Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ჩემგან ყოველთვის გაიგონებთ: "რა მოხდება, თუ განსხვავებულად ვიმოქმედებთ?!" "ანტრეპრენერი როცა ხარ, შეიძლება ბევრ საქმეს "გამოედო"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

ცნობილი მსახიობი და ანტრეპრენერი ევა ლონგორია ბიზნესის რომელ სფეროშიც უნდა საქმიანობდეს, ყოველთვის მზადაა მიიღოს გამოწვევები და შეცვალოს მეთოდები, რომლითაც საქმე "ყოველთვის კეთდებოდა".

"ანტრეპრენერი როცა ხარ, შეიძლება ბევრ საქმეს "გამოედო". მე შემიძლია გავაკეთო ნებისმიერი რამ, მაგრამ არა ყველაფერი. აქცენტი იმაზე უნდა გაამახვილო, რაც უმთავრესია: რაზე დგას შენი ბრენდი და როგორ შეიძლება მისი განვითარება!"

იქნება ეს პროდუქციის რეკლამირება თუ რომელიღაც კამპანიაში ჩაბმა, ევა ლონგორიას შემოთავაზებები არ აკლია. თუმცა, მსახიობს, პროდიუსერსა და ანტრეპრენერს გამოცდილებამ ასწავლა, რომ მისი ბრენდისთვის საუკეთესო სიტყვაა "არა". შემოთავაზებებზე უარის თქმით, ლონგორიას აქვს საშუალება მთელი ყურადღება მისთვის მნიშვნელოვან საქმეებს დაუთმოს (თუნდაც ძალიან მრავალფეროვანი იყოს): გასართობ, კვების, მოდის ინდუსტრიებსა და ქველმოქმედებას. მისი თქმით, ბოლო ათი წლის განმავლობაში ბიზნესის სხვადასხვა სფეროში საქმიანობამ მას კრიტიკასთან გამკლავება, სირთულეებისთვის მუდმივი მზადყოფნა და მრავალი პროექტის ერთდროულად მართვა ასწავლა. ამასთან, ისიც მშვენივრად იცის, როდის სჯობს გაცლა...

2005 წელს საკუთარი კომპანია Unbelievable Entertainment-ი დააარსეთ. როგორია, გახდე პროდიუსერი, რეჟისორი და "ბოსი" სამსახიობო კარიერის შემდეგ?

მე ყოველთვის ვაზროვნებდი, როგორც ბიზნესმენი და ვგრძნობდი, რომ იმაზე მეტის გაკეთება შემეძლო, ვიდრე ამის საშუალებას მსახიობობა მაძლევდა. ბოლოს და ბოლოს, მომეცა შანსი სამსახიობო წარმატება გამომეყენებინა და თავი პროდიუსერისა და რეჟისორის ამპლუაში მეცადა. ამგვარად, ერთი საქმიანობიდან მეორეზე გადასვლა ჩემთვის ძალიან ბუნებრივად მოხდა – ვიცოდი, მქონდა ის საჭირო მონაცემები, რომლებსაც, როგორც მსახიობი, ვერ ვიყენებდი.

ახლა უკვე კომპანიისა და შექმნილი პროდუქტის მფლობელის პოზიციიდან, როგორ შეაფსებდით თქვენს უწინდელ წარმატებას?

როცა მსახიობი ხარ, სცენარიდან საკუთარ როლს ითამაშებ და თავისუფალი ხარ. არ გეხება ფილმის მონტაჟი, არ ხარ ჩართული მსახიობთა შერჩევის პროცესში, არ წერ სცენარს და არც იმას წყვეტ, საბოლოოდ ფილმში რომელი დუბლი დატოვო. ჩემი მიზანი იყო, მქონოდა კონტროლი იმაზე, თუ რას ნახავდა მსოფლიო საბოლოო ჯამში. მინდოდა შემექმნა საკუთარი გუნდი და ხელოვნება. "ტელენოველას" (Telenovela - კომედიური სერიალი, არხი NBC) შექმნის ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე, როდესაც სასცენო დეკორაციების მონტაჟს ვადევნებდით თვალს, მახსოვს, შოუს თანაავტორმა, შონ ქესიდიმ მითხრა: "შეხედე, შენი ერთი იდეით ახლა 300 ადამიანს სამსახური აქვს". ეს ჩემთვის ბევრად სასიამოვნოა, ვიდრე სატელევიზიო რეიტინგები.

რამდენად გამოგადგათ გადასაღებ მოედანზე მიღებული სამსახიობო გამოცდილება გუნდის მართვაში?

სიმართლე გითხრათ, ყველაფერი პირიქით უფრო მოხდა. მე დღეს გაცილებით უკეთესი მსახიობი ვარ – სწორედ იმიტომ, რომ მაქვს პროდიუსერად და რეჟისორად მუშაობის გამოცდილება. კარგად ვერკვევი ბიუჯეტსა და დროის მართვაში; ვიცი, რას ნიშნავს, კარგავდე დროს და ვაცნობიერებ, რომ თითოეული გადაწყვეტილების უკან ფინანსური მანქანა დგას. ამდენად, ახლა, როცა სცენაზე ვდგამ ფეხს, მეტად ვაფასებ პროექტის მოსამზადებლად გაწეულ შრომას.

2017 წელს Eva Longoria Collection-ის სახელწოდებით, ტანსაცმლის ხაზი გამოუშვით. როგორც ჩვენთვის ცნობილია, წლებია თავადაც კერავთ. არის ეს ის საქმე, რომლის კეთებაზეც ყოველთვის ოცნებობდით?

ტანსაცმლის საკუთარი ხაზის შექმნის თაობაზე შემოთავაზებები დაახლოებით ათი წლის წინ დაიწყო. როცა ვპასუხობდი, რომ ამისათვის დრო არ მქონდა, თითქოს ხელის აქნევით მეუბნებოდნენ: "კარგი რა, შენს სახელს მიაწერ და ეგაა!" ასე მოქცევა არასოდეს მიფიქრია. ვიცოდი, რომ თუ ოდესმე საკუთარ კოლექციას შევქმნიდი, იგი ორგანულად ჩემი იქნებოდა. მთელი ცხოვრებაა, თავად ვკერავ. უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ მატერიის შემადგენლობასა და ქსოვილის ფაქტურას. ერთი კაბის შექმნას რვა საათს მოვდომებივარ, ამიტომ კარგად ვიცი, რამხელა ძალისხმევას მოითხოვს. ეს საქმე შრომატევადია და შესაბამისად უნდა იყოს დაფასებული.

როდის დაიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით?

დაახლოებით ხუთი წლის წინ. რადგან ამ საქმეში ბევრი არაფერი ვიცოდი, მოსამზადებელ ეტაპს დიდი დრო დასჭირდა. არ მესმოდა ინდუსტრიის "ენა", არ მქონდა წარმოდგენა მოდის კალენდარზე და არც ის ვიცოდი, სამოსის თითო ნიმუშის შექმნას რამდენი ადამიანის შრომა სჭირდებოდა. მინდოდა, უცებ ჩავბმულიყავი საქმეში და საჭირო ადამიანები მეპოვა. სწავლის პროცესი უმტკივნეულო არ ყოფილა, თუმცა კარგი გაკვეთილები მივიღე.

როგორ გაერკვიეთ საქმეში და როგორ დაეწიეთ სხვებს?

გარშემო პროფესიონალები შემოვიკრიბე. ადამიანები, რომელთაც დიდი გამოცდილება ჰქონდათ და საკუთარ შეცდომებზე იცოდნენ, რა გამოვიდა და რა არა. აუცილებელია, გუნდში შენზე ჭკვიანი ადამიანები გყავდეს. თუმცა, ამავდროულად, ყველა საქმეში საჭიროა პერსონა, რომელიც "განხეთქილებას შემოიტანს", და ეს მე ვარ. მაგალითად, თუკი ვინმე მეტყვის, რომ რაღაც ყოველთვის ასე კეთდება, მე ვამბობ: და რა მოხდება, თუ სხვანაირად გავაკეთებთ?! მერე რა, თუ ისე არ მოვიქცევით, როგორც ყოველთვის?! რა მოხდება, თუ სიახლეს ვცდით?! ეს საჭიროა, რადგან Status Quo ვერ მუშაობს.

შეძელით გაგეხორციელებინათ ისეთი ცვლილებები, რომლებზეც თავდაპირველად წინააღმდეგობას წააწყდით?

დიახ. თუნდაც ტანსაცმლის ხაზის წარსადგენად რეალისტური პროპორციების მქონე მოდელების აყვანა. სხვა ბრენდებისგან განსხვავებით, ჯერჯერობით ჩემი კომპანია დიდი არაა, მაგრამ მაინც გვინდოდა მომხმარებლამდე ხმა მიგვეწვდინა და გამორჩეული, განსხვავებული ვყოფილიყავით. ასეც მოვიქეცით და შედეგად, ჩვენი თარგი იქმნება 6 და 8 ზომაზე, რასაც მოდის სამყაროში იშვიათად შეხვდებით.

ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მოდის ინდუსტრიაში შეაბიჯეთ. რას ამბობენ თქვენს პროდუქციაზე და როგორ აისახება მომხმარებლის უკუკავშირი თქვენს საქმიანობაზე?

ჰილარი კლინტონმა კარგი რამ თქვა: "მიიღე კრიტიკა სერიოზულად, თუმცა ნუ მიიღებ მას პირადად". ჩემთვის საუკეთესო გამოცდილებაა ვიცოდე, რა მოსწონს მომხმარებელს და რა არა, და ეს მომდევნო კოლექციაში გავითვალისწინო. კარგი ისაა, რომ მოდის სფეროში შეცდომების გასწორება ადვილია. ჩვენ ყოველ სამ თვეში ერთხელ ახალ პროდუქტს ვქმნით, ეს კი საკმარისი დროა გაწეული სამუშაოს შესაფასებლად.

თქვენ ასევე ფლობდით რამდენიმე რესტორანს, რომლებიც უკვე დაიხურა. მათ შორის მოხვდა Beso Hollywood, რომელიც თითქმის ათი წელიწადი ფუნქციონირებდა. მოარული აზრია, რომ რესტორნების ბიზნესი საკმაოდ რთული სამართავია. რა არის ის მთავარი გაკვეთილი, რომელიც ამ სფეროდან მიიღეთ და სხვა პროექტებშიც გამოგადგათ?

ხარისხი, ხარისხი, ხარისხი. კვების ინდუსტრიაში კმაყოფილებას კრიტიკა მუდმივად ახლავს. მალევე მივხვდი, რომ კერძების ხარისხი და კულინარიული ოსტატობა მკაცრად და ხმამაღლა იქნებოდა განსჯილი, განსაკუთრებით – სოციალური მედიის საუკუნეში. რესტორანზე გაკეთებული ერთი უარყოფითი კომენტარი ას დადებით კომენტარზე ფართო გამოხმაურებას ჰპოვებს. ამიტომ, ხარისხის კონტროლი უმთავრესი პრიორიტეტია.

Beso 2017 წელს დაიხურა. რამდენად გაგიჭირდათ წამოსულიყავით ბიზნესიდან, რომლის შენებასაც მრავალი წელი შეალიეთ?

ბიზნესიდან წამოსასვლელად მზად ვიყავი. რესტორნის ინდუსტრია ძალიან რთულია. რესტორანში კვირაში ოთხ დღეს ვატარებდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტანსაცმლის კოლექციაზე დავიწყე მუშაობა, ორივე ერთად უკვე ჩემს ძალებს აღემატებოდა. მე კონტროლის მოყვარული ვარ და ამიტომ ძალიან ვნერვიულობ, როცა რაიმეს თავს ვერ ვართმევ. შესაძლოა ბიზნესი კარგად დაზეთილი მექანიზმივით მუშაობდეს, მაგრამ მე მაინც უნდა ვაკონტროლებდე სიტუაციას.

თავადვე აცხადებთ, რომ ხართ ე.წ. "კონტროლის გიჟი", რომელსაც ინტერესის ობიექტი უფრო მეტი აქვს, ვიდრე ამ ობიექტების სამართავი დრო. ალბათ გარემოებებმა გასწავლათ, უარი გეთქვათ ცალკეულ შესაძლებლობებზე.

დიახ, ნამდვილად ასეა. შემოთავაზებები სისტემატურად მაქვს: "ხომ არ დაინტერესდებოდით სალსას სოუსის თქვენი ხაზით?", "ხომ არ დაიწყებდით ფეხსაცმლის საკუთარი კოლექციის წარმოებას?" ანტრეპრენერი როცა ხარ, შეიძლება ბევრ საქმეს "გამოედო". მე შემიძლია გავაკეთო ნებისმიერი რამ, მაგრამ არა ყველაფერი. აქცენტი იმაზე უნდა გაამახვილო, რაც უმთავრესია – რაზე დგას შენი ბრენდი და როგორ შეიძლება მისი განვითარება!

მართალია, თქვენ წარმატებული სამსახიობო კარიერა გქონდათ, მაგრამ ბიზნესში თუ გადააწყდით დაბრკოლებებს, როგორც ქალი და როგორც ლათინოამერიკელი?

ალბათ, უფრო როგორც ქალი. იყო ქალი რეჟისორი და პროდიუსერი გასართობ ინდუსტრიაში, სადაც მამაკაცები ბატონობენ, ადვილი არ არის. გიწევს იყო ორჯერ უკეთესი და ორჯერ უფრო მომზადებული. თუმცა ამას, დაბრკოლებაზე მეტად, გამოწვევად აღვიქვამ, რომელსაც ვიღებ. მიმაჩნია, რომ ჩემი საქმე თავად ამბობს სათქმელს. ბიზნესს კარგად გაკეთებული საქმე ქმნის.

რას გვეტყოდით თქვენს საქმიანობაზე "ევა ლონგორიას ფონდში", რომელიც ლათინოამერიკელებს ანტრეპრენერობის გზით უკეთესი ცხოვრების მოწყობაში ეხმარება?

ლათინოამერიკელების მიერ დაწყებული მცირე ბიზნესების რაოდენობა ნაციონალურ მაჩვენებელს 6-ჯერ აღემატება, თუმცა მათ არ გააჩნიათ კაპიტალზე სათანადო წვდომა. გადავწყვიტეთ, ასეთ ადამიანებს მიკროსესხებით დავხმარებოდით. გაცემული სესხების 98 პროცენტი გვიბრუნდება. ფონდი ეხმარება ქალებს, წამოიწყონ და განავითარონ საკუთარი ბიზნესსაქმიანობა. ამასთან, მათ უზრუნველვყოფთ ტრენინგებით, პრაქტიკული კურსებითა და ბუღალტრული აღრიცხვის შესწავლით – ანუ ყველა პირობით, რაც ბიზნესის დასაწყებადაა საჭირო.

ხომ ვერ გაგვიზიარებდით წარმატების რომელიღაც ამბავს?

ასეთი ძალიან ბევრია, მაგრამ მაგალითისთვის ერთი ქალის ამბავს მოგიყვებით, რომელიც სწრაფი კვების ფურგონს ფლობდა. ბიზნესის გაფართოების მიზნით, მეორის შეძენაც გადაეწყვიტა, მაგრამ სათანადო კაპიტალი ვერ მოეძიებინა. ჩვენი პროგრამის დახმარებით მან შეძლო აეღო მიკროსესხი, გაეხსნა მეორე ობიექტი და შვიდი ქალი დაესაქმებინა. ამ ქალბატონისა და მისი ბიზნესის საქმე დღეს მშვენივრად მიდის. წარმატების სწორედ ასეთი მაგალითებია ჩემთვის მნიშვნელოვანი – შევქმნათ შესაძლებლობები იმ ქალებისთვის, რომელთა ნაწილმაც საქმით დაამტკიცა, ნაწილს კი სულაც არ აქვთ გამოცდილება, თუმცა კი ნამდვილად აქვთ ამბიცია და მიზანდასახულობა,
დიდ წარმატებებს მიაღწიონ.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია