ხდება − ჩვენ მოგვიწია გარე ფაქტორებიდან მომდინარე გამოწვევებზე ძალიან სწრაფი რეაგირება. იყო პერიოდები, როცა პრაქტიკულად საათების ინტერვალით იცვლებოდა ინფორმაცია. დაზუსტებული ინფორმაციის მიღება ხშირად არ იყო ადვილი და ეს ბიზნესისთვის დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა.