Get All Access for $5/mo

4 სტრატეგია წარმატებული ონლაინ მარკეტინგისთვის რეკლამა მორგებული უნდა იყოს სმარტფონებზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

ონლაინ მარკეტინგი ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საშუალებაა. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ამ სფეროს წარმომადგენლები, ეფექტიანი სტრატეგიების შესამუშავებლად, არ ჩამორჩნენ მუდმივად ცვალებად ტექნოლოგიებს და სამომხმარებლო ტენდენციებსაც ყურადღებით ადევნონ თვალყური.

მომხმარებლის ინტერესები წლების განმავლობაში თითქმის მთლიანად შეიცვალა. დღეს ინტერნეტში ყველაზე აქტიურია სოციალური ქსელები. პროდუქტების სარეკლამო განცხადებებმა ბოლო წლებში იმატა ისეთ პოპულარულ პლატფორმებზე, როგორიცაა Facebook და Instagram. უნდა აღინიშნოს, რომ ამ თვალსაზრისით Instagram-მა 2018 წელს ბევრად გადაუსწრო Facebook-ს.

სოციალური მედიის გააქტიურებასთან ერთად, მომხმარებელთა უმრავლესობა სიახლეებს მობილური ტელეფონებით ეცნობა, რაც კომპანიებს უბიძგებს, ამ საკითხზეც გაამახვილონ ყურადღება.

თუ წლიურ გეგმაში უახლესი მარკეტინგული ტენდენციების შეტანაზე ფიქრობთ, გაითვალიწინეთ 4 სტრატეგია, რომლებიც თქვენს ბიზნესს ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს:

1. გააუმჯობესეთ თქვენი ხმოვანი ძიების სისტემა

ხმოვანი ძიების სისტემა ბოლო ხანებში უზომოდ პოპულარული გახდა, Siri იქნება ეს თუ Google Assistant. ინტერნეტით სადილის შეკვეთასაც და მუსიკის მოსმენასაც მხოლოდ უბრძანებთ და ისინიც არ დააყოვნებენ. მათი გამოყენება მობილურითაც შეგიძლიათ და კომპიუტერითაც. ეს საშუალებები ყველა სურვილს შეგისრულებენ: მაგალითად, Siri-ს ნებისმიერი ხმოვანი შეტყობინების მიღება და გაგზავნა შეუძლია, როდესაც მანქანას მართავთ და ხელები დაკავებული გაქვთ; ან შეხვედრაზე გაგვიანდებათ და გინდათ, კოლეგა გააფრთხილოთ; ანდა სულაც მუსიკის მოსმენა გსურთ.

სტატისტიკის მიხედვით, მოზარდთა 40%, სულ მცირე, დღეში ერთხელ მაინც იყენებს ხმოვან დამხმარეს, ხოლო 20% მას უპირატესობას ანიჭებს მობილური ტელეფონებით ძიებისას.

უდავოა, რომ ბიზნესისთვის ეს შესაძლებლობები და მათი გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წარმატების დიდ შანსს იძლევა. ამიტომ თქვენს ვებგვერდზე ხმოვანი დამხმარის სისტემა უნდა გააუმჯობესოთ, რათა მან მომხმარებელთა ელემენტარული მოთხოვნების შესრულება შეძლოს.

როგორ შეიძლება ამის გაკეთება?

  • ვებგვერდზე მარტივი და ადვილად გასაგები ტექსტი ატვირთეთ. გარანტია უნდა გქონდეთ, რომ თქვენი ხმოვანი დამხმარე შეძლებს იმის აღქმას, რასაც სთხოვენ;
  • ყოველთვის გაეცანით მომხმარებელთა აზრს, რადგან ამის სურვილი 67%-ს მუდამ აქვს;
  • ყოველთვის მიაწოდეთ ინფორმაცია მომხმარებელს, როდესაც რაიმე პროდუქტის შეძენისას გადაწყვეტილების მიღებაზე ფიქრობს.

შეიძლება თქვენი ბიზნესი დიდი მასშტაბებით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანია, ინტერნეტმარკეტინგის გეგმაში ხმოვანი დამხმარის შეტანაზე დაფიქრდეთ.

2. ვერტიკალური ფორმატის ვიდეორგოლები

ჩვენ მობილური ტელეფონების სამყაროში ვცხოვრობთ, რაც ნიშნავს, რომ სარეკლამო მასალები სპეციალურად მობილური ტელეფონებისთვისაც უნდა შეიქმნას. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ, კვლევების მიხედვით, მომხმარებელთა 94% ვიდეორგოლებს, თუნდაც ჰორიზონტალური ფორმატის იყოს, ვერტიკალურად უყურებს.

ეს ნიშნავს, რომ თქვენი პროდუქციის რეკლამისათვის ვერტიკალური ვიდეორგოლები უნდა გამოიყენოთ.

დააკვირდით, როგორ ინტერესდებიან ადამიანები შემდეგი საშუალებებით: Instagram Stories, Snapchat, ან უკვე პოპულარული InstagramTV, რომლებმაც სრულიად გასაოცარი ცვლილებები მოახდინეს.

3. გააქტიურდით სოციალურ ქსელებში

ინერტულობა კარგი არასოდეს ყოფილა, მით უფრო - სოციალური მედიის ეპოქაში. ამიტომ სოციალური მედიით რეკლამის სტრატეგიის დროული განახლება ყოველთვის მნიშვნელოვანია. თქვენი რეკლამები Instagram-დან Facebook-ზე გადაინაცვლებს თუ რაიმე სხვა მოხდება, მომხმარებელს ახალი ინფორმაცია ყოველთვის მიაწოდეთ.

არც YouTube დაივიწყოთ, რომელმაც რეკლამაზე 2018 წელს დიდი თანხები დახარჯა, და არც Snapchat, რომელიც კომპანიებს ახალგაზრდა აუდიტორიასთან დაკავშირებაში ეხმარება.

მართალია, მცირე ბიზნესკომპანიები სოციალურ ქსელებში რეკლამების განთავსებისგან ჯერ კიდევ თავს იკავებენ, მაგრამ ამ საშუალებებს დიდი მოგების მოტანა შეუძლიათ.

4. გამოიყენეთ ჩატბოტები

მომხმარებლის მიზიდვა გსურთ?

ამას ჩატბოტების მეშვეობით შეძლებთ.

ეს სწრაფი მომსახურების საუკეთესო საშუალებაა და მომხმარებელს ისეთ ინსტრუმენეტებს აწვდის, რომ პრობლემის გადაჭრა თვითონ მოახერხოს. Facebook IQ-ს მიხედვით, ჩატბოტი ბიზნესსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობის ყველაზე პოპულარულ ფორმად იქცა.

ჩატბოტი მხოლოდ კლიენტთა მომსახურებით არ შემოიფარგლება - ზოგიერთი მათგანი მარკეტინგული ინსტრუმენტია და კომპანიას გაყიდვების მთელ პროცესში ეხმარება.

ინტერნეტმარკეტინგი დიდი ლაბირინთია - აქ იმდენი რამ ხდება, თანაც ტენდენციები ისე სწრაფად იცვლება, რომ ორიენტირება ჭირს. ნებისმიერ მცირე კომპანიას შეუძლია გეგმის შემუშავება, თუ როგორ იყენებს მომხმარებელი ინტერნეტმედიას. ასე რომ, ზემოთ მოცემული სტრატეგიების შეტანა მარკეტინგის გეგმაში 2019 წელს თქვენს ბრენდს გამორჩეულს გახდის და წარმატებასაც მოუტანს.